სასიცოცხლო კავშირი
ადვილად აღსაზრდელი ბავშვი
“ბავშვის აღზრდა უფრო და უფრო რთულდება”, - ხშირად მოჰკრავთ ყურს ამ არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებას. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ აღზრდიდან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაიკარგა. მშობლები ათასწლეულების განმავლობაში ზრდიდნენ შვილებს, თუმცა დღევანდელივით რთული ეს არასოდეს ყოფილა. ჩვენ იმაზე მეტ სირთულეს ვაწყდებით ჩვენი შვილების აღზრდისას, ვიდრე ჩვენი მშობლები - ჩვენი და მათი მშობლები - მათი აღზრდის პროცესში. ამავე დროს, არასოდეს ყოფილა ხელმისაწვდომი იმდენი ლიტერატურა აღზრდის შესახებ, რამდენიც ახლაა, არ ყოფილა ამდენი ექსპერტი და ფსიქოლოგი, არავის მოუცია ასე ხშირად რჩევები და... არასოდეს ჰყოლიათ ოჯახში ასე ცოტა ბავშვი. რასაკვირველია რაღაც დაკარგულია, გამოტოვებული. მოდი, ვცადოთ იმის გარკვევა, რა არის ეს “რაღაც”. თავდაპირველად ვიკითხოთ: რატომ არის ასეთი რთული ბავშვის აღზრდა თანამედროვე პირობებში? ოღონდ ეს შეკითხვა “მეორე მხრიდან” ჩამოვაყალიბოთ, რადგან ხშირად კითხვაზე პასუხის გაცემა იოლდება, თუ მას სხვაგვარად ჩამოვაყალიბებთ. კერძოდ, ასე: როდის ხდება ადვილი ბავშვის აღზრდა? როგორი ბავშვის აღზრდაა ადვილი?
ძირითადი ნიშნები
მაინც როგორი ბავშვის აღზრდაა ადვილი? ბავშვისა, რომელიც გვიჯერებს. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვის აღზრდა უფრო ადვილია, ვიდრე იმისა, რომელსაც მშობლის ნათქვამი არ ესმის. კიდევ როგორისა? ისეთისა, რომელიც:
- ყურად იღებს ჩვენს რჩევას იმის თაობაზე, რა აკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორი რეაქცია ჰქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე, რა ჩაიცვას;
- გვენდობა და უფრო მეტიც, თავის თავს გვანდობს;
- იღებს ჩვენს წამყვან როლს, გვიცქერის ქვემოდან ზემოთ - როლების ასეთი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვის აღზრდას წარმატებით გავართვათ თავი;
- ეძებს ჩვენს დახმარებასა და მხარდაჭერას;
- მოსწონს ჩვენთან ერთად ყოფნა (ძალიან ძნელია ისეთი ბავშვის აღზრდა, რომელსაც არ უყვარს დროის გატარება მშობლებთან);
- თავს ჩვენთან ერთად უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს, მისი სახლი მისთვის საიმედო ადგილია, სადაც შეიძლება ყოველგვარ საფრთხეს დაემალო;
- ჩვენ გვბაძავს, იზიარებს ჩვენს ფასეულობათა სისტემას;
- მოვწონვართ და სურს, მოგვწონდეს, შეესაბამებოდეს ჩვენს მოლოდინს;
- დაბოლოს, არაფერს გვიმალავს, და თუ აქვს კიდეც რაიმე ჩვენგან დაფარული, ისეთი არაფერი, რაც ბარიერს შექმნის.
რასაკვირველია, ჩამოთვლილი თვისებები მიახლოებითია, მაგრამ რაც მეტი ასეთი თვისება აღმოაჩნდება ჩვენს შვილს, მით უფრო ადვილი იქნება მისი აღზრდა და პირიქით, რაც უფრო შორს იდგება პატარა აღწერილისგან, მით უფრო გართულდება აღზრდის პროცესი.
