მოდი, ვიმეგობროთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოდი, ვიმეგობროთ!

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება ეზოში, პარკში თუ საბავშვო მოედანზე მოთამაშე პატარებისთვის. რასაკვირველია, მაშინვე მიხვდებით, რომელი მათგანია საზოგადოების სული და გული, ლიდერი, ტონის მიმცემი და მისაბაძი მაგალითი და რომელი - წყნარი, უჩინარი, დაცინვისა და უხეში ხუმრობის ობიექტი, ვის აქცევენ ყურადღებას მხოლოდ მაშინ, როცა ხელში ახალ ლამაზ სათამაშოს ან კანფეტების კოლოფს დაუნახავენ.

არიან ბავშვები, რომლებთან მეგობრობაც ყველას სურს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც მხოლოდ დასცინიან, თავს ესხმიან. შეიძლება თუ არა ამ სიტუაციის შეცვლა?

ელენე, რომელიც ახლა 30 წელსაა გადაცილებული, ბავშვობას იხსენებს: "ხუთი წლის ვარ. ვდგავარ ეზოში და მუხლს დავცქერი, ხელს ვისვამ. თავი ისე მიჭირავს, ვითომ მუხლი ვიტკინე და მთელი ყურადღება მისკენ მაქვს მიპყრობილი. სინამდვილეში კი ველოდები, როდის დამიძახებენ გოგონები და როდის შემომთავაზებენ მათთან ერთად გარაჟზე აძრომას. ვდგავარ და ველი, როდის დამიძახებენ ანა, ეკა და თიკო. იმედი არარეალურია. გოგონებს ჩემი პერსონა მხოლოდ ისე აინტერესებთ, როგორც დაცინვის ობიექტი: მე ხომ სათვალიანი ვარ, მოუქნელი, თანაც, დედამ გარაჟზე ამძვრალი რომ დამინახოს, ალბათ მომკლავს... მაგრამ ვერ მომკლავს, რადგანაც გოგონები არ დამიძახებენ. განსაკუთრებით მინდა ანასთან მეგობრობა - ის ხომ ნამდვილი მზეთუნახავია... შიშით ვუახლოვდები გოგონებს, მაგრამ უცებ დამცინავი სიცილი მესმის: "სათვალიანო, აქ რა გინდა?!" "შეიძლება..." - ვიწყებ გაუბედავად, მაგრამ მყისვე გაისმის განაჩენი: "არც იოცნებო, შენთან არ ვთამაშობთ". ნაწყენი ცრემლებს ვმალავ და ქვიშის მოედნისკენ თავდახრილი მივდივარ. იქ დედა მხვდება. რა თქმა უნდა, ვისმენ მის კლასიკურ ფრაზას: "ელენე, რა სულ მარტო ხარ, წადი, გოგოებთან ითამაშე!" რა თქმა უნდა, ვამბობ, რომ არ მეთამაშებიან და დედა დამაგვირგვინებელ აკორდს იღებს: "რანაირი ხარ, არავისთან მეგობრობა არ შეგიძლია!".

სუსტი რგოლი

ამჟამად ელენე საკმაოდ წარმატებული პიროვნებაა, მაგრამ ბავშვობისას მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რა მწარეა, იყო თანატოლების დაცინვის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, მას არ სცემდნენ და არ ქურდავდნენ; მან თავად აქცია თავისი თავი მსხვერპლად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

დააკვირდით ეზოში მოთამაშე ბავშვების ჯგუფს. საკმარისია სულ ათი წუთი, რომ მიხვდეთ, ვინ ლიდერია, ვინ - "საშუალო რგოლი" და ვინ - მსხვერპლი. დიდ ჯგუფში ყოველი კატეგორია ქვეკატეგორიებადაც დაიყოფა, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. იქაც კი, სადაც სულ სამი ბავშვი თამაშობს, შეამჩნევთ ლიდერს, საშუალოს და აუტსაიდერს. იგივე ხდება მოზარდ ასაკშიც. განსხვავება ის არის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ისეთი მეგობრობა, როგორიც მოზარდებს, ამიტომ მათი როლები ძალიან სწრაფად იცვლება - გუშინდელი "საშუალო" დღეს შეიძლება ლიდერი გახდეს, ხოლო ლიდერი - აუტსაიდერი.

თუ ყური მოჰკარით, რომ თქვენს შვილს ვიღაცამ სულელი დაუძახა, არ არის საჭირო, მაშინვე გამოექომაგოთ - დიდია ალბათობა, მეორე დღესვე ყველაფერი შეიცვალოს. სერიოზული პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი მუდმივად მსხვერპლია.

