ცუდი ბავშვი არ არსებობს
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, პირველ რიგში, იმაზე დავფიქრდეთ, რატომ იქცევიან ბავშვები ცუდად. სხვადასხვა ასაკში ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ამჯერად ყველაზე პატარებზე ვისაუბრებთ - მათზე, ვისაც ჯერ არ შესრულებია ორი წელი და ექვსი თვე, ამ ასაკში კი ბავშვის დასჯას ისევე არ აქვს აზრი, როგორც ჩვილის გაკიცხვას იმის გამო, რომ პამპერსში ჩაისვარა.ძალიან პატარა ბავშვი თავის საქციელზე პასუხს არ აგებს, რადგან მან არ იცის, რა არის კარგი და რა - ცუდი.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბავშვს შეიძლება ყველაფრის ნება დავრთოთ? რასაკვირველია, არა; ასეთი მიდგომით ის ვერასოდეს ისწავლის ცუდისა და კარგის გარჩევას.
ძალიან პატარა ბავშვსაც უნდა ვასწავლოთ, როგორ შეიძლება მოიქცეს და როგორ არა, მაგრამ არა დასჯით, არამედ ახსნით ან იმის დემონსტრირებით, რა გიხარიათ და რა გწყინთ. მოდი, კონკრეტული მაგალითები მოვიშველიოთ.
სადილობისას პატარა წრიალებს და წვნიანს ღვრის. წვნიანი მაგიდიდან თქვენს ტანსაცმელზე იღვრება. პირველი რეაქცია პატარას მიტყეპის სურვილია, რადგან ბევრჯერ გააფრთხილეთ, რომ წყნარად მჯდარიყო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება - თქვენი თავშეუკავებლობით ბავშვს ტრავმას მიაყენებთ, ხოლო თუ ასეთი რეაქცია ხშირად განმეორდა, შესაძლოა შვილის მომავალი დაამახინჯოთ. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. საქმე ის გახლავთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვი ჯერ მხოლოდ იწყებს სამყაროს შეცნობას. თქვენ მისთვის ხართ სიყვარულის წყაროც, მასწავლებელიც, მცველიც. თუ სცემთ, უყვირებთ და ეტყვით, რომ ცუდია, პატარა თქვენს სიტყვებს პირდაპირ გაიგებს: ის ცუდია და არავის უყვარს. არაფრით არ შეიძლება ბავშვის ასე წყენინება! თქვენი სიტყვების გაგონებისას პატარა ტირილს იწყებს არა იმიტომ, რომ დაღვრილი წვნიანის გამო უსაყვედურეთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ის არ გიყვართ. ამასთან, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ბავშვს არ ესმის, რა დააშავა.
ორ წლამდე ბავშვს ჯერ კიდევ არ შესწევს მიზეზისა და შედეგის გაგების უნარი. ის უბრალოდ ვერ ხვდება, რომ წვნიანი მან დაღვარა, ვერ ხვდება, რომ თეფში თავისით არ გადაბრუნდებოდა. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? იქნებ ჯობს, თავი შევიკავოთ? მაგრამ თუ გაღიზიანება დაგროვდა, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად ამოიფრქვევა. ამასთან ერთად, ბავშვი იგრძნობს, რომ უკმაყოფილო ხართ და ეს შესაძლოა ცუდად აისახოს მის ფსიქიკაზე. ყველაფერს სჯობია, თქვენს ემოციებს გასაქანი მისცეთ, მაგრამ ისინი ბავშვისკენ არ მიმართოთ. თავისუფლად შეიძლება განიმუხტოთ, თუ შეჰყვირებთ: "რაღა ვქნა ახლა, მაგიდა დასველდა, ტანსაცმელიც დამესვარა!" ბავშვზე კამერტონივით მოქმედებს თქვენი განწყობა. ის უმალვე მიხვდება, რომ ნაწყენი ხართ და თანაგიგრძნობთ. თუ ამის შემდეგ აუხსნით პატარას, როგორ შეიძლებოდა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება, ის ყოველ ღონეს იხმარს, რომ აღარ გაწყენინოთ.
