ამოცანები ჩვენს ირგვლივ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ამოცანები ჩვენს ირგვლივ

ამოცანები ჩვენს ირგვლივ

ყველა ვაღიარებთ, რომ ბავშვის განვითარებისთვის ბევრი რამაა საჭირო, თუმცა აზრად არ მოგვდის, რომ პატარას გონების სავარჯიშოდ აუცილებელი მრავალი საგანი ჩვენ ირგვლივაა; მხოლოდ მათი შემჩნევა და ცოტაოდენი წარმოსახვის უნარია საჭირო.


თვალსაწიერი
სამყარო უსაზღვროა, მის შესახებ ცოდნა ამოუწურავია, თუმცა თავდაპირველად აუცილებელია, გარკვეული სფეროთი შემოვიფარგლოთ. მართლაც, ნებისმიერი პედაგოგიური პროგრამა ემყარება ცოდნის განსაზღვრულ არეალს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს, თუ მან ზუსტად არ იცის, რა უნდა იცოდეს, რა მოეთხოვება. ბავშვი იზრდება, მისი თვალსაწიერიც ფართოვდება, თუმცა ეს ცოდნის მხოლოდ ის არეალია, რაც მისი

ასაკისთვის არის შესაფერისი და მისაწვდომი.

თუ მოვახერხებთ, შვილის ცოდნის არეალი ასაკის შესატყვისად ფართოვდებოდეს, შედეგად კარგ განათლებას მივიღებთ. მაინც რა არის ყველაზე ახლოს პატარა ადამიანის გონებისთვის, რას უნდა ვაზიაროთ ის? რასაკვირველია, ბავშვის უშუალო გარემო საკუთარი ოჯახი, ბინაა. სწორედ ამ გარემოდან შეიძლება დავიწყოთ ბავშვის განათლება. ამ პრინციპს ემხრობოდნენ

პედაგოგიკის ის სპეციალისტები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ სკოლამდელი ბავშვის სწავლა უნდა ემყარებოდეს არა აბსტრაქციებს, არამედ გარე სამყაროს აღქმას. პატარა ბავშ­ვებს ჰკი­თხეს: რატომ აქრობს წყალი ცეცხლს? უმრავლესობა დაიბნა, ერთ-ერთმა კი უპასუხა: იმიტომ, რომ ცივი და სველია. ცივი და სველი ნავთიც არის, მაგრამ ის ცეცხლს არ აქრობს! აი მარტივი მაგალითი იმისა, რა ცოტა რამ ვიცით იმის შესახებაც კი, რასაც ყოველდღე ვიყენებთ. ასე თუ მივუდგებით, ჩვენს ოთახში არსებული ყველა ნივთი გამოცანაა. როგორ გააკეთეს, რისთვისაა საჭირო, დიდი ხანია გამოიგონეს?.. მაგიდაზე დანა-ჩანგალი აწყვია. ისინი და-ძმასავით მუდამ ერთად არიან, თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დანა, სულ ცოტა, ორმოცდაათი ათასი წლით უფროსია. ის ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს ჰქონდათ (თუმცაღა მათი დანა ქვისა იყო და არა ფოლადის), ჩანგალი კი სულ სამასი წლისაა. ვიცით, ვინ და როდის გამოიგონა ტელეფონი და ნათურა, თუმცა პასუხი კითხვებზე, როდის გამოიგონეს სარკე, როდიდან იყენებენ ცხვირსახოცს, როდის დაიწყეს ხელების საპნით ბანა ან როდიდან მივირთმევთ კარტოფილს, ნამდვილად არ არის იოლი. სუნთქვაშეკრულები, გატაცებით ვკითხულობთ წიგნებს შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ და აზრადაც არ მოგვდის, რომ თავადაც საოცარ უცნობ სამყაროში - ჩვენს ბინაში ვართ. ამ სამყაროში მოგზაურობა, როცა გვინდა, მაშინ შეიძლება დავიწყოთ. სულაც არ გვჭირდება ავტობუსი თუ მანქანა, ბენზინი თუ ბილეთი, კარავი თუ სასტუმრო. არც რუკა და კომპასი გვინდა - არსად დავიკარგებით.


