წესრიგის გაკვეთილები
გარეგნულადაც სასიამოვნოდ გამოიყურება. თუ გსურთ, თქვენი შვილიც ასეთი იყოს, საფუძვლის ჩაყრა ბავშვობიდანვეა საჭირო. მოწესრიგებულობა კულტურული ადამიანის აუცილებელი თვისებაა. სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც განაპირობებს პიროვნების წარმატებას პროფესიულ თუ პირად ურთიერთობათა სფეროში.
რას ნიშნავს მოწესრიგებული ბავშვი?
მაინც რა აქვთ მხედველობაში, როცა ამბობენ, რომ პატარა მოწესრიგებულია?
- პატარა სასიამოვნოდ გამოიყურება, ხელები და სახე სუფთა აქვს, არასოდეს ავიწყდება ხელ-პირის დაბანა.
- ბავშვი ზრუნავს საკუთარი ტანსაცმლის სისუფთავეზე - ცდილობს, ისე ჭამოს, ხატოს, ძერწოს, ითამაშოს, რომ ტანსაცმელი არ დაისვაროს.
- თამაშის შემდეგ ყოველთვის ალაგებს თავის სათამაშოებს.
- ყოველთვის ცდილობს, წესრიგი დაიცვას იმ სივრცეში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფება.
ამ თვისებების გამომუშავება სულაც არ არის იოლი, ყველაზე დიდი სირთულე კი ის გახლავთ, რომ მშობელს შესაძლოა ზომიერების გრძნობამ უმტყუნოს და მოწესრიგებული პიროვნების ნაცვლად მივიღოთ პედანტი. მოწესრიგებულობა, ნებისმიერი სხვა თვისების მსგავსად, ზომიერი უნდა იყოს. არ შეიძლება, პატარა ბავშვს იდეალური წესრიგი და სისუფთავე მოვთხოვოთ. თუ მას წესრიგს თვითმიზნად ვუქცევთ, ამით დაითრგუნება ბავშვის ინიციატივა, მას შეეშინდება შემოქმედებითი თამაშისა, არასოდეს გაუჩნდება სურვილი, ძერწოს, გამოჭრას და დააწებოს ფერადი ქაღალდები... უბრალოდ, ეცდება, წყნარად იჯდეს სკამზე და ტანსაცმელი არ დასვაროს. სრულყოფილი განვითარებისათვის ბავშვს სჭირდება სივრცე და თავისუფლება, ეს კი ყოველთვის გულისხმობს ერთგვარ "შემოქმედებით უწესრიგობას".
მაინც რა შეიძლება მოვთხოვოთ პატარას? დადგენილია, რომ წლინახევრამდე წესრიგისაკენ მოწოდება არა მარტო უშედეგო, არამედ საზიანოც არის, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ნერვებისა და ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის. ამ ასაკის ბავშვს არ შესწევს უნარი, ერთმანეთისაგან განასხვაოს წესრიგი და არეულობა. ის ჯერ მხოლოდ კონკრეტული საგნების არსს სწავლობს. მაგალითად, ხვდება, რა არის კოვზი, თეფში, ბურთი, წყლის გუბე. თუ დედა ხელს გაიწვდის და ბავშვს ეტყვის: "შეხედე, რა უწესრიგობაა!", - შესაძლოა, პატარამ უწესრიგობა გააიგივოს იმ საგანთან, რომლისკენაც არის მიმართული დედის ხელი. ამიტომ ბავშვის სიცოცხლის ამ პერიოდისთვის დედის მთავარი მოვალეობაა, თავად დაიცვას იატაკისა და იმ სათამაშოების სისუფთავე, რომელთაც პატარა ენერგიულად მიაქანებს პირისაკენ.
წლინახევრიდან სამ წლამდე პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია აითვისოს წესრიგის ზოგიერთი ელემენტარული ჩვევა. მაგალითად, დედის დახმარებით ის ეჩვევა, რომ უნდა ჭამოს მხოლოდ სამზარეულოში, ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ დაიბანოს ხელები, გამოიხეხოს კბილები. შესაძლოა, დაგეხმაროთ სათამაშოების ალაგებასა და სახლის დალაგებაშიც კი, მაგრამ ამ საქმიანობას ის ჯერ კიდევ თამაშად აღიქვამს და მხოლოდ მანამდე აგრძელებს, ვიდრე ერთობა. ეს სულაც არ არის გასაკვირი - წლინახევრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვს ყურადღების შეჩერება ერთ საქმიანობაზე მხოლოდ 5-10 წუთით შეუძლია. სამიდან ექვს წლამდე ბავშვი ნამდვილ შემოქმედად იქცევა. ის ყველას განაცვიფრებს თამაშით, ხატვით, გამოგონებებითა და ფანტაზიით.
რა თქმა უნდა, ყოველივე ამის შემდეგ სახლში ნამდვილი ქაოსი ისადგურებს... მსგავს სიტუაციაში ბევრი მშობელი ბავშვისაგან მოითხოვს, სათამაშოები თამაშის დასრულებისთანავე აალაგოს და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს მას სხვა საქმიანობის უფლებას. მსგავსი მიდგომა არცთუ გამართლებულია - თუ პატარას მოვთხოვთ, სათამაშოები აალაგოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სხვა საქმიანობა, მაგალითად, ხატვა, ამით შესაძლოა პატარას შემოქმედებითი აღმაფრენა უმალვე ჩავახშოთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, მსგავს სიტუაციაში არ მოვთხოვოთ ბავშვს იდეალური წესრიგი, მივცეთ უფლება, შექმნას ზომიერი ქაოსი და ყველაფერი საღამოს, თამაშის დამთავრების შემდეგ მოაწესრიგოს. ამ ასაკის ბავშვს ხელეწიფება წესიერად ჭამა, საკუთარი ტანსაცმლის ალაგება, კარადაში დალაგება და სათამაშოებისათვის ადგილის მიჩენა.
