იდეალური ბავშვი

ბავშვები პარადოქსული არსებები არიან. მათ ერთდროულად იტაცებთ ურთიერთსაპირისპირო საგნები და მოვლენები, უყვართ დამოუკიდებლობა და ამავე დროს დამჯერენიც არიან. ადვილია, უფროსებს დაუჯერო - ასე თავიდან აიცილებ კონფლიქტს იმათთან, ვისაც ოჯახში "ძალაუფლება ეკუთვნის" და შესაძლოა, ქებაც კი დაიმსახურო... საბედნიეროდ, პატარები საკმაოდ მოქნილი არსებები არიან. მათ უმრავლესობას ჰყოფნის გამჭრიახობა, შეახამოს ურთიერთსაპირისპირო ტენდენციები - არც უფროსებთან მოუვიდეს კონფლიქტი და ამავე დროს საკუთარი თავისუფლებაც დაიცვას, თუმცა ასეთ "ოქროს შუალედს" ყველა ვერ აღწევს.
ზოგი ბავშვი აბსოლუტური კონფორმისტია. ისინი ყოველთვის უსიტყვოდ ემორჩილებიან უფროსებს. ჩვენ - მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს - ასეთი პატარები ძალიან მოგვწონს, ვაქებთ, სხვებს მაგალითად ვუსახავთ და აზრადაც არ მოგვდის, რომ პატარას ასეთი საქციელი კი არ უნდა გვახარებდეს, არამედ უნდა გვაშფოთებდეს.
ანა ჯგუფში ყველაზე თვინიერი გოგონაა. მისი გარეგნობაც კი ხასიათს შეესაბამება - ფუნჩულა და ვარდისფერლოყება ზღაპრიდან გადმოსულ სათამაშოს ჰგავს. შუადღისას გოგონას არ ეძინება. ის საწოლში წევს და მარიამს ეჩურჩულება. ხანდახან ბავშვები ჩუმად ხითხითებენ. თუ მარიამმა უცებ ხმამაღლა გაიცინა, ანა თავს მეორე მხარეს მიაბრუნებს და გაჩუმდება, რათა მასწავლებელმა შენიშვნა არ მისცეს. წყნარი საათი მთავრდება, ბავშვები დგებიან. სხვები თამაშობენ, იცინიან, ლაპარაკობენ, კამათობენ, ზოგიერთი ჩხუბობს კიდეც. მხოლოდ ანა ზის წყნარად. ის მეცადინეობისთვის ემზადება, მაგიდაზე აწყობს პლასტილინს, ფანქრებს, რვეულებს. ყველაფერს ასწორებს, ცდილობს, არ დაირღვეს გეომეტრიული სიმეტრია... ერთხელ ბაღში საახალწლო პროგრამას ამზადებდნენ. ჩანაფიქრის თანახმად, ცეკვის დროს ერთი ბავშვი წინ უნდა გამოსულიყო და მშობლებისთვის საჰაერო კოცნა გაეგზავნა. პატარებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. რა თქმა უნდა, ამ მისიის შესრულება ანას ხვდა წილად, რადგან მას უარის თქმა არ ეხერხება. საღამოს, როცა ბავშვები შინ წასასვლელად ემზადებიან, სათამაშოების დალაგებას ყოველთვის ანას ავალებენ, რადგან გოგონა მორჩილად ასრულებს ყველა დავალებას. ანა კარგი ბავშვია. ის ყველა აღმზრდელს უყვარს. მასწავლებლები მას ყოველთვის ალერსიანად უღიმიან.
რას გრძნობს თავად გოგონა? რატომ არის ასეთი მორჩილი?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ანა ხშირად ავადმყოფობს. ამის გამო დედა შვილს სულ თავს დაჰკანკალებს. ცხადია, გოგონა ფიზიკურად სუსტია, მაგრამ მისი სულიერი თვისებაც სისუსტეა. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაცვა, დამოუკიდებლობა. გოგონა ფსიქიკურადაც სუსტია, რაც გამოიხატება ბავშვისთვის შეუფერებელ სწრაფვაში წესრიგის მიმართ - არაორგანიზებული, მოუწესრიგებელი სივრცის აღქმა და ათვისება ხომ უფრო ძნელია; სწორედ ამიტომ აწესრიგებს პატარა ყველაფერს ასე გულმოდგინედ. ესე იგი ბავშვი დამჯერეა იმიტომ, რომ სუსტია. რა თქმა უნდა, ეს ეხება ანას მსგავს ბავშვებს, რომლებიც დამჯერენი არიან ყველგან, ყოველთვის და ყველას მიმართ. მართლა ცუდია თუ არა ბავშვისთვის ასეთი ქცევა?
სპეციალისტები ამბობენ, რომ ცუდია. ინგლისელი ფსიქიატრი რონალდ ლენგი, ფსიქიატრიული ბესტსელერის "გახლეჩილი მე-ს" ავტორი, წერს, რომ შიზოფრენიის მთავარი მიზეზი სწორედ ბავშვობაში უსიტყვო მორჩილებაა. დავაზუსტებთ: აქ იგულისხმება ის შემთხვევები, როცა პატარას ასეთ ქცევას მშობლები დადებით მოვლენად აღიქვამენ და კიდეც წაახალისებენ ხოლმე. სპეციალისტები ამბობენ, რომ მომავალი შიზოფრენიკების მშობლები სულაც არ არიან დესპოტები, პატარებს არც სცემენ და არც საყვედურობენ, - უბრალოდ, შვილებს უსიტყვო მორჩილებისკენ აქეზებენ. ისინი მაშინ არიან კმაყოფილნი, როცა ბავშვები მათ აჩრდილებს წარმოადგენენ, პირად ინიციატივას არ იჩენენ და უფროსებს სავსებით ემორჩილებიან. რასაკვირველია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა მორჩილი პატარა პოტენციური ფსიქიკური ავადმყოფია - საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია, თუმცა ცნობილია, რომ მეტისმეტად მორჩილი ბავშვის პიროვნული განვითარება ფერხდება. ადამიანი ბუნებით თვითგანვითარებადი არსებაა. ის თიხას კი არა, მცენარეს ჰგავს. განვითარებისადმი სწრაფვა ადამიანს გენეტიკურად გადაეცემა. ბავშვი კი მაშინ ვითარდება, როცა თავად სურს, თავად წყვეტს, თავად აკეთებს. ეს არ გამორიცხავს უფროსებისადმი მორჩილებას, მაგრამ ეს პერიოდული უნდა იყოს და არა მუდმივი. ტოტალური მორჩილება განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ არის იდეალურად წყნარი, მორჩილი, მოწესრიგებული და დამჯერე ბავშვი აღზრდის ყველაზე რთული ობიექტი.