ზღაპარი - გამონაგონია, საჭიროა თუ არა სიმართლე?
უამრავ კითხვაზე ითხოვენ კონკრეტულ პასუხს. მათ ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. დედ-მამას ნამდვილ "დაკითხვას უწყობენ", დიდი მონდომებით და ნებისმიერ თემაზე.
ყველაზე პოპულარულ კითხვას "ადამიანის წარმოშობა" წარმოადგენს. უნდა ვაღიაროთ, რომ პატარას აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს! ზღაპრების მოყოლა წეროს მოყვანილ თუ კომბოსტოში ნაპოვნ პატარებზე უსამართლოც არის და სახიფათოც. რა თქმა უნდა, ეს გზა ნაკლებ წინააღმდეგობრივია და საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრის გამეორება თითქოსდა უწყინარია. მით უფრო, მშობელს იმედი აქვს, რომ პატარა "ყველაფერს თვითონ გაიგებს, როცა ეს საჭირო იქნება". თუმცა ამგვარი იმედი იშვიათად მართლდება. ბავშვი იღებს საზოგადოებაში არსებულ აშკარად გადაჭარბებულ ინფორმაციას სქესთა თავისებურებების შესახებ, თუმცა კი ეს მისი ცნობიერებისათვის სრულიად გამოსადეგარია. უმჯობესია, თუ მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს ბავშვი მშობლისაგან მიიღებს, ვიდრე ტელევიზორთან ან თანატოლებისგან. მთავარია, რომ ზედმეტი არაფერი ითქვას. ბავშვს უნდა მიეცეს ზუსტად იმდენი ინფორმაცია, რაც მას ესაჭიროება მოცემული ასაკისთვის. მაგალითად, 2 წლისას შეკითხვაზე "საიდან გავჩნდი?" უპასუხეთ მარტივად - "მუცლიდან". ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირველი საუბარი ინტიმურ თემებზე 2-3 წლის ასაკში ნდობის ხარისხს განსაზღვრავს სამომავლოდ. ამიტომ იყავით ბავშვთან გულწრფელი.
-
გულწრფელობა მსუბუქია და სასიამოვნო
როცა ბავშვს, ასაკის მატებასთან ერთად, სურვილი გაუჩნდება მიიღოს უფრო გარკვეული და თანმიმდევრული პასუხი, დასვამს კითხვას: "როგორ გავჩნდი მე?" პასუხი კი შეიძლება ელემენტარული იყოს: "დაიბადე". პატარა ჩვეულებრივ კმაყოფილდება მშვიდი და გონივრული პასუხით. მაგრამ შეიძლება დააეჭვოს იმან, როცა დაბნეულად პასუხობენ და ცდილობენ რაღაცის დამალვას. გავა დრო და ბავშვი დაწვრილებით პასუხს მოითხოვს. მაშინ თხრობა "თავიდან" უნდა დაიწყოთ და საოჯახო ფოტოსურათებიც მოიშველიოთ. აი, თქვენ დაქორწინდით, ერთად ცხოვრება დაიწყეთ, ოცნებობდით შვილზე. შემდეგ სამშობიარო სახლში წახვედით და იქიდან ბედნიერი დაბრუნდით თქვენს პატარასთან ერთად.
-
ასაკის შესაბამისად
საბავშვო ბაღში მიყვანიდან მცირე ხნის შემდეგ მზად იყავით გაიგონოთ ერთი შეხედვით ტაბუდადებული "რას ნიშნავს სექსი?" ამ დროს საჭირო არ არის შეეხოთ "პროცესს" ან თქვენს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. ისაუბრეთ მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობაზე, რომ სიტყვა "სექსი" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სქესს (მამრობითს ან მდედრობითს). შესაბამისად შეგიძლიათ განმარტოთ როგორც სქესობრივი (ანუ მოზრდილი ქალისა და მამაკაცის) ცხოვრება. თუ ბავშვი კვლავ გააგრძელებს კითხვების დასმას, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას საკმაოდ საჩოთირო საკითხებზე. უმჯობესია, თუ გულახდილად აღიარებთ, რომ რთულია უცბად პასუხის გაცემა. დაჰპირდით, რომ მოგვიანებით ესაუბრებით მას ამის თაობაზე. ასეთი ხერხით აიღებთ ტაიმ-აუტს, გექნებათ დრო, უკეთ მოემზადოთ მომავალი არც ისე იოლი საბუნებისმეტყველო გაკვეთილისთვის. შეიძლება რჩევა ჰკითხოთ მეგობრებს, გამოიყენოთ უფრო კომპეტენტური წყაროები - კონსულტაციისთვის მიმართოთ ფსიქოლოგს ან წაიკითხოთ წიგნი, რომელიც სქესობრივ აღზრდას ეხება. შეიძლება ბავშვს პასუხის მისაღებად საბავშვო ენციკლოპედია მიუთითოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ გეუხერხულებათ, ისაუბროთ ბავშვთან სიყვარულზე, მოძებნოთ ისეთი სიტყვები, რომ ამ თემამ არ გამოიწვიოს არაჯანსაღი ინტერესი აკრძალული ხილისადმი.
-
უხერხული სიტუაციები
თუ ბავშვი "წაგასწრებთ" მშობლებს ყველაზე შეუფერებელ მომენტში, შეეცადეთ არ განერვიულდეთ და არ დაიწყოთ თავის მართლება. ყველაზე გონიერი იქნება, თუ სხვათა შორის შენიშნავთ, რომ მოზრდილ ადამიანებს შეიძლება სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ამ ურთიერთობას ნუ დაარქმევთ "თამაშს უფროსებისთვის". წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბავშვის პროვოცირება მოახდინოთ თქვენი საქციელის გამეორებისთვის. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვმა დაიწყო "თამაში" თავისი სასქესო ორგანოთი, ნუ ჩავარდებით პანიკაში და ნუ გამოხატავთ მძაფრ ემოციებს. ნუ შეარცხვენთ და ნურც დასჯით მას ამისათვის. მშვიდად გადაატანინეთ ყურადღება და შენიშნეთ: "ამას ნუ გაიმეორებ!" ეს თქვენთვის იქნება სიგნალი იმისა, რომ ბავშვი განიცდის ურთიერთობისა და ტაქტილური კონტაქტის დეფიციტს. ამიტომ აუცილებელია რეგულარულად გამოხატოთ ფაქიზი გრძნობები ბავშვის მიმართ, რომელიც გამყარებული უნდა იყოს ჩახუტებით, კოცნით. დღეში არანაკლებ რვა კოცნისა! როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობის შემდეგ წარმოგიდგენთ უწმაწური სიტყვების მთელ ნაკრებს, თანაც აშკარა სიამოვნებით? დაუსვით მას კითხვა, გაუგონია თუ არა ოდესმე თქვენგან მსგავსი სიტყვები და მკაცრად გააფრთხილეთ, რომ არც მისგან გსურთ მათი მოსმენა.