ადამიანის ცხოვრების კრიზისული პერიოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ცხოვრების კრიზისული პერიოდები

ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და გარკვეულწილად აისახება მასზე. ცხოვრებაში ასეთი კრიზისული პერიოდები ადამიანის დაბადებიდან მთელ პერიოდს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ამერიკელი ფსიქოლოგის, ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური კრიზისების ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის თეორია. ადამიანის ცხოვრებაში ერიქსონი რვა პერიოდს და ამდენივე კრიზისს გამოყოფს. ექვსი მათგანი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე გრძელდება. სხვა ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ კრიზისები ემთხვევა ბავშვობისა და ადრეული სიყმაწვილის წლებს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობლისთვის სასარგებლოა იცოდეს, მოცემულ მომენტში განვითარების რომელ პერიოდს გადის მისი შვილი და რომელი ფსიქოლოგიური ამოცანის გადაწყვეტაა საჭირო. ეს საშუალებას მისცემს ოჯახს, თავიდან აიცილოს შეცდომები ბავშვის აღზრდაში, ხოლო ბავშვს - განვითარდეს მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად. საიდუმლო როდია, რომ ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთულია (ავიღოთ, თუნდაც, ყველასთვის ცნობილი „საზღვრების დადგენის“ დრო - დაახლოებით წლინახევრიდან სამ წლამდე). როცა ბავშვი შეძლებს მიჯნის გავლებას და საბოლოოდ აითვისებს, რა შეიძლება და რა - არა, მომთმენ დედებსა და მამებს ჯილდო ელით. სამი წლის საზღვრის გადალახვით თქვენი შვილი შეაბიჯებს ძალზე საინტერესო განვითარების პერიოდში - კრეატიულობაში.

ადრეული ასაკის სირთულეები

ბავშვს ადრეულ ასაკში გარკვეული სირთულეები აქვს, განვითარების ყოველ მომდევნო ეტაპს თავისი პრობლემები ახლავს, იწყება ქცევების ჩამოყალიბება, ურთიერთობა მშობლებთან, ადაპტაცია სამყაროსთან, გარშემომყოფებთან, რაც სხვადასხვა რეაქციით გამოიხატება.

ჩვილი ასაკიდან გამოსვლის შემდეგ ბავშვს უკვე აღარ სჭირდება გადაჭარბებული მზრუნველობა. ექიმებიც უფრო იშვიათად სინჯავენ მას, ვიდრე სიცოცხლის პირველ წელს. თუმცა ამ პერიოდს აქვს თავისი წყალქვეშა დინებებიც, რომელთა დავიწყება არ შეიძლება.

წლინახევრის პატარას უკვე შეუძლია კიბეზე აცოცება და ჩამოცოცება, მშობლების თხოვნის შესრულება. მისი აქტიური ლექსიკონი არც ისე დიდია - 30-დან 50 სიტყვამდე. მას ბევრი რამის გამოხატვის სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, სწორედ ამის შედეგია ცრემლები, ჭირვეულობა, აგრესია.

გავა 2-3 თვე და ბავშვი ამ კრიზისს გადალახავს.

მნიშვნელოვანი მიღწევები

ორი წლის პატარას თავისი მიღწევები აქვს: ის მშვენივრად დარბის, ჩაცმის დროს იღებს საჭირო პოზას, ცდილობს, თვითონ ჩაიცვას და გაიხადოს, ჭამს კოვზით, თამაშობს ბურთით, კუბებისგან აშენებს სახლს, შეუძლია ფანქრის დაჭერა, ცნობს ძირითად ფერებს, წარმოთქვამს 500-მდე სიტყვას და აგებს მარტივ წინადადებებს, მაგრამ ამ პერიოდში ეცვლება ხასიათიც.

მესამე წელს ბევრი ბავშვი მიჰყავთ ექიმთან ღამის შიშების, ენაბორძიკობის, ჭირვეულობის გამო. ყოველგვარი აკრძალვა იწვევს ბავშვის მძიმე რეაქციას - პატარა ყვირის, ტირის, ფეხებს აბაკუნებს... მიზეზი საკუთარი თავის ცალკე პიროვნებად გაცნობიერებაა. უფროსები კი დამოუკიდებლობის გამოვლენას ჭირვეულობად უთვლიან და სჯიან, რითაც ბავშვს ფსიქიკას უზიანებენ და ნერვულ არსებად აქცევენ.

