როგორ გავხადოთ ახალი წელი ბავშვებისათვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი
მიზნების დასახვის დროა, პატარებისთვის კი ნამდვილი ზეიმი, ყველა წესის თანახმად, უამრავ სიხარულს რომ ჰპირდება მათ.
როგორ მოვემზადოთ, რათა ახალი წელი ბავშვებისთვის მართლაც დაუვიწყარ დღედ იქცეს? რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ხელით სახლის პირობებში, რომ გარემოც და განწყობაც შესაბამისი შეიქმნას? რის გაკეთებას არ გვირჩევენ სპეციალისტები ამ საყოველთაო ეიფორიის დღეებში და რას უნდა ავარიდოთ ბავშვები, რომ მათი უსაფრთხოებაც დავიცვათ და კომფორტიც უზრუნველვყოთ.
-
პაწაწინები
სამ წლამდე ასაკის ბავშვები მოზეიმეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოხატავს სათანადოდ თავის განცდებს, ემოციებს, განწყობასა და სათქმელს. მათ შესაძლოა ჰქონდეთ გაგონილი ახალი წლისა და თოვლის პაპის შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი წინა ახალი წელი არ ემახსოვრებათ. შესაბამისად, მოცემულ წელს ისინი უამრავი სიახლისა და საინტერესო ამბის მომსწრენი გახდებიან.
სავარაუდოდ, თქვენს საოჯახო ალბომშიც მოიპოვება ფოტოები, სადაც საზეიმოდ მორთული, ბრჭყვიალა ნაძვის ხის ფონზე თეთრწვერა კაცის მუხლებზე შემოსკუპებული ბავშვი ზის და... გულამოსკვნილი ტირის. ხშირად ასე გამოხატავენ პატარები შიშს უცხო ადამიანის მიმართ (რომელსაც ადამიანსაც კი ვერ უწოდებ, რადგან ფრიად უცნაურად გამოიყურება - ბამბისმაგვარი წვერი აქვს, უზარმაზარი ჩაჩი ახურავს და დიდი ჯოხი უჭირავს ხელში, ზურგზე კი ვეება გუდა ჰკიდია). მოვლენების ასეთი განვითარებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, წინასწარ შეამზადეთ შვილი თოვლის პაპასა თუ სანტა კლაუსთან შესახვედრად, წაუკითხეთ საშობაო ზღაპრები, დაათვალიერებინეთ სურათები, მოუყევით საინტერესო ამბები. არასოდეს დააძალოთ სურათის გადაღება ან თუნდაც საჩუქრის მისაღებად იმ „უცხო კაცთან“ მისვლა, თუ თავად არ სურს და არ იჩენს ინიციატივას.
გახსოვდეთ ისიც, რომ ზრდასრულისთვის მისაღები და გასაგები რამ ბავშვისთვის შესაძლოა მიუღებელიც აღმოჩნდეს და მავნებელიც. ზედმეტი ხმაური, ბევრი ხალხი, ხმამაღალი მუსიკა ამ ასაკში არცთუ საუკეთესო არჩევანია. მოგვიანებით ბავშვი აუცილებლად გამოხატავს ამ ყველაფერზე თავისებურ რეაქციას - ჭირვეულობით, უგუნებობით, მოთენთილობით.
მათთვის, ვისაც ამ ასაკის ბავშვი ჰყავს, საუკეთესო გამოსავალი კამერული, მშვიდი საოჯახო ზეიმის მოწყობაა და აქ ნამდვილად არავინ შეგზღუდავთ - შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად, ხელნაკეთი თოჯინებისგან ან ბავშვის სათამაშოებისგან პატარა წარმოდგენის გამართვა იმპროვიზებულ „საოჯახო თეატრში“, ბავშვის ჩართვა სამზადისში და მასთან ერთად ნაირ-ნაირი ფორმის შაქარლამების გამოცხობა ან სახლის მოსართავად ფიფქებისა თუ სხვა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. ვარიანტი უამრავია, მთავარია, ბავშვის ინტერესები დავაყენოთ წინ და არა ჩვენი პრიორიტეტები.
-
მოზარდობის ასაკამდე
მთავარი, რაც ამ ასაკის ბავშვებს ახალი წლის დღეებში აინტერესებთ, ის არის, არსებობს თუ არა თოვლის პაპა და რას მოუტანს საჩუქრად (ან, თუ არ არსებობს, რას აჩუქებენ დედა, მამა, ბებო თუ ბაბუა).
პირველ კითხვაზე პასუხი არცთუ იოლი გასაცემია. ფსიქოლოგები ბევრს კამათობენ იმაზე, რა ჯობია - ვუთხრათ ბავშვს, რომ სინამდვილეში არავითარი ირმებშებმული მარხილი და მასზე ამხედრებული კეთილი მოხუცი არ არსებობს, ხოლო საჩუქრები ბუხრიდან კი არ ჩამოცვენილა, მაღაზიაშია შეძენილია, თუ „ვაცალოთ ბავშვობა“ და შევუნარჩუნოთ ჯადოსნური, ზღაპრული, ფანტასტიკური ილუზია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს ლოყებღაჟღაჟა პაპა, რომელიც კარგ ბავშვებს ასაჩუქრებს.
ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მართებული იქნება საკითხის გადაწყვეტა ჩვენი შვილის ხასიათის გათვალისწინებით.
