ცუდი მაგალითი და მცდარი აღქმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცუდი მაგალითი და მცდარი აღქმა

ცხოვრება ასეა მოწყობილი, მშობლებს სევდა იპყრობთ ასაკის მატების გამო, ხოლო ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გაიზარდონ. ამიტომ ყველაფრით თავიანთ იდეალებს - უფროსებს ბაძავენ: სიარულით, საუბრით, მანერებით და ა.შ. პატარები ხედავენ, რომ უფროსები ბევრი რამის მიღწევას ახერხებენ სიტყვის ძალის გამოყენებით. გოგონებიც და ბიჭებიც  ცდილობენ, გამოიგონონ სიტყვები, გამოთქმები, იმეორებენ მშობლების გამონათქვამებს, მაგრამ ხშირად ასეთი სახუმარო სიტყვები სხვების წყენასა და აგრესიას იწვევს. სწორედ მაშინ იწყებენ ბავშვები თავიანთი მიგნებების იმისათვის გამოყენებას, რომ თანატოლთა გრძნობებზე გაბატონდნენ - ეს მათ თავდაჯერებას მატებს, ისინი იწყებენ ლიდერობის თამაშს და როგორც წესი, გამოსდით კიდეც!

საიდან ჩნდება მეტსახელი?

ცუდ მაგალითს ბავშვებს ხშირად უფროსები ვაძლევთ. ისინი ჩვენი სარკეები არიან, მათი საქციელი ხშირად უფროსების ქცევის ანარეკლია. დედების უმრავლესობა არ მალავს სურვილს, ცნობილ ლამაზმანებს ჰგავდეს, მამები კი ცდილობენ წარმატებული საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას, ფულის შოვნას. ბავშვის მახვილ თვალს ეს არ გამოეპარება. ის ღრუბელივით იწოვს ინფორმაციას, რომ ფული, ტანსაცმელი, ძვირფასი ბინა, აგარაკი, მანქანა - ეს პატივსაცემი ადამიანის ატრიბუტებია, ხოლო ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს, ის არაფრის მაქნისია. რამდენჯერ ჩვენ თვითონვე გვისაუბრია, გვიმსჯელია კოლეგების, მეგობრების, მეზობლების შესახებ და გვიწოდებია მათთვის “მშიშარა, უხეირო, უნიათო”. ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვმა მცდარი დასკვნა გააკეთოს და თანატოლებთან უხეშად და უსულგულოდ ქცევა დაიწყოს. ის თანაგრძნობითა და მზრუნველობით კი არ ეპყრობა შედარებით სუსტსა და მორიდებულს, მათ მიმართ ცინიკური და შეუბრალებელია. ამაში კი მშობელთა უტაქტობა და დაუფიქრებელი საქციელია დამნაშავე.

რატომ მაინცდამაინც მე?

ბავშვისთვის დიდი განსაცდელია დაცინვის, მასხარად აგდების, გამოჯავრების ობიექტად ყოფნა. პატარამ, სამწუხაროდ, ჯერ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მჩაგვრელს, როგორ შეინარჩუნოს ღირსება. ის უსუსურობის მძევალი ხდება და ხშირად ამას ვერც აცნობიერებს. მაინც როგორ უნდა მიხვდეს 5-7 წლის ბავშვი, რატომ არის ოჯახში ყველასთვის საყვარელი, თანატოლების წრეში კი - პირიქით? ასეთ სიტუაციაში პატარას უჩნდება მტკიცე აზრი, რომ ამ სამყაროში ახლობელი ადამიანები ძალიან ცოტაა, მხოლოდ ორი-სამი თუ იქნება, და ის მთელ ქვეყნიერებას უპირისპირდება. მას ჰგონია, რომ მხოლოდ მას აქვს უცნაური გვარი, ყველა დანარჩენს კი სავსებით ნორმალური, ამიტომ მათ არ დასცინიან. მაგრამ ძალიან ხშირად, სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საგნების გამო უვითარდებათ და უყალიბდებათ ბავშვებს კომპლექსები და უქვეითდებათ თვითშეფასება.