ნუ გაუბრაზდებით გაჯიუტებულ ბავშვს. უმჯობესია, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. არ უნდა ბანაობა? - მასთან ერთად გაემართეთ სააბაზანოსკენ და თან წაიყოლეთ სათამაშო მატარებელი! არ სურს მამის სამუშაო იარაღის ხელიდან გაშვება? - მიეცით საშუალება, როგორც მოზრდილმა ადამიანმა, თვითონვე შეინახოს ეს ნივთი მისთვის განკუთვნილ ადგილას და მის ნაცვლად რამე სხვა მიაწოდეთ, მერე კი შეაქეთ.

ყოველდღე ერთი-ორი საათი მაინც დაუთმეთ პატარას, მასთან ერთად ითამაშეთ, ხატეთ ან კუბებისგან სახლი ააშენეთ, დაათვალიერეთ ნახატებიანი წიგნები, წაუკითხეთ ზღაპრები, ლექსები, უმღერეთ და მოასმენინეთ საბავშვო სიმღერები.

სათამაშო, თუნდაც ძალიან ძვირფასი, ბავშვებს მალე ბეზრდებათ, ქაღალდი, ფანქრები, საღებავები, პლასტილინი კი ძალიან მოსწონთ. შემოქმედების შედეგი - ჩარჩოში ჩასმული ნახატის ან აპლიკაციის კედელზე დაკიდება - აქ სულაც არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია გვერდითი ეფექტი, წვრილი მოტორიკის, ტაქტილური შეგრძნებების განვითარება, მიზეზშედეგობრივი კავშირების ათვისება, შემოქმედებითი შრომა და ამით მოგვრილი სიამოვნება.

კრიზისული პერიოდი სასკოლო ადაპტაციის დროს

ბავშვი სკოლაში მიდის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტია ნებისმიერი ოჯახისა და თვით ბავშვის ცხოვრებაში.

სკოლა პატარასთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყაროა, რომელიც მას უამრავ სიახლეს ჰპირდება: ახალ გარემოსა და მეგობრებს, მასწავლებლებს, წიგნებს, საიდანაც ათას საინტერესო რაიმეს შეიტყობს... ამ დროს ყველაზე მეტად მშობლები ღელავენ - მათ ყველაზე უკეთ იციან, რამდენი დაბრკოლება ელის მათ შვილს ამ რთული და გრძელი გზის დასაწყისში.

თუმცა, სანამ სწავლას შეუდგება, ბავშვი ჯერ ახალ გარემოს უნდა შეეგუოს. ორგანიზმს სჭირდება როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ეს კი, როგორც წესი, თვეობით გრძელდება, ზოგჯერ მთელ წელიწადსაც კი გასტანს. მაინც რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რომელი სირთულე გვხვდება ყველაზე ხშირად და როგორ უნდა გადავლახოთ ის?

