კარგი მამა
ეს აუცილებელი მისია ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკისრება დედასაც და მამასაც.
რჩევები მამას
- შეუქმენით თქვენს შვილს კარგი მოგონებები ბედნიერ ბავშვობაზე, რასაც მას ვერავინ და ვერასდროს წაართმევს, რაც მთელი ცხოვრება გაათბობს, შექმნის მომავალი პიროვნების ემოციურ ფუნდამენტს, გაანაყოფიერებს ნიადაგს, რომელიც შემდგომში მის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს.
უპირობო მიმღებლობა
- ეს ნიშნავს - თქვენი შვილი რაღაცის გამო კი არ გიყვართ, არამედ ისე, უბრალოდ გიყვართ. მან შეიძლება გაგაბრაზოთ, ხანდახან გაგამწაროთ, მაგრამ სიყვარულის ძირეულ გრძნობას ეს ვერ შეცვლის. მით უმეტეს, არ უნდა უთხრათ ბავშვს, რომ გეყვარებათ „თუ“ რაღაც პირობებს შეასრულებს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სიტუაციის მიუხედავად, ყოველთვის გიყვართ.
ბავშვთან ერთად გატარებული დრო არასდროს ჩათვალოთ ფუჭად დახარჯულად
- სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ - პატარა ბავშვთან ერთად ყოფნა ხშირად მოსაწყენად გვეჩვენება. ნახევარი საათი მივეფერებით, გავერთობით და შემდეგ რაღაც უფრო გააზრებულის კეთება გვინდება. მასთან ჯდომა დროის კარგვად გვეჩვენება. ეს ასე არაა.
ბავშვთან გატარებული ყოველი ადამიანური საათი გროვდება ბედნიერი ბავშვობის ყულაბაში. უბრალოდ, იყავით მასთან, გაატარეთ დრო, აკეთეთ რაღაც ერთად.
დაშვებულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის
- გასაგებია, რომ აკრძალვების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ ამ დროს ვდგებით ცდუნების წინაშე - ავუკრძალოთ თითქმის ყველაფერი, საკმაოდ მწირი ჩამონათვალის გარდა. ასე უფრო ადვილია. შემდეგ შეიძლება ყველაფერზე პრეტენზია წავუყენოთ ბავშვს: „ასე რატომ გააკეთე? ვინ გითხრა, რომ ეს შეიძლება?“ შედეგი - ცუდი მოგონებები „მძიმე ბავშვობაზე“.
უფრო სწორი, თუმცა უფრო საწვალებელი გზაა - მისცეთ ბავშვს სრული თავისუფლება, იმ გამონაკლისების გარდა, რაც ფიზიკურ და მატერიალურ დაზიანებებს უკავშირდება. თუ ბავშვმა განიზრახა გაზეთის დახევა ან კუბიკების სროლა, ჯერ დაფიქრდით, ღირს თუ არა „არას“ ყვირილი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქცევა თქვენთვის მიუღებელი და უცნაურია. არსებითად, ამ ქცევისგან არაფერი შავდება, ზედმეტი აკრძალვა კი, რომელი მხრიდანაც უნდა შეხედო, პიროვნების შეზღუდვაა.
ბავშვები აკეთებენ არა იმას, რასაც ეუბნებიან, არამედ რასაც მშობლები აკეთებენ
- ეს პრინციპი ბევრ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა ტანსაცმელი უწესრიგოდ არ მიმოყაროს ოთახში, მაშინ თქვენი ტანსაცმელიც მოწესრიგებული უნდა ეკიდოს სკამის საზურგეზე.
ბავშვები ყველაფერში მშობლებს ბაძავენ, მათ ნაკლოვანებებსა თუ დადებით თვისებებს. თქვენი ქცევა და მაგალითი ბევრად ეფექტური აღმზრდელობითი საშუალებაა, ვიდრე სიტყვები.
შეიტანეთ შესწორებები ბავშვის შეფასების სისტემაში
- მოზრდილების საზომით ყველა ბავშვი ნორმალურობიდან გადახრილია. ისინი თავიანთ თავს ელაპარაკებიან, შეუძლიათ გიკბინონ, მთელი საათი იწვალონ რაღაც სიმაღლეზე ასაბობღებლად, როცა მეორე მხარეს კიბეა. უბრალოდ, მათ სხვა სამყარო აქვთ და ის ყველაფერი, რაც ჩვენ უაზრობად გვეჩვენება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა სასაცილოდაც უნდა გვეჩვენებოდეს ბავშვის სურვილი, იჯდეს სარკმელთან და ჭუჭრუტანიდან შემოსული სინათლის ყურებაში მიეძინოს, ან თეფშზე კარტოფილის პიურეთი კოშკი ააშენოს, შეეცადეთ, ამ ყველაფერს სერიოზულად შეხედოთ. რადგანაც ამ „უაზრობაზე“ უარის თქმამ შეიძლება „პატარა შეშლილში“ მთელი ტრაგედია დაატრიალოს.
