ბავშვის განვითარების კალენდარი: მოზარდობის უმცროსი ასაკი 11-13 წელი
არა 13-14, არამედ 11-13 წლისები. მოზარდობის ასაკი ყველასთვის ნაცნობი და გასაგები პერიოდია, რადგან ამ ეტაპს ყველა გადის. 11-13 წლის ასაკის ბავშვის მშობლებს ჯერ კიდევ აქვთ გავლენა მისი პიროვნების, ხასიათისა და ჩვევების ფორმირებაზე.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
ბავშვის სხეული ძალიან სწრაფად იცვლება, გოგონებს შორის ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვაჟებთან კი - შედარებით ნელა.
ბავშვმა შეიძლება ძალიან სწრაფად მოიმატოს სიმაღლეში, სხეულის მასა კი გაიზარდოს ან შემცირდეს. იწყება სქესობრივი მომწიფება. ფიზიოლოგიურ დონეზე ცვლილებები ზოგიერთ ბავშვს შეიძლება შედარებით ადრე დაეწყოს, ზოგიერთებს კი - გვიან. იმის გამო, რომ სხეული მკვეთრად იცვლება, ბავშვს შეიძლება დაერღვეს კოორდინაცია. მოზარდები ცოტათი მოუხერხებლები და მოუხეშავები არიან, რადგანაც ახალ იერსახესთან შეჩვევას იწყებენ.
ინტელექტუალური განვითარება
ბავშვი ამ ასაკში არგუმენტაციას, საკუთარი შეხედულების დამტკიცებას სწავლობს. მას უფრო აქტიურად უვითარდება აბსტრაქტული აზროვნება. მოზარდები დღევანდელობით ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ საკუთარი ქმედებების შედეგებზე. მაგალითად, შეიძლება გასინჯონ თამბაქო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. მაგრამ ბავშვი არ უფიქრდება, რომ მძიმე შედეგები შეიძლება შეეხოს სწორედ მას.
ფსიქოლოგიური განვითარება
ხშირად ბავშვი კონცენტრირებულია საკუთარ თანატოლებთან ურთიერთობაზე და სწავლა გადადის მეორე პლანზე. მეგობრებთან ურთიერთობის გარდა, შეიძლება საპირისპირო სქესისადმი ლტოლვაც გამოვლინდეს. ამ ასაკში მეგობრობა ძალიან ექსპრესიულია და მისი შეწყვეტა ნებისმიერ კამათს შეუძლია. საზოგადოდ, ბავშვი შეიძლება გახდეს აგრესიული, უფრო ემოციური ან, პირიქით, ჩაიკეთოს საკუთარ თავში.
10 რეკომენდაცია 11-13 წლის ბავშვების მშობლებს
1. ბავშვებს აჩუქეთ წიგნები მოზარდებზე.
11-დან 13 წლამდე ასაკში ბავშვში მრავალი სხვადასხვა ცვლილება მიმდინარეობს. ბევრი საკითხი მშობელმა შეიძლება თავად განუმარტოს მას, ზოგჯერ კი ბავშვებიც სვამენ კითხვებს. მაგრამ ხშირად დედებსა და მამებს ეშინიათ ზედმეტი გულახდილობის. ამიტომ შესაძლებელია ბავშვს ვაჩუქოთ წიგნი, სადაც მარტივად იქნება აღწერილი მოზარდების ფიზიოლოგიის შესახებ.
2. ყურადღება მიაქციეთ კვებას.
ამ პერიოდში გოგონებს აქვთ მოთხოვნილება, უფრო მიმზიდველები იყვნენ ვაჟებისთვის და პირიქით. სილამაზის ერთ-ერთი მტერი - ჭარბი წონა და ფერიმჭამელებია.
მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული რაციონი. ის უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს. ნამცხვრები, შემწვარი და ცხარე საკვები ჯობს გამოირიცხოს. იდეალური წონის მისაღწევად შეიძლება მოზარდმა შიმშილობაც კი დაიწყოს, რაც დაუშვებელია.
3. ყურადღება მიაქციეთ განწყობას.
ჰორმონების ზეგავლენით, სწრაფად ცვალებადი ემოციური ფონი იდეალური გარემოა დეპრესიისთვის. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის პრობლემებს, მაშინაც კი, თუ ის უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ. გულახდილი საუბრის ინიციატივა ბავშვს მიანდეთ. გახანგრძლივებული ცუდი განწყობისას დაუთმეთ მეტი ყურადღება, ერთად გაატარეთ დასვენების დღეები. თუ ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში მოწყენილია, შეიძლება მიმართოთ სპეციალისტს.
