ბავშვი და ფული
უნდა გაიგოს, რათა ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ამისთვის კი საჭიროა, თვით მშობლებს ჰქონდეთ ამ აუცილებელი ატრიბუტისადმი სწორი მიდგომა. როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს, ბავშვების უმეტესობა შემდგომში სწორედ ისე ეპყრობა ფულს, როგორც მათ ოჯახებში იყო მიღებული. სასურველია, თუ ბავშვს არ ჩავუნერგავთ აზრს ფულის ყოვლისშემძლეობაზე, რათა ის მასზე გამუდმებულ ფიქრს არ შეეჩვიოს.
-
რა არის ფული
ფულთან დაკავშირებით ყოველგვარი გაუგებრობა და მოსალოდნელი უსიამოვნებები თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია თავიდანვე, 5-6 წლის ასაკიდან ბავშვს აუხსნას მშობელმა, რა არის ფული, რისთვის გამოიყენება ის, როგორ უნდა მოიპოვო, რა არის ხელფასი, ვინ იძლევა მას, რომ ის ჩვენი შრომის ანაზღაურებაა, რომ ფული ჩვენი შრომით უნდა მოვიპოვოთ კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოს შედეგად; ფულით შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნივთის შეძენა. ყოველივე ამის ახსნა უნდა მოხდეს ბავშვის ასაკისთვის შესაფერის ენაზე.
-
ფულის დახარჯვის მოთხოვნილება
ბავშვებს სხვადასხვა დროს უჩნდებათ ფულის დახარჯვის მოთხოვნილება, დამოუკიდებლად რაიმეს ყიდვის სურვილი. ეს უმეტესწილად 6-7 წლის ასაკში ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ბავშვს არ აქვს ფულის განკარგვის უნარი. ბავშვს ისიც უნდა ავუხსნათ, რომ ფული დანიშნულებისამებრ, მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს.
თუ თქვენს პატარას შეუძლია მაღაზიაში დამოუკიდებლად წასვლა, რაიმეს შეძენა, საჭირო თანხის გადახდა, ხურდის დათვლა და შეცდომებს თითქმის არ უშვებს, მაშინ შეგიძლიათ ნდობა გამოუცხადოთ. ზოგჯერ ბავშვს აქვს სურვილი რაიმე შეიძინოს, მაგრამ საჭირო პროცედურების შესრულების დროს დაძაბულია, ნერვიულობს და შეცდომებსაც უშვებს, ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ თანდათანობით შეაჩვიოთ ყველაფერ ამას, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი შფოთი.
-
ფული როგორც ჯილდო
ხშირად ჩნდება შეკითხვა: გამოვიყენოთ თუ არა ფული როგორც ჯილდო. ძალიან ხშირად მშობლები შვილებს კარგი სწავლისთვის, მაღალი ნიშნებისთვის, რაიმე საშინაო საქმის შესრულებისთვის ფულით ასაჩუქრებენ. ამის გაკეთება არ არის რეკომენდებული, რადგან ბავშვი ასეთ შემთხვევებში ორიენტირებულია შედეგზე, რათა ანაზღაურება მიიღოს, და არა სიამოვნებაზე, რომელიც ამა თუ იმ დავალების ან საქმის შესრულებამ უნდა მიანიჭოს. გარდა ამისა, კარგავს მთავარს - ინტერესს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ საკუთარი თავისთვის სწავლობს, რომ ეს სწორედ მისთვის არის საჭირო, მისი მომავლისთვის არის აუცილებელი, ეს მისი მოვალეობაა და ამაში მისთვის ფულის გადახდა სრულიად დაუშვებელია. თუ საოჯახო საქმეები გააკეთა, ეს ყველასთვის სასარგებლოა, როგორც მისთვის, ისე ახლობლებისთვის. ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობას უყალიბებს. შემდეგ კი სხვის შრომასაც დააფასებს.