მსხვერპლის კომპლექსი

ხუთი წლის ნიკას ვინმემ რომ უთხრას, თავად იწვევ თანატოლებს, რომ დაგჩაგრონო, რასაკვირველია, არ დაიჯერებს - მას ხომ ძალიან უნდა მათთან მეგობრობა! უბრალოდ, იცის, რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგანაც თავად სხვებზე უარესია - სხვები დარბიან, იცინიან, ხეებზე დაძვრებიან, მას კი არაფერი შეუძლია. დედა ბიჭს გამუდმებით აფრთხილებს, რომ ეს არ შეიძლება, საშიშია, ხელს მოიტეხს, თავს გაიტეხს... ნიკას თავადაც ეშინია ამის, ცდილობს, საშიშ თამაშებს თავი აარიდოს და საქანელაზეც კი ფრთხილად ქანაობს.

ნიკას დედას რომ ვუთხრათ, შენი განუწყვეტელი მზრუნველობით შვილს პირადი ცხოვრების საშუალებას არ აძლევ (ამის სურვილი კი ხუთი წლის ბავშვებსაც აქვთ!) და თრგუნავო, არ დაიჯერებს. ასე რომ, ნიკას ჯერჯერობით არ ჰყავს მეგობრები, ხოლო დედას არ აქვს სამსახური, რადგან ბიჭის მარტო დატოვებისა ეშინია - ძიძა დედასავით ვერ მოუვლის, საბავშვო ბაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ნიკა მსხვერპლია. ის დადის ბეჭებში მოხრილი, დასცქერის იატაკს, იშვიათად იღიმება, თითქმის არასოდეს იცინის, თანატოლებს ჩუმად და გაუბედავად ელაპარაკება. ბიჭები დიდი ხანია გეგმავენ ნიკას ცემას, მაგრამ მისი დედისა ეშინიათ. რატომ უჩნდებათ ამ გაუბედავი ბიჭის ცემის სურვილი? ამას თვითონაც ვერ გეტყვიან. რთული ლოგიკური ჯაჭვი ადვილად შეიძლება გაიხსნას: თავისი ქცევით ნიკა თანატოლებს მიანიშნებს: "მე სუსტი ვარ, ჩემი წყენინება შეიძლება!" ბიჭის ქცევის პროვოცირებას კი დედა ახდენს. მას მიაჩნია, რომ მის შვილს არ შეუძლია ელემენტარული თამაში, ის, რაც ძალიან ადვილად გამოსდით სხვებს; წაიქცევა იქ, სადაც სხვები გარბიან; თავს გაიტეხს მაშინ, როცა სხვებს ეს არ ემუქრებათ... ესე იგი ნიკა მართლაც სუსტია. დედა მას ამხანაგებთან თამაშს არ უკრძალავს, ხშირად თვითონვე ცდილობს, თამაშში ჩააბას. "ბავშვებო, ეს ნიკაა. ეთამაშეთ მას!" - ამბობს ის, მაგრამ ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ბიჭს ყველაზე უინტერესო სათამაშოს აჩეჩებენ და ზურგს აქცევენ.


დავიწყოთ საკუთარი თავით

აუცილებელია, დავამარცხოთ შვილის არსებაში მსხვერპლის კომპლექსი, ამისთვის კი აუცილებელია, საკუთარ თავში დავამარცხოთ ჰიპერაქტიური დედა. აუცილებელია, ბავშვს მივცეთ თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ჰკითხეთ შვილს, რისი ჩაცმა სურს, მიეცით გუბეში ჭყაპუნის უფლება - არა უშავს, თქვენ ხომ სახლთან ახლოს ხართ, ახვალთ და გამოიცვლით... მიეცით უფლება, ირბინოს, ითამაშოს, ნუ გადაირევით, თუ წაიქცა. სული შეუბერეთ, დაბანეთ და პლასტირი დააკარით! დიდი ამბავი! ვის არ უტკენია მუხლი! თავდაპირველად ბავშვს ძალზე გააკვირვებს დედის მეტამორფოზა და, რასაკვირველია, უმალვე არ დაიწყებს სხვებივით სირბილსა და ცელქობას, ამიტომ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ბავშვი გაიზარდა, დიდია, დამოუკიდებელია, ახლა მისთვის ყველაფერი შეიძლება. ნუ გამოიყენებთ ფრაზას "შენ არ ხარ სუსტი". ის ბავშვს მხოლოდ საკუთარი სისუსტის შეგრძნებას გაუმყარებს.

ადამიანის ქვეცნობიერება ვერ აღიქვამს ნაწილაკს "არ". ამიტომ ჯობს, ფრაზა ასე ჩამოყალიბდეს: "ადრე პატარა იყავი, ახლა კი დიდი ხარ, ძლიერი, მოხერხებული!

