როგორ დავიმორჩილოთ ბავშვი
ხშირად მიმართვაზე არც კი რეაგირებს. არ მინდა, სიმკაცრე გამოვიჩინო და დავსაჯო, მაგრამ არც ის ვიცი, როგორ დავიმორჩილო.
რატომ არ ასრულებს ბავშვი თქვენს თხოვნას? რატომ არ რეაგირებს მითითებაზე? თქვენ სთხოვთ, მიალაგოს თავისი კუთხე, მოშორდეს კომპუტერს და იმეცადინოს, ის კი, ვითომც არაფერიო, საქმიანობას განაგრძობს.
დამშვიდდით, ასე ნუ განიცდით. ამ პრობლემას მშობელთა უმრავლესობა ეჯახება. მთავარია გავიგოთ, რას ვაკეთებთ სწორად და როგორ უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი. ყველაზე მარტივი გზაა, იმოქმედოთ პრინციპით "ვერ გაიგონე - ვერ მიიღებ!" მაგალითად, ბიჭუნას პროდუქტების საყიდლად წასვლა სთხოვეთ, მან კი ყურიც არ გათხოვათ; დილით კითხვაზე: "სად არის საუზმე?" - უპასუხეთ: "შენი საუზმე მაღაზიაში დარჩა".
გამოხატეთ მოთხოვნა მოკლედ და გასაგებად. ეგებ ბავშვს იმიტომ არ ესმის თქვენი, რომ თქვენს ვრცელ მონოლოგებს მიეჩვია? მოკლე "ადექი დივნიდან!" - ბავშვს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო ირიბი "ხომ არ შეგიძლია, დივნიდან წამოდგე?" - აძლევს საშუალებას გაიაზროს, შეუძლია თუ არა ამის გაკეთება.
მიეცით მაგალითი. ბავშვის გაუგონრობის მიზეზი შესაძლოა იყოს ჩვენი, მშობლების უუნარობა, მოვუსმინოთ სხვას. ისწავლეთ ბავშვის ბოლომდე მოსმენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასეთ მომხდარი.
მშობლები ხშირად ჩივიან, რომ შვილები მათ ნათქვამზე ყურსაც არ იბერტყავენ. რა არის ეს? არაფრად ჩაგდება? აბუჩად აგდება? არა. უბრალოდ, ბავშვი ისეა გატაცებული იმით, რასაც იმწუთას აკეთებს, რომ საერთოდ არ ესმის ჩვენი. არჩევითი სმენა - ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ, უფროსებიც, ვრთავთ მას, როცა რაიმე საინტერესოს ვკითხულობთ ან ვუსმენთ, ანდა რამეზე ვფიქრობთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, რომ თქვენი სიტყვები ქარს არ გაჰყვეს. ამისთვის მისდიეთ შემდეგ რჩევებს:
1) ნუ წამოიწყებთ საუბარს, თუ არ აპირებთ ბავშვთან დიალოგში ჩაბმას და მხოლოდ უსიამოვნო განწყობისგან განმუხტვა გსურთ. ნურც საყვედურებითა და შენიშვნებით დაიწყებთ სათქმელს - ბავშვი პირველი სიტყვების გაგონებისთანავე თავის თავში ჩაიკეტება.
2) მიეცით მოსმენის მაგალითი. აჩვენეთ ბავშვს, რა ყურადღებით უსმენთ მეუღლეს, მეგობრებს, თავად მას.
3) ისაუბრეთ პატივისცემით. ბავშვები თითქმის ყოველთვის "თიშავენ" ყურადღებას, როცა მათ ბრძანების ან საყვედურის კილოთი ესაუბრებიან.
4) ლაპარაკის დაწყებამდე შეამოწმეთ, გიყურებთ თუ არა ბავშვი და აღიქვამს თუ არა თქვენს სიტყვებს. სთხოვეთ, გაიმეოროს მოსმენილი, რათა დარწმუნდეთ, რომ მან ყველაფერი სწორად გაიგო.
5) განამტკიცეთ თქვენი თხოვნა მოქმედებით - ჩაჰკიდეთ ბავშვს ხელი და მიიყვანეთ იმ ადგილთან, სადაც მან თქვენ მიერ მითითებული მოქმედება უნდა შეასრულოს.
6) ჩვენ, მშობლები, ხშირად ჩვენ თვითონ ვუწევთ პროვოცირებას ბავშვების "გამოთიშვას", როცა განუწყვეტლივ რაიმეზე მივუთითებთ, ვუბიძგებთ და ვაიძულებთ. ამით ადამიანი შეიძლება კომპიუტერსაც შევადაროთ: თუ მას ერთდროულად მისცემთ იმდენ დავალებას, რამდენის შესრულებაც მის შესაძლებლობებს აღემატება, ის, რა თქმა უნდა, გაითიშება.
7) დაყავით დავალება პატარ-პატარა ნაწილებად და მიეცით ბავშვს თითოეული მათგანის შესასრულებლად საჭირო დრო მომდევნო დავალების მიცემამდე.
8) სერიოზული საუბრისთვის შეარჩიეთ შესაფერისი დრო და ადგილი; ნაცვლად იმისა, რომ შეარცხვინოთ ან დასაჯოთ, მიეცით საშუალება, გამოასწოროს შეცდომა, მაგალითად, გაწმინდოს ჭუჭყიანი ფეხსაცმლის ნაკვალევი.
9) ნუ დაიწყებთ ფრაზას სამი "ამკრძალავი" სიტყვით: "თუ", "შენ" და "რატომ". "თუ" აღიქმება როგორც მუქარა, საფრთხე, "შენ" - როგორც სიგნალი მასზე ზეწოლისა, ხოლო "რატომ" მოითხოვს საქციელის ახსნას.
10) ნურასოდეს მიმართავთ ცრუ მუქარასა და დაპირებას; ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს: თუ მას რაიმეს შეჰპირდით, აუცილებლად შეუსრულებთ.
პირადი გამოცდილება
"როცა ჩვენს ოჯახში გაუგონრობის პრობლემა ძალიან მწვავედ დადგა, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვეწყო "სიჩუმის დღეები". ასეთ დღეებში არ ვრთავდით არც ტელევიზორს, არც მაგნიტოფონს, ერთმანეთსაც მხოლოდ მოკლე ფრაზებით ვესაუბრებოდით. თუ ასე მოიქცევით, შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი მაშინვე ყურადღებით მოეკიდება თქვენს თხოვნას ". ელენე, 29 წლის