როგორ ჩნდებიან “ადვილად აღსაზრდელი” ბავშვები
იქნებ ზოგიერთი ბავშვი ჩამოთვლილი თვისებებით შემკული იბადება? ასე რომ იყოს, ეს თვისებები მუდმივი და უცვლელი იქნებოდა. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა - ბავშვი ერთი მშობლისთვის შესაძლოა “ადვილი” აღსაზრდელი იყოს, ხოლო მეორისთვის - რთული, ერთ ბებიასთან კარგად იქცეოდეს, მეორესთან - მხეცივით. ასე რომ, რაც ჩამოვთვალეთ, პიროვნული თვისებები, გენეტიკის შედეგი არ არის. იქნებ ეს ქცევის თავისებურებებია, რომლებიც პატარამ შეიძლება თანდათან აითვისოს? მაგრამ შეიძლება კი დამჯერობის, ყურადღებიანობის, მზრუნველობის სწავლა? არ დაგიმალავთ - არა. შეუძლებელია, პატარა ბავშვმა ისწავლოს, დამჯერი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყოს, მაგრამ თუ მას ეს თვისებები აქვს, შეიძლება ბევრი სხვა რამ ვასწავლოთ. ასეთი ბავშვები ადვილად სწავლობენ. როგორ არის საქმე მშობელთა უნარებისა და ჩვევების მხრივ? მშობლებისთვის შექმნილი ლიტერატურის 95% გვასწავლის, რომ მშობლის წარმატება ისაა, რას და როგორ აკეთებს და გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ - როგორ ველაპარაკოთ ბავშვს, როგორ შევაჩვიოთ დისციპლინას, როგორ დავსაჯოთ და როგორ ვაიძულოთ კარგად სწავლა. თუ მშობლობა ჩვევაა, რომელიც უნდა ავითვისოთ, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ შეიძლება გვყავდეს ოთხი შვილი, რომელთაგან სამი ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით (ან მათი უმრავლესობით) იქნება შემკული და მათი აღზრდაც სასიამოვნო და იოლი მოგვეჩვენება, ხოლო მეოთხე კოშმარად გვექცევა? ერთი და იგივე მშობელი, აღზრდის ერთი და იგივე მეთოდები და განსხვავებული ბავშვები... იქნებ საიდუმლო ის არის, რომ მშობელს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს? ეს ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრია, რომლის თანახმადაც, რაც უფრო მეტად ექნება მშობელს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, მით მეტი დადებითი თვისება ექნება შვილს. სინამდვილეში მშობელს შეიძლება ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ შვილი მაინც უმართავი იყოს. გამოდის, მშობლის სიყვარულიღა გვრჩება. იქნებ ადვილად აღსაზრდელები ის ბავშვები ხდებიან, რომელთაც დედის ალერსი და სიყვარული არ აკლიათ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა! ძალიან მოყვარულ დედ-მამასაც კი შეიძლება ჰყავდეს შვილები, რომლებიც იკბინებიან, იკაწრებიან, სახლიდან გარბიან და მშობლებს ეურჩებიან. ასე რომ, მშობლების ხშირი ალერსი არ არის ბავშვის ადვილად აღზრდის პირობა, თუმცა ეს ერთ-ერთი სწორი მიდგომაა, რადგან თუ ბავშვი არ არის “ადვილად აღსაზრდელი”, ამ თვისების კომპენსირებისთვის აუცილებელია ბევრი, ძალიან ბევრი სიყვარული. ასეთი ბავშვების აღზრდა, მათი სიყვარული ძნელია. მაინც რა არის იოლი აღზრდის საიდუმლო? თუ ეს არც გენებია და არც სწავლის შედეგი, არ არის დაკავშირებული მშობლების უნარებსა და ჩვევებთან, მათ პასუხისმგებლობასთან, ბავშვების სიყვარულთან, მაშ, რაღაა? იოლი აღზრდის საიდუმლო ბავშვებისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაში იმალება. როცა ეს დამოკიდებულება სწორია, ბავშვი სულ უფრო მეტად გამოავლენს “ადვილად აღსაზრდელის” თვისებებს. ეს, თავის მხრივ, დადებით კონტექსტს ქმნის აღზრდისა და ზრდისთვის და მშობლებს საშუალებას აძლევს, წარმატებით გაართვან თავი თავიანთ ამოცანას. ასეთ დამოკიდებულებას ნიუფელდი “მიჯაჭვულობას” უწოდებს. მარტივად თუ ვიტყვით, ადვილი მშობლობის საიდუმლო არა სიყვარული, არამედ ბავშვის მშობლებზე მიჯაჭვულობაა.