ასეთი პრაქტიკული გამოსავალიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ: აუხსენით შვილს, რომ ლაპლანდიაში მართლაც არის დასახლება, სადაც ნამდვილზე ნამდვილი სანტა კლაუსი ცხოვრობს, ირმებიც ჰყავს (რომლებიც, ცხადია, არ დაფრინავენ), ეტლიც აქვს და წერილებსაც იღებს. ეს ფაქტები ინტერნეტში მოძიებული ფოტოებითაც შეგიძლიათ გაამყაროთ. იმისთვის, რომ თქვენი პასუხი დამაჯერებელი იყოს, მცირე ცნობებს აქვე მოგაწვდით.
-
სანტას სახლი
ამ საკითხზე მცირე გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, პასუხებში არაერთხელ გაიელვებს ჩრდილოეთ პოლუსის სახელი. მართლაც, ბევრს ჰგონია, რომ სანტა-კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ჩრდილოეთ პოლუსზე ხომ მიწა არ არის - მხოლოდ ყინულოვანი ოკეანე და უზარმაზარი აისბერგებია, სანტა-კლაუსის სამშობლოდ კი ლაპლანდია ითვლება. ეს რეგიონი, სადაც, ტრადიციულად, საამები, იგივე ლოპარები და ლაპლანდიელები ცხოვრობენ, ახლა ოთხი ქვეყნის: ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის ტერიტორიას მოიცავს.
სანტა-კლაუსის ქოხი ფინეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა. ამ მიდამოებში ლაპლანდიისთვის დამახასიათებელი მთიანი და გორაკებიანი პეიზაჟია. სწორედ აქ არის პოლარული ღამეები და სახელგანთქმული ჩრდილოეთის ციალი. აქ სანტა-კლაუსთან ერთად ჩრდილოეთის ირმებიც ბინადრობენ, ირმები და სანტა კი უერთმანეთოდ მართლაც წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით, ამ მშვიდ, თვალწარმტაც და ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობს ნამდვილი სანტა. დეკემბრის დამდეგს მისი არდადეგები სრულდება და სამუშაო დღეები იწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კეთილი ბაბუა ირმებშებმულ მარხილზე სათამაშოებითა და ტკბილეულით სავსე ტომრებს შემოაწყობს და საჩუქრების დასარიგებლად მიემართება!
-
საახალწლო საფრთხეები
ათ წლამდე და მასზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლებს წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ საახალწლო მაშხალებისა და ასაფეთქებლების ხშირი გამოყენების გამოც. გახსოვდეთ, საახალწლო მაშხალების, ფეიერვერკებისა და შუშხუნების არასწორ გამოყენებას ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. ეს პრობლემა ყოველთვის იჩენს თავს დეკემბერსა და იანვარში, რადგან მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრობებზე უკონტროლოდ იყიდება უხარისხო პროდუქცია. ამ საზეიმო დღეებში ნამდვილად არ გვსურს არავის დაშინება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. წინა წლების სტატისტიკა საკმაო შეშფოთების საფუძველს იძლევა.
პიროტექნიკის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადასა (ვადაგასული პროდუქცია ხშირად იყიდება ბაზრობებზე) და შენახვის პირობებს (ნესტიან ადგილას შენახული ასაფეთქებლები და მაშხალები საშიშია!). თვალი ადევნეთ, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად არ ააფეთქოს პიროტექნიკა!
-
ახალი წელი - ოჯახური დღესასწაული
ახალი წელი ოჯახის წევრების თავშეყრის დროცაა. თუ მთელი წლის განმავლობაში სამსახურებისა და სასწავლებლების წყალობით ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, ახალი წლის დღეებში თავისუფლად შეიძლება ამის კომპენსირება. გამოიყენეთ ეს დრო ერთობლივი დროსტარებისთვის, დაგეგმეთ საინტერესო ადგილების მონახულება, გაერთეთ სამაგიდო თამაშებით, ერთად მორთეთ ნაძვის ხე, ხელით დაამზადეთ ინტერიერის გადასახალისებელი აქსესუარები, თუ საშუალება გაქვთ, შეცვალეთ ოთახებში ავეჯის განლაგება, შემატეთ რამე სიახლე ინტერიერს...
ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნება ასეთი აქტივობაც: შეკრიბეთ ოჯახის ყველა წევრი და შეაჯამეთ გასული წელი. თითოეულმა თქვას, რა იყო ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე სამახსოვრო და საინტერესო ან, პირიქით, უსიამოვნო, ისეთი, რის გამეორებასაც აღარ ისურვებდა. ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, ისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ, ერთად გაიაზრეთ, რას ელით ახალი წლისგან, ერთმანეთისგან, რის მიღწევას ისურვებდით... ეს „საქმიანი“ შეხვედრები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის - ისინი უფროსების თანასწორებად იგრძნობენ თავს და დარწმუნდებიან, რომ მათი ცხოვრების თითოეული წვრილმანი, კარგიც და ცუდიც, მნიშვნელოვანია ოჯახის კეთილდღეობისთვის.
-
საახალწლო სუფრა
დაფიქრდით, მეტწილად რისგან შედგება საახალწლო სუფრა. როგორც კი ჩამოთვლას დაიწყებთ, უმალ შეამჩნევთ, რომ ბავშვებისთვის მარგებელი და შესაფერისი ამ მენიუში ცოტა რამაა. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ მათ რაციონზე. მოიმარაგეთ ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ჩირი. მოარიდეთ ბავშვები ზედმეტად ცხიმიან, ნიგვზიან, ცხარე და მჟავე კერძებს. ნურც ტკბილი გაზიანი სასმელების მავნებლობას დაივიწყებთ - მათ ნაცვლად პატარებს ნატურალური წვენები ან ჩაი შესთავაზეთ.