ნატიფი საწყისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნატიფი საწყისი

ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი კარგად არის განვითარებული ინტელექტუალურად, ფიზიკურად აქტიურია, აქვს მუსიკის ან ხატვის ნიჭი, მაგრამ პიროვნული განვითარებით ჩამორჩება. რას ნიშნავს ეს?

ბავშვის პიროვნული და ფუნქციური განვითარება ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ორი ფუნდამენტური ცნებაა. თუ უბრალო ენით ვილაპარაკებთ, პიროვნება თავად ადამიანია, მისი პიროვნული თვისებებია - ეგოისტია თუ არა, კეთილია თუ არა, აქვს საკუთარი თავის რწმენა თუ არა და ასე შემდეგ. ადამიანის პიროვნულ განვითარებას შეიძლება თვალყური ვადევნოთ:

როცა ბავშვი იზრდება, იცვლება მისი ქცევა, მისი შინაგანი სამყარო, იცვლება თავად მისი პიროვნება. ბავშვის ფუნქციური განვითარება ნიშნავს მისი ორგანიზმის განვითარებას - სიმაღლის მატებას, კუნთების მასის ზრდას, სახის ნაკვთების ცვლილებას და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს ადამიანის პიროვნულ თავისებურებებთან არავითარი კავშირი არ აქვს.

იგივე შეიძლება ითქვას ინტელექტუალური ზრდის შესახებაც: დაგვეთანხმებით, ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი, მაგრამ ამავე დროს ცუდი პიროვნება. არის საპირისპირო შემთხვევებიც - ძალიან კარგ ადამიანს სულაც არ აქვს არავითარი ნიჭი და დიდი ინტელექტუალური მონაცემები. როცა ზემოთ პატარას განვითარება ვახსენეთ, იგულისხმებოდა, რომ ბავშვი მხოლოდ ფუნქციურად არის კარგად განვითარებული. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა:

რით ვლინდება პატარას არასათანადო პიროვნული განვითარება? მაგალითად იმით, რომ სასკოლო ასაკის ბავშვი ძალიან პატარა, 2-3 წლის ბავშვივით იქცევა - იმპულსურად, უშუალოდ, საერთოდ არ აკონტროლებს საკუთარ თავს. შესაძლოა მეტისმეტად ეგოისტი იყოს, არ ეკონტაქტებოდეს სხვა ბავშვებს, მარტო თამაშს ამჯობინებდეს.

რაზეა დამოკიდებული პიროვნული განვითარება? ბავშვს ოჯახში უნდა ჰქონდეს მუდმივი მოვალეობები - ზრუნავდეს ვინმეზე, რაღაცას აკეთებდეს. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ იძულებითი ხასიათი არ ჰქონდეს. პატარას თავად უნდა სურდეს, შინ რამე აკეთოს, რადგან ამ შემთხვევაში ოჯახში მისი სტატუსი იზრდება, ირგვლივ მყოფნი მას პატივს სცემენ.

ადამიანი პიროვნულად რომ განვითარდეს, ის მარტო მომხმარებელი არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, უფროსები, რომლებიც თანამედროვე მომხმარებლურ სამყაროში მოღვაწეობენ, ამის აუცილებლობას ვერ აცნობიერებენ. საბედნიეროდ, პიროვნული განვითარების ჩამორჩენა ფატალური არ არის, ამ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია. საამისოდ აუცილებელია, ბავშვის ცხოვრება ისე მოვაწყოთ, რომ ის არა მარტო იღებდეს, არამედ გასცემდეს კიდეც. დააკისრეთ მცირე მოვალეობები, ისეთი, რომ სიამოვნებით ასრულებდეს, ასწავლეთ, იზრუნოს თუნდაც თქვენზე. დაე, იყოს ეს წვრილმანი საქმიანობა; მთავარია, პატარა მიხვდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია დედის დახმარება, მასზე ზრუნვა. ასე დაიწყება ბავშვის პიროვნული განვითარება. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ მშობელს, რომელიც შვილების აღზრდით არის დაკავებული, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს თავად აღზრდის არსზე.

მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა არის ეს. ჩვენი "პედაგოგიური ზემოქმედების" შედეგად ბავშვი იცვლება, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცვლებოდეს. ესე იგი, ისეთი, როგორიც დღეს არის, პატარა არ გვაკმაყოფილებს. შესაძლოა, საკუთარი თავით არც ბავშვი იყოს მაინცდამაინც კმაყოფილი. ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს სასიკეთო ცვლილება. ჩვენ რომ გვინდოდეს, პატარა საერთოდ არ შეიცვალოს, მისი აღზრდით სულაც არ შევიწუხებდით თავს. მოდი, თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არ გვაკმაყოფილებს, კონკრეტულად რისი შეცვლა გვსურს და რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ბავშვი "უმწიფარი პიროვნებაა".