სწორი პოზიცია

თუ სწორედ თქვენი პატარა შეეჯახა ასეთ პრობლემას, ის შეიბოჭა, დაკომპლექსდა და ჩაიკეტა, თქვენ მაშინვე უნდა დაეხმაროთ მას. აი, რამდენიმე ხერხი:

  • ურჩიეთ მას, ნუ მიქცევს ყურადღებას დაცინვას. დაძაბოს ნებისყოფა, მოიკრიბოს მოთმინება და გაუძლოს აბეზარი თანატოლების 10-15 შემოტევას, მაშინ დამცინავი მიხვდება, რომ ვერ იმოქმედა ობიექტის გრძნობებზე, ვერ გაბატონდა მის თავმოყვარეობაზე და უკან დაიხევს;
  • შესაძლოა მოულოდნელი რეაგირებაც მოახდინოს, მიახვედროს დაჩაგვრის მსურველი, რომ ის ვერ ფლობს სიტუაციას. მაგალითად, ერთმა გოგონამ, გვარად ცხვარაძემ, კიდევ რომ დაუძახეს “ბატკანა”, მოულოდნელად ასეთი პასუხი გასცა გამომჯავრებელს: “დიახ, ცხვარი ვარ, იმიტომ, რომ ცხვრის წელში დავიბადე!” ეს პასუხი მოულოდნელია და ვის გასაგონადაც იყო ნათქვამი, ის ჩუმდება;
  • ხშირად ეფექტურია არასტანდარტული ქცევაც, მაგალითად, საკუთარ თავზე გაცინება სხვებთან ერთად ან ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი გაგიგონია, უბრალოდ წაყრუება. როცა დაგიძახებენ, მაგალითად, “ეი, შენ, ყვინჩილა”, შენ პასუხობ: “რა-რა? ვერ გავიგონე!” და ასე 10-ჯერ. შედეგი ის იქნება, რომ, აბუჩად ამგდები თვითონ დაემორჩილება მას, ვისაც დასცინის, რადგან მიხვდება, უაზროდ იმეორებს ერთსა და იმავეს, შერცხვება და გაჩუმდება.

და რაც მთავარია - ბავშვმა არ უნდა გამოავლინოს ნამდვილი გრძნობები, განსაკუთრებით წყენა, ეს ხომ სწორედ ისაა, რასაც ელის აბუჩად ამგდები. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ თვითონ, როცა შვილი სკოლიდან გამოგყავთ და მის თვალებში სევდასა და ტკივილს ხედავთ? ალბათ, ბევრი მაშინვე ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას იფიქრებს. სამწუხაროდ, ხშირად არც ეს არის გამოსავალი. იმის გარანტია, რომ იქაც არ განმეორდება ყოველივე, არ არსებობს. მეორეც, ბავშვმა უნდა ისწავლოს თავის დაცვა. მართალია, ეს ზოგჯერ მძიმეა, მაგრამ დაფიქრდით, თქვენ ხომ ყოველთვის ვერ დაიცავთ მას.

პატივისცემის ღირსია!

როგორც უნდა ვეცადოთ, ბავშვების ძირითად მასას ვერ შევცვლით. უბრალოდ, უნდა იზრუნოთ, რომ თქვენმა პატარამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თანატოლთა შორის.  ამისთვის:

  • ჩააცვით ბავშვს ლამაზად, სასიამოვნოდ, სილამაზე ყოველთვის იპყრობს სხვათა გრძობებს. უფროსები, მათ შორის მასწავლებლებიც, ყოველთვის იცავენ ასეთ ბავშვს;
  • ბავშვი უნდა გახდეს ლიდერი რაიმეში მაინც: სპორტში, სწავლაში, სხვადასხვა ღონისძიებებში; მაშინ თანატოლები მას პატივისცემით მოეპყრობიან;
  • ბიჭებს უნდა ვასწავლოთ, როგორ შეინარჩუნონ ლიდერობა ფიზიკურადაც. ოღონდ ეს მხოლოდ თანატოლებთან უნდა მოხდეს. უფროსებთან  ჩხუბის დროს უმჯობესია ჩარევა, რადგან ეს საშიშია. თუ მოწინააღმდეგე უმცროსია, ჩხუბი უბრალოდ სირცხვილია.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი შვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციებზე, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, ბევრი რამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, ბავშვს იმთავითვე უნდა ჩავუნერგოთ მეგობრობის გრძნობა, გულღიაობა,  კეთილგანწყობა. ეს თვისებები ძალიან დაეხმარება მას თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაში.