როგორ გამოვიყენოთ დრო სწორად
თუ პატარამ ოჯახშივე არ ისწავლა დროის სწორად განკარგვა, შემდგომ, მუშაობის პროცესში, ძალიან გაუჭირდება საქმის სათანადოდ ორგანიზება. ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა, კონკრეტული სამუშაოს მინიმალურ დროში შესრულება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ დროის ოპტიმიზაციას, რაც აისახება კიდეც ჩვენს შვილებზე.
არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბავშვებისათვის, ვიდრე ისინი პატარები არიან, მხოლოდ მზრუნველობა და სიყვარულია აუცილებელი, მათ კი ამის სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვებათ. რეალურად კი ბავშვის ქმედებების ორგანიზება, მათთვის ელემენტარული წესრიგის ჩვევის გამომუშავება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ბავშვის ნაცვლად ყველაფერს მშობლები გააკეთებენ, პატარას არ ჩამოუყალიბდება ნებისყოფა.
- პირველი აუცილებელი მოთხოვნაა დროის განსაზღვრულ მომენტში რაიმე დავალების შესრულება. როგორც ცნობილია, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები დროს ვერ გრძნობენ. უფრო სწორად, მათთვის დამახასიათებელია დროის საკუთარი შეგრძნება. ეს ბავშვის აღქმის თავისებურებაა.
- მეორე საფეხურია თვითმომსახურების ჩვევის გამომუშავება, რუტინული, არცთუ საინტერესო და ზოგჯერ მოსაწყენი ქმედებების შესრულება. ამ ქმედებებს, ჩვეულებრივ, არაფერი აქვთ საერთო თამაშთან, მათი გამეორება პატარას ხშირად სულაც არ სურს. მაგრამ ბავშვი ვალდებულია, დილით ადგეს, ჩაიცვას ტანსაცმელი (მიუხედავად იმისა, რომ მზადაა, მთელი დღე პიჟამით ირბინოს), ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს (ხშირად - სურვილის საწინააღმდეგოდ). ამის მერე იწყება საუზმე, თამაშის შემდეგ ოთახის მოწესრიგება, შუადღის ძილი (ამ დროს მას სულაც არ ეძინება!) და ასე შემდეგ.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის ყოფითი დამოუკიდებლობის ჩანასახი, ელემენტარული ნებისყოფის წვრთნა, დროის მართვის პირველი ჩვევები.
ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ თუ ოთხი წლის ბავშვს არა აქვს გამომუშავებული რეჟიმის დაცვის ჩვევა და აუცილებელი საქმეების თანმიმდევრული შესრულების უნარი, მათი ჩამოყალიბება შემდგომში საკმაოდ რთულია.
- მესამე საფეხურია პატარის სურვილი, დაგვეხმაროს, რაიმე სასიკეთო გააკეთოს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობელი და საყვარელი ადამიანებისათვის.
ეს სწრაფვა დაკავშირებულია პიროვნების მორალური თვისებების ჩამოყალიბებასთან. რასაკვირველია, ჩვენი მცდელობის გარეშე ბავშვი ვერასოდეს შეიგრძნობს დროს, თუ არ მივაჩვევთ, არასოდეს დაჯდება ქოთანზე, თუ არ ვესაუბრეთ, ვერ ისწავლის ლაპარაკს... აზრადაც არ მოუვა ვინმეს დახმარება.
ორი-სამი წლის პატარები შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ თავად არიან საყოველთაო ზრუნვის ობიექტები და საჭიროდ არ მიაჩნიათ ვინმეს მიმართ ყურადღების გამოჩენა. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ძალა აღარ რჩებათ საიმისოდ, რომ თავიანთი პოზიცია დაიცვან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მშობლის “აფეთქებისა”. ზოგიერთ მშობელს კი ასეთი ხასიათი აქვს, ზოგს ოჯახური თუ სამსახურებრივი პრობლემები ანერვიულებს.
