დაბადებიდანვე ჭკვიანი
ქვემოთ მოყვანილი ფსიქოლოგთა და პედაგოგთა მითითებები შესაძლოა პატარას აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში დაგვეხმაროს. თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო ხშირად უწოდებენ აქსელერატებს - ისინი უფრო ადრე სხდებიან, იწყებენ ლაპარაკს, თვლას... ეს მოვლენა ამომწურავად ჯერჯერობით არ აუხნიათ, თუმცა ყველა მეცნიერს მიაჩნია, რომ აქსელერაცია მრავალი ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული ასაკიდანვე ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობისა და მისი მოვლის გაუმჯობესება, უკეთესი კვება, ინფორმაციის დიდი ნაკადი და ეკოლოგია.
-
რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ
ბავშვები სხვადასხვა სისწრაფით ვითარდებიან, ყოველ მათგანს "განვითარების ინდივიდუალური პროგრამა" აქვს, რომლის ათვისების შედეგად თავს იჩენს ახალ-ახალი უნარები, ყალიბდება ახალ-ახალი ჩვევები. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის განვითარების ტემპის აჩქარება თითქმის შეუძლებელია; სამაგიეროდ, ტემპი შეიძლება საგრძნობლად შენელდეს, თუ ბავშვს არ ექნება სათანადო პირობები ნორმალური განვითარებისთვის. ასეთი გავლენა შეიძლება მოახდინოს ცუდმა კვებამ, ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტმა, შემეცნებითი თამაშების არარსებობამ.
ბავშვის განვითარების შეფასება ჩვილ ასაკში ოთხი მიმართულებით შეიძლება:
- ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რამდენად მზადაა ბავშვი, ისწავლოს ღიმილი, ღუღუნი, ადამიანების ხმებსა და სახეებზე რეაგირება.
- ენა. ძალზე მნიშვნელოვანია რეცეფციული ენობრივი განვითარება - რამდენად კარგად ხვდება ბავშვი თქვენი სიტყვების შინაარსს. ჩვილისთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ექსპრესიული ენობრივი განვითარება, ანუ რამდენად კარგად ლაპარაკობს თვითონ ბავშვი.
- მსხვილი მოტორიკა. არსებითი მნიშვნელობა აქვს, სიცოცხლის რომელ თვეს დაიწყებს ბავშვი თავის დაჭერას, ჯდომას, ცოცვას, დგომას და სიარულს.
- წვრილი მოტორიკა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის მოძრაობათა კოორდინაციას, სწრაფვას, ხელი ჩაავლოს, მოიპოვოს რაღაც საგანი.
ძნელია, სიცოცხლის პირველი წლის დასრულებამდე შევაფასოთ ბავშვის ინტელექტუალური განვითარების დონე, ლოგიკური ამოცანების ამოხსნის უნარი და იუმორის გრძნობა, მაგრამ როცა მშობლები ჭეშმარიტად ისწრაფვიან ამისკენ, გარემო კეთილგანწყობილია და ბუნებრივი მონაცემებიც არსებობს, ბავშვს შეიძლება შესანიშნავი ბაზა შევუქმნათ ამა თუ იმ სფეროში ტალანტის განვითარებისთვის.
ჩვეულებრივ, ბავშვი თანაბარზომიერად არ ვითარდება, მაგრამ არსებობს სამი ძირითადი კანონზომიერება:
- განვითარება ხდება ზემოდან ქვემოთ - ბავშვი ჯერ თავს სწევს, მერე ზურგის დაჭერას სწავლობს, მერე ჯდება და ბოლოს ფეხზე დგება;
- განვითარება ხდება სხეულიდან კიდურებისკენ - ბავშვი ჯერ ხელს იმორჩილებს, მერე მტევნებს და ბოლოს თითებს;
- მოძრაობები ვითარდება მარტივიდან რთულისკენ.
-
რით დავეხმაროთ ბავშვს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პირველ წელს?
