წყალი ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყალი ჩვენს ორგანიზმში

დეჰიდრატაცია და ჰიპერჰიდრატაცია, რომელი სიმპტომების აღმოცენებისას უნდა მივმართოთ ექიმს? ამ და სხვა კითხვებით ამჯერად თერაპევტს ვეწვიეთ. გვესაუბრება პროფესორი დავით გორდელაძე.

- რა მდგომარეობაა დეჰიდრატაცია და რომელი სიმპტომებით ვლინდება ის?

- დეჰიდრატაცია არის ორგანიზმში სითხის დეფიციტი, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ადამიანი იმაზე მეტი რაოდენობით სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. იმ შემთხვევაში, როცა სითხის დეფიციტის შევსება არ ხდება, ვითარდება სერიოზული გართულებები.

მსუბუქი და საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს ყურადღებას იპყრობს პირის სიმშრალე, ძილიანობა და დაღლილობა, წყურვილი, შარდის რაოდენობის შემცირება, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა ან გაბრუების შეგრძნება.

მძიმე დეჰიდრატაცია, რაც გადაუდებელი მდგომარეობაა, ხასიათდება ძლიერი წყურვილით, გაღიზიანებითა და შფოთვის შეგრძნებით, კანის, პირის ღრუსა და ლორწოვანების მკვეთრი სიმშრალით, ქრება ოფლიანობა, გამოყოფილი შარდის რაოდენობა ძალიან მცირეა ან შარდის წარმოქმნა წყდება, თვალები მშრალია, ქვეითდება არტერიული წნევა, სუნთქვა აჩქარებულია, ხშირია ცხელება, მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ცნობიერების დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზმის ჰიდრატაციის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი არის შარდის შეფერილობა. გამჭვირვალე და ბაცი ჩალისფერი შარდი ორგანიზმის ადეკვატურ ჰიდრატაციას აღნიშნავს, ხოლო მუქი ყვითელი დეჰიდრატაციის ნიშანია.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია?

- არის შემთხვევები, როცა დეჰიდრატაციის მიზეზი ძალზე ბანალურია - ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს უბრალოდ იმის გამო, რომ დატვირთულია ან იმყოფება იქ, სადაც წყალი არ აქვს. ზოგჯერ სითხეს მოთხოვნილების მიხედვით ვერ იღებენ ბავშვები და მოხუცები, თუ საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ ემსახურებიან. არსებობს დეჰიდრატაციის უფრო სერიოზული მიზეზებიც. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ:

  • ღებინება და ფაღარათი - უეცრად აღმოცენებული და მწვავედ განვითარებული მძიმე დიარეა ხასიათდება დროის მცირე მონაკვეთში ნაწლავების ძალიან ხშირი მოქმედებით, სითხისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობის სწრაფი კარგვით. ამ მექანიზმით დეჰიდრატაცია უხშირესად ვითარდება ბავშვებში.
  • ცხელება - რაც უფრო მაღალია სხეულის ტემპერატურა, მით უფრო დიდია დეჰიდრატაციის რისკი. მდგომარეობა მძიმდება, თუ ცხელებას ერთვის ღებინება და დიარეა.
  • გაძლიერებული ოფლიანობა - ადამიანი ოფლიანობის დროს დიდი რაოდენობით სითხესა და ელექტროლიტებს კარგავს. დეჰიდრატაცია შეიძლება ფიზიკური აქტიურობის, ვარჯიშის შემთხვევაში აღმოცენდეს, თუ ადამიანი მეტისმეტად ოფლიანდება და სითხეს არ იღებს. ამ მექანიზმით დეჰიდრატაციის რისკი იზრდება ცხელ და მშრალ ამინდში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დეჰიდრატაციის შანსი ზამთარში არ არის.
  • შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა - დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს ჯერ კიდევ არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტისას. დეჰიდრატაციის რისკი მაღალია უშაქრო დიაბეტის დროსაც. დეჰიდრატაცია შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო შეიძლება აღმოცენდეს ზოგიერთი მედიკამენტის და ალკოჰოლის მიღებისას. მედიკამენტთა შორის უნდა დავასახელოთ შარდმდენები, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო), წნევის სამკურნალო საშუალებები და ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატი. დასახელებული პრეპარატები და ალკოჰოლი იწვევენ ინტენსიურ შარდვასა და ოფლიანობას, რითაც ხელს უწყობენ დეჰიდრატაციას.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ დეჰიდრატაციის საშიშროება თეორიულად ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, თუმცა გარკვეულ ჯგუფებში ის გაცილებით მაღალია. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • ახალშობილები და ბავშვები - ცნობილია, რომ დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაცია მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
  • ხანშიშესულები - ხანშიშესულთა შორის დეჰიდრატაციის რისკი უფრო მაღალია რამდენიმე მიზეზით - დაქვეითებულია ორგანიზმში სამარაგო წყლის რაოდენობა, შემცირებულია წყურვილის გრძნობა, შეცვლილია ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა ტემპერატურის მიმართ. მოხუცებს არცთუ იშვიათად ავიწყდებათ წყლის მიღება, დეჰიდრატაციის შემთხვევათა რაოდენობას ზრდის აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მაღალი სიხშირე და გარკვეული მედიკამენტების გამოყენება.
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ამ დაავადებებს შორის უნდა დავასახელოთ შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების დაავადებები, ალკოჰოლიზმი. დეჰიდრატაციის რისკს ზრდის ფარინგიტი ან ანგინა, რადგანაც ყელის ტკივილის გამო პაციენტს უჭირს წყლის დალევა.

- რა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაციამ?