პირველი გაჩერება - ონკანი
რატომ ვიბანთ წყლით, რატომ გვაცილებს ის ჭუჭყს? იქნებ მას უბრალოდ მიაქვს ჭუჭყი - ისევე, როგორც ნაფოტი? მოდი, შეამოწმეთ ეს ვერსია - დაიჭირეთ ჭუ­ჭყიანი ხელები წყლის ქვეშ და დააკვირდით, რა მოუვა მათ. არც არაფერი. ამიტომაც ასე არავინ იბანს ხელებს. ხელებს დაბანისას აუცილებლად ერთმანეთს ვუსვამთ. რისთვის? იმისთვის, რომ ჭუჭყი მოვიცილოთ. იგივე ხდება სარეცხის რეცხვისას - მას უნდა ჩამოვრეცხოთ ჭუჭყი, დაახლოებით ისე, როგორც საშლელით ვშლით ნაწერს. ჩამორეცხილ ჭუჭყს კი წყალი წაიღებს. ჰო, მართლა, ერთი აუცილებელი რამ დაგვავიწყდა - საპონი. მის გარეშე ხომ გარეცხვა წარმოუდგენელია. თუ საპნის გარეშე მოვინდომეთ რეცხვა და ბანა, ჭუჭყიანები ვივლით. ჭუჭყის უმთავრესი მტერი სწორედ საპონია. მაგალითად, ნახშირით დასვრილი ხელების უსაპნოდ დაბანა წარმოუდგენელია - მისი უმცირესი ნაწილაკები კანის ნაოჭებში ხვდება და უსაპნოდ ვერ მოვიცილებთ. საკმარისია კარგად ავაქაფოთ საპონი და წყლის ჭავლი ჭუჭყს უცებ მოაცილებს. როგორ აცილებს საპონი ჭუჭყს? მოდი, დავფიქრდეთ. ჭუჭყის მოცილებამდე საპონი კარგად ქაფდება. ესე იგი ჭუჭყის მოცილებისას წამყვანი ქაფია. რა არის ქაფი? კარგად დაათვალიერეთ ის. ქაფი პატარა ბუშტუკებისაგან შედგება, უამრავი საოცარი საპნის ბუშტუკი ერთადაა შეკრებილი. ალბათ ამ ბუშტუკებს მიაქვთ ჭუჭყი. ესე იგი საპნის ბუშტი არა მარტო გასართობი, არამედ ძალიან საჭირო რამ ყოფილა. რატომ ვსვამთ წყალს? ისევ საკმაოდ მარტივი შეკითხვა. იმდენად მარტივი, რომ თითქოს ასეთი შეკითხვაც არ არის საჭირო, თუმცა მასზე პასუხი მხოლოდ ზოგიერთმა იცის. ბევრი ასე პასუხობს: იმიტომ, რომ გვწყურია. რატომ? იმიტომ, რომ წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ჩვენ კი წყალს გამუდმებით ვხარჯავთ და მისი დანაკარგის შევსება გვჭირდება. როგორ გამოვყოფთ წყალს? მარტივი ცდა დაგვეხმარება ამის გაგებაში. აიღეთ პატარა სარკე და ცხვირთან მიიტანეთ. მალე მასზე ნამის წვეთები გაჩნდება. საიდან გაჩნდა წყალი? ის ჩვენი ფილტვებიდან ამოვიდა ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად. ასევე იკარგება წყალი ოფლიანობისას. დანაკარგის შევსება კი აუცილებელია. შევსება შეიძლება წყლითა და საკვებით. ნუთუ წყალი იჭმება? - შეიძლება იკითხოს გაოცებულმა ბავშვმა. არსებობს მყარი საკვები, რომლის დიდი