მშობლებისთვის აკრძალულია!
- ბავშვს არასოდეს გააგონოთ: “ასე თუ მოიქცევი, აღარ მეყვარები”, “ჯობდა, რომ სულ არ მყოლოდი”, “ბავშვი კი არა, ნამდვილი სასჯელი ხარ”, “ასეთი შვილი არაფერში მჭირდება” და ა.შ. ეს ფრაზები ბავშვში განდევნის, მიტოვების და, მაშასადამე, სიკვდილის შიშს იწვევს. ბავშვს არ შეუძლია სამყაროში მარტო არსებობა. ის ამას კარგად ხვდება. დედა კი პატარა ბავშვისთვის მთელი სამყაროა.
- არასოდეს ჰკრათ ხელი პატარას, რომელიც თქვენკენ მოიწევს და თქვენს კოცნას ლამობს. მრავალი სპეციალისტის აზრით, არც კი უნდა დაისვას კითხვა “საჭიროა თუ არა ბავშვის ხელში აყვანა?” უდავოა, რომ სხეულით კონტაქტი აუცილებელია, ბავშვისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დედის ალერსის დეფიციტით გამოწვეული სულიერი მდგომარეობა ადამიანს მთელი სიცოცხლე მიჰყვება.
- არასოდეს დაეჭვდეთ, რომ თქვენი შვილი საყვარელი და კარგია. გჯეროდეთ მისი. რაც არ უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, რაც არ უნდა გაიგოთ მის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, მშვიდად გაარკვიეთ, რა მოხდა, რატომ ჩაიდინა ეს. თუ ბავშვი მართლა მიუღებლად მოიქცა, ესე იგი საამისო მიზეზი ჰქონდა. ჯობს, ის დავადგინოთ, ვიდრე პატარა დაუფიქრებლად დავსაჯოთ ან განვსაჯოთ.
არის შემთხვევები, როცა მშობელს არ სჯერა შვილის უდანაშაულობის და მას ისე ესაუბრება, როგორც ბოროტმოქმედს. ამ დროს ბავშვი ძალიან ცუდად გრძნობს თავს. დედას არ ესმის მისი, მას უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი. შვილი გრძნობს, რომ მას უღალატეს, უარყვეს.
- არ შეიძლება შვილთან დიდი ხნით გაბუტვა. ბავშვი, რომელიც დედამ თავისი უყურადღებობით დასაჯა, თავს დამცირებულად გრძნობს. პატარა ბავშვს მალე ავიწყდება კონფლიქტის არსი, მტყუან-მართალი. ის მხოლოდ იტანჯება, ვინაიდან უარყვეს.
- არასოდეს დააწვინოთ დასაძინებლად ნაწყენი ბავშვი. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე სიბნელეში მარტო წოლა, როცა ყურებში თითქოს ისევ ჩაგესმის დედის განრისხებული ხმა: “წადი, დაიძინე!” პატარას ეშინია მომავალი დღის, გაურკვევლობის. აუცილებელია ძილის წინ ბავშვთან დამშვიდობება, დღის განმავლობაში მომხდარი ცუდი ამბების დავიწყება, ხვალინდელი დღის იმედიანი მოლოდინი, ალერსიანი საუბარი და ოცნება.
- არ შეიძლება დღის დაწყება სიტყვებით: “ადგები თუ არა”, “რამდენჯერ უნდა გაგაღვიძო” და საბნის გადახდა. რეალურად, გამოღვიძება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხშირად ის განსაზღვრავს მთელი დღის განწყობას. ამიტომაა აუცილებელი, რომ დედა, რომელიც საღამოს ნაზი ალერსით აძინებს ბავშვს, ასევე აღვიძებდეს.
ადამიანებს ძილის განსხვავებული რიტმი აქვთ. თუ ბავშვი “ტოროლაა”, ის ადვილად ადგება, უცებ მოწესრიგდება, მაგრამ “ბუ” ნელა, ალერსით, თამაშ-თამაშით უნდა გავაღვიძოთ.
- აუცილებელია, დილით ბავშვი გავაცილოთ, ხოლო შინ დაბრუნებისას შევხვდეთ. ეს რიტუალი ამყარებს შეგრძნებას, რომ სახლი ის ციხესიმაგრეა, სადაც გელიან და ყველას უყვარხარ.
- ბავშვს ყოველთვის გულახდილად ესაუბრეთ. განურჩევლად თემისა, საგნებს თავისი სახელი უნდა ეწოდოს.
- აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის აზრი, როცა საქმე მისსავე ცხოვრებას ეხება.
- არ დაარღვიოთ შვილის პირადი სივრცე - არ წაიკითხოთ მისი წერილები, მესიჯები, არ აკონტროლოთ სატელეფონო საუბრები (რასაკვირველია, თუ ბავშვის უსაფრთხოებას არ ეხება საქმე).
- არასოდეს დააყენოთ მატერიალური ბავშვზე მაღლა, არ გამართოთ ისტერიკა გატეხილი ლარნაკის ან გახეული შარვლის გამო. ზოგიერთი დედა დარწმუნებულია, რომ ამით ბავშვს ნივთების მოვლას ასწავლის, რეალურად კი დიდია საშიშროება, შვილს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ნივთი მასზე ძვირფასია.