- დეჰიდრატაციას სერიოზული გართულებები მოჰყვება, მათ შორის:

  • სითბური დაკვრა - ენერგიული ვარჯიშისა და ძლიერი ოფლიანობის დროს სითხის არაადეკვატური მიღება შესაძლოა დეჰიდრატაციასთან ერთად სითბური დაკვრის მიზეზადაც იქცეს.
  • ტვინის შეშუპება - ზოგჯერ დეჰიდრატაციის დროს ნატრიუმი უფრო მეტი რაოდენობით იკარგება, ვიდრე სითხე - ვითარდება ჰიპოტონური დეჰიდრატაცია. ამ მდგომარეობის საკომპენსაციოდ სითხე უჯრედებისაკენ გადაინაცვლებს. შედეგად სითხის დანაკარგის შევსებისას ანუ რეჰიდრატაციისას უჯრედები სითხეს დიდი რაოდენობით შთანთქავენ, რაც მათ შეშუპებასა და დაზიანებას იწვევს. ამ პროცესების შედეგი განსაკუთრებით მძიმეა, თუ ზიანდება ტვინი. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ხშირად დეჰიდრატაციისას ადამიანი კარგავს სითხეს, რომელიც იგივე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რასაც ორგანიზმი. ასეთ შემთხვევებში საუბარია იზოტონური დეჰიდრატაციის შესახებ.
  • კრუნჩხვა - დეჰიდრატაციისას ტვინში ელექტროლიტების ცვლის დარღვევის შედეგია.
  • ჰიპოვოლემიური შოკი დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა. მისი მიზეზია ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირება, არტერიული წნევის დაქვეითება და ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდების დაქვეითება.
  • თირკმელების მწვავე უკმარისობა - დეჰიდრატაციის შედეგად წნევის დაცემა და თირკმლებისათვის სისხლის მიწოდების მკვეთრი შემცირება ორგანოს ფუნქციის უეცარ დაქვეითებას იწვევს.
  • კომა და სიკვდილი - სათანადო მკურნალობის არარსებობისას დეჰიდრატაცია ფატალურია.

- როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი? როგორ ხდება დეჰიდრატაციის დიაგნოსტიკა და როგორია მისი მკურნალობის პრინციპი?

- ჯანმრთელი ახალგაზრდა ადამიანისათვის ზომიერი დეჰიდრატაცია საშიშროებას არ ქმნის, ვინაიდან კომპენსატორულად ძლიერდება წყურვილი და ადამიანი სითხეს დიდი რაოდენობით იღებს. თუ ჩნდება მძიმე დეჰიდრატაციის ზემოთ აღწერილი სიმპტომები, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. დეჰიდრატაციის დიაგნოსტიკა ზემოთ აღწერილ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ხდება. დიაგნოზის დადასტურებისა და დეჰიდრატაციის ხარისხის დაზუსტების მიზნით ტარდება:

  • სისხლში ელექტროლიტების შემცველობის განსაზღვრა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • თირკმლის ფუნქციის დასადგენად კრეატინინის შემცველობის განსაზღვრა;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • კვლევები, რომლებიც დეჰიდრატაციის რისკთან ასოცირებული დაავადებების დიაგნოსტიკაში გვეხმარება.

მოზრდილ ადამიანთა უმეტესობისთვის დეჰიდრატაციისას საკმარისია სათანადო რაოდენობით წყლის მიღება. წყალს უპირატესობა ეძლევა სხვა სითხეებთან (ხილის წვენი, ყავა) შედარებით, რადგან ის არ ზრდის დიარეის რისკს. მძიმე დეჰიდრატაციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო პრეპარატების ინტრავენური ინფუზიების მეშვეობით.

- როგორ ავიცილოთ თავიდან დეჰიდრატაცია?

- დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლისა და წყლით მდიდარი საკვების - ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ამ აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრაში კი ჩვეულებრივ წყურვილის გრძნობა გვეხმარება. არ უნდა დავაყოვნოთ წყლის მიღება, თუ ფიზიკურად ვიტვირთებით. აუცილებელია მიღებული წყლის რაოდენობის გაზრდა გარკვეულ შემთხვევებში, კერძოდ:

  • დიარეისა და ღებინების დროს;
  • ვარჯიშის დროს;
  • ცხელ მშრალ ამინდში;
  • ოფლიანობისას.


- რა იწვევს ჰიპერჰიდრატაციას?

- ჰიპერჰიდრატაცია ანუ მდგომარეობა, როცა ორგანიზმი გადატვირთულია სითხით, ვითარდება მაშინ, როცა მიღებული სითხის რაოდენობა აჭარბებს გამოყოფილი სითხის რაოდენობას. აღნიშნულს კი განაპირობებს სითხის ძალზე ჭარბი მიღება ან დაავადებები, რომელთა დროსაც ორგანიზმში სითხის შეკავება ვითარდება. ხშირად სითხის შეკავება იწვევს სისხლძარღვებში წნევის მატებას, სითხის გაჟონვას ქსოვილებში და შეშუპების აღმოცენებას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიპერჰიდრატაციას ხშირად თან ახლავს სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება ანუ ჰიპონატრიემია, რაც ორგანიზმისათვის საკმაოდ არასასურველი მდგომარეობაა, მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტვინის უჯრედები.

დადგენილია, რომ ჭარბი რაოდენობით წყლის მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ჰიპერჰიდრატაციას, თუ ენდოკრინული სისტემა, თირკმელი, ღვიძლი და გული ნორმალურად ფუნქციონირებენ. ცნობილია, რომ თუ თირკმელი ჯანმრთელია, ორგანიზმს წყლის გამოყოფის საკამოდ დიდი შესაძლებლობები აქვს.

ჰიპერჰიდრატაცია მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი გულის უკმარისობაა. ჰიპერჰიდრატაციას იწვევს თირკმლის დაავადებებიც. ზოგჯერ ორგანიზმში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ანტიდიურეზული ჰორმონი - ჰორმონი, რომელიც თირკმელში სითხის უკუშეწოვას იწვევს.

ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი სეკრეციის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ფილტვების ანთება ან ინსულტი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი, მედიკამენტი კარბამაზეპინი.

ზომიერი ჰიპერჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული (არაჰორმონული) პრეპარატები და ნატრიუმით მდიდარი საკვები. ჰიპერჰიდრატაციის რისკი იზრდება ინტრავენურად სითხეების ინტენსიური შეყვანისას.

- როგორ ვლინდება ჰიპერჰიდრატაცია, რას ემყარება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- ჰიპერჰიდრატაცია, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმში სითხის მოცულობის ზრდა, კლინიკურად ხშირად ქვემო კიდურების შეშუპებით ვლინდება. თუ პაციენტი მწოლიარეა, შეშუპება გავის არეშია ლოკალიზებული. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სიმპტომატიკა ყოველთვის არ არის დაკავშირებული ჰიპერჰიდრატაციასთან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქვემო კიდურების შეშუპება ვენური უმარისობისას. გარდა შეშუპებისა, ჰიპერჰიდრატაციისას ყურადღებას იპყრობს ქოშინი, ხშირად ის ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის ან წოლის დროს. აღნიშნული სიმპტომების არსებობისას ექიმი იწყებს კვლევას ჰიპერჰიდრატაციის მიზეზების დასადგენად, რისთვისაც ტარდება კვლევები გულის, თირკმლის, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენის მიზნით. ჰიპერჰიდრატაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპია სითხის მიღების შემცირება და ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი სითხის გამოყოფის სტიმულაცია. ამ მიზნით ინიშნება დიურეზული საშუალებები ანუ შარდმდენები. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ჰიპერჰიდრატაციის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, მიზეზის კორექცია.

- რომელ ელექტროლიტებს შეიცავს ორგანიზმი და როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი შემცველობა?

- ორგანიზმის უმთავრესი ელექტროლიტებია ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ქლორი, ფოსფატები და კარბონატები. მართალია ნებისმიერი მათგანის შემცველობა შეიძლება გაიზარდოს ან დაქვეითდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ნატრიუმის, კალიუმის ან კალციუმის დონის ცვლილებისას ვითარდება. როგორც წესი, ელექტოლიტების შემცველობის ცვლილება დაკავშირებულია ორგანიზმში წყლის შემცველობის ცვლილებებთან.

- როგორია ექიმის ტაქტიკა ელექტროლიტების შემცველობის დარღვევისას და ვის ემუქრება ელექტროლიტების ცვლის მოშლა?

- ელექტროლიტური ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება სისხლში ან შარდში ელექტროლიტების შემცველობის განსაზღვრა და სპეციალური კვლევები, რომლებიც გვეხმარებიან აღნიშნული დარღვევების მიზეზთა დადგენაში. ზოგიერთი ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებისას, მაგალითად ჰიპოკალიემიის ან ჰიპონატრიემიის შემთხვევაში, პაციენტებს ურჩევენ აღნიშნული კომპონენტებით მდიდარი საკვების მიღებას. არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება ელექტროლიტების ინტრავენური შეყვანა.

ელექტროლიტების შემცველობის მატებისას რეკომენდებულია მეტი სითხის მიღება ან ინტრავენური შეყვანა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამომწვევი დაავადებების მკურნალობას. ითვლება, რომ ელექტროლიტების ცვლის მოშლა უფრო ხშირია ხანშიშესულ პირებში, რაც დაკავშირებულია ჰიპერ- ან ჰიპოჰიდრატაციის უფრო მაღალ რისკთან. აღნიშნულის მიზეზია ასაკის მატებასთან ერთად თირკმლის ფუნქციის გაუარესება.

ელექტროლიტების ცვლის მოშლის რისკს ზრდის გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად შარდმდენების ან საფაღარათოების, ინტენსიური გამოყენება, საკვებისა და სითხის არაადეკვატური მიღება, რაც ხანშიშესულ ასაკთანაა დაკავშირებული. ამას ემატება მრავალი ქრონიკული დაავადება და ცხელებით, ღებინებით ან ფაღარათით მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგია.

- რა არის და როგორი სიმპტომებით ვლინდება ჰიპონატრიემია?

- ჰიპონატრიემია არის მდგომარეობა, როცა სისხლში ნატრიუმის შემცველობა დაქვეითებულია (ნაკლებია 135 მექვ/ლ-ზე).

ნატრიუმი, როგორც ელექტროლიტი, მონაწილეობს ორგანიზმსა და მის ქსოვილებში სითხის შემცველობის რეგულაციაში. ის განაპირობებს სისხლის ნორმალური წნევის შენარჩუნებას, ნერვებისა და კუნთების ადეკვატურ მუშაობას, არეგულირებს წყლის ნორმალურ ბალანსს. ორგანიზმში ნატრიუმის იონის შემცველობის დაქვეითებისას იზრდება სითხის შეღწევადობა უჯრედებში და ვითარდება უჯრედების შეშუპება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობას წარმოადგენს ტვინის შეშუპება. დადგენილია, რომ ქრონიკული ჰიპონატრიემიისას, როცა ნატრიუმის შემცველობა თანდათან და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქვეითდება, სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული. მწვავე ჰიპონატრიემიისას კი, როცა ნატრიუმის შემცველობა სწრაფად ეცემა, შესაძლებელია სერიოზული გართულებების, მათ შორის ტვინის შეშუპების აღმოცენება, რაც კომისა და ხშირად სიკვდილის მიზეზია.