ნაწილიც წყალია. მაგალითად, საზამთრო, კიტრი. წყალს შეიცავს ხორცი და პურიც. სხვათა შორის, ჩვენი ორგანიზმიც მდიდარია წყლით. მაშ, რატომ არ “ვიღვრებით”? საქმე ის არის, რომ მნიშვნელოვანია, არა რისგან, არამედ როგორაა აგებული ორგანიზმი. პასუხად შეიძლება ბავშვს მოვუყვეთ, რომ მიკროსკოპის ქვეშ ხორცის ან კიტრის დათვალიერებისას დავინახავთ უამრავ უჯრედს. თითოეული მათგანი სითხითაა სავსე. სითხე არ იღვრება, რადგანაც უჯრედს გარსი აქვს. ასეთივეა ჩვენი სხეულიც. აი, ასეთი საინტერესოა ადამიანის ორგანიზმი. ესე იგი, დავადგინეთ, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რატომ არ შეუძლია ადამიანს წყლის გარეშე არსებობა მაშინ, როცა საკვების დეფიციტს გარკვეული დროის განმავლობაში უმტკივნეულოდ იტანს. შეუძლია თუ არა წყალს სახლის აფეთქება? თქვენ გგონიათ, არა? თუ სათანადოდ არ მოვეპყარით, ეს უწყინარი და ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სითხე დენთზე საშიში ხდება. იყო შემთხვევა, როცა წყალმა ხუთსართულიანი სახლის ტოლი შენობა ააფეთქა და ხალხიც კი იმსხვერპლა. ამ შენობაში ფაბრიკა იყო, წყალი კი ვეება ქვაბში ესხა. გაცხელებისას წყალი დუღდა და ორთქლი ორთქლის მანქანას ამუშავებდა. ერთხელ მემანქანეს დაავიწყდა ორთქლის ქვაბის შევსება, ქვაბი კი კვლავ ცხელდებოდა, მისი კედლები მეტისმეტად გადახურდა. მემანქანეს გაახსენდა, რომ წყლის დამატება იყო საჭირო და წყალი გავარვარებულ ქვაბში ჩაასხა. გავარვარებულ რკინაზე დასხმული წყალი უეცრად გარდაიქმნება ორთქლად. ასეც მოხდა. დაგროვდა დიდი რაოდენობით ორთქლი, რასაც ქვაბმა ვერ გაუძლო და გასკდა! ასეთი საშიშია ორთქლად ქცეული წყალი. არც გაყინული წყალია მთლად უწყინარი. მან შეიძლება მთები დაშალოს. შემოდგომაზე მთის ნაპრალებში წყალი ხვდება. ზამთარში ის იყინება. ყინული კი უფრო მეტ ადგილს იკავებს, მართალია, ცოტათი, მაგრამ მაინც მეტს. ყინულის ზეწოლას კი ყველაზე მაგარი ქვის გახეთქვაც შეუძლია. იმავე მიზეზით ზიანდება მილები ყინვისას. ასე რომ არ მოხდეს, მილებს სპეციალურად ფუთავენ. სანთელს თუ წყალში ჩავდებთ, ჩაქრება. რატომ? იმიტომ, რომ წვისთვის ჟანგბადია საჭირო და არა წყალი. ამიტომაც აქრობს წყალი სანთელს - ის ჟანგბადთან შეხების საშუალებას არ აძლევს აალებულ ზედაპირს. ცეცხლი ასევე ჩაქრება, თუ აალებულ ზედაპირს ქვიშას დავაყრით.

