მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტეორიზმი ჩვილ ბავშვებში

ამის მიზეზია ნაწლავებში დაგროვილი აირები, რომელთა ორგანიზმიდან გამოძევება ფერხდება ნაწლავთა შეკრულობისა თუ აშლილობის დროს. ჩვეულებრივ, კოლიკა ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს, ხოლო სამი-ოთხი თვის ასაკში, როცა საჭმლის მონელება ნორმაში დგება, თავისთავად გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული პერიოდული შეტევები შემდგომ თვეებში. ჩვილ ასაკში მეტეორიზმის მიზეზებსა და მისგან თავის დაღწევის გზებზე გვესაუბრება პედიატრი ლალი ქორიძე.

- რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილ ბავშვებში?

- ბავშვის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირია ასეთი დარღვევები წლამდე ასაკში, რაც გარემოსადმი ადაპტაციის რთული პროცესებით აიხსნება. ცხრა თვის განმავლობაში დედის მუცელში თბილად და მშვიდად მოკალათებული პატარა ერთბაშად ვერ ეგუება ახალ გარემოს. ფუნქციური დარღვევები გამოწვეულია მოტორული (ფიზიოლოგიური რეფლუქსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დისკინეზია) და სეკრეტორული (საჭმლის მომნელებელი ფერმენტები - ლიპაზა, პეპსინი და სხვა) ფუნქციების არასრულფასოვნებით. ეს იწვევს წამოქაფების სინდრომს, ნაწლავურ კოლიკას, მეტეორიზმს... უმთავრესად ავადმყოფობენ დღენაკლული, ჰიპოტროფიული, კონსტიტუციური ანომალიებით დაბადებული ბავშვები. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება:

  • ასაკისთვის შეუფერებელი კვება;
  • ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაყვანა;
  • დაუბალანსებელი კვება, მაგალითად, ცხიმების, ცილების ან ნახშირწყლების სიჭარბე;
  • ურეჟიმო, ხშირი კვება;
  • კუთვნილზე მეტი საკვების მიცემა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწლავური კოლიკა 2-3 კვირიდან 3-4 თვემდე თითქმის ყველა ბავშვს აწუხებს. მათი მხოლოდ ნაწილი ახერხებს დაგროვილი აირების ორგანიზმიდან გამოდევნას, დანარჩენებისთვის კი მეტეორიზმი აუტანელი ტკივილის მომტანია.

- როგორ ხვდება აირები ჩვილის კუჭ-ნაწლავში?

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილი აირების 70%-ია ჰაერი, რომელსაც ყლაპავს პატარა ტირილის, ყვირილის, კვების დროს, დანარჩენს კი შეადგენს თვით ნაწლავის სანათურში მიკრობთა მიერ წარმოქმნილი აირები და სისხლის პლაზმიდან გადმოსული აზოტი. აირთა გაძლიერებულ წარმოქმნას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მეტეორიზმი - ეს არის ადრეული დისპეფსია, რომელიც სიცოცხლის პირველსავე დღეებში იჩენს თავს. მისი ძირითადი მიზეზია არასრულყოფილი ფერმენტული სისტემა, რომლის გამოც მოუნელებელი საკვების ნაწილი ნაწლავებში გროვდება, ლპობასა და დუღილს იწყებს და დიდი ოდენობით აირებს გამოყოფს. ჩვილ ბავშვებში მეტეორიზმი გარკვეულწილად მეძუძური დედის კუჭ-ნაწლავის სისტემის სწორ ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. თუ დედის რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ ბოსტნეულსა და ხილს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას, ეჭვგარეშეა, ბავშვს მეტეორიზმი დაემართება. არცთუ იშვიათად მეტეორიზმი სერიოზული დაავადების - ლაქტოზური ან დისაქარიდული უკმარისობის - სიგნალია. ამ დაავადებების დროს გაძლიერებულია ლპობისა და დუღილის პროცესები წვრილი ნაწლავის ქვემო ნაწილსა და მსხვილ ნაწლავში.