მაშინაც კი, როცა მიგაჩნიათ, რომ ბავშვი განზრახ იქცევა ცუდად, გააანალიზეთ სიტუაცია - შესაძლოა, ცდებით. მაგალითად, პატარა ბავშვს დააინტერესა, როგორ მუშაობს რადიო. მან ხელი გასწია რადიოს ასაღებად, მაგრამ ის გადაყირავდა და ლარნაკი ჩამოაგდო, ლარნაკი დაიმსხვრა. დედა ისე მოიქცა, როგორც ასეთ დროს მოიქცეოდა დედების უმრავლესობა - ის გაბრაზდა და შვილს დაუყვირა. ბავშვი წავიდა, მოიტანა ჯოხი და რადიოს დაუმიზნა. დედამ ძლივს მოასწრო მისი გადარჩენა... დედების უმრავლესობას ეს უფრო მეტად გააბრაზებს; ისინი ბავშვს მკაცრად დატუქსავენ, ეტყვიან, რომ უზნეო, ჯიუტი და უსაქციელოა. სინამდვილეში პატარა სულაც არ არის დამნაშავე. მისი თვალთახედვით, მას უსამართლოდ გაუბრაზდნენ, რადგან დამნაშავე რადიო იყო - ლარნაკი ხომ მან გადმოაგდო, ამიტომ სასჯელიც დაიმსახურა და ახლა ჯოხსაც მიიღებს.
ორი წლის ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია თავისი ნააზრევის გადმოცემა, ამიტომაც ცდილობს, თავად აღადგინოს სამართლიანობა. თუ პატარას სათამაშოების მეშვეობით ვუჩვენებთ, რა მოჰყვება ერთი სათამაშოს მიერ მეორის ჩამოგდებას, ის მიხვდება, რომ ასე შეიძლება რაღაც გატეხო და დააზიანო.
ზოგჯერ უფროსებს შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვონ ბავშვის ცუდი საქციელი. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი პატარას ცდუნება. მაგალითად, თუ სასეირნოდ წვიმის შემდეგ მიდიხართ, პატარა ბავშვი აუცილებლად იჭყაპუნებს გუბეებში. სხვაგვარად ბავშვიც არ იქნებოდა. ძალიანაც რომ ეცადოთ, ვერ გააგებინებთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. შესაძლოა, თქვენს დასანახად ისე მოიქცეს, როგორც სთხოვთ, მაგრამ გაიხედავთ თუ არა სხვა მხარეს, ის ცდუნებას ვერ გაუძლებს და აუცილებლად ჩაჰკრავს გუბეში ფეხს.
არსებობს უკეთესი ვარიანტი: წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ პატარას, რომ როცა ბოტები აცვია, შეიძლება გუბეში გაიაროს, როცა ფეხსაცმელები - არა. თუ ბავშვი ამ პირობას დაარღვევს, ის დამარცხდება. თქვენც დაისვენებთ და ბავშვიც კმაყოფილი დარჩება.
თუ აკრძალვებს შეამცირებთ და ბავშვს მეტ თავისუფლებას მისცემთ, მას უფრო იშვიათად გაუჩნდება ცუდად მოქცევის სურვილი. აღზრდის პროცესში მთავარია, ბავშვმა გაკვეთილი მიიღოს, მაგრამ ისე, რომ სულში ჭრილობა არ დარჩეს.
არც ერთი ბავშვი არ იქცევა ცუდად განზრახ, უფროსების ჯიბრზე. უბრალოდ, მან ჯერ არ იცის ქცევის წესები. თქვენი ამოცანაა, გასაგებად აუხსნათ პატარას, რა შეიძლება და რა - არა. ასე ისწავლის ბავშვი საკუთარი საქციელის შეფასებას.