პირველკლასელი უმალვე ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, სად მოხვდა. მისთვის ეს გარემო უცხოა. ჯერ არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება. ის მშობლებს არის მინდობილი და მათი ქცევითა და განცდებით ხელმძღვანელობს. მშობლები კი, ბუნებრივია, ღელავენ, რადგან იციან, რომ მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი: სკოლასთან შეგუება, მასწავლებელთან ურთიერთობა, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. სკოლა ახალი სოციალური გარემოა, თანატოლთა ახალი საზოგადოება, ახალი მოვალეობები. სკოლამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ბავშვი ჯერ კიდევ ბაღში იძენს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებას, გამოიმუშავებს მეგობრების გვერდით ჯდომის, პედაგოგთან ურთიერთობის, მისი მოსმენის, კითხვებზე პასუხების გაცემის ჩვევებს. მერე და მერე ამას ემატება მიზანმიმართული მუშაობა წიგნით, რვეულით, ფანქრითა თუ კალმით. ეს ჩვევები პატარას სკოლაში უთუოდ გამოადგება. „ოჯახის ბავშვი“ კი, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია, თავისუფალია, მას არავინ ზღუდავს, არაფერს უწესებს, ყველა თავს ევლება. სკოლაში მისვლის შემდეგ მისი რეჟიმი შეიცვლება - იქ მასწავლებელი მართავს მის ქცევას, ბავშვი განსაზღვრულ წესებს უნდა დაემორჩილოს: იჯდეს მერხთან, უნებართვოდ არ გაინძრეს. საბავშვო ბაღში ნასიარულები ბავშვი ამას შეჩვეულია, „ოჯახის ბავშვს“ კი გაუჭირდება. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებულნი უფრო ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. სკოლაში ბავშვს, თანატოლებსა და მასწავლებლებთან ურთიერთობის გარდა, კიდევ ერთი სიახლე დახვდება: სწავლის პროცესი. ზოგი დიდი ინტერესითა და ხალისით ეწაფება მას, ზოგს კი ძალიან უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა. ხშირად მშობლები ძალას ატანენ ბავშვს. ეს დაუშვებელია - შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ბავშვს სწავლა შესძულდეს. ის ჯერ თამაშის ასაკიდან არ გამოსულა, ამიტომ ამ ეტაპზე სწავლა თამაშთან უნდა იყოს შერწყმული. ბავშვმა თანდათან უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს დავალების შესრულება. მეცადინეობის შემდეგ უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ. ასევე დიდი ტაქტით უნდა ავუხსნათ, რა არის ნიშანი, რომ მისი მეშვეობით ცოდნას, შესრულებულ დავალებას აფასებენ. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს, არ ეგონოს, რომ მაღალი შეფასების მიღებისას ის კარგი ბავშვია, ხოლო დაბალი ნიშნის მიღებისას - ცუდი. ზოგჯერ პედაგოგები სწავლის დასაწყისში შესაფასებლად მზის გამოსახულებას იყენებენ: წარმატებით შესრულებულ დავალებას გაღიმებული მზე ამშვენებს, შედარებით ცუდად შესრულებულს კი - მოწყენილი. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ბავშვი ნაკლებად ითრგუნება, სამაგიეროდ, ხვდება, რომ მეტი უნდა იშრომოს, რათა მზემ გაუღიმოს. ასე მას აზროვნებაც უვითარდება. ამასთან, ბავშვი ხშირად უნდა წავახალისოთ, შევაქოთ მოთმინებისა და ბეჯითობისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორი გარემო დახვდება ბავშვს სკოლაში, როგორ შეხვდება მას მასწავლებელი. ამ უკანასკნელს დიდი ტაქტი, პედაგოგიური ოსტატობა მოეთხოვება, რადგან თუ ბავშვს სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, მას უცხო გარემოში მოხვედრისას ყოველთვის შეექმნება პრობლემები. ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან, მასწავლებელთან ურთიერთობა. ხშირად ამის მიზეზი პედაგოგის სიმკაცრეა. შედეგად ბავშვი ან ითრგუნება, ან, პირიქით, აგრესიული ხდება და პროტესტის ნიშნად არ ემორჩილება მასწავლებლის მითითებებს. ბავშვთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება ადვილი არ არის. თუ სირთულეებმა სკოლამდელ ასაკშივე იჩინა თავი, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ბავშვთა ფსიქოლოგს.

გარდატეხის ასაკის კრიზისი

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გარდატეხის ასაკში დგება. ძალიან რთულია მშობლებისთვის ასეთ რამესთან გამკლავება, - გარდატეხის ასაკის არსი სწორედაც გამოყოფა და ინდივიდუალიზმის ძიებაა. ბევრ ბავშვს ამ დროს სჭირდება კიდევაც მშობლებისგან შორს თავის დაჭერა, რათა შეძლოს საკუთარი იდენტობის პოვნა, - თინეიჯერობის ასაკში ბავშვები უფრო მეტ აქცენტს მეგობრებზე აკეთებენ, ვიდრე მშობლებზე, რაც ნორმალური მოვლენაა. ყველაფერი ეს ძაბავს მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობას და დგება ნამდვილი კრიზისი. გარდატეხის ასაკში ბავშვებმა იციან, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ მშობლები, თუნდაც უჭირდეთ ამის აღიარება, - ამ დროს ისინი ძალიან დიდ შინაგან ცვლილებებს განიცდიან, ფაქტობრივად, ემოციების ერთგვარ კარუსელზე არიან მოქცეულნი. სასაცილოა ის აზრი, რომ მობილური კომუნიკაციის საშუალებები გარდატეხის ასაკში ამცირებს მოზარდების კომუნიკაბელობას. ყოველ შემთხვევაში, მობილური მოწყობილობების გამოყენების გამო მათ უფრო ნაკლები კომუნიკაცია აქვთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ, თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მთლიანი აკრძალვა არა მხოლოდ არარეალური, ზედმეტად მკაცრი სასჯელიცაა. თანატოლებთან კომუნიკაცია და მეგობრების წრესთან სიახლოვე თინეიჯერისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამ პერიოდში ბავშვები ხშირად უცნაურად იცვამენ, თმას მშობლებისათვის მიუღებლად იკეთებენ, მიმართავენ ტატუებს, პირსინგებს, მეგობრობენ ისეთ თანატოლებთან, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელნი არიან მშობლებისთვის, სწორედ ისინი ხდებიან ავტორიტეტები და არა მშობლები. ეს ყველაფერი იწვევს უმძიმეს ემოციურ დაძაბულობას მშობლებსა და შვილებს შორის. მშობლები ხშირად შეცდომებს უშვებენ ამ პრობლემების მოგვარებისას, კარგავენ კავშირს შვილებთან, რასაც ხშირად მძიმე შედეგებამდე მივყავართ. ამ კრიზისულ პერიოდში საჭიროა და ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს უდიდესი მოთმინება, მხოლოდ მეგობრული, მოზომილი მიდგომებით გადაილახოს ეს რთული პერიოდი.

ქორწინების კრიზისული პერიოდები

საყვარელ ადამიანზე დაქორწინება, მასთან ცხოვრება, დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც არის. უნდა იცოდეთ, რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ ცოლქმრული ცხოვრების გზაზე და როგორ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახური ბედნიერება. გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობას ისე, როგორც, მაგალითად, ჯანმრთელობას.

ოჯახის ფორმირების გზაზე მრავალი დაბრკოლება გვხვდება, რომლებიც ართულებს ოჯახის სრულფასოვან ცხოვრებას და მისი დანგრევაც კი შეუძლია. პრობლემები უმთავრესად ასეთია: მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულების (მათ შორის - სქესობრივი ურთიერთობის) სირთულეები, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სირთულეები. არცთუ იშვიათად კონფლიქტი ოჯახურ მოვალეობათა განაწილებისა და ფინანსური პრობლემების გამო წარმოიშობა, რთულია დამოკიდებულება მეუღლის მშობლებთან და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ქალები და მამაკაცები ოჯახისადმი დამოკიდებულებით ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდებიან: მამაკაცებისთვის მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ქალებისთვის - ემოციური. ადამიანთა ურთიერთთავსებადობა რთული მოვლენაა, რომელსაც რამდენიმე დონე აქვს. არსებობს იდეურ-ზნეობრივი ერთობა და სოციალურ-ფსიქოლოგიური თავსებადობა. ისინი ვლინდება მაშინ, როცა ერთმანეთს ემთხვევა ცხოვრებისეული პოზიცია, ძირითადი ღირებულებები, შეხედულებები გარესამყაროსა და მასში საკუთარი ადგილის შესახებ. ფსიქოლოგიური თავსებადობა მეუღლეთა ხასიათების, პიროვნული თავისებურებების ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. ფსიქოფიზიოლოგიური, სქესობრივი თავსებადობა ტემპერამენტის თავისებურებათა ურთიერთქმედებას ეფუძნება. ცოლქმრული ურთიერთობა მოიცავს თავსებადობის ყველა სახეს.

კრიზისული პერიოდები ქალის ცხოვრებაში

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ქალებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე, ქცევაზე, პიროვნულ თვისებებზე, ხასიათზე, აისახება ადამიანებთან ურთიერთობაზე.

გარდატეხის ასაკის პირველი ფსიქოლოგიური პრობლემები გოგონას ცხოვრებაში თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როცა მის ორგანიზმში ჰორმონული ძვრები ხდება. 12-13 წლიდან 17-18 წლამდე ასაკს მომწიფების, ანუ პუბერტატულ, პერიოდს უწოდებენ. ეს ქალის ცხოვრების ის მონაკვეთია, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, იკვეთება ინტელექტუალური შესაძლებლობები, სუბიექტური შეხედულებები, ხასიათის შტრიხები, თვისებები, ერთი სიტყვით, ქალი დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ პიროვნებად ყალიბდება. სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, მწიფდება და გარდატეხას განიცდის ფსიქიკა, სულიერი სამყარო, მოზარდის პიროვნულობა.

დედობა

დედობასაც ახლავს კრიზისული პერიოდი. ბავშვის გაჩენა ხომ უზარმაზარი სიხარული და ზეიმია, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც არის, რომელსაც ყოველი ქალი უნდა გრძნობდეს. მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვებთ მეგობრებისა და ნათესავების მოლოცვებს, ბედნიერი მეუღლის მიერ მორთმეულ საჩუქრებსა და ყვავილებს, იწყება მოსაწყენი დღეები, მძიმე საზრუნავი, რომელიც დიდ ფსიქოემოციურ სტაბილურობას მოითხოვს. ამას კი მელოგინე ქალის ფსიქიკა ვერ უძლებს. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომ დეპრესიამდე მივყავართ. დადგენილია, რომ დეპრესია შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ყველა ქალს როგორც ორსულობის დროს, ისე მშობიარობის შემდეგ. ის საშიშროებას უქმნის როგორც დედას, ისე ახალშობილის ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის წინამორბედ ნიშნებსა და რისკის ფაქტორებს, რათა მისი თავიდან აცილება მოხერხდეს.

