ტალანტის აღმოჩენა
ზოგჯერ 30-40 წლის ადამიანი ყველასთვის (საკუთარი თავისთვისაც კი) მოულოდნელად იწყებს ხატვას, ლექსების ან მუსიკის წერას. ასეთი რამ იშვიათად ხდება, რადგან ტალანტი, წესისამებრ, ბავშვობაშივე ვლინდება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ საამისოდ აუცილებელია შესაფერისი ნიადაგი. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს.
თავდაპირველად ტერმინებზე შევთანხმდეთ. რა განსხვავებაა ნიჭსა და ტალანტს შორის? როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ნიჭი კარგად განვითარებული ბუნებრივი მონაცემებია, ხოლო ტალანტი - მკვეთრად გამოხატული ნიჭი. ესე იგი ტალანტის აღმოჩენამდე ბავშვის ნიჭი უნდა ვიპოვოთ.
როდის და როგორ დავიწყოთ
რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესია, თუმცა ეს ფრაზა სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. სულაც არ არის საჭირო, ჩვილს ციფრები ან ასოები ვუჩვენოთ და მათი დამახსოვრება მოვთხოვოთ. ცნობილია, რომ ბავშვის გონებრივ განვითარებას სწორედ ადრეულ ბავშვობაში ეყრება საფუძველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილს სამყაროს აქტიური შეცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს. პაწაწინა ხელს ჰკიდებს სათამაშოს, იმახსოვრებს დედის რძის სუნს, ათვალიერებს მამის სახეს და ყოველივე ამის შედეგად იღებს ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ბავშვის ინტელექტის განვითარების საწინდარია.
მეცნიერები თვლიან, რომ ამასთან ერთად აუცილებელია ემოციურ სფეროზე ზემოქმედებაც. კვლევებმა დაადასტურა, რომ როდესაც პატარას ხელში არ იყვანენ, არ უნანავებენ, არ აქებენ, მისი აზროვნების პროცესები ფერხდება. უდავოა, ესა თუ ის ნიჭი ყველა პატარა ბავშვს აქვს - ისინი სიამოვნებით ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან... ასე რომ, 2-4 წლის ბავშვის ნიჭის აღმოჩენა სულაც არ არის რთული - საკმარისია, მის საქმიანობას დავაკვირდეთ, პატარა შევაქოთ და სტიმული არ მოვაკლოთ. 6 წლის შემდეგ კი სასურველია, ბავშვის ტალანტის განვითარება სპეციალურ სკოლებსა და წრეებში ხდებოდეს.
როგორ გამოვავლინოთ ბავშვის ნიჭი
- უწინარეს ყოვლისა, დაკვირვებით. წინასწარ ნუ დაგეგმავთ, ვინ უნდა გამოვიდეს თქვენი შვილი - ექიმი, პიანისტი თუ ესტრადის ვარსკვლავი. ერთია მშობლის სურვილი, მეორე - ბავშვის შესაძლებლობები, ამიტომ გირჩევთ, მოთმინება იქონიოთ და მშვიდად დააკვირდეთ პატარას, შეისწავლოთ, რას თამაშობს, რა გამოსდის ყველაზე უკეთ და რა არ იზიდავს მას.
- არ მოაკლოთ ქება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ 10 წლამდე ბავშვს ინტელექტუალური წარუმატებლობის გამო საერთოდ არ უნდა ვუსაყვედუროთ, - შეიძლება, უკმაყოფილება გამოვთქვათ მხოლოდ მისი საქციელის გამო (ტანსაცმელი მიყარ-მოყარა, სათამაშოები არ აალაგა, დავალება არ დაწერა...), - მაგრამ ქება უმნიშვნელო წარმატებების შემთხვევაშიც კი აუცილებელია. ეს ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს.
- ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ უყვართ და სჭირდებათ, აქტიურად ვითარდება, ემოციურად ჯანსაღი იზრდება.
- არც ერთი სათამაშო თუ შინაური ცხოველი არ არის ბავშვის განვითარების თვალსაზრისით ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. სრულიადაც არ არის აუცილებელი პარკში სეირნობა ან წიგნის კითხვა - თუ საამისოდ არ გცალიათ, შეგიძლიათ, უბრალოდ მაღაზიაში წაიყოლოთ ან სახლის დალაგებაში დაიხმაროთ.
- განუვითარეთ დამოუკიდებლობა. დღის რეჟიმს მეტისმეტად მკაცრად ნუ დაუგეგმავთ. ერიდეთ ჩარჩოებს. მუდმივი შეზღუდვა და დროის დეფიციტი ახშობს ფანტაზიას, წარმოსახვას. იყავით ყურადღებიანი, მაგრამ ამავე დროს მიანიჭეთ თავისუფლება.
- წაახალისეთ შემეცნებითი აქტივობა. როდესაც ბავშვს რაიმე დავალებას აძლევთ, ეცადეთ, ის არც მეტისმეტად რთული იყოს და არც მეტისმეტად მარტივი. წიგნების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ისინი განკუთვნილი. როცა სირთულე ასაკის შესაბამისია, ბავშვის შემეცნებითი აქტივობა სწორად ვითარდება.
- ხშირად ეთამაშეთ.
ხელოვნების როლი
ფსიქოლოგები ტყუილად როდი ურჩევენ ორსულებს სასიამოვნო მუსიკის მოსმენას. მუსიკით "მკურნალობა" პატარას დაბადების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. მუსიკის მოსმენისა და სიმღერის დროს ყალიბდება ბავშვის ფონეტიკური სმენა, რომელიც მხოლოდ მომავალ მუსიკოსებს როდი სჭირდებათ. ბავშვები, რომლებიც ეჩვევიან "სმენით" ინფორმაციის აღქმას, შემდგომში ადვილად სწავლობენ ენებს, წერენ კარნახს, იმახსოვრებენ მასწავლებლების ნათქვამს. გარდა ამისა, მუსიკის მოსმენისას ბავშვს ესთეტიკური გემოვნება უყალიბდება. იგივე შეიძლება ითქვას სახვითი ხელოვნების შესახებაც. თუ პატარას იტაცებს ხატვა, ძერწვა ან სხვა სფერო, აუცილებელია, ამ საქმიანობაში ხელი შევუწყოთ.