კლინიკურად ჰიპონატრიემია შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით, ღებინებით, თავის ტკივილით, ძილიანობით, სისუსტით, მადის კარგვით, მოუსვენრობითა და გაღიზიანებადობით, კუნთების სისუსტით, სპაზმით, მტკივნეული შეკუმშვით, გულყრით, ცნობიერების დარღვევითა და კომით. გართულების რისკი უფრო დიდია ქალებში პრემენოპაუზურ ასაკში, რასაც მკვლევარები უკავშირებენ ნატრიუმის ბალანსზე ქალის სასქესო ჰორმონების მარეგულირებელი გავლენის დარღვევას.


- კონკრეტულად რომელი ფაქტორები იწვევენ ჰიპონატრიემიას?

იმ მრავალრიცხოვან მდგომარეობათა და ფაქტორთა შორის, რომლებმაც შეიძლება ჰიპონატრიემია განაპირობონ, აღსანიშნავია:

  • ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ჰიპონატრიემია. ამ დროს ადამიანი ვარჯიშის ან სხვა ფიზიკური დატვირთვისას ოფლთან ერთად კარგავს ნატრიუმს და ამავე დროს იღებს ზედმეტ სითხეს, რომელიც განაზავებს ორგანიზმში დარჩენილ ნატრიუმს, რაც ჰიპონატრიემიის მიზეზია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა - ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვალში სინთეზირებული ჰორმონები არეგულირებენ წყლისა და ელექტროლიტების ცვლას, მისი უკმარისობა ჰიპონატრიემიასთან არის დაკავშირებული;
  • ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა;
  • შარდმდენების მიღება, განსაკუთრებით თიაზიდური დიურეტიკებისა (ჰიპოთიაზიდი), რაც შარდით ნატრიუმის გაძლიერებულ კარგვას იწვევს;
  • ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი, რაც განაპირობებს ორგანიზმში წყლის შეკავებას. ამ მდგომარეობის დროს წარმოიქმნება ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი რაოდენობა მაშინაც კი, როცა სისხლის მოცულობა და არტერიული წნევა ნორმალური ან მაღალია, ელექტროლიტების შემცველობა დაბალია, ანუ, ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ უნდა ხდებოდეს აღნიშნული ჰორმონის გამოყოფა. ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია შეიძლება განაპირობოს ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებმა (აბსცესი, ჰემორაგია, ენცეფალიტი, ჰიპოთალამუსის დაავადებები, მენინგიტი, ინსულტი, სიმსივნეები), ფილტვის პათოლოგიებმა (სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი), სიმსივნეებმა (ტვინის, ფილტვის, პანკრეასის, წვრილი ნაწლავის, ლიმფომა), ქირურგიულმა ჩარევებმა. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია ხდება უშუალოდ სიმსივნის მიერ;
  • პირველადი პოლიდიფსია. ამ დროს ადამიანს ყოველგვარი დაავადების გარეშე აქვს გაძლიერებული წყურვილი, რაც ნატრიუმის განზავებით გამოწვეული ჰიპონატრიემიის ბრალია;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, - ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, - იწვევს გაძლიერებულ შარდვასა და ოფლიანობას, რაც ნატრიუმის კარგვის მიზეზია;
  • მძიმე ქრონიკული ფაღარათი ან ღებინება, რომლის დროსაც სხვა ელემენტებთან ერთად ნატრიუმიც იკარგება;
  • დეჰიდრატაცია;
  • დიეტა - ნატრიუმის დაბალი შემცველობა და წყლის ჭარბი მიღება არღვევს ნატრიუმის ბალანსს. ანალოგიური ეფექტი აქვს შარდმდენების და ლუდის დიდი რაოდენობით მიღებასაც;
  • ღვიძლის ციროზი, თირკმლის დაავადებები, გულის უკმარისობა.

დადგენილია, რომ ჰიპონატრიემიის რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • ასაკი - ჰიპონატრიემია უფრო ხშირია ხანშიშესულთა შორის, რაც დაკავშირებულია ქრონიკული პათოლოგიების მაღალ სიხშირესთან;
  • დიეტა - დაბალნატრიუმიანი დიეტა, მით უფრო - ლუდის მიღების ფონზე;
  • ინტენსიური ფიზიკური აქტივობა;
  • კლიმატი - ცხელი ჰაერი აძლიერებს ოფლიანობას და ნატრიუმის კარგვას;
  • ზოგიერთი დაავადება - თირკმელების ან გულის უკმარისობა, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.

- რას ემყარება ჰიპონატრიემიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- ჰიპონატრიემიის დასადგენად ხდება სისხლსა და შარდში ნატრიუმის შემცველობის განსაზღვრა, იგეგმება შემდგომი კვლევები იმ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიზნით, რაც ჰიპონატრიემიის რისკს ზრდის. მკურნალობისათვის ზოგჯერ საკმარისია სითხის ან შარდმდენების მიღების შემცირება, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება გარკვეული მედიკამენტების ინტრავენური შეყვანა.

ჰიპონატრიემიის პროფილაქტიკის მიზნით მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი დაავადებების მკურნალობა, წყლის ზომიერი მიღება, ნატრიუმიანი სასმელების მიღება ფიზიკური აქტივობის და ოფლიანობისას, შარდმდენების და საფაღარათოების თვითნებური მიღების თავიდან აცილება.