-
ფულის ყადრი
- არსებობს მატერიალურად ძლიერ უზრუნველყოფილი ოჯახები, სადაც ბავშვებს არანაირი ფინანსური პრობლემა და შეზღუდვა არ აქვთ. პატარების ნებისმიერი სურვილი მყისვე კმაყოფილდება. ეს ეხება საკვებს, ტანსაცმელს, საჩუქრებს, დასვენებას, გართობას და ა.შ. ანუ ბავშვს ყველაფერი ყოველთვის გამზადებული აქვს, არსად წინააღმდეგობას არ ხვდება. ასეთი ბავშვი მუდამ სხვაზეა დამოკიდებული. ფულიც ყოველთვის ბევრი აქვს, როგორც უნდა, ისე ხარჯავს. საბოლოოდ ფულის ყადრი არ იცის, ვერასოდეს დააფასებს სხვის შრომას და თუ ოდესმე ცხოვრებაში სირთულეებს წააწყდება, ამისთვის მზად არ იქნება, საკუთარ ძალებში არასოდეს იქნება დარწმუნებული, რადგან მის ნაცვლად ყოველთვის ყველაფერს სხვა აკეთებდა. მისთვის უცნობი იყო, რა არის ფინანსური პრობლემა, ამაზე მშობლები მასთან არასდროს საუბრობდნენ.
- მაგრამ არსებობს მეორე უკიდურესობა, როცა მშობლები მუდმივად საუბრობენ ფინანსურ პრობლემებზე, არის გაუთავებელი წუწუნი, რის გამოც ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს შიში, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ხოლო უფროსებისა და მოზარდებისთვის საშინლად მოსაბეზრებელი ხდება მშობლების ცხოვრების წესი. ისინი ზოგჯერ ითრგუნებიან კიდეც. შეიძლება არც გრძნობდნენ დაჩაგრულად თავს უფულობის გამო, მაგრამ კარგ შედეგს ეს არ მოიტანს, რადგან ამან შეიძლება ეგოიზმის განვითარება გამოიწვიოს მათში და შური მათ მიმართ, ვისაც ფულის პრობლემა არ აქვს.
- განსაკუთრებით უემოციოდ ეპყრობიან ფულის პრობლემას მარტოხელა დედები. ისინი შვილებს სხვის დაუხმარებლად ზრდიან, არ აქვთ სხვისი თანადგომისა და თანაგრძნობის იმედი, ამიტომ ყველა პრობლემის გადაჭრას საკუთარ თავზე იღებენ, არ სურთ ბავშვს რაიმე აგრძნობინონ. ამიტომ ცდილობენ, მას ყველაფერი მისცენ, აუცილებელზე ბევრად მეტიც კი, რათა მათი შვილი სხვაზე ნაკლებად არ გამოიყურებოდეს, უფულობის გამო არ დაიჩაგროს. დედის ამ მცდელობაში შეიძლება ცუდი არც არაფერი იყოს, მაგრამ აქ შეიძლება სხვა პრობლემამ იჩინოს თავი: ბავშვი ეჩვევა იმას, რომ მისი სურვილები და მოთხოვნილებები ყოველთვის წინა პლანზე უნდა იყოს და უჭირს სხვისი ინტერესების გათვალისწინება. ეგოისტი ხდება. ზოგჯერ ვერ ხვდება, რომ მისი ყველა სურვილის შემსრულებელ დედასაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე მოთხოვნილება.
-
ზომიერება ფულის საკითხში
ყველა მშობელს მოეთხოვება, რომ დაიცვას ზომიერება ფულის საკითხში. ეს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი შვილების ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის, მათი მომავლისთვის არის აუცილებელი. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორია ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, არსებობს თუ არა პრობლემები, რომ ეს პრობლემები მთელმა ოჯახმა ერთად უნდა დაძლიოს. მთავარი არ არის, რამდენი ფული აქვს ოჯახს, მთავარია, როგორი ცხოვრების წესი აქვს მას და რაში ხედავს ბედნიერებას. ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის. ბედნიერებაა ის, როცა ადამიანი სიკეთით ცხოვრობს, ადამიანები უყვარს, სხვის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის, არ ეშინია მარცხის. სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს.