10 ოქროს წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ოქროს წესი

დასაწყისი იხ. წინა ნომერში

მეთოდი 8. დღის წესრიგი

ცხოვრების რეჟიმი ანუ მისი ძირითადი ელემენტების მუდმივობა, რასაც განუხრელად ვიცავთ, ქმნის ქცევის რთულ დინამიკურ სტერეოტიპს. ეს არის ცხოვრების ორგანიზების თავისებური ხერხი. ის საშუალებას გვაძლევს, პერიოდულად ვაკონტროლოთ პიროვნება და თავად მასაც ეხმარება თვითკონტროლში, ხელს უწყობს ორგანიზებულობის, ცხოვრების ენერგიული ტიპის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს მის სისხლსავსეობას. ბავშვის ცხოვრების რეჟიმი თავდაპირველად მისი ბიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად ყალიბდება - აუცილებელია ძილი, კვება, სიფხიზლე. შემდეგ ამას ერთვის მოღვაწეობისა და ურთიერთობის მოთხოვნილება და ბავშვი იწყებს მოძრავ თუ წყნარ თამაშებს, უსმენს ზღაპრებს, უყურებს ტელეგადაცემებს. უფროს ასაკში ამ ყოველივეს ემატება სასწავლო აქტივობა. სანიმუშო რეჟიმი ყველა ასაკისთვის შეიძლება აღმოვაჩინოთ სპეციალურ ლიტერატურაში, საიტებზე, ჟურნალებში, მაგრამ ეს საშუალოსტატისტიკური რეჟიმი აუცილებლად უნდა მოვარგოთ კონკრეტულ ბავშვს. მასში ცვლილებათა შესატანად მშობლებს შვილის უკეთ გაცნობა მოუწევთ. რასაკვირველია, შეიძლება ბავშვი მივაჩვიოთ საათობრივ ძილსა და კვებას, მაგრამ უმჯობესია დავაკვირდეთ პატარას, გავიგოთ მისი მოთხოვნები, მისი ორგანიზმის თავისებურებები და რეჟიმიც ამის შესაბამისად შევცვალოთ. შეიძლება, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ გავისეირნოთ და მერეღა დავიწყოთ მეცადინეობა, მაგრამ ვიდრე ამას გადავწყვეტდეთ, ჯობს ბავშვს დავაკვირდეთ, რათა შევიტყოთ, როგორ მოქმედებს მასზე სეირნობა – აღაგზნებს თუ ამშვიდებს, ზრდის მის შრომის უნარს თუ, პირიქით, ამცირებს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ასევე, დაკვირვებათა შედეგების მიხედვით ერთმანეთს შევუსაბამოთ ყველაზე საპასუხისმგებლო მეცადინეობისა და ბავშვის ბუნებრივი ბიოლოგიური რიტმის დღეღამური მაქსიმუმები (აქტივობის პიკები). როცა მშობლები შვილისგან მოითხოვენ რეჟიმის მკაცრად დაცვას, თავადაც უნდა იცავდნენ ცხოვრების განსაზღვრულ წესს. პედაგოგიური ამოცანის სირთულე ის არის, რომ რეჟიმთან მიჩვევისას უნდა ვისწავლოთ რეჟიმის გონივრული დარღვევა, რათა მკაცრად განსაზღვრულმა წესრიგმა პატარა არ "გადაწვას". პედანტიზმი, ზომიერების გრძნობის დაკარგვა, ცხოვრებისეული მომენტების იგნორირება რეჟიმის გამო აღმზრდელის საშიში თვისებებია.

მეთოდი 9. თამაში

ჯანმრთელი ბავშვი დროის უდიდეს ნაწილს ხალისით ატარებს თამაშში. პატარა, რომელიც ნაწყენია ან ავადაა, შეთავაზებულ თამაშში უგუნებოდ ერთვება. ბავშვი, რომელსაც თამაში არ სურს, ან ავადაა, ან დათრგუნულია. თამაში აკმაყოფილებს ბავშვის სურვილს, შექმნას, ურთიერთობა დაამყაროს, ავითარებს პიროვნების სხვადასხვა მხარეს. თითქმის ყოველგვარი თამაში არის მოძრაობა, განსაზღვრული წესების დაცვა, ურთიერთობა, რისკი, დაძაბულობა, სტრესი, რასაც მოგება თუ მარცხი იწვევს. თამაში არის რეალური განმავითარებელი მოქმედება წარმოსახვით გარემოში. და ამიტომ ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით განმავითარებელი მოღვაწეობის პედაგოგიური ორგანიზაციის შესახებ, თამაშზეც ითქმის. შეიძლება დავამატოთ, რომ თამაში ორგანულად შეიძლება შეერწყას მოღვაწეობის სხვა სახეებს და ემოციურად გაამდიდროს ისინი, მომხიბლაობა შესძინოს მათ. პირობითობა, რომელიც თან ახლავს თამაშს, ამცირებს დაძაბულობასა და პასუხისმგებლობას შედეგის გამო, ემოციები კი ბუნების მიერ ორგანიზმის რეზერვთა გააქტიურებისა და სტიმულირებისთვის არის შექმნილი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის მონაწილეობა თამაშში, რაც პატარას ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ ფორმირებას უწყობს ხელს.

მეთოდი 10. გრძნობები

ემოცია არის ყველაზე ღრმა და ზოგადი რეაქცია სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. სირცხვილი, სიხარული, სიბრალული, შური საკმაოდ ზუსტად გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას და მის დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მათ შეფასებას. რასაკვირველია, გვინდა, ზოგიერთი ემოცია თავიდან ავიცილოთ, ზოგიერთი კი გავაძლიეროთ. ამისთვის აუცილებელია ქმედება, გარემოებებზე რეაგირება, მათი შეცვლა, ანდა საკუთარი როლისა თუ ადგილის შეცვლა ამ გარემოებებში. რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით უფრო ეფექტურია მისი მეშვეობით ადამიანის ქცევის მართვა. შესაბამისად, ადამიანის ემოციებზე ზემოქმედებით შესაძლებელია იმართოს მისი ქცევა. ემოციური გამოძახილის დროს ერთდროულად მოქმედებენ ბუნებრივი მექანიზმი და რეალობის გაადამიანურებული აღქმა. მაგალითად, დიდი გველი ადამიანთა უმრავლესობაში შიშს, საფრთხის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ ის შეიძლება აღფრთოვანების საფუძველი გახდეს ზოოლოგისთვის, რადგან მას სულ სხვა შეფასებითი პოზიცია აქვს. ესე იგი შეფასებითი პოზიციის ფორმირებისას შეიძლება გამოვიწვიოთ და განვამტკიცოთ განსაზღვრული ემოციური დამოკიდებულებები განსაზღვრულ გარემოებათა მიმართ. როცა ასეთი გარემოებები მეორდება, მეორდება ემოციებიც, ამის კვალობაზე, მიმართულება ეძლევა ადამიანის ქცევას. მნიშვნელოვანია, ბავშვს ჩამოვუყალიბოთ წარმოდგენა სიკეთესა და ბოროტებაზე, იმაზე, რა შეიძლება და რა - არა, ვასწავლოთ ზნეობრივი ნორმები და პრინციპები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვს მივცეთ ემოციური განცდების საშუალება, ჩამოვუყალიბოთ ემოციური რეაქციები განსაზღვრულ გარემოებებზე.

როგორ ხდება ეს რეალურად?

ოჯახში ყალიბდება არა მარტო ემოციური რეაქციები, არამედ ემოციური ქცევის სტერეოტიპებიც. თუ დედა თაგვის დანახვისას შიშისაგან შეხტა, იმავეს გააკეთებს მისი გოგონაც, მაგრამ არა ვაჟი - ოჯახი ახდენს მის ორიენტირებას მამაკაცური ემოციური გამოძახილის ფორმირებაზე. თუ გოგონასთვის საფრთხეზე "ნორმალური" რეაქციაა შიში, ტირილი და ყვირილი, ბიჭისთვის ის კუნთების დაძაბვის, აღგზნებისა და მოქმედებისთვის მზადყოფნის საფუძვლად უნდა იქცეს. თუ ბავშვობაში ბიჭმა მიიღო საფრთხის დროს გოგონას ტიპის რეაქციის გამომჟღავნების გამოცდილება, ანალოგიურ სიტუაციაზე ზრდასრულ ასაკშიც, წარსული გამოცდილების შესაბამისად, ქალის ტიპის რეაქციას გამოვლენს. მამაკაცური ტიპის ქცევა მას უკვე გაუჭირდება, ამისთვის ნებისყოფის დაძაბვა მოუხდება. მოვალეობა, სირცხვილი, სიბრალული და სხვა ადამიანური გრძნობები მხოლოდ კი არ აძლიერებენ ცხოვრების მომხიბვლელობის შეგრძნებას, არამედ მართავენ კიდეც ადამიანის ქცევას. აუცილებელია ამ გრძნობათა გაღვიძება, ფორმირება და განვითარება ბავშვობიდანვე. ასეთია ის "ათი ოქროს წესი", რომელთა დაცვითაც შესაძლებელია ზნეობრივი პიროვნების ჩამოყალიბება.