- რა არის ჰიპოკალიემია, როგორ ვლინდება ის და რომელი ფაქტორები განაპირობებს მის განვითარებას?

- ჰიპოკალიემია არის სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება (3,6 მექვ/ლ-ზე მეტად). სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა იქმნება, თუ ეს მაჩვენებელი 2,5 მექვ/ლ-ზე ნაკლებია, რაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

კალიუმი აუცილებელია ნერვებისა და კუნთების უჯრედების ფუნქციონირებისათვის, გულის კუნთისათვის. უმნიშვნელო ჰიპოკალიემია ადამიანისათვის შეუმჩნეველი რჩება. დადგენილია, რომ გახანგრძლივებული ჰიპოკალიემია ორგანიზმში ინსულინის პროდუქციას ამცირებს. შედეგად შესაძლოა სისხლში შაქრის შემცველობამ მოიმატოს. ჰიპოკალიემიის სიმპტომებია სისუსტე, დაღლილობა, კუნთების სპაზმური, მტკივნებული შეკუმშვა, ყაბზობა, გულის რიტმის დარღვევა. მისი დიაგნოსტიკისათვის განისაზღვრება სისხლში კალიუმის დონე. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ელექტროლიტების შესწავლა, კრეატინინის განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრაფია.

ჰიპოკალიემია მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. უხშირესი მიზეზი კი არის კალიუმის ჭარბი კარგვა შარდით ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, რაც გამოწვეულია გარკვეული შარდმდენების მიღებით, ფაღარათით, ღებინებით, ოფლიანობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით, საფაღარათოების ჭარბი გამოყენებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, თირკმელების ზოგიერთი დაავადებით, ჰიპერალდოსტერონიზმით.

ჰიპოკალიემია შეიძლება გამოიწვიოს გენტამიცინის და პრედნიზოლონის მიღებამ. იშვიათი მიზეზია საკვებში კალიუმის უკმარისობა.

- პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჰიპოკალიემია შარდმდენების მიღებასთან არის დაკავშირებული და ამის გამო აუცილებლად მიაჩნიათ კალიუმის პრეპარატების მიღება. რამდენად საფუძვლიანია მათი აზრი?

- მრავალი შარდმდენი პრეპარატი მართლაც იწვევს სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითებას, თუმცა არიან ისეთი შარდმდენებიც, რომლებიც არ იწვევენ კალიუმის კარგვას. ასეთი საშუალებებია სპირონოლაქტონი (ჩვენი პაციენტებისათვის ვეროშპირონის სახელწოდებით ცნობილი) და ტრიამტერენი. უნდა აღვნიშნოთ, რომ შარდმდენები უმთავრესად ინიშნება გულის უკმარისობის ან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობის მიზნით. დღეს ამ მდგომარეობების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, რომლებიც ორგანიზმში კალიუმის შემცველობას ზრდიან. ამ თავისებურებების გამო შარდმდენების და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას ჰიპოკალიემიის რისკი არ არის. ჰიპოკალიემიის თავიდან ასაცილებლად ხშირად ერთდროულად ინიშნება კალიუმის შემნახველი და კალიუმის გამოყოფაზე მოქმედი საშუალებები. თუ პაციენტები ერთდროულად იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს, საკვებითაც საკმარისად იღებენ კალიუმს და სისხლში კალიუმის შემცველობა მაინც დაბალია, ექიმი გეგმავს კვლევებს ჰიპოკალიემიის გამომწვევი სხვა მიზეზების დასადგენად.

- რომელი საკვებია მდიდარი კალიუმით?

- კალიუმით მდიდარია ბანანი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ნესვი, შავი ქლიავი, ატამი, მარწყვი, კივი, ავოკადო, გარგარი, კარტოფილი, ბრიუსელის კომბოსტო, პარკოსნები, სოკო, პომიდორი, მწვანილი, ჭარხალი, საქონლის და ინდაურის ხორცი, თევზი, არაქისის კარაქი.

- რა მდგომარეობაა ჰიპერკალიემია და როგორ გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე?

- ჰიპერკალიემია არის სისხლში კალიუმის შემცველობის მატება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია ორგანიზმისათვის გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჰიპოკალიემია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი თუნდაც უმნიშვნელო ჰიპერკალიემიის გამომწვევი მდგომარეობების დროული მკურნალობა.

ჰიპერკალიემიის უმნიშვნელოვანესი კლინიკური ეფექტი არის გულის რიტმის დარღვევა, მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია იწვევს ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების აღმოცენებას, ხოლო მძიმე ჰიპერკალიემია - გულის გაჩერებას. მძიმე ჰიპერკალიემია დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შემთხვევათა 67%-ში იწვევს სიკვდილიანობას.

ჰიპერკალიემიის მნიშვნელოვანი ეფექტია აგრეთვე ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე და პერიოდული დამბლების აღმოცენება.

კლინიკურად ჰიპერკალიემია შეიძლება უსიმპტომო იყოს ან იწვევდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, კუნთების სისუსტე, ყურებში ხმაური, გულისცემის შენელება, სუსტი პულსი. დადგენილია, რომ კალიუმის შემცველობის თანდათანობითი მატება ორგანიზმისათვის ნაკლებად დამზიანებელია, ვიდრე მისი უეცარი მატება. თვით ჰიპერკალიემიის ნიშნების გარდა, ყურადღებას იპყრობს ჰიპერკალიემიის გამომწვევი დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომები.


- რა იწვევს ჰიპერკალიემიას?