ზოგიერთ პედიატრს მიაჩნია, რომ ბავშვის მასისა და სიმაღლის ნორმები მალე გადაფასდება, მაგრამ ამ მაჩვენებლების კონტროლი უწინდებურად აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს მუდმივ მეთვალყურეობას უწევდეს პედიატრი. პირველ თვეს, როცა პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია მზერის დაფიქსირება, ძალზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა დრო დაუთმონ ვარჯიშს მზერის ფიქსირებისთვის, ეცადონ, მიიპყრონ ბავშვის ყურადღება. მაგალითად, მას შეიძლება ვუჩვენოთ ნახატები, რომლებზეც დიდი რგოლები ან ღიმილებია გამოსახული. მეორე თვეში და მერეც ძალიან მნიშვნელოვანია პატარასთან ურთიერთობა. სასარგებლოა ზურგის კუნთებისთვის, ვესტიბულური აპარატისთვის განკუთვნილი ვარჯიში და, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია ალერსიანი და ნაზი შეხება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიცოცხლის მესამე თვე, რადგან პაწაწინა სწორედ ამ პერიოდში იწყებს ინიციატივის გამოჩენას. უფროსებმა უნდა მოიწონონ ბავშვის აქტიურობა და სტიმული მისცენ მას. სიცოცხლის მეოთხე თვე აღმოჩენების პერიოდია. ამ ასაკისთვის ბავშვი აქტიურად იყენებს მოძრაობით და სამეტყველო ჩვევებს. სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამ დროს მასთან ურთიერთობას, მისი საპასუხო რეაქციების სტიმულირებას. მეხუთე თვეს ბავშვი ცდილობს წამოჯდომას, გადატრიალებას, ხელში იღებს სათამაშოებს, ინტერესდება საკუთარი ფეხებით - თუ ვერ მისწვდა, შეიძლება დავეხმაროთ. გარდა ამისა, უნდა მოვამზადოთ ისეთი ნივთები, რომლებიც პატარას ყურადღებას მიიპყრობს, მაგალითად, ფერადი წინდები პომპონებიანი თასმებით, და ბავშვს ამოვაცვათ. პატარას ფეხები უნდა წამოვაწევინოთ და ყურადღება ტერფებისკენ მივაპყრობინოთ, მერე კი დავეხმაროთ, მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხს მისწვდეს და პირიქით. ექვსი თვის ასაკისთვის ზოგიერთი ბავშვი უკვე ზის. ამავე პერიოდში იწყება კბილების ამოჭრა. ჩვევა, რომელიც ამ ასაკიდან უნდა აითვისოს ბავშვმა, არის ცოცვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, თუ ოთხზე დადგომის სურვილი აქვს და ჯდომისას წონასწორობის დაცვა უჭირს. მჯდომარე პატარას სათამაშო უნდა ვუჩვენოთ, მერე კი ის აქეთ-იქით ვამოძრაოთ, რომ ბავშვი წაეტანოს, ოღონდ თვალი უნდა ვადევნოთ, რომ არ დაეცეს.
მეშვიდე თვე. რა არ შეუძლია პატარას! ის უკვე ზის, დამოუკიდებლად თამაშობს, ცოცავს. ნივთები მხოლოდ მის მოძრაობათა დახვეწაში კი არ გვეხმარებიან, არამედ მეტყველების, სმენის, შეხების შეგრძნებისა და აზროვნების განვითარებასაც უწყობენ ხელს. ამ ასაკის ბავშვიც მშობლებისგან მხოლოდ მოფერებასა და ალერსიან სიტყვებს კი არ ელოდება, არამედ აქტიური თამაშიც სურს. რვა თვის ბავშვი ნამდვილი მკვლევარია. ბევრს ამ ასაკში ჭოჭინით გადაადგილებაც შეუძლია. პატარას აქტიური და თავისუფალი "მოგზაურობის" საშუალება უნდა მივცეთ. სასურველია, გზაზე მას დახვდეს რბილი სათამაშოები ან ლამაზი ყუთები, რომლებშიც სათამაშოები აწყვია. მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია რეგულარული თამაში. ცხრა თვის ბავშვი სხვა ადამიანების ქცევის მიბაძვას იწყებს. ამ დროს აუცილებელია, მოვუწონოთ ეს, დავანახოთ ჩვენი კმაყოფილება. გარდა ამისა, ბავშვი აქტიურად ინტერესდება ნახატებიანი წიგნებით, ფურცლავს მათ, იკვლევს დეტალებს. სტიმული აქაც აუცილებელია. ყველაზე მეტ ინტერესს ამ ასაკში ის საგნები იწვევს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, საყვარელი თამაში კი ქვაბებზე კოვზებით "დაკვრაა". მეათე თვეს თან სდევს მეტყველების თვისობრივი