სხეულის ენა

მოუყევით ბავშვს სხეულის ენის შესახებ. უფრო ხშირად მიაპყარით მისი ყურადღება ამა თუ იმ ადამიანის ქცევას. აქციეთ ეს პროცესი თამაშად. ერთად დააკვირდით, როგორი მოღუშული ბიძია ზის ტაქსიში, როგორ იცინის პატარა გოგო, დეიდა ტელევიზორში... გაამახვილეთ ყურადღება იმ გარემოებაზე, ენდომებათ თუ არა ასეთ პიროვნებასთან მეგობრობა. "ნახე, როგორი დაღვრემილი სახე აქვს ამ ბიჭს, წარბებშეჭმუხნილი, უკმაყოფილო. მეორე ბიჭი მოწყენილია, თავჩაქინდრული, არავის უყურებს. მათი მეგობარი კი მხიარულია, იცინის, გვიყურებს. რომელთან გინდა მეგობრობა? რა თქმა უნდა, მხიარულთან. ყველას მხიარულ ადამიანთან უნდა მეგობრობა, ამიტომ უნდა გაიცინო და ყველა გაგიღიმებს". შეიძლება, სახლში რეპეტიციაც კი მოაწყოთ, ბავშვს ასწავლოთ ღიმილი და მისალმება. დაამეგობრეთ თოჯინა და დათუნია. როგორი იქნება მათი მეტყველება? რა თქმა უნდა, თამამი და თავდაჯერებული. გაითამაშეთ ყველა დეტალი - გაცნობა, საუბარი, ღიმილი, ერთად თამაშის წინადადება...

შენ თვითონ ხარ...

ეკა აცრემლებული დაბრუნდა შინ. ეზოში მას არ ეთამაშებიან, აბრაზებენ, ზოგჯერ კიდეც სცემენ. ისტორია დიდი ხანია გრძელდება. ბავშვები შეამჩნევენ თუ არა მარტო მოსეირნე ეკას, ცდილობენ, რაც შეიძლება მაგრად ატკინონ გული. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ფანტაზია არც ისე მდიდარი აქვს. ეკას დანახვისას ისინი ამბობენ, რომ გოგონას ცუდი სუნი სდის, ან რამე ასეთს. გოგონა სულაც არ ცდილობს თავის დაცვას, გარბის და ტირის. ეკას დედა მარტო ზრდის, ამიტომ ის დრო, რომელსაც გოგონა ეზოში ატარებს, მისთვის ძალიან ძვირფასია: შეიძლება სახლი დაალაგო, სადილი გააკეთო ან სულაც მეგობარს ესაუბრო ტელეფონით და შენი პრობლემები შესჩივლო... როცა თვალცრემლიანი გოგონა შინ ბრუნდება, დედა მას კვლავ აგზავნის სასეირნოდ. ეკა აღარაფერს ეუბნება დედას.

ეკასა და დედამისის ისტორია ისეთივე უკიდურესობაა, როგორიც ნიკასი და დედამისის. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიჭისთვის საშიშია ზედმეტი მზრუნველობა, ხოლო გოგონასთვის - განურჩეველი დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში მშობელთა ქცევის ორივე ვარიანტი არასწორია.

ეკას დედა უფრო ყურადღებიანი რომ იყოს, გოგონას აუცილებლად ასწავლიდა თავის დაცვას. შეიძლება შვილს ავუხსნათ: "გოგონებიც ხომ შენი ტოლები არიან. ისინი არ არიან შენზე ძლიერები. შეგიძლია, დაცინვაზე თავადაც დაცინვით უპასუხო". რა თქმა უნდა, დედას გაცილებით მდიდარი ფანტაზია აქვს, ვიდრე პატარა ბავშვს. ის ადვილად გაიხსენებს გამოჯავრების დროს "გამოსაყენებელ" ფრაზებს. მაგალითად: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის!" რასაკვირველია, ეს არაეთიკურია, მაგრამ ეფექტურია. ბავშვების ასეთი სიტყვიერი "პაექრობა" ერთგვარი ვარჯიშია მოზარდ ასაკში საკუთარი აზრის დაცვის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად. ასე სწავლობს ბავშვი კონფლიქტის მართვას, ემოციურად ექსტრემალურ სიტუაციებში ქცევის წესებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი "წაკამათებიდან" ცოტა ხნის შემდეგ პატარები ისევ ერთად თამაშობენ. ასე რომ, სიტყვიერ პაექრობას ცუდი არაფერი მოჰყვება, რამდენჯერმე სათანადო პასუხის მიღების შემდეგ კი ეკას წყენინების სურვილი აღარავის გაუჩნდება.

შემთხვევითი შეხვედრა

მოდი, ჩვენი საუბრის დასაწყისს დავუბრუნდეთ. ელენე გაოცებული ჰყვება, რომ მრავალი წლის შემდეგ ანას შეხვდა. ის სულაც აღარ გამოიყურებოდა კარგად, სამსახურიც ნამდვილად არ ჰქონდა სახარბიელო, ელენემ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია. "ასე იცვლება ცხოვრებაში ყველაფერი", - ამბობს ის გაოცებული.

მართლაც, სკოლამდელ ასაკში ლიდერობა არაფერს ნიშნავს. არაფერს ნიშნავს ამ პერიოდში აუტსაიდერობაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ბავშვს, რომ შეიძინოს მეგობრები, ისწავლოს თანატოლებთან ურთიერთობა.