4. ბავშვთან ერთად უყურეთ ფილმებს.
11-13 წლის ბავშვებს ახასიათებთ საკუთარი პრობლემის გადაჭარბება. ნებისმიერი უმნიშვნელო საკითხი შეიძლება ტრაგედიად მიაჩნდეთ. ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ ყველა სირთულის გადაჭრა შესაძლებელია. შეარჩიეთ რამდენიმე კარგი წიგნი და ფილმი მოზარდებზე ბედნიერი დასასრულით.
თუ განცდები ძლიერია, ბავშვთან ერთად შეიძლება შეთხზათ ისტორია, რომელშიც თქვენი შვილის მსგავსი გმირი პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან.
5. შეასრულეთ დაპირება.
მოზარდისთვის დამახასიათებელია ყველაფერში ეჭვის შეტანა. ის სხვანაირად აღიქვამს გარე სამყაროს. ბავშვის ნდობის შესანარჩუნებლად უფროსებმა უნდა შეასრულონ საკუთარი სიტყვა. დასჯა და წახალისება უნდა მოხდეს მშობლების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში. ეს ეხება არა მარტო დედა-მამა-ბავშვი სამკუთხედს, არამედ თავად მშობლებს და ოჯახშიდა ურთიერთობებს.
6. დაინტერესდით ბავშვის ცხოვრებით
მოზარდის მშობლები არა მარტო სკოლის ნიშნებით, არამედ სხვა საკითხებითაც უნდა დაინტერესდნენ, რომლებიც ბავშვს აღელვებს. ეს ეხება მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობას, მის პირველ სიყვარულს. არ შეიძლება, ბავშვს თავს მოახვიოთ გულახდილი საუბარი და ისეთი რაღაცის გაგების შემდეგ, რაც მას კარგად არ წარმოაჩენს, უსაყვედუროთ. დააფასეთ ნებისმიერი გულახდილი საუბარი ბავშვთან. თუ ის რამეს გიყვებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
7. მიეცით ბავშვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ყველაზე დიდი ნიჭი მშობლისა საკუთარი ბავშვის დროულად გაშვების უნარია. რასაკვირველია, 11-13 წლის ბავშვები ჯერ კიდევ მოითხოვენ ზრუნვასა და კონტროლს. მიუხედავად ამისა, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მოზარდმა თავად უნდა მიიღოს. სწორედ ამ ასაკში ფორმირდება ბავშვის პიროვნება. მიეცით უფლება მოსწავლეს, თავად აირჩიოს ტანსაცმელი, გააფორმოს საკუთარი ოთახი, ყურადღება მიაქციეთ მის აზრს და გაითვალისწინეთ იგი.
8. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ძილის რეჟიმს.
მოზარდებისთვის აუცილებელია 8-9-საათიანი ძილი. ძილის რეჟიმის დაცვის გარეშე შეუძლებელია შემეცნებითი პროცესისა და ფიზიკური დატვირთვის შესრულება იმ მოცულობით, რომელიც ამ ასაკშია გათვალისწინებული. თავად მოზარდს ეს არ ესმის. კონფლიქტში რომ არ შევიდეთ, საჭიროა ოჯახში დაწესდეს მკაფიო წესები, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაძინების დროა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც იცავდნენ ამ წესებს.
9. მავნე ჩვევების პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, სიგარეტს ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ბავშვები ხშირად 12-13 წლის ასაკში სინჯავენ.
არ შეიძლება ბავშვში უსაფუძვლოდ დაეჭვება, არც გაჯავრება და საშინელი შედეგებით დაშინებაა მიზანშეწონილი. მწვავე საკითხებზე საუბრები უნდა იყოს გაწონასწორებული და იმ მომენტში ხდებოდეს, როდესაც ბავშვებიც და მშობლებიც მშვიდად და ემოციურად მოდუნებულები არიან.
10. ყოველთვის გამოავლინეთ თქვენი სიყვარული.
რასაკვირველია, მოზარდმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის იზრდება და მეტია მისი პასუხისმგებლობაც. მაგრამ ეს არ არის მშობლისთვის ბავშვთან დისტანცირების მიზეზი. მშობლებმა ბავშვს უნდა მიმართონ სიყვარულით, ალერსით და გამოავლინონ ზრუნვა. მოზარდი ბავშვზე არანაკლებ საჭიროებს სიყვარულს. ხშირად სწორედ ეს სიყვარული არის საიმედო დასაყრდენი, რომელიც ბავშვს პრობლემებთან, ცდუნებებთან გამკლავებაში დაეხმარება და გაიზრდება საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი.