ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ზრუნვას პირველივე დღეებიდან უნდა შეუდგეთ
ახალშობილს შესწევს უნარი, ირგვლივ არსებულ საგნებს ხელი ჩასჭიდოს. ამ დროს ტვინი იღებს ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ. ამიტომ აუცილებელია, ბავშვს ხელები თავისუფალი ჰქონდეს. სასურველია, მე-3-4 კვირიდან მივაწოდოთ, საწოლთან ჩამოვუკიდოთ ფერადი სათამაშოები, რათა შეეჩვიოს ფერისა და ფორმის აღქმას. ყველაზე მეტად ბავშვის ყურადღებას თურმე ყვითელი ფერი იპყრობს. 2-3 კვირის ახალშობილი სასურველია დღეში რამდენჯერმე დავაწვინოთ მუცელზე, თავდაპირველად - ცოტა ხნით, მერე და მერე - უფრო მეტით. სწორედ ამ მდგომარეობაში იმაგრებს პატარა კუნთებს, კისერს, მუცელს, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მის გონებრივ განვითარებასაც. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: ბავშვს ხშირად უნდა ესმოდეს დედის ხმა. სასურველია, დედა გამუდმებით ელაპარაკოს, როცა აჭმევს, აბანავებს, აძინებს... მართალია, ბავშვს დედის სიტყვების შინაარსი არ ესმის, მაგრამ ძალიან კარგად არჩევს მის ინტონაციას, გრძნობს ემოციას. დედამ ხშირად უნდა გაუღიმოს პატარას. 3-4 კვირის ახალშობილს უკვე შეუძლია საპასუხო ღიმილი. თუ ამ პერიოდში ბავშვი ასეთ რეაქციებს არ ამჟღავნებს, მშობელს შეუძლია მიეხმაროს - თითით შეეხოს ტუჩებზე, ცხვირის წვერზე, ტუჩის კიდეებზე - ეს ერთგვარი წერტილოვნი კუნთოვანი მასაჟია, რომელიც ბავშვს გააღიმებს. დაახლოებით ოთხი თვის ასაკში პატარა სიხარულსა და სხვა დადებით ემოციებს უკვე აშკარად გამოხატავს, იღიმება, ხელ-ფეხს იქნევს, სიამოვნების გამომხატველ ბგერებსაც კი გამოსცემს, ოდნავ მოგვიანებით იცინის კიდეც. 3 თვის ბავშვი ხელის მტევანს ბოლომდე უნდა შლიდეს. ამ დეტალს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ეს გონებრივი განვითარების აუცილებელი ეტაპია. მას შემდეგ, რაც ყველა თითს ბოლომდე გაშლის, პატარა უკეთ იჭერს ხელში სათამაშოებს. თითების მოტორიკის განვითარება ხელს უწყობს ტვინის მნიშვნელოვანი ზონების სტიმულირებას, პირველ რიგში - მეტყველების ზონისას. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვი, რომელიც ადრე იჭერს კოვზს და იწყებს ჭამას, უფრო ადრეც იდგამს ენას. ამ ასაკის ბავშვს უკვე ისეთი ფორმისა და ზომის სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომლებსაც ადვილად მოჰკიდებს ხელს. სასურველია სათამაშოები სხვადასხვა ფერისა და ფორმის იყოს. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის ნაწილების შეცნობას, ხელების, ფეხების, თითების აღქმას. 6-12 თვის ბავშვს კიდევ უფრო მეტი ცოდნა მოეთხოვება. მან უკვე თავისუფლად უნდა ითამაშოს სათამაშოებით და შეეძლოს ორი თითით პატარა ნივთების აღება, ოღონდ ყურადღებით იყავით, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო, რომ არ გადაეყლაპოს. შეიძლება ვარჯიშიც პურის ნამცეცებით. 6 თვის ბავშვს ძალიან მოსწონს ბურთი, გამორჩეული ყურადღებით აკვირდება მას და ეპოტინება. თუ ბავშვი არავითარი სათამაშოსა თუ ნივთის მიმართ არ ამჟღავნებს ინტერესს და არავითარ რეაქციას არ გამოხატავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამავე ასაკში ბავშვმა უნდა იცოდეს სხვადასხვა საგნის დასახელება. როცა ვეკითხებით, სად არის საათი, მაგიდა, სათამაშო და ა.შ., ამ საგნებისკენ უნდა იშვერდეს ხელს ან იქით იყურებოდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვი საგნის ადგილმდებარეობას უფრო ადვილად იმახსოვრებს, ვიდრე თვით საგანს, ანუ თუ რომელიმე საგნის შესახებ ვკითხავთ, თვით საგანს კი ადგილს შევუცვლით, ის ისევ მისი ძველი ადგილსამყოფელისკენ გაიხედავს. 8-10 თვის ბავშვს შეგვიძლია ერთგვარი გონებრივი თამაშები შევთავაზოთ, მაგალითად, დავუმალოთ სათამაშო და საშუალება მივცეთ, მოძებნოს. ერთი წლის პატარამ 10-12 მოკლე სიტყვა უნდა იცოდეს, მათ შორის - “არ შეიძლება” (უნდა ესმოდეს მისი შინაარსი). როცა პატარას რაიმეს ვუკრძალავთ, ეს უნდა გამოვხატოთ ინტონაციით ან ქცევით - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიოთ ან თითი დავუქნიოთ. როცა ბავშვს რაიმეს ვუშლით ან სურვილს არ ვუსრულებთ, ყურადღება სათამაშოზე ან სხვა საგანზე უნდა გადავატანინოთ. წლამდე ასაკში ბავშვი ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. მისი გონებრივი განვითარება თავისთავად არ ხდება, ამაში მას მშობლები უნდა დაეხმარონ. ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის მოვლა და კვება ცოტაა. აუცილებელია მის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვაც.