ფულთან დაკავშირებული პრობლემები
განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვისთვის ფულის მნიშვნელობა უცნობი და გაუგებარია. ის, რომ ფული ცხოვრებისთვის საჭირო რამ არის, ბავშვმა მშობლებისგან უნდა გაიგოს, რათა მისდამი სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ამისთვის კი საჭიროა, თვით მშობლებს ჰქონდეთ ფულისადმი სწორი მიდგომა.
დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ბავშვები შემდგომში სწორედ ისე ეპყრობიან ფულს, როგორც მათ ოჯახებში იყო მიღებული.
-
სასურველია, ბავშვს არ ჩავუნერგოთ ფულის ყოვლისშემძლეობის რწმენა, რათა გამუდმებით მასზე ფიქრს არ შეეჩვიოს.
ზოგჯერ ბავშვს ფულისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება უჩნდება, ვიდრე მის მშობლებს ჰქონდათ. ყოველგვარი გაუგებრობისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად მშობელმა 5-6 წლის ასაკში უნდა აუხსნას ბავშვს, რა არის ფული, რისთვის გამოიყენება ის, როგორ უნდა მოიპოვო და დახარჯო.
ბავშვს ფულის დამოუკიდებლად დახარჯვის სურვილი უმეტესად 6-7 წლის ასაკში უჩნდება. თუ მას შეუძლია მაღაზიაში დამოუკიდებლად წასვლა, რამის შეძენა, საჭირო თანხის გადახდა, ხურდის დათვლა და შეცდომები თითქმის არ მოსდის, მას შეგვიძლია ნდობა გამოვუცხადოთ. თუ ბავშვი დაძაბულია, ღელავს და შეცდომებს უშვებს, ეცადეთ, თანდათანობით შეაჩვიოთ ამ ყველაფერს.
მშობლები შვილებს კარგი სწავლისთვის, მაღალი ნიშნებისთვის, საოჯახო საქმეების შესრულებისთვის ფულით აჯილდოებენ. ნუ იზამთ ამას, რადგან ბავშვი ასეთ დროს ორიენტირებულია ანაზღაურებაზე და არა იმ სიამოვნებაზე, რომელიც ამა თუ იმ დავალების კარგად შესრულებამ უნდა მიანიჭოს.
ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ სწავლა მისთვის, მისი მომავლისთვის არის საჭირო, საოჯახო საქმიანობა კი ყველასთვის სასარგებლოა. ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობას გაუღვივებს და სხვისი შრომის დაფასებასაც ასწავლის. არსებობს ოჯახები, სადაც ბავშვებს ყველა სურვილს უსრულებენ. ასეთმა ბავშვმა ფულის ფასი არ იცის, ის ვერასოდეს დააფასებს სხვის შრომას და სირთულეებისთვის არასოდეს იქნება მზად.
არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა მშობლები გაუთავებლად წუწუნებენ უფულობის გამო. ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს შიში, დაითრგუნოს, თავი დაჩაგრულად იგრძნოს, აგრესია გაუჩნდეს მატერიალურად უზრუნველყოფილი თანატოლების მიმართ.
განსაკუთრებით ემოციურად ეპყრობიან ფულის პრობლემას მარტოხელა დედები. ისინი ცდილობენ, შვილს არაფერი მოაკლონ, რომ “უმამადო გაზრდილი არ დაეჩაგროთ”. შესაძლოა, ამაში ცუდი არაფერი იყოს, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს: ბავშვი ეჩვევა, რომ მისი სურვილები ყოველთვის მთავარია და ეგოისტად ყალიბდება. ზოგჯერ ვერც კი ხვდება, რომ დედასაც შეიძლება უნდოდეს გასართობად წასვლა, ახალი ნივთის შეძენა... ამიტომ ყველა მშობელს ზომიერება მოეთხოვება. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი შვილების ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის, მათი მომავლისთვის არის აუცილებელი.
ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორია ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, იცოდეს, რომ პრობლემები მთელმა ოჯახმა ერთად უნდა დაძლიოს, რომ ოჯახის ყველა წევრის ინტერესები თანაბრად მნიშვნელოვანია. მთავარი არ არის, რამდენი ფული აქვს ოჯახს; მთავარია, როგორ ცხოვრების წესს მისდევს და რა მიაჩნია ბედნიერებად.