ბავშვის რთული ქცევა და მართვის სტრატეგიები
– ქალბატონო მარიამ, რა შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ ბავშვის ქცევას რთული?
– ქცევა მაშინ არის რთული/არასასურველი, თუ ის საზიანოა თავად ბავშვისთვის ან სხვებისთვის, შეუძლია ხელი შეუშალოს სწავლას/განვითარებას, შეაფერხოს ბავშვი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისას. ასევე, თუ ეს ქცევა ხელს უშლის ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს და სოციალურ მიმღებლობას, მაშინ, როცა ეს ქცევა ხდება ძალიან ხშირად (ჭარბად) ან იშვიათად (დეფიციტურად), ქცევა ვლინდება არასწორ ადგილას ან არასწორ დროს.
რთული ქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: თვითდამაზიანებელი (საკუთარი სხეულის კბენა, დაკაწვრა), სხვებისადმი აგრესული (კბენა, დაკაწვრა, თავის, ფეხის, ხელის დარტყმა და ა.შ.), ნივთების დამაზიანებელი (საგნების სროლა/გატეხა, დახევა), ასევე ხშირია ტანტრუმები, როდესაც ბავშვები აწყობენ ისტერიკას, ფეხებს აბაკუნებენ, ყვირიან და ა.შ.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის რთული ქცევა?
– რთული ქცევა უკავშირდება სხვადასხვა ფაქტორს. როდესაც ბავშვი რთულ ქცევას ავლენს, ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი ქცევის კონტექსტს: იმას, თუ რა წინაპირობა და შედეგი ჰქონდა მის ქცევას, როგორია ზოგადად ბავშვის ფიზიკური და ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მისი მახასიათებლები, რაც გულისხმობს მის ასაკს, გარემო ფაქტორებს, სქესს და კულტურას.
რთული ქცევა ძირითადად ემსახურება ორ მიზანს. იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ბავშვი ასე, უნდა მივაკვლიოთ რთული ქცევის მიზანს – ეს არის ყურადღების მისაქცევად ან სასურველის მისაღებად გამოვლენილი ქცევა თუ რაიმეს თავიდან ასარიდებლად შესრულებული ქცევა. შესაბამისად, სასურველია, მშობელი სწორად რეაგირებდეს ბავშვის ქცევაზე. თუ რთული ქცევა ვლინდება რაიმეს მისაღებად, ბავშვს უნდა ვასწავლოთ ალტერნატიული ქცევა სასურველი საგნის მისაღებად (მოთხოვნის სხვა ფორმა), ვასწავლოთ სურვილის გადავადება. თუ ბავშვი რთულ ქცევას ავლენს რაღაცისგან თავის ასარიდებლად, ამ შემთხვევაში ვასწავლოთ მას დახმარების თხოვნა, მოვთხოვოთ მცირე და კონკრეტული ნაწილის/დავალების შესრულება და ნელ-ნელა გავზარდოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ბავშვის ხშირი წახალისება დავალების შესრულების მცდელობისთვის.
– როგორ ვმართოთ ბავშვის რთული ქცევა?
– მშობლები ხშირად მიმართავენ დასჯის მეთოდს, თუმცა ეს არ არის გამართლებული ქმედება რთული ქცევის შესამცირებლად ან გასაქრობად. პირიქით, ვინც ფიზიკურად სჯის, ის ბავშვს ასწავლის ფიზიკურ აგრესიას. ბავშვი შესაძლოა განაწყენდეს კიდეც ამ ადამიანზე. დასჯის ეფექტი, ჩვეულებრივ, დროებითია და ხშირად მივყავართ ბავშვის მიერ უფრო მზაკვრული ტაქტიკის შემუშავებასთან. ბავშვი სწავლობს არასასურველ ქცევაზე პასუხისმგებლობის დაფარვის სტრატეგიას, მაგალითად ტყუილს. კვლევებმა დაადასტურა, რომ დასჯის სახეები, როგორებიც არის შენიშვნის მიცემა, ჩხუბი და ა.შ., იწვევს რთული ქცევის გახშირებას.
მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა სწორად რომ მართონ რთული ქცევა, ამისათვის მნიშვნელოვანია ბავშვი კი არ დასაჯონ, არამედ მიაჩვიონ დისციპლინას, განუმტკიცონ და წაახალიხონ სასურველი და მისაღები ქცევა. სასურველია, ბავშვის დღე იყოს შინაარსიანი და დატვირთული. ზოგჯერ მას უნდა ჰქონდეს ცვლილებები გარემოში. თუ შევძლებთ, შევუქმნათ მოქნილი დღის რუტინა (გავაცნოთ, დღის განმავლობაში რას გააკეთებს და რა ელის წინ) და მასთან ერთად შევიმუშავებთ და დავიცავთ საერთო წესებს, ბავშვი უფრო მარტივად გადავა აქტივობიდან აქტივობაზე, განუვითარდება დამოუკიდებლობა. რუტინა დაზოგავს აღმზრდელის დროს და შეამცირებს იმპულსურ ქცევას. თუმცა სასურველია გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და ყოველთვის ვეცადოთ ვითანამშრომლოთ მასთან.
არსებობს კიდევ ერთი წარმატებული სტრატეგია, რომელსაც არასასურველი ქცევის იგნორირება ეწოდება (ქცევის იგნორირება და არა ბავშვის). ამ ტაქტიკას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ბავშვის რთული ქცევის მიზანია სასურველის მიღება ან ყურადღების მიქცევა (მაგ.: მაღაზიაში ძირს გაწოლა და/ან ტირილი იმისთვის, რომ სასურველი სათამაშო/ტკბილეული უყიდონ). ამ შემთხვევაში ბავშვის ეს ქცევა არ უნდა შევიმჩნიოთ და როდესაც ის მშვიდად მოითხოვს სასურველს, შევაქოთ და წავახალისოთ.
აღვნიშნავ იმასაც, რომ იგნორირებას არ ვიყენებთ მაშინ, როდესაც ქცევამ შესაძლოა დააზიანოს ბავშვი ან სხვა პირი, საგნები ან ფიზიკური გარემო.