ცვლილებები, მოძრაობითი აქტივობის ზრდა. პატარა უფრო ხშირად ასრულებს ზუსტ მოძრაობებს, მოძრაობს საყრდენის დახმარებით, ცდილობს პირველი ნაბიჯების გადადგმას. ბავშვთან თამაშის დროს აუცილებლად უნდა მოვიგონოთ სხვადასხვა სიურპრიზი, რათა პატარას კვლევითი და სააზროვნო აქტივობა წავახალისოთ. მაგალითად, შეიძლება, თავდახურულ ქილაში რაიმე ნივთი ჩავაგდოთ. ჩხარუნს რომ გაიგონებს, ბავშვი თავსახურს ახდის და ნივთს იპოვის. შეიძლება აგრეთვე, კოლოფში ჩავდოთ ფერადი ლენტი ისე, რომ ბოლო ოდნავ უჩანდეს. ბავშვი აუცილებლად გახსნის კოლოფს. რასაკვირველია, ასეთი თამაშების დროს ბავშვის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. უნდა დავიწყოთ მეტყველების სტიმულირებაც, ყველა სიტყვა სწორად და გამართულად უნდა წარმოვთქვათ. თერთმეტი თვის ასაკისთვის ბავშვების დიდი ნაწილი დგას და უფროსების დახმარებით პირველ ნაბიჯებსაც დგამს. მათთვის უკვე მნიშვნელოვანია არა მარტო ქმედებები, არამედ მათი შედეგებიც. პატარას უკვე შეუძლია თანაუგრძნოს ახლობლებს და ძალიან კარგად იმახსოვრებს საგნების მდებარეობას. უნდა განვაგრძოთ პატარას წახალისება აღმოჩენებისკენ, გავაცნოთ საგნების თვისებები, რაშიც დაგვეხმარება წყალი, ცომი, საღებავები... ერთი წლის ბავშვი დამოუკიდებლად დადის, მის ლექსიკონში ათამდე სიტყვაა. უჩნდება საყვარელი სათამაშოც. ერთი წლის ბავშვი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
მიაქციეთ ყურადღება, რომ...
დაჩქარებული ფიზიკური განვითარებისას ბავშვის გონებრივი და ფსიქოემოციური განვითარება ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება; ბიოლოგიური ასაკი წინ უსწრებს ფსიქოლოგიურს. როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი დისბალანსი? პირველ რიგში, პატარასთან ურთიერთობისას უნდა ვიზრუნოთ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაზე. ბავშვის აღზრდისას უნდა გვახსოვდეს, რომ განურჩევლად განვითარების ტემპისა, ცხოვრების პირველ წელს ის ძალიან ბევრ რამეს ისწავლის. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება პატარასთან ურთიერთობისას. ჩაეხუტეთ მას, ხშირად შეაქეთ. მზრუნველობა, სიყვარული და გაგება ბავშვის ნორმალური განვითარების საწინდარია, განურჩევლად იმისა, რა ასაკში დაჯდა ან აიდგა მან ფეხი. თქვენი ყურადღება საიმედო ფარია, რომელიც ბავშვს სხვადასხვა არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებისგან დაიცავს. დასასრულ კი ყველა დედას უნდა შევახსენოთ: ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური განვითარებისთვის ზრუნვისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს მორალური და სულიერი მხარე.
ფაქტები მოწმობს, რომ:
დედის ნამღერი იავნანა არა მარტო ამშვიდებს და აძინებს პატარას, არამედ აჩქარებს მის გონებრივ განვითარებას. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებს, რომ იავნანა ლაქტაციას აუმჯობესებს. დადგენილია, რომ ტვინის ზრდისა და განვითარების სიჩქარე მაქსიმალურია დაბადებიდან 2,5 წლამდე. შემდეგ, 6 წლამდე, ტემპი ოდნავ ნელდება, თუმცა ის მაინც მაღალია. 6 წლის შემდეგ ტვინის ზრდა-განვითარება ნელა მიმდინარეობს. მიუხედავად მშობლების ენისა, მთელი მსოფლიოს პატარები პირველად ერთნაირ მარცვლებს წარმოთქვამენ: "მა", "ბა", "ამ", "ტა". ბავშვთა სტომატოლოგებმა შეისწავლეს ძუძუთი კვების გავლენა ჩვილის პირის ღრუს ფორმირებაზე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძუძუთი კვება ხელს უწყობს ყბებისა და კბილების სწორად ფორმირებას. დამტკიცებულია, რომ ძუძუს წოვისას ყბების მოძრაობა ხელს უშლის თანკბილვის დარღვევათა აღმოცენებას.