აღზარდე თავი შენი

შეგიძლიათ, უსასრულოდ დიდხანს ისაუბროთ თქვენი გოგონას ან ვაჟის სიჯიუტესა თუ უხასიათობაზე, მაგრამ უმეტესად მისი უარი სასარგებლო ფაფაზე ან დაჟინებული მოთხოვნა, რომ სათამაშოდ შორს წახვიდეთ, თქვენი საქციელის ზუსტი ასლია. ეს ფაქტი ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და საკუთარ მავნე ჩვევებთან ბრძოლა დაიწყოს. მართლაც, უფრო ადვილია აღვზარდოთ საკუთარი თავი, რათა სარკე მხოლოდ თვალისთვის საამო სურათს ხატავდეს. ადრე თუ გვიან ბავშვი მაინც მშობლის მაგალითს მიბაძავს და არა ფუჭ შეგონებებს. მაშ ასე, დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობის გეგმაზომიერი და რთული პროცესი.
ვაკონტროლოთ საუბარი
პატარა ბავშვი გარბის, უცბად რაღაცას ფეხს წამოჰკრავს და ეცემა, მაგრამ უმალვე წამოხტება და წამოიყვირებს: "უჰ, ამის დედა ვატირე, კინაღამ კისერი მოვიტეხე!" შეიძლება, ფრაზა უფრო ყურისმომჭრელიც იყოს. ალბათ გირჩევნიათ, მიწა გაგისკდეთ, თუ ეს ბავშვი თქვენი შვილია და ყველაფერი საბავშვო მოედანზე, სხვა ბავშვების მშობლების თვალწინ ხდება. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, არასოდეს გამოიყენოთ პატარას თანდასწრებით უცენზურო სიტყვები, უხამსი გამოთქმები, დაიცავით საუბრისას ზრდილობის ელემენტარული ნორმები. უფრო ხშირად ეცადეთ, წარმოიდგინოთ თავი საკუთარი შვილის ადგილას. როგორ გესიამოვნებათ, თუ უეცრად გაიგონებთ დედის მკაცრ ფრაზას: "ვის ვუთხარი, ჩქარა გამორთე ტელევიზორი-მეთქი! აბა, დაიბანე ხელები და წადი საჭმელად!" ხმამაღალი კილო და ყვირილი, მით უმეტეს - აუცილებლობის გარეშე, სულაც არ აუმჯობესებს დედა-შვილის ურთიერთობას.
შვილთან ურთიერთობისას მბრძანებლური კილო უნდა მოიშოროთ - თქვენ ხომ მშობელი ხართ და არა ციხის ზედამხედველი!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გსურთ, თქვენი შვილი ზრდილობიანი და ტაქტიანი ადამიანი დადგეს, ისეთი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავსაც და სხვა პიროვნებებსაც?
თუ პასუხი დადებითია, გასწავლით ამ მიზნის მისაღწევ მეთოდს - ხშირად გამოიყენეთ შვილთან ურთიერთობისას "ჯადოსნური სიტყვები". არა მარტო მაშინ, როცა ბავშვს ეალერსებით, არამედ მაშინაც, როცა პატარას რაღაცას სთხოვთ.
არასოდეს დაკარგოთ წონასწორობა. არასოდეს გააკრიტიკოთ პატარას თანდასწრებით ახლობლები. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე თქვენი აზრები მათთვის ნაცნობი გახდება.
ჯანსაღი კვება
პატარა ბავშვის გაჩენა საკმაო მიზეზია იმისა, რომ მთელმა ოჯახმა აირჩიოს მრავალფეროვანი, ჯანსაღი და ბალანსირებული კვების პრინციპი. თუ არ გსურთ, თქვენმა შვილმა დროზე ადრე გაუგოს გემო იაფფასიან საეჭვო ხარისხის ტკბილეულს, ლუდს, ჩიპსებს და სხვა დაბალი ღირებულების პროდუქტს, ეცადეთ არ მიირთვათ დასახელებული საკვები. პატარა ბავშვი ნაწყენი დაგრჩებათ, თუ მას არ გაასინჯებთ იმას, რასაც ასეთი სიამოვნებით მიირთმევენ უფროსები. ახსნა იმისა, რატომ არ უნდა ჭამდეს ჩიპსებს პატარა ბიჭი, როცა ჭამს მამა, მხოლოდ ტყუილის მეშვეობით შეიძლება.
ალბათ კარგად გახსოვთ ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით ჩვენი ქცევების სარკისებური ასახვის შესახებ. ამის გათვალისწინებით ნამდვილად არ არის სასურველი, ბავშვმა ტყუილის თქმის მაგალითი დაინახოს, თანაც იმ ადამიანებისგან, ვისაც ენდობა. ამიტომ როცა პატარა რაიმე პროდუქტის მომხიბლავ რეკლამას ნახავს, ყველაზე მარტივი გამოსავალია, მას ვუთხრათ: "ჩვენ ასეთ რაღაცებს არ ვჭამთ!"
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკრძალვებისას თანამიმდევრული იყოთ. თუ გიყვართ ყავის სმა ტელევიზორთან, სავარძელში, და ნამცხვარსაც იქ მიირთმევთ, ალოგიკურია პატარას უმტკიცოთ, რომ სადილი სამზარეულოში უნდა მიირთვას. შესაძლოა, არ გჩვეოდეთ, ყოველი კვებისას ლამაზად გააწყოთ სუფრა, მაგრამ შვილის ხათრით ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში სარგებელი ორმაგია - პატარა გურმანი ითვისებს ეტიკეტის წესებს, თანაც უფრო ხალისიანად მიირთმევს. ზოგადად ერთად სადილობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის ტრადიცია ძალიან მჭიდროდ კრავს ოჯახს, მის ერთიანობას განაპირობებს. ოჯახის წევრები სიამოვნებას იღებენ არა მარტო სადილისგან, არამედ ერთად ყოფნისგანაც.
ვინმემ შეიძლება ჩვენი რჩევა არ გაიზიაროს - სუფრის გაშლა და მის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა პატარა ბავშვთან ერთად ძალიან ძნელიაო. მართლაც ასეა, არიან პატარები, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სულის მოთქმის საშუალებას არ იძლევიან, მაგრამ მონდომებისას ყველაფრის მოხერხება შეიძლება.