- ჰიპერკალიემიის ყველაზე ხშირი მიზეზებია თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, კალიუმის გამოთავისუფლება უჯრედებიდან და გარკვეული მედიკამენტები. ჩვეულებრივ კალიუმის გამოყოფა ხდება თირკმლის მიერ.

დაავადებები, რომლებიც აზიანებენ თირკმლის ფუნქციას, იწვევენ ჰიპერკალიემიას. ამ პათოლოგიათა შორის უნდა აღვნიშნოთ თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, გლომერულონეფრიტი, ნეფრიტი მგლურას დროს, საშარდე სისტემის ობსტრუქცია, მაგალითად, თირკმლის კენჭების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ პაციენტები თირკმლის დისფუნქციით განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ორგანიზმში კალიუმს ინარჩუნებენ. მათ უვითარდებათ მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია, როცა იღებენ კალიუმის შემცველ საკვებს და კალიუმშემანარჩუნებელ პრეპარატებს. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ან კალიუმის დამზოგველი შარდმდენები.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს მცირდება ალდოსტერონის სეკრეცია, რაც ამცირებს თირკმლით კალიუმის გამოყოფას და იწვევს მის ორგანიზმში შეკავებას და ჰიპერკალიემიას. ცნობილია, რომ უჯრედგარეთ ლოკალიზებულია კალიუმის 2%, ხოლო მისი 98% უჯრედებშია. ერთ-ერთი მიზეზი ჰიპერკალიემიისა არის კალიუმის გამოთავისუფლება უჯრედებიდან მათი დესტრუქციის გამო, რასაც იწვევს ტრავმა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა, ჰემოლიზი, სიმსივნური უჯრედების მასიური დაშლა, კუნთოვანი ქსოვილის რღვევა კუნთების დაზიანების, ალკოჰოლიზმის ან ნარკოტიკების მოხმარების გამო.

ჰიპერკალიემიას იწვევენ კალიუმშემანარჩუნებელი საშუალებები და ზედმეტი გატაცება კალიუმის პრეპარატებითა და კალიუმით მდიდარი საკვებით. თუმცა ეს ფაქტორები არ იწვევენ მძიმე ჰიპერკალიემიას, თუ ადამიანს თირკმლის ფუნქცია ნორმალური აქვს.

- რას ეფუძნება ჰიპერკალიემიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- ჰიპერკალიემია დიაგნოსტირდება სისხლში კალიუმის შემცველობის შესწავლით. საშუალო და მძიმე ჰიპერკალიემია დიაგნოსტირდება ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების საფუძველზეც. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ჰიპერკალიემიის გამომწვევ პათოლოგიაზე, ჰიპერკალიემიის სიმძიმეზე, სიმპტომებისა და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების ხასიათზე.

ჯანმრთელ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების ფონზე აღმოცენებული მცირე ჰიპერკალიემია, რომელსაც არ ახლავს ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. გადაუდებელი დახმარება აუცილებელია მძიმე ჰიპერკალიემიის და ეკგ ცვლილებების არსებობისას.

მკურნალობა გულისხმობს საკვებში კალიუმის შემცირებას, კალიუმშემნახველი პრეპარატების მიღების შეწყვეტას, აუცილებლობისას ინტრავენურად გლუკოზისა და ინსულინის გამოყენებას, რაც ხელს უწყობს კალიუმის მიგრაციას უჯრედებისაკენ, ინტრავენურად კალციუმის გამოყენებას და რიგ სხვა ღონისძიებებს.

- როგორია კალციუმის როლი და რა იწვევს მისი შემცველობის ცვლილებას?

- ორგანიზმის კალციუმის 99% ძვლებშია ლოკალიზებული, მას შეიცავენ აგრეთვე კუნთოვანი უჯრედები და სისხლი. კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ფორმირებისათვის, კუნთების შეკუმშვისათვის, მრავალი ფერმენტის ფუნქციონირებისათვის, სისხლის შედედებისა და გულის ნორმალური რიტმისათვის.

ადამიანის ორგანიზმი არეგულირებს სისხლში კალციუმის შემცველობას. სისხლში კალციუმის შემცირებისას, ნორმალური დონის შენარჩუნებისათვის ხდება მისი ძვლებიდან სისხლში ტრანსპორტირება. როცა ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იღებს კალციუმს საკმარისი რაოდენობით, ძვლებიდან მისი დიდი რაოდენობა მობილიზდება და მათი სიმტკიცე მცირდება, ვითარდება ოსტეოპოროზი. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანი ყოველდღიურად 1000-1500 მილიგრამ კალციუმს უნდა იღებდეს.

სისხლში კალციუმის დონე რეგულირდება ორი ჰორმონით - ფარისებრახლო ჯირკვლების მიერ პროდუცირებული პარათირეოიდული ჰორმონით, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის შემცველობის მატებას და ფარისებრი ჯირკვლის მიერ პროდუცირებული კალციტონინით, რომელიც ამცირებს მის შემცველობას.

- რა ცვლილებებთან არის დაკავშირებული ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითება, როგორ დგინდება და როდის აღმოცენდება ის?

- კალციუმის შემცველობის დაქვეითება ანუ ჰიპოკალციემია ვითარდება ოპერაციული ჩარევის შედეგად ფარისებრახლო ჯირკვლების მიერ ჰორმონის პროდუქციის დაქვეითების შემთხვევაში.

ჰიპოკალციემია ხშირია D ვიტამინის დეფიციტის დროსაც. D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია საკვებში მის უკმარისობასთან ან მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობასთან. ამ ვიტამინის დეფიციტს იწვევს ასევე ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, თირკმლების დაავადებები.

ჰიპოკალციემია ვითარდება სეფსისის შემთხვევაშიც.