და პირიქით, თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენ გეგმები შეცვალეთ, რათა კედლის მოხატვაში მიეხმაროთ, თავის რწმენას აუმაღლებთ. ის გაიგებს, რომ თქვენ არ ხართ დიდების სულელური სამყაროს წარმომადგენელი, რომელთაც არაფერი ესმით, არამედ მისი ნამდვილი იმედი და მხარდამჭერი ხართ.
პატივი ეცით მის პიროვნებას
- სერიოზულად მიუდექით თქვენი შვილის პიროვნებას. იშვიათად დააყენეთ ფაქტის წინაშე, ხშირად ელაპარაკეთ, გაიგეთ მისი აზრი, სად წავიდეთ დასასვენებლად? როგორი სავარძელი ვიყიდოთ? ჰკითხეთ აზრი, როგორც დისკუსიის სრულუფლებიან წევრს. საეჭვოა, რომ ჭკვიანური რჩევა მოგცეთ, მაგრამ იმის ილუზია, რომ მას ეკითხებიან და არჩევანში მონაწილეობს, აამაღლებს მის თვითშეფასებას, ამასთან თქვენდამი მის პატივისცემას.
აუხსენით
- ყველაზე უარესი პასუხი, რაც მის შეკითხვას შეგიძლიათ გასცეთ, არის - „შენ ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ“. უფრო ადვილია უთხრათ - „სულელი ხარ“. სინამდვილეში კი არც ისე ბევრი რამეა, რისი ახსნაც მართლაც არ შეგიძლიათ ბავშვისთვის მისთვის გასაგებ ენაზე. და თუ ასეთი საკითხები მაინც არის, ბევრ მოზრდილსაც არ შეუძლია მისი გაგება.
ნუ შეგეშინდებათ, იყოთ ალერსიანი
- არსებობს ასეთი ტერმინი - „თერაპიული ჩახუტება“. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი საჭიროებს ტაქტილურ კონტაქტს სხვა ადამიანებთან. იდეალურ შემთხვევაში, ადამიანს დღეში, სულ ცოტა, 4 ჩახუტება სჭირდება. ეს მოზრდილს. აი, ბავშვების მოთხოვნილება კი გაცილებით მეტია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, ხშირად ჩაეხუტოთ თქვენს პირმშოს, საბაბით თუ საბაბის გარეშეც. ყოველ მოხერხებულ შემთხვევაში ხშირად მიეფერეთ და ალერსიანი სიტყვები უთხარით.
არ გააკრიტიკოთ ბავშვი სხვისი თანდასწრებით
- ალბათ, თავადაც მშვენივრად გახსოვთ, რა ადვილად შეეძლოთ თქვენს მშობლებს თქვენი შეცბუნება სრულიად მოულოდნელად.
წესი უბრალოა: აკრძალულია ნებისმიერი ინტიმური ფიზიოლოგიური ან ემოციური საკითხების განხილვა უცხოების თანდასწრებით, თუნდაც ისინი ნათესავები ან მეგობრები იყვნენ, ან თუნდაც მეორე მშობელი.
ეცადეთ, ბავშვს მიუძღვნათ არა ყველაზე საუკეთესო რამ მსოფლიოში, არამედ ყველაზე საუკეთესო რამ თავის თავში
ბოლო წესი: ყოველთვის ვერ შეძლებთ მატერიალურად ბავშვის ყველაფრით უზრუნველყოფას. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც უკეთესი სათამაშო ექნება, უკეთესად დაისვენებს და უკეთესი მშობლები ეყოლება. არც ეცადოთ.
მიეცით ბავშვს არა მსოფლიოში საუკეთესო, არამედ საუკეთესო თქვენს თავში, დაე, მეზობლის ბავშვს უფრო გაუმართლოს იმაში, რომ მშობლებმა დისნეილენდი აჩვენეს, სამაგიეროდ, თქვენ ერთად ააწყვეთ თვითმფრინავი, რომელიც ვერც ფრინავს. ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, თქვენ ხომ ძალიან ეცადეთ! მოინდომეთ მის გამო, ბავშვი ამას ხედავს და აფასებს და ყოველთვის ყველაზე საუკეთესო მამად მიგიჩნევთ.