აზრებისა და მრისხანების წრთობა
რასაკვირველია, ყოველივე ამას მხოლოდ ბავშვისადმი დამოკიდებულებით ვერ ავხსნით, მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მშობლის განწყობის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ორსულობის პირველ თვეს საფუძველი ეყრება ბავშვის სულიერ პოტენციალს, მეორე თვეს - დამოუკიდებლობასა და აქტიურობას, რაც განსაზღვრავს შემდგომ ბავშვის ქცევას კრიტიკულ სიტუაციებში; მესამე თვეს ხდება ინტელექტისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების ფორმირება, მეოთხე თვეს საფუძველი ეყრება სოციალურ ურთიერთობებს (ემპათიას (თანაგრძნობას), კომუნიკაბელობას და სხვა), მეხუთე თვეს - შრომისადმი დამოკიდებულებას, მეექვსე თვეს - გემოვნებასა და ცხოვრებისეულ ორიენტაციას (ამტანობას, გონიერებას), მეშვიდე და მერვე თვე მნიშვნელოვანია საგანთა შინაგანი არსის ფორმირების მხრივ, ხოლო მეცხრე შინაგან ძლიერებასა და გენიალურობას უყრის საფუძველს. თუ ეს სიმართლეა, როგორ არ უნდა მოთოკონ დედებმა თავიანთი ემოციები, როგორ არ უნდა ეცადონ წონასწორობის შენარჩუნებას, როგორ არ უნდა დაუდგნენ მათ ამ დროს გვერდით მამები? დედები, რომელთაც ძალიან უყვართ ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილები, უფრო ძლიერ და თავდაჯერებულ ბავშვებს აჩენენ. ალერსიანი დამოკიდებულება ნაყოფის მიმართ მისი ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ორსულის დისციპლინა, ექიმის რჩევებისა და მითითებების შესრულება დედობით ტკბობის საფუძველია. ექიმის მითითებები საშუალებას გვაძლევს, შევასუსტოთ ორსულთა ტოქსიკოზი, შევამციროთ ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ანემიის, პიელონეფრიტის განვითარების, სისხლში გლუკოზის მომატების ალბათობა. უნდა ვისწავლოთ საკუთარი აზრებისა და ემოციების კონტროლი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ისინი აყალიბებენ რეალობას. დააკვირდით საკუთარ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინ, კომფორტულ გარემოში არ ხართ, მაგალითად, ზიხართ ავტობუსში, თანაც პიკის საათში. ხალხი მოძრაობს, ვიღაც გზას არ გითმობთ, ვიღაც უხეშად გპასუხობთ. თქვენც ღიზიანდებით, იჭმუხნებით, უკმაყოფილებას გამოხატავთ, ხასიათი გიფუჭდებათ, წინ კი მთელი დღეა. იქნებ ეცადოთ, ყურადღება არ მიაქციოთ ყოველივე ამას და სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, გაიხსენოთ სულ ახლახან მომხდარი კარგი ამბავი და უბრალოდ გაიღიმოთ... სულიერი სიმშვიდე აუცილებელია, თანაც არა მარტო ორსულობისას - მერეც. კარგი განწყობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიყვარული ხომ საუკეთესო სტიმულია ახალშობილის ძუძუთი ხანგრძლივი კვებისა და პატარას ჰარმონიული განვითარებისთვის.