უშვილობა

ქალი და მამაკაცი ქმნიან ოჯახს, გადადიან ცხოვრების ახალ საფეხურზე, მათი ურთიერთობა ახალი შინაარსით ივსება, ჩნდება პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, საერთო ინტერესები, საერთო პრობლემები - მარტივიც, რთულიც, გადაუწყვეტელიც. ოჯახური ბედნიერების მწვერვალი კი ბავშვია, ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფი და ოჯახის მომავალი ცხოვრების საზრისი. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ არად დაგიდევთ ჩვენს სურვილებსა და ოცნებებს. წლები გადის, ბავშვი კი არ ჩნდება და დგება დღე, როცა ოჯახი ხვდება, რომ ის შესაძლოა არც არასოდეს გაჩნდეს. სამწუხაროდ, ეს არც ისე იშვიათია - დღეს ყოველი მეათე ოჯახი უშვილოა და ამას ობიექტური მიზეზები აქვს. რაც უნდა ჰარმონიული იყოს ოჯახი, ბავშვის გარეშე ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება, როგორც ქალს, ისე მამაკაცს აქვთ უზარმაზარი მოთხოვნილება, გახდნენ მშობლები. როცა ეს ვერ ხერხდება, თავს იჩენს დაძაბულობა, ურთიერთობა რთულდება, ისადგურებს სევდა, დეპრესია და დგება კრიზისული პერიოდი.

მენოპაუზა

ყველა ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ცხოვრება თვისებრივად განსხვავებულ სტადიაში გადადის. ქალების უმეტესობა ამას მტკივნეულად განიცდის. ამ დროს ქალებს აწუხებთ ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევები, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აღგზნება, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება, სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა. ეს ყველაფერი ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული. რა უსიამოვნოც უნდა იყოს ეს გამოვლინებები, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, ჰორმონული გარდაქმნების დასრულების შემდეგ ისინი თავისთავად გაივლის. ამ ასაკობრივ ცვლილებებს, წესისამებრ, თან სდევს ფსიქოლოგიური ცვლილებებიც. ქალს უჩნდება განცდა, რომ ის ემშვიდობება ახალგაზრდობას, სილამაზეს, მომხიბვლელობას, აღარ არის სასურველი მეუღლისთვის. ერთი შეხედვით, ეს გარკვეული კრიზისული მდგომარეობაა, მაგრამ ეს ასე არ არის, ქალი ყველა ასაკში ქალია. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ დეპრესიას. პირიქით, ცხოვრება ახალი ფერებით უნდა შეამკოთ, დატკბეთ მიღწევებით, შვილებით, შვილიშვილებით.

სიბერე

სიბერესა და ასაკობრივ კრიზისს ყველა ადამიანი ერთნაირად არ აღიქვამს და განიცდის. ზოგ ადამიანს ახალგაზრდობაშივე შეეპარება ხოლმე სიბერის ნიშნები, ზოგი კი ხანდაზმულ ასაკშიც ინარჩუნებს ახალგაზრდულ ენერგიასა და განწყობას. ადამიანთა დაბერების პროცესი სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, ერთსა და იმავე ასაკში მათი ჯანმრთელობაც სხვადასხვანაირია. სიბერის მოახლოებას ადამიანები მტკივნეულად განიცდიან, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს ფიზიოლოგიური ცვლილებებიც: მხედველობის, სმენის, მეხსიერების დაქვეითება, ასაკისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა დაავადება და ა.შ. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და დეპრესიული მდგომარეობა უღრმავდება, თუმცა ყველა როდი ემორჩილება ასაკობრივ კრიზისს.

სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ თუ სწორად ვიცხოვრებთ, მისი გახანგრძლივება ჩვენს ხელთაა. სიბერე და მასთან დაკავშირებული პრობლემები გარდაუვალია, თუმცა მათი გადავადებაც შესაძლებელია. სიბერესაც შეიძლება დრო მოვპაროთ. ცოცხალი ორგანიზმი ღია ბიოლოგიური სისტემაა და მასზე გამუდმებით მოქმედებს გარეგანი ფაქტორები. ორგანიზმი თავადაც მონაწილეობს ამ შიდა და გარე პროცესებში. მას აქვს როგორც საკუთარი, ისე გარედან თავს მოხვეული რიტმი. საკუთარი რიტმის აღსადგენად და შესანარჩუნებლად ორგანიზმს სჭირდება ბიოლოგიური სიმტკიცე და ადაპტაციის უნარი. როცა ორგანიზმს ეს უნარი უქვეითდება, იწყება დაბერება.