ყველასთვის ცხადია, რომ აღზრდის პროცესს რაც ნაკლებად ახლავს უარყოფითი ემოცია, მით უკეთესია შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარას მეხსიერებაში არა მარტო ასათვისებელი ქმედება აღიბეჭდება, არამედ მისი თანმხლები ნეგატიური ემოციური ფონიც. შეიძლება ითქვას, რომ სკოლამდელ ასაკში გაცილებით მნიშვნელოვანი თვით აღზრდის პროცესია, ვიდრე მისი შედეგი.
ძველ დროს ბავშვი ოჯახში დამხმარედ აღიქმებოდა და იმის მიხედვით ფასდებოდა, რა მოვალეობების დაკისრება შეიძლებოდა მისთვის, თანამედროვე ბავშვს კი მშობლები პროექტად აღიქვამენ და მასში სათანადო დროისა და სახსრების ინვესტირებით ოპტიმალურ შედეგს აღწევენ. ისინი ხშირად არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ადამიანი შრომის წყალობით ვითარდება და ყალიბდება პიროვნებად, აღზრდა კი მხოლოდ ოჯახშია შესაძლებელი.
ამიტომ, ვიდრე ბავშვის აღზრდას შევუდგებოდეთ და მას დროის სათანადოდ განკარგვას ვასწავლიდეთ, პასუხი უნდა გავცეთ ორ კითხვას - კონკრეტულად რა მიზნისკენ ვისწრაფვით და როგორია ოჯახის სხვა წევრების პოზიცია ჩვენი შეხედულებებისა და მიზნებისადმი. თუ მოზრდილები ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდებიან, მშობლის მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი - ბავშვის აღზრდის პროცესში ორივე მშობელი იშვიათადაა ჩართული, ერთ-ერთი უმეტესად დისტანცირებულია. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობა შეიძლება შეუმჩნევლად გარდაიქმნას ორი ხასიათის ხანგრძლივ პაექრობად, რომელშიც არავის აქვს მომრიგებლის ფუნქცია.
სიახლე არ არის, რომ ბავშვის აღზრდაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს მამა, მაშინაც კი, როცა ის ძალიან დაკავებულია. მას შეუძლია, პატარას მრავალი სასარგებლო რამ ასწავლოს, ზოგჯერ კი დავალების დროულად შესრულებაც აიძულოს. იდეალურია, როცა მამას კონკრეტული ფუნქცია აქვს - ეხმარება პატარას ძილის წინ სათამაშოების დალაგებაში, შეახსენებს, რომ კბილების გახეხვაა საჭირო ან ასეირნებს. ამ დროს მამა უკეთ შეიგრძნობს მეუღლის ყოველდღიურ რეალობას.
ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს შრომას. ამ გზით შეძლებს ის შესამჩნევი დანაკარგის გარეშე სამყაროში ადგილის დამკვიდრებას, საკუთარი ოჯახის შექმნასა და შვილების აღზრდას.
ბავშვი უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარ პიროვნებად, რომელსაც შეეძლება საკუთარ თავზე ზრუნვაცა და ოჯახის უზრუნველყოფაც, ხშირად კი საშიში სიტუაციებისგან თავის დაღწევაც. ყოველივე ამისთვის, აუცილებელია, პატარა ოჯახში იზრდებოდეს. დაუშვებელია აღზრდის ფუნქციის პედაგოგებისა და ფსიქოლოგებისთვის გადაბარება. რასაკვირველია, მათ ბევრი რამ შეუძლიათ, მაგრამ აღზრდა ოჯახის ფუნქციაა. ისინი ბავშვს ვერც დროის განკარგვას ასწავლიან, ეს მხოლოდ დედისა და მამის საზრუნავია. თავისთავად, ეს რთული პროცესია, რადგან ხშირად ზრდასრული ადამიანებიც ვერ აფასებენ დროს.