პატარა გმირები

როგორ ავიცილოთ თავიდან გაუმართლებელი რისკი? ჩვენი, მოზრდილების პოზიციიდან სწრაფვა ყველაფრისადმი, რაც რისკთან არის დაკავშირებული, არაგონივრულია. ბავშვები კი თითქოს იქ მიძვრებიან, სადაც შეიძლება რაღაც დაემართოთ. რისი ბრალია ეს?
რამდენიმე ისტორია
წარმოიდგინეთ ქალაქის პარკი. საბავშვო მოედნის ახლოს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - ამოთხრილია გრძელი, მაგრამ არცთუ ისე ღრმა თხრილი, მის ფსკერზე დიდი მილებია ჩალაგებული. ამჟამად იქ არავინ მუშაობს, რადგან კვირაა. თხრილის ირგვლივ ამკრძალავი წითელი ლენტია გაბმული, თუმცა მის ქვეშ გაძვრომა სულაც არ არის ძნელი. დიდები წყნარად საუბრობენ, მათი შვილები - 3-4 წლის ბიჭები - კი თხრილთან თამაშობენ. რამდენიმე მათგანი წითელი ლენტის მიღმა აღმოჩნდა. უცებ ერთმა მანქანა თხრილში ჩააგდო, იგივე გაიმეორა მეორემაც. ბიჭები თხრილში იყურებიან. ერთ-ერთმა არც აცია, არც აცხელა და ორმოში ისკუპა... მისი მაგალითი გადამდებია. პატარა ბიჭები თხრილში ხტებიან და უკანვე ძვრებიან. ამ გართობის მონაწილეთა რიცხვი პროგრესულად იზრდება. რა თქმა უნდა, ამას დიდები ამჩნევენ. იწყება ყვირილი, საყვედურები, მუქარა... თამაში დამთავრებულია, პატარები შინისკენ მიჰყავთ, ისინი კი სევდიანად გაჰყურებენ გართობის ადგილს.
სახლის გვერდით მშენებლობაა. ის, ყველა წესის თანახმად, შემოღობილია, თუმცა ღობე ბავშვებისთვის სულაც არ არის დაბრკოლება. ერთ საღამოს მობინადრეები ხედავენ, რომ მეოთხე სართულის სიმაღლეზე უმოაჯირო აივანზე პატარა ფიგურა მოძრაობს. უცებ მეორე ფიგურაც გამოჩნდება... ცხადია, პატარები ერთმანეთს საკუთარ სიმამაცეს უჩვენებენ. რომელიმე რომ ჩამოვარდეს, ვერ გადარჩება, რადგან ეზო სამშენებლო მასალებით არის სავსე. პატარა ფიგურები თამამად მოძრაობენ. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მათთვის ჩვეული გართობაა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩვენი ქალაქის ეზოები სავსეა გარაჟებით. ალბათ არაერთხელ დაგინახავთ, როგორ ძვრებიან მათ სახურავებზე ბავშვები (სხვათა შორის, გოგონებიც!) და შემდეგ ნამდვილ მარათონს აწყობენ. ზოგიერთი მათგანი გარაჟიდან გარაჟზე ხტება, ზოგი კი სახურავიდან დაბლა ეშვება. დიდია ალბათობა, რაიმე დაიზიანონ.
გმირობა და დიდება
რატომ იზიდავთ ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს, ხიფათი? ბავშვები ჩვენგან განსხვავდებიან. მათ სურთ თავის დამკვიდრება ამ სამყაროში, ეს მათი მთავარი მისწრაფებაა. ჩვენ, მოზრდილებს, სხვა მიზნები გვაქვს - სამსახური, კარიერა, პირადი ბედნიერება... ბავშვები კი საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავენ. პატარა საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ შეუძლია, მამაცია, არაფრის ეშინია. ბავშვს სურს გაიმარჯვოს, გმირობა ჩაიდინოს, რათა პატივს სცემდნენ.
პატარა ბავშვისთვის მთელი სამყარო გამოწვევაა, რომელსაც ღირსეული პასუხი უნდა გასცეს. ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ასეთი სწრაფვა თავისთავად დადებითი და მისასალმებელი მოვლენაა. თუ პატარას არ აქვს ასეთი სწრაფვა, უნდა შევშფოთდეთ.