შედარებით მოზრდილ ასაკში აირთა გაძლიერებული წარმოქმნა მეტყველებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, რომელიც არღვევს ნაწლავის მიკრობიოცენოზს - წონასწორობას ნაწლავის სასარგებლო და პათოლოგიურ მიკრობებს შორის. უკანასკნელი აჭარბებს და იწყება გაძლიერებული დუღილისა და ლპობის პროცესები. ნახშირწყლებსა და ცილებს, რომლებსაც ორგანიზმი საკვების სახით იღებს, ნაწლავების ლორწოვანი გარსი მთლიანად ვერ იწოვს, დიდი ოდენობით ცელულოზის შემცველი ხილი და ბოსტნეული ნაწლავებში ბაქტერიების მიერ აირთა გამოყოფით იშლება. ნორმალურ პრობებში ამ აირების უმეტესობას აერობული ბაქტერიები შთანთქავენ. როდესაც ირღვევა ბალანსი მიკროორგანიზმებს შორის და აირთა წარმოქმნა აჭარბებს შთანთქმას, ხდება მათი დაგროვება. აირების დაგროვებას განაპირობებს გაზიანი უალკოჰოლო და გამაგრილებელი სასმელების ჭარბი მოხმარება. არც სტრესული სიტუაციების, ნერვული დარღვევებისა და ემოციური დაძაბულობის როლის უარყოფა შეიძლება. ნერვული სისტემის აგზნება ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში იწვევს ნაწლავთა გლუვი კუნთების სპაზმს. ნელდება პერისტალტიკა, დაგროვილი აირები ჭიმავენ ნაწლავის სანათურს და ძლიერ ტკივილს იწვევენ.

- როგორ ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა?

- ამ დროს პატარა ძლიერ შეწუხებულია, დროდადრო წამოიყვირებს, ფეხებს ხრის და მუცელთან მიაქვს, დაჭიმულია, ასხამს ოფლი. ვერ ამშვიდებს ვერც ძუძუ, ვერც მატყუარა. შესაფერის მდებარეობას ვერ უპოვით - დაწოლილი იქნება თუ ხელში გეჭირებათ, ერთნაირად წუხს. მუცელი შებერილია, ისმის ყურყური და ხმაური.


- როგორ დავეხმაროთ ჩვილს ასეთ დროს?

- საამისოდ არსებობს რამდენიმე საშუალება. პრაქტიკულად ყველა მათგანი ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისა და მათი ბებიების დროიდან არის ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი ხერხია მუცლის გათბობა - ამ დროს ნაწლავთა კუნთები ეშვება, სპაზმი სუსტდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური გამტარობა აღდგება. ამას აირთა გამოსვლით მიხვდებით.

- როგორ გავუთბოთ მუცელი?

- ნუ გამოიყენებთ სათბურს! დააწვინეთ და დაადეთ მუცელზე უთოთი გამთბარი საფენი, მხოლოდ არა ისეთი ცხელი, რომ კანი დასწვას, შემდეგ მუცლით გულზე მიიხუტეთ და ასე ატარეთ. შეგიძლიათ, გაუკეთოთ თბილი წყლის აბაზანაც - წელამდე ჩასვათ თბილი წყლით სავსე ვედროში. რამდენიმე წუთში დაინახავთ წყლის ზედაპირზე ამოსული აირის ბუშტუკებს. ძალიან ეფექტურია მუცლის მასაჟი: დააწვინეთ ბავშვი ზურგზე და საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით თბილი ხელით ჩაუტარეთ წრიული მოძრაობები - აირის ბუშტუკები გასასვლელისკენ გადაინაცვლებენ და სპაზმიც გაივლის. კარგი იქნება, თუ პარალელურად ოჯახის სხვა წევრი ბავშვს მოუმზადებს ბალახის (გვირილის, პიტნის, კამის, ფენხელის) ნაყენს. მიეცით თბილი. ეს პატარას ძალიან ესიამოვნება.

- როდის შეიძლება გაზგამყვანი მილის გამოყენება?

- თუ არც ერთმა აღწერილმა პროცედურამ შედეგი არ გამოიღო, შეიძლება უკანა ტანში გაზგამყვანი მილის ჩადგმა. მილის ჩადგმის ტექნიკა ასეთია: დააწვინეთ პატარა მარცხენა გვერდზე, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი ფეხებით, ან ზურგზე ასევე მოხრილი და აწეული ფეხებით. მილის მომრგვალებულ ბოლოს წაუსვით საბავშვო კრემი, მარცხენა ხელით გადაუწიეთ დუნდულა კუნთები და მილი ფრთხილად შეიყვანეთ ანუსის ხვრელში 1-2 სმ სიღრმეზე, მილის მეორე ბოლო კი ჩაუშვით რაიმე ჭურჭელში ან ღამის ქოთანში, ვინაიდან გაზებს განავლოვანი მასებიც მოჰყვება. მილი შეგიძლიათ დატოვოთ ანუსში 20-25 წუთს. პარალელურად უკეთესი ეფექტისთვის ჩაუტარეთ მუცლის მასაჟი. მილის ამოღების შემდეგ არ დაივიწყოთ ანუსის ხვრელის ჩამობანა თბილი წყლით, შემდეგ კი წაუსვით საბავშვო ზეთი.

- შეიძლება თუ არა მეტეორიზმთან ბრძოლა მხოლოდ გაზგამყვანი მილით?

- მიუხედავად ეფექტურობისა, გაზგამყვანი მილის ხშირად გამოყენებას არ გირჩევთ - შესაძლოა, გააღიზიანოთ სწორი ნაწლავი, შეიტანოთ ინფექცია და უფრო დიდი პრობლემები შეიქმნათ. მეტეორიზმის აღმოსაფხვრელად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ყურადღება მიაქციეთ დედის კვების რეჟიმსა და რაციონს. ყავა, მაგარი ჩაი, ყურძენი, კომბოსტო, ლობიო, ბარდა, სოია, უმი ხილი და ბოსტნეული, ტკბილეული - ის პროდუქტებია, რომელთა სიჭარბე დედის რაციონში პრობლემებს შეუქმნის მის პატარას. გარდა ამისა, უნდა დაიცვათ ძუძუთი კვების წესები, რათა ბავშვს ჭამის დროს აირები არ ჩაეყლაპოს. თუ პაწია ხელოვნურ კვებაზეა, ბოთლი ისე დაიჭირეთ, რომ საწოვარას ბოლო ყოველთვის სავსე იყოს საკვებით, ჭამის შემდეგ კი ჩვილი ხელში აიყვანეთ და მანამდე გეჭიროთ, ვიდრე ჰაერს არ ამოუშვებს. ზურგით მიიბჯინეთ მკერდზე და მარჯვენა ხელით მუცელი მსუბუქად დაუზილეთ.

- როგორ მკურნალობენ მეტეორიზმს?

- მეტეორიზმის სამკურნალოდ მისი მიზეზის დადგენაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის მიკროფლორის ან კვების რეჟიმის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება.

ამჟამად იყენებენ რამდენიმე ჯგუფის პრეპარატებს:

  • პერისტალტიკის გასაძლიერებელ საშუალებებს;
  • ადსორბენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში შეწოვის პროცესების აღდგენას და დარჩენილი აირების გარეთ გამოყოფას.

სამკურნალო საშუალება ექიმმა უნდა შეარჩიოს! გარდა აღნიშნული პრეპარატებისა, მეტეორიზმის სამკურნალოდ გამოიყენება ფერმენტები და ნაწლავების ნორმალური მიკრობიოცენოზის აღმდგენი ბიოპრეპარატები. განურჩევლად ასაკისა და კვების რეჟიმისა, მეტეორიზმი ყველა ბავშვისთვის ერთნაირად შემაწუხებელია. მისი არსებობა ზოგჯერ თუ რეჟიმის დარღვევის ან უმწიფრობის ბრალია, ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაზე, მაგალითად, მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე მეტყველებს, ამიტომ თუ პატარა უცნაურად იქცევა, წუხს და ტირის, დროულად მიმართეთ პედიატრს მიზეზის დასადგენად.