ჰიპოკალციემიის დიაგნოსტიკა ხდება სისხლში კალციუმის შემცველობის დადგენით, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება კალციუმის იონიზებული ფრაქციის დაქვეითებას.

ჰიპოკალციემია იწვევს სისუსტეს, კიდურების დაბუჟების შეგრძნებას, მეხსიერების დარღვევას, დეპრესიას, ჰალუცინაციებს. მძიმე ჰიპოკალციემია შეიძლება ტეტანური კრუნჩხვისა და გონების დაკარგვის მიზეზადაც იქცეს. ჰიპოკალციემიის მკურნალობის მიზნით გამოიყენება კალციუმი და D ვიტამინი.

- რა არის ჰიპერკალციემიის მიზეზი და როგორ ვლინდება ის?

- კალციუმის შემცველობის მატება ანუ ჰიპერკალციემია ვითარდება ძვლებიდან კალციუმის გამოთავისუფლების შედეგად. აღნიშნულის მიზეზია ძვლების სიმსივნური დაზიანება მეტასტაზირების დროს (უხშირესად პროსტატის, სარძევე ჯირკვლის, ფილტვის სიმსივნეებისას) და პარათჰორმონის ჭარბი პროდუქცია, რაც თავის მხრივ უხშირესად პარათირეოიდული ანუ ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნის შედეგია.

პარათჰორმონის ჭარბი სეკრეცია ვითარდება ზოგჯერ ფილტვის, თირკმლის, საკვერცხის სიმსივნეების დროს.

კალციუმის შემცველობა მატულობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჭარბი პროდუქციის დროსაც.

ჰიპერკალციემიას განაპირობებს D ვიტამინის ხანგრძლივი გაუმართლებელი მიღება.

კალციუმის შემცველობის უმნიშვნელო მატება შეიძლება არ იწვევდეს არავითარ სიმპტომს. ადრეული ნიშნებია ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და მადის კარგვა. ძალიან მაღალი ჰიპერკალციემია კი დეჰიდრატაციას იწვევს, რადგანაც თირკმლის მიერ წყლის ჭარბი გამოყოფის მიზეზია. გარდა ამისა, ვითარდება უმადობა, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა. არ არის გამორიცხული გონების დაკარგვა და სიკვდილი. ამ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებელი მკურნალობა, ინტრავენურად სითხის შეყვანა და გარკვეული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ ძვლებიდან კალციუმის გამოყოფას.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჰიპერკალციემიის გამომწვევი დაავადების მკურნალობა.

გახანგრძლივებული ჰიპერკალციემია თირკმელში კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნის მიზეზია. ჰიპერკალციემია დგინდება სისხლის გამოკვლევით. მკურნალობის თვალსაზრისით მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია გამომწვევი მიზეზის კორექცია და საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, რაც ჯანმრთელი თირკმელების შემთხვევაში ჭარბი კალციუმის გამოყოფას უზრუნველყოფს. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა.

- რა არის აციდოზი და ალკალოზი და რა იწვევს მათ?

- აციდოზი არის სისხლის მომატებული მჟავიანობა, რაც რიგ შემთხვევებში დაკავშირებულია სისხლში მჟავას შემცველი ნივთიერებების სიჭარბესთან ან ბიკარბონატების კარგვასთან, ხოლო ზოგ შემთხვევაში სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობის მატებასთან ფილტვების ფუნქციის დარღვევის ან ნელი სუნთქვის გამო. პირველ შემთხვევაში საუბარია მეტაბოლურ აციდოზზე, ხოლო მეორე შემთხვევაში რესპირატორულ აციდოზზე.

სისხლის მჟავიანობა იმატებს, როცა ადამიანი იღებს მჟავას შემცველ ან წარმომქმნელ ნივთიერებებს ან ფილტვი სათანადო რაოდენობით ნახშირორჟანგს ვერ გამოყოფს.

მეტაბოლური აციდოზის მიზეზებია დიაბეტური კეტოაციდოზი ან ლაქტაციდოზი, ზოგიერთი ნივთიერება და მედიკამენტი (ალკოჰოლი, ასპირინი), ბიკარბონატების კარგვა, მაგალითად, ფაღარათისას, თირკმელების უკმარისობა, თირკმელების მილაკოვანი აციდოზი, ზოგიერთი ნივთიერებით მოწამვლა.

პაციენტებს მეტაბოლური აციდოზის დროს აქვთ გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ჩქარი და ღრმა სუნთქვა.

რესპირატორული აციდოზისას ადამიანები გრძნობენ თავის ტკივილს, ცნობიერების დაბინდვას, მათი სუნთქვა უფრო ნელი და ზედაპირულია. რესპირატორული აციდოზის მიზეზებია ფილტვების დაავადებები (ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი, მძიმე ასთმა, ფილტვების ანთება, ფილტვების შეშუპება), ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთა დროსაც დარღვეულია სუნთქვა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ზოგიერთი მედიკამენტების ჰიპერდოზირება.

ზოგადად აციდოზის არსებობა დასტურდება არტერიული სისხლის მჟავა-ტუტოვანი რეაქციის გამოკვლევით.

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია აღნიშნული მდგომარეობის მიზეზზე და უპირველესად მის კორექციას გულისხმობს. ჩვეულებრივ, როცა სისხლის მჟავიანობა იზრდება ნორმასთან შედარებით, თავის ტვინში სუნთქვის მარეგულირებელი შესაბამისი უბანი ასტიმულირებს უფრო ღრმა და ხშირ სუნთქვას. იზრდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და სისხლის რეაქციაც ნორმას უბრუნდება. გარდა ფილტვისა, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულაციაში მონაწილეობს თირკმელი, რომელიც ჭარბ მჟავას შარდით გამოყოფს. თუ ორგანიზმში დიდხანს გრძელდება მჟავა პროდუქტების წარმოქმნა, აღნიშნული კომპენსატორული მექანიზმების შესაძლებლობები ამოიწურება.

ალკალოზი სისხლის მომატებული ტუტოვანებაა, რაც დაკავშირებულია სისხლში ბიკარბონატების დაგროვებასთან ან მჟავას კარგვასთან (მეტაბოლური ალკალოზი) ან სწრაფი და ღრმა სუნთქვის გამო ნახშირორჟანგის დაბალ შემცველობასთან (რესპირატორული ალკალოზი).

მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება, როცა ორგანიზმი კარგავს ჭარბ მჟავას (მაგალითად, გახანგრძლივებული ღებინებისას) ან წარმოქმნის ტუტე ნივთიერებებს, რაც ხდება კუშინგის სინდრომის ან შარდმდენების გამოყენებისას. იშვიათად ალკალოზის მიზეზი შეიძლება გახდეს სასმელი სოდის ჭარბი მიღება გულძმარვის გამო.

რესპირატორული ალკალოზი ვითარდება სწრაფი ღრმა სუნთქვისას (ჰიპერვენტილაციისას), რის უხშირესი მიზეზიც არის მღელვარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტკივილი, სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა, ცხელება და ასპირინის ჰიპერდოზირება. პაციენტებს მეტაბოლური ალკალოზით აღენიშნებათ გაღიზიანებადობა, კუნთების სპაზმური მტკივნეული შეკუმშვა ან საერთოდ არა აქვთ არავითარი სიმპტომატიკა. მკურნალობის ტაქტიკა გულისხმობს სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლებას.


- ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად უნდა დავსვათ შეკითხვა, რომლითაც ხშირად მოგვმართავენ მკითხველები - რა რაოდენობით წყალს უნდა ღებულობდეს ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში?

- ამ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იოლი ნამდვილად არ არის. წყლის მიღება აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. მისი ნორმალური რაოდენობა ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი აქტივობა, საცხოვრებელი გარემოს კლიმატური ფაქტორები.

ცნობილია, რომ ადამიანი ყოველდღიურად კარგავს სითხეს სუნთქვის, ოფლიანობის დროს, შარდთან და განავალთან ერთად. აუცილებელია დაკარგული სითხის შევსება მიღებული სითხითა და სითხის შემცველი საკვებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზომიერი კლიმატის პირობებში ადამიანი საშუალოდ 8-9 ჭიქა წყალს უნდა იღებდეს. ალბათ საინტერესოა, რას ემყარება ეს რეკომენდაცია. ცნობილია, რომ მოზრდილი ადამიანი განმოყოფს 1,5 ლიტრ შარდს. დამატებით 1 ლიტრი იკარგება სუნთქვის, ოფლიანობის და ნაწლავების მოქმედებისას. მიღებული საკვები საერთოდ მიღებული სითხის 20%-ს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ადამიანი 2 ლიტრამდე სითხეს - წყალს და სხვა სასმელს უნდა იღებდეს. აღნიშნულ მოცულობაში იგულისხმება საკვებში არსებული სითხეც.

როგორც აღვნიშნეთ, წყლის საჭირო რაოდენობაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. დადგენილია, რომ ვარჯიშისა და სხვა ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ამ რაოდენობას უნდა დაემატოს 400-600 მილილიტრი. ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაში უმჯობესია მივიღოთ არა წყალი, არამედ ნატრიუმიანი სასმელი, რათა შევავსოთ დაკარგული ნატრიუმიც და თავიდან ავიცილოთ ჰიპონატრიემიის აღმოცენება.

მიღებული სითხის რაოდენობა უნდა გაიზარდოს ცხელ და მშრალ ამინდში, ცხელებისას, ღებინების ან ფაღარათისას, საშარდე გზების ინფექციისას, თირკმლის კენჭებისას. ბუნებრივია, არ იგულისხმება ის დაავადებები, როდესაც რეკომენდებულია სითხის შეზღუდვა და მკაცრი კონტროლი (გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ასციტი ციროზის გამო).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები წყლის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, საზამთროს და პომიდვრის წონის 90% სწორედ წყალია. წყალს შეიცავს რძე და ხილის წვენიც. მართალია, წყალს შეიცავს ლუდი, ღვინო და კოფეინიანი სასმელებიც (ყავა, ჩაი, კოლა), მაგრამ ეს სასმელები არ უნდა შეადგენდეს მიღებული სითხის მნიშვნელოვან ნაწილს. რეკომენდებულია სწორედ წყლის - კალორიებისგან თავისუფალი და იაფი სასმლის - მიღება. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ არ არის სასურველი, წყალი მხოლოდ მაშინ დავლიოთ, როცა გვწყურია, რადგან ამ დროს შესაძლოა ორგანიზმი უკვე ოდნავ დეჰიდრატირებულიც კი იყოს.

ხანშიშესული ადამიანის ორგანიზმი ნაკლებად შეიგრძნობს დეჰიდრატაციას და აგვიანებს თავის ტვინისაკენ წყურვილის სიგნალის გაგზავნას. ჯანმრთელ ადამიანთა უმეტესობისთვის რეკომენდებულია სითხის მიღების შემდეგი რეჟიმი: ერთი ჭიქა წყალი ყოველი კვებისას და კვებათა შორის, სითხის მიღება ვარჯიშის წინ და მის შემდეგ, ფიზიკურ დატვირთვამდე და მის შემდეგ.