რა თქმა უნდა, თვითდამკვიდრების მოთხოვნილება გოგონებსაც აქვთ, მაგრამ მათი ქცევის სოციალური სტანდარტები განსხვავებულია: ბიჭს ხომ ფიზიკური განსაცდელისადმი უშიშრობა მოეთხოვება, გოგონას კი - არა. სინამდვილეში პედაგოგებისა და ფსიქოლოგების დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ გოგონები უფრო ნებისყოფიანნი და მამაცები არიან, ისინი უფრო ადვილად ძლევენ შიშსა და გაუბედაობას. ამასთანავე, წარმატების შემთხვევაში გოგონები ნაკლებად ტრაბახობენ. გოგონა არ ხტება თხრილში და არ ადის მშენებარე სახლის მეოთხე სართულზე არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმის გამო, რომ არ სჭირდება. ის ყოველივე ამის გარეშეც გრძნობს თავს სრულფასოვან ადამიანად.
დადგენილ სოციალურ ნორმებს ჩვენ ვერ შევცვლით, მათი ცვლილება ძალიან ნელა, საუკუნეების განმავლობაში ხდება. ბიჭს თავი ნამდვილ მამაკაცად მაშინ მიაჩნია, თუ შიში დაძლია, ფიზიკურ საფრთხეს არ შეუშინდა. საფრთხის გადალახვა კი ჩვენ უნდა ვასწავლოთ. ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან ფიზიკური საფრთხის მიმართ მშობლების დამოკიდებულება განსხვავებულია.
ერთი რამ ცხადია - ყველა საფრთხეს თავიდან ვერ ავიცილებთ, ბავშვს შუშის ზარხუფქვეშ ვერ მოვათავსებთ. ესე იგი ბავშვი თანდათან, მოზრდილთა მეთვალყურეობით უნდა მივაჩვიოთ სწორ ქცევას საფრთხის შემთხვევაში.
სწორი ტაქტიკა
უპირველეს ყოვლისა, ყველაფრისა არ უნდა გვეშინოდეს, დედების უმრავლესობას კი სწორედ ეს სჭირს. ამის მიზეზი დედობრივი ინსტინქტია. როცა დედა ხედავს (ესმის, გრძნობს), რომ მის შვილს საფრთხე ემუქრება, ის უდიდეს შეშფოთებას განიცდის. ეს ემოცია რომ მოვიცილოთ, ბავშვი საფრთხეს უნდა გავარიდოთ. თუ შვილს თავიდან ავაცილებთ ყოველგვარ საფრთხეს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. მთავარია ტოტალური კონტროლი და საშიშროების შემცველი ყოველგვარი მოქმედების აკრძალვა!
არიან აღმზრდელები, რომლებიც ბავშვებს უკრძალავენ სასრიალო გორაკებზე ასვლას, კიბეზე აცოცებას, მიუხედავად იმისა, რომ სასრიალოც და კიბეც საბავშვოა. ასევე იქცევა მრავალი დედა. ბუნებრივია, შეუძლებელია, სრულად ჩავახშოთ ბიჭის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ და საფრთხის გადალახვის სურვილი - ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
ბიჭი, რომელსაც ავუკრძალავთ ყოველივეს, რაც საფრთხეს შეიცავს, მაინც შეეცდება საკუთარი ვაჟკაცობის დამტკიცებას, თანაც უფროსებისგან მალულად და რით დამთავრდება ყოველივე, ძნელი წარმოსადგენია. ცნობილია, რომ თამაშის დროს ტრავმას სწორედ ფრთხილი დედების შვილები იღებენ, რადგან მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ სახიფათო სიტუაციაში. ყველაზე საშიში კი ის იქნება, თუ მართლაც ჩავახშობთ შიშის გადალახვის სურვილს. ასეთი ბიჭი სრულფასოვან მამაკაცად ვერ ჩამოყალიბდება, ექნება პრობლემები ცხოვრებაში, არ იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი. მართალია, პატარაობისას ადვილად სამართავი ბავშვი იქნება, მაგრამ ეს ნამდვილად არ ღირს იმად, რომ მომავალი მსხვერპლად შევწიროთ.