ქიმია და ბიოლოგია ჩვენ გარშემო
აბა, გამოიცანით - ღუმელი თბება, ცეცხლი კი არ ჩანს. სადაც შედის ჰაერი, იქიდან გამოდის ორთქლი. რა არის? ვერ მიხვდით? ეს ადამიანია. რატომ? როცა ვსუნთქავთ, ჩავისუნთქავთ ჰაერს, ხოლო ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგსა და წყალს - ყველაფერი ისეა, როგორც ღუმელში. ამის შემოწმება სავსებით ადვილია. დააორთქლეთ კოვზს - ის დანამიანდება, ჩაბერეთ მილით კირიან წყალში - ის შეიმღვრევა. აი თქვენს ორგანიზმში წარმოქმნილი წყალი და ნახშირორჟანგი. ცხვირი ის კარია, სადაც ჰაერი შედის და ის მილი, საიდანაც “ორთქლი” გამოდის. ჩვენს ორგანიზმში კი მიღებული საკვები “იწვის”, ამიტომაც ვგრძნობთ თავს თბილად. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი სამზარეულოა, მაგრამ უფრო თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, ის ქიმიური ლაბორატორიაა. თავის მხრივ, სამზარეულოებშიც ხდება ქიმიური გარდაქმნები. საოცარია ქვაბებში, ჯამებში მიმდინარე პროცესები. ქვაბში მოსახარშად ჩადებული ხორცის ნაჭერი საოცარ გარდაქმნებს განიცდის, ერთი საათის შემდეგ მას ვეღარ იცნობთ - ის ბოჭკოებად იშლება, ფერს იცვლის. რამდენიმე წუთის წინათ მაგარი კარტოფილი რბილი და ფშვნადია. ამ საოცრებებს ქიმიკოსი კი არა, უბრალო დიასახლისი სჩადის.  მაინც რა ხდება კარტოფილის მოხარშვისას? Aამ კითხვაზე პასუხისათვის გა­ხეხეთ უმი კარტოფილი, შეურიეთ წყალს, გაწურეთ და სითხე ცოტა ხნით დატოვეთ. ქილის ფსკერზე მალე თეთრი ნალექი გაჩნდება. ფრთხილად გადაღვარეთ წყალი და ეს ნალექი საშრობ ქაღალდზე დატოვეთ, მიეცით საშუალება ქაღალდი გაშრეს. მიიღებთ თეთრ ფხვნილს. რა არის ეს? ეს არის სახამებელი ანუ კარტოფილის ფხვნილი, როგორც დიასახლისები ამბობენ. კარტოფილი სახამებლით მდიდარია. რატომ ვერ ვხედავთ მას? იმიტომ, რომ კარტოფილში სახამებელი დამალულია უჯრედებში. რატომ არ ჭამენ უმ კარტოფილს? იმიტომ, რომ სახამებლამდე მიღწევა საკმაოდ რთულია. კუჭს ამხელა მუშაობის შესრულება არ შეუძლია. ამიტომ არ ჭამენ უმ კარტოფილს. მოხარშვისას კი სახამებელი გადამუშავდება. ორთქლზე მოხარშვისას კარტოფილი მშრალი გვეჩვენება იმის გამო, რომ მთელი წყალი სახამებელს “მიაქვს”. შეწვის დროს კარტოფილს ძალიან აცხელებენ. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით სახამებელი კარტოფილის ზედაპირზე დექსტრინად გარდაიქმნება - ეს არის მწებავი ნივთიერება, რომელიც ქმნის ქერქს. სახამებელი პურის ფქვილშიც არის. ამიტომ წარმოიქმნება ქერქი პურის გამოცხობისას. თუ არ გჯერათ, შეამოწმეთ. ცომის პატარა გუნდა ნაჭერში შეახვიეთ და წყალში გაწურეთ. მალე წყალში ისეთივე ნალექი გაჩნდება, როგორიც კარტოფილის შემთხვევაში. ესე იგი ფქვილშიც არის სახამებელი. ასე შეიძლება გავაგრძელოთ მოგზაურობა საკუთარ ბინაში და უამრავ საინტერესო რამეზე ვისაუბროთ.


პირადი ენციკლოპედია
ბავშვი ჯერ პატარაა, მაგრამ მას ცოდნის საკუთარი არეალი აქვს. მართალია, ის ჯერ არ არის ძალიან ფართო, მაგრამ პატარას პირადი ენციკლოპედია თანდათან ივსება, უფრო ღრმა და სერიოზული ხდება. ბავშვი თანდათან იზრდება, მისი ცოდნის არეალი ფართოვდება და შეუმჩნევლად აღწევს მაქსიმუმს. ამ თვალსაზრისით ენციკლოპედია ცნობარი კი არ არის, ზოგადი განათლების სიმბოლოა. ამ ზოგადი განათლების გარეშე კი წარმოუდგენელია ნებისმიერი სფეროს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა.

 


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
წარმოდგენილ ვიდეოში განვიხილავთ დამატებით კვების შეტანის სქემას 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში,
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად