წამხედურა
მაგრამ არიან ისეთი პატარებიც, რომელთა გონებაც მუდმივად იმაზე ფიქრით არის დაკავებული, ვის აქვს მასზე უკეთესი სათამაშო ან ვის აცვია მასზე ლამაზად. ხომ არ არის ამის მიზეზი წამხედურობა ან შური?
გონიერი მშობელი არასოდეს მოექცევა ბავშვის გავლენის ქვეშ, არ დაიწყებს მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას და საჭიროდ არ მიიჩნევს, "დაეწიოს და გაუსწროს" მისი შვილის მეგობრების მშობლებს, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო, როცა პატარა წამხედურობას ან შურიანობას ამჟღავნებს. პრობლემა რომ მოისპოს, ზოგჯერ საკმარისია, ბავშვის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხოთ, ზოგჯერ კი რაღაც-რაღაცები უფრო დაწვრილებით ავუხსნათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ახსნა ისეთი იყოს, რომ თქვენმა შვილმა არ დაასკვნას, თითქოს თანატოლებს რამით ჩამორჩება. არ შეიძლება ასეთი პასუხის გაცემა: "ნიკას იმიტომ არ უკეთია კაშნე, რომ შენსავით ხშირად არ სტკივა ყელი" ან "ანი იმიტომ ჭამს ამდენ კანფეტს, რომ შენსავით მსუქანი არ არის!" ჯობს, პასუხი სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ: "როცა ყელი აღარ გეტკინება, შენც აღარ გაიკეთებ კაშნეს", "ბევრ კანფეტს თუ შეჭამ, კბილები გეტკინება, ანის დედამ ეს ალბათ არ იცის". აუცილებლად უნდა გააგებინოთ შვილს, რომ განსხვავებები ადამიანებს შორის უმეტესად პირობითია და განსაზღვრულ ქმედებათა შედეგად შესაძლოა სულაც გაქრეს. პატარამ უნდა იცოდეს, რომ თუ ივარჯიშებს, ისიც ისევე იხტუნავებს, როგორც გიგი, თუ ცივ წყალს აღარ დალევს, ყელი არ ასტკივდება და სხვებივით კაშნეს გარეშე ივლის.
არასოდეს უთხრათ შვილს: "ჩვენ თავს ამის უფლებას ვერ მივცემთ". ეცადეთ, განუვითაროთ აზრი, რომ რამის მისაღებად აუცილებელია მოქმედება, აქტიურობა. შეძლებისდაგვარად აუხსენით, რომ მისი თანატოლები და მათი მშობლები უპირატესობისთვის განსაზღვრულ საფასურს იხდიან. მაგალითად, კოტეს კარგი სათამაშოები აქვს, სამაგიეროდ მისი დედა სულ სამსახურშია და შვილთან ძალიან ცოტა დროს ატარებს, თქვენ კი, კოტეს დედისგან განსხვავებით, იმდენს მუშაობთ, რომ შვილისთვისაც საკმაო ხანი გრჩებათ. არ არის გამორიცხული, ბავშვმა ეს გააპროტესტოს და გამოგიცხადოთ, რომ სულაც არ იქნება წინააღმდეგი, თუ კოტეს დედას მიბაძავთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შვილს აუხსნათ, რომ თქვენ თქვენი არჩევანი უკვე გააკეთეთ. როცა თავად გაიზრდება, შეუძლია, სხვისი მშობლებივით ბევრი იმუშაოს, თქვენ კი ახლა საამისოდ საჭირო განათლების მიღებაში დაეხმარებით. ბავშვის წამხედურობის, ზოგჯერ კი შურის საგანი უმთავრესად მაინც სათამაშოა. თუ ის თქვენს შვილს მართლაც ძალიან მოსწონს, შეგიძლიათ შეჰპირდეთ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ აუცილებლად უყიდით. დანაპირები აუცილებლად შეუსრულეთ, მაგრამ იმ პირობით, რომ ამისთვის თავადაც გაირჯება, მაგალითად, კარგად მოიქცევა. ამ შემთხვევაში პატარა იგრძნობს, რომ "საკუთარი ბედნიერების მჭედელია". ბავშვს შეახსენეთ, რომ მისი ზოგიერთი თანატოლი მასზე უარესად ცხოვრობს.
ცხადია, მაგალითად უნდა მოიყვანოთ არა სომალელი პატარები, რომელთაც თქვენი შვილი ეკრანზე ხედავს და რეალურ არსებებად ვერც კი აღიქვამს, არამედ მისი ნაცნობები ან ამხანაგები. აუხსენით შვილს, რომ მასზე უარესად გაცილებით მეტი ბავშვი ცხოვრობს, ვიდრე უკეთესად. ეცადეთ, შვილის გასაგონად არასოდეს წარმოთქვათ: "რა კარგად ცხოვრობს ხალხი!" ბავშვის თანდასწრებით არ გამოხატოთ აღფრთოვანება სხვისი მატერიალური კეთილდღეობით. ყურადღება მიაპყარით საკუთარ ოჯახს. როცა ბავშვი იქ თავს კომფორტულად გრძნობს, სხვისი მიბაძვის სურვილი არასოდეს გაუჩნდება. არასოდეს წააქეზოთ შვილი, რომ რომელიმე ამხანაგს მიბაძოს, არ შეადაროთ მისი შესაძლებლობები სხვისას, მისი წარმატებები მისივე მონაცემებიდან გამომდინარე შეაფასეთ და არა ვინმესთან შედარებით. მიაპყარით შვილის ყურადღება საკუთარ ღირსებებს. არ შეაქოთ სხვა ბავშვი შვილის თანდასწრებით იმ მიღწევების გამო, რომლებიც თქვენს შვილს არ აქვს. ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭეთ, დააკისრეთ განსაზღვრული მოვალეობაც - ხშირად ბავშვებს თანატოლების ცხოვრების სწორედ ეს მხარე ხიბლავთ. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენი პატარა უკვე გაიზარდა. გაითვალისწინეთ: იმ ასაკში, როცა ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გრძნობების გამოთქმა, სხვისი სათამაშოთი აღფრთოვანებას ხშირად ტირილით გამოხატავს. თუ პატარა უკვე გამართულად მეტყველებს, ხშირად ჰკითხეთ, რა სურს, რითია უკმაყოფილო.
შურის ობიექტი
თუ თქვენი შვილი არც წამხედურაა და არც შურიანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა თავს არ იჩენს - წამხედურობის ან შურის ობიექტი შესაძლოა თავად თქვენი შვილი გახდეს. ერთი შეხედვით ძალიან ძნელი მისახვედრია, რომ პატარას სწორედ ამ გრძნობების გამო ჩაგრავენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ოჯახი არაფრით გამოირჩევა. გასაოცარია, მაგრამ შურის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს - ახალი ტანსაცმელი, მასწავლებლის სიყვარული, თქვენი დამოკიდებულება შვილის მიმართ... როცა შურის მიზეზი აშკარაა (მაგალითად, ძვირფასი სათამაშოები), მასთან გამკლავებაც იოლია. უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა ვასწავლოთ, თავი არ მოჰქონდეს თავისი სათამაშოებით, რათა სხვები არ გააღიზიანოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ საკუთარი სათამაშოებით სხვებთან თამაში. უმეტესად ბავშვური შურის მიზეზია არა მატერიალური ფასეულობები, არამედ მშობლების მათდამი დამოკიდებულება. ამის კლასიკური მაგალითია "დედიკოს ბიჭის" იარლიყის მიწებება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დედის განსაკუთრებული მზრუნველობის ობიექტები არიან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვაჟი საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავის დაცვაც შესანიშნავად შეუძლია. თუ ბავშვი მშობლებთან კონფრონტაციის ვითარებაში იზრდება, თუ დედა და მამა მისთვის მხოლოდ აკრძალვების წყაროს წარმოადგენენ, თუ მათთან მეგობრობა წარმოუდგენელია, - დიდია ალბათობა, ბავშვს შური გაუჩნდეს მის მიმართ, ვისაც მშობლებთან თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვს. ძალიან ძნელია, შვილს ავუხსნათ, რატომ დასცინიან თანატოლები იმის გამო, რომ ხშირად არის დედის გვერდით. თუმცა შეიძლება, პატარა თანატოლების თავდასხმისგან დავიცვათ. ამისთვის საჭიროა, უფრო მეტად განვუვითაროთ დამოუკიდებლობა და ნაკლებად გამოვხატოთ ჩვენი მეგობრული განწყობა.