ბავშვი მაგალითით იზრდება
პატარა ბავშვი პატივისცემის გრძნობით არის გამსჭვალული მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. დედ-მამის საქმიანობა მას უპირობოდ სწორად მიაჩნია. თუ პატარა ხედავს, რომ დედა და მამა ელემენტარულ წესრიგს არ იცავენ, ის არასოდეს შეასრულებს მშობლების მითითებებს ოთახში სისუფთავის ან პირადი ჰიგიენის წესების შესრულების თაობაზე. მსგავს შემთხვევებში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკუთარი მავნე ჩვევების შეცვლა არასოდეს არის გვიან. მოწესრიგებულობის გამოსამუშავებლად საუკეთესო საშუალებაა პატარას ჩართვა ერთობლივ საქმიანობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ. მაგალითად, ბავშვს იატაკის რეცხვის დროსაც კი შეუძლია დაგეხმაროთ. ერთად აიღეთ წყალი, ერთად ჩაყარეთ შიგ სარეცხი საშუალება, თან პატარას აუხსენით მისი მნიშვნელობა. თუ ბავშვს უფლებას მისცემთ, ოთახში რამდენჯერმე იატაკის საწმენდი ჯოხიც გაატარ-გამოატაროს, მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნება.
პატარებს ძალიან უხარიათ, როცა ოჯახურ საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება აქვთ. ამის ილუზია რომ შეუქმნათ, შეგიძლიათ, ბავშვს თავის პატარა სათლში სუფთა წყალი ჩაუსხათ და სათამაშოების გარეცხვა დაავალოთ, ჭურჭლის რეცხვისას კი მისცეთ ისეთი ნივთების გარეცხვის უფლება, რომლებიც არ ტყდება. 5-6 წლისთვის შეიძლება დროდადრო ჭურჭლის რეცხვის "საპატიო" მისია პატარასაც დააკისროთ. ეცადეთ, ყოველთვის აუხსნათ ბავშვს, რატომ არის კარგი წესრიგის დაცვა. უთხარით, რომ როცა ფანქრები, სათამაშოები ან რვეულები თავის ადგილზე აწყვია, მათი პოვნაც ადვილია, ძირს დაგდებულ სათამაშოს კი შეიძლება შემთხვევით ფეხი დავაბიჯოთ და გავტეხოთ. ინტერესი მეტი რომ იყოს, მიეცით ბავშვს საშუალება, თავად მოაწყოს თავისი კუთხე ან მისი შეხედულებისამებრ დაალაგეთ საბავშვო ოთახი. სათამაშოებისა და სხვა საგნების განლაგების ლოგიკა კი პატარასთვის ადვილად გასაგები უნდა იყოს.
მაგალითად, რბილი სათამაშოები ერთად მოათავსეთ, კონსტრუქტორი უჯრაში შეინახეთ, სახატავი ალბომები, ფანქრები და ფლომასტერებიც ჯობს ერთად იყოს შენახული... ასეთი განმარტების მოსმენისას ბავშვი უფრო ადვილად მოახერხებს თავის სათამაშოებში ორიენტირებას და შემდგომში წესრიგის დაცვაც ნაკლებად გაუჭირდება. წესრიგის გამომუშავების პროცესში საკმაოდ დიდია თამაშის როლიც. პატარას თვალწინ მოაწყვეთ თოჯინების "გასაუბრება", მათ ნაწილს "ათქმევინეთ", რომ ძალიან კარგია, როცა კარადაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მფლობელი კი მზრუნველი და სუფთაა, მეორე ნაწილი კი "აწუწუნეთ" უწესრიგობისა და კარადაში არსებული ქაოსის გამო. ასეთი თამაშის დროს ბავშვს გაცილებით უკეთესი დასკვნა გამოაქვს, ვიდრე წესრიგის თემაზე ლექციებისა და შეგონებების მოსმენისას.
ცოცხალი მაგალითი
ბავშვი თვალნათლივ რომ ხედავდეს, რამდენად საჭიროა წესრიგი, აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების შესრულება. კერძოდ:
- სეირნობიდან დაბრუნებისას გაწმინდეთ ფეხსაცმელები და სათამაშოები.
- გამოუყავით ცალკე ადგილი იმ სათამაშოებს, რომლებიც პარკში დაგაქვთ.
- დროდადრო ჩაატარეთ სათამაშოების დეზინფექცია.
- შეაქეთ პატარა, მადლობა გადაუხადეთ დახმარებისა და წესრიგის დაცვისათვის.
- წესრიგი ბავშვს თამაშით გამოუმუშავეთ, გაითვალისწინეთ, რომ თამაშისა და პირადი მაგალითის ეფექტურობა 80-90%-ია, ხოლო შეგონებებისა - მხოლოდ 10%.
- ბავშვს ასაკის შესაფერისი დავალებები მიეცით. ზედმეტი სიმკაცრე მხოლოდ გაანერვიულებს.
- ნურასოდეს იფიქრებთ, რომ პატარას ყველაფერი ესმის, მაგრამ დავალებების შესრულება ეზარება ან ჯიუტობს. გახსოვდეთ, ბავშვი მაინც ბავშვია.