რეალური ისტორია

გავიხსენოთ ლიტერატურული მაგალითები წიგნებიდან, რომლებიც პატარების აღზრდა-განვითარებას ეძღვნება. ერთ-ერთ მათგანში აღწერილია საინტერესო ეპიზოდი: პატარა გოგონა ზის მაგიდასთან; მის წინ ლანგარზე ფერად ქაღალდებში გახვეული კარამელი აწყვია; იქვე დევს ერთადერთი, უკანასკნელი შოკოლადი; იქვე არიან უფროსებიც, რომლებიც ჩაის სვამენ. ნებისმიერი გონიერი არსებისთვის (ბავშვი კი ნამდვილად გონიერია!) ნათელია - შოკოლადი უფრო გემრიელია, ვიდრე კარამელი, მაგრამ ის ერთადერთია. ახლა რომელიმე უფროსთაგანი ხელს გასწევს, შოკოლადს აიღებს და პირს ჩაიტკბარუნებს. ეს რომ არ მოხდეს, პატარა გოგონა უმალვე იღებს გადაწყვეტილებას, სწრაფად იმოქმედოს. ის დედას მიმართავს: "დედა, მოდი, შენ ლამაზი კანფეტი მიირთვი, მე კი ამ შავს, ჭუჭყიანს შევჭამ!" ზიზღით მანჭავს სახეს და შოკოლადს იღებს. ხედავთ, როგორი "მზრუნველობაა"?! პატარამ განაცხადა: მე კანფეტი იმიტომ კი არ შევჭამე, რომ ეგოისტი ვარ და ჩემს სიამოვნებაზე ვფიქრობ, არამედ იმიტომ, რომ დედაზე ვზრუნავ! თურმე შოკოლადი ცუდია, ტალახიანი, შავი, უგემური, კარამელი - ფერადი, ლამაზი, გემრიელი. ასე მიიტანა პატარა გოგონამ თავისი ინტერესები "სამსხვერპლოზე" - შეჭამა ცუდი კანფეტი და კარგი უფროსებს დაუტოვა. რა სულგრძელი საქციელია!

მოდი, ახლა ხუმრობას თავი დავანებოთ და ეს შემთხვევა სერიოზულად გავარჩიოთ. გოგონამ, რა თქმა უნდა, იცის, რომ შოკოლადი უფრო გემრიელია, ვიდრე კარამელი. ამიტომაც ასწრებს სხვებს, მიირთმევს შოკოლადს და უფროსებს კარამელს უტოვებს. რა თქმა უნდა, ამ საქციელის მოტივი საკუთარი თავის სიამოვნებაა, თანაც ამ დროს პატარას სულაც არ აინტერესებს სხვისი (უფრო სწორად, ყველაზე ახლობელი ადამიანების!) მოთხოვნილებები.

მოზრდილი ადამიანის მსგავს ქცევას ეგოისტურს ვუწოდებთ. ცნობილია, რომ ცხოველების ფსიქიკასა და ქცევას სწორედ საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი მართავს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პატარა გოგონა ცხოველივით მოიქცა?

გარკვეულწილად მართლაც ასეა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება: ბავშვი ხვდება, რომ სათანადოდ არ იქცევა და ცდილობს, ახსნა უპოვოს თავის ქმედებას; რაკი არსებობს ახსნა, ესე იგი ქმედება სწორია. გოგონა რომ ხვდებოდეს თავისი საქციელის უხერხულობას, ალბათ ასე არ მოიქცეოდა. ბავშვი იმიტომაც არის ბავშვი, რომ ჯერ კიდევ ვერ ფლობს კარგად მორალურ ღირებულებებს. თუმცა განხილულ შემთხვევაში პატარას ძალიან უნდოდა, თავისი ქმედებისთვის ლოგიკური ახსნა ეპოვა და უპოვა კიდეც. ბავშვს ძალიან უნდოდა, შოკოლადით ჩაეტკბარუნებინა პირი და თანაც თავი დაერწმუნებინა, რომ კარგად მოიქცა. მან ეს მოახერხა.

პატარა ბავშვი ადამიანია. ის ცხოველი არ არის. ამ უკანასკნელს სულაც არ სჭირდება საკუთარი თავის რამეში დარწმუნება, საკუთარი საქციელის გამართლება, კეთილშობილურად წარმოჩენა, ადამიანს კი სჭირდება. სწორედ თავის ასეთი მოტყუება ამტკიცებს, რომ პატარა ადამიანია, მას სურს, საკუთარ თავს პატივს სცემდეს. ძველი ჩინელები ამბობდნენ: "ყველაფერი, რაც აქვს ცხოველს, აქვს ადამიანსაც, მაგრამ ყველაფერი, რაც აქვს ადამიანს, როდი აქვს ცხოველს". წარმოიდგინეთ, რამდენიმე ძაღლი, რომლებსაც ხორცის ნარჩენები გადავუყარეთ. რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი ეცდება, მოიპოვოს მეტი ხორცი, დაისაკუთროს დიდი ნაჭერი... ეს ნაჭერი ყველაზე ძლიერ, დიდ და ავ ძაღლს შეხვდება, თუმცა მისი მოპოვების სურვილი ყველას ჰქონდა. ცხოველები ასე იქცევიან. ეს მათთვის დამახასიათებელია. ფაქტობრივად ასევე მოიქცა პატარა გოგონა, რომელსაც წინ კანფეტები ედო, თუმცა ადამიანური პოზიციიდან ასე ულამაზოდ მოქცევა მან თავის მოტყუების ხარჯზე შეძლო - თავი დაირწმუნა, რომ ძუნწი კი არ არის, არამედ სხვებზე ზრუნავს. ასეთი საქციელი ბავშვებისთვის დამახასიათებელია. ძალიან ხშირად პატარა ცუდად იქცევა, მაგრამ თავად ამას ვერ ხვდება. ორი ბიჭი ჩხუბობს. მუშტები, წიხლები, ყვირილი, თვალებიდან ნაპერწკლები...

თუ მათ გავაშველებთ და თითოეულს მიზეზის ახსნას ვთხოვთ, გაოცებული დავრჩებით - ორივე მათგანი აღშფოთებულია, მაგრამ არა საკუთარი თავით, არამედ მეგობრის საქციელით; ორივე გვიმტკიცებს, რომ თავად უმწიკვლო და მართალია, მისი წყრომა სამართლიანია.

სამწუხაროდ, ხშირად მოზრდილებიც ასე იქცევიან. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ ასეთი ადამიანები ბიოლოგიურად არიან მოზრდილები და არა ფსიქოლოგიურად და სულიერად, ანუ ისინი "დიდი ბავშვები" არიან. ნამდვილი მოზრდილები სულ სხვანაირად იქცევიან. მოუმწიფებელი ადამიანის ქცევას ხშირად მართავს ბიოლოგიური იმპულსები - სიძუნწე, საკუთარი სიამოვნებისკენ სწრაფვა, სასურველის მოპოვება სხვების ხარჯზე, შური, ბოროტება, შურისძიება...

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ადამიანის პიროვნულ "მეს" ერთადერთი როლი აკისრია - თავის მოტყუება, დარწმუნება, რომ კარგად და კეთილშობილურად იქცევა. აი, ასეთია უმწიფარი ადამიანი.

ცნობილია, რომ პატარა ბავშვის თვითაღქმა შედარებითია - ის თავს სხვა ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, სხვა ბავშვებს ადარებს (პატარებს თავისი თავის მოზრდილებთან შედარება არ უყვართ - ისინი კარგად ხვდებიან, რომ უფროსებს მრავალი უპირატესობა აქვთ). როცა ბავშვს ჰგონია, რომ რაღაცით სხვას სჯობია, ის კმაყოფილია. გამოდის, რომ ბავშვი სხვისი დამცირებით თავს იმკვიდრებს. საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას ობიექტური საფუძველი არ სჭირდება. საკმარისია სულ მცირე რამ - უფრო ლამაზი მანქანა ან უფრო მეტი მტვერი ქვიშაში თამაშისას.

საკუთარი თავის პატივისცემის მოთხოვნილება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სულიერი მოთხოვნილებაა. ის ისეთივე თანდაყოლილია, როგორიც ჩვენი სხვა ბიოლოგიური და სულიერი მოთხოვნილებები. შეძენილი კი შემდგომ აღმოცენებული სოციალური მოთხოვნილებებია - მაგალითად, სურვილი, გვყავდეს მანქანა ან გვქონდეს ჯაკუზი. რა თქმა უნდა, არც ერთ მშობელს არ სურს, მისი შვილი ძირითად ადამიანურ მოთხოვნილებას მთელი ცხოვრება ტრაბახის, ილუზიის ან სხვების დამცირების ხარჯზე იკმაყოფილებდეს. ეს უმწიფარი პიროვნების თვისებებია.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პიროვნების "მოუმწიფებლობაც" და "მოწიფულობაც" ობიექტური ცნებებია. ბავშვს (და ინფანტილურ მოზრდილსაც!) სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია. მან ჯერ ვერ ისწავლა, ვერ მომწიფდა, უაზრობაა, მას სხვაგვარი ქცევა მოვთხოვოთ. დაგვეთანხმებით, რომ თუ პატარას ფორტეპიანოზე დაკვრას არ ვასწავლით, მას ვერ მოვთხოვთ, ნაწარმოები შეგვისრულოს. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ქცევაზეც. მოდი, ვცადოთ, კიდევ უფრო გავამარტივოთ პრობლემა. როგორც გაირკვა, ადამიანისთვის მთავარია, მიაღწიოს საკუთარი თავის პატივისცემას. აქ იბადება მთავარი შეკითხვა - როგორ მოიპოვებს საკუთარი თავის პატივისცემას უმწიფარი პიროვნება? პასუხი აშკარაა - სხვების დამცირების, ტრაბახის, თვითმოტყუების ხარჯზე. როგორ მოიპოვებს საკუთარი თავის პატივისცემას სრულყოფილი ადამიანი? ნამდვილი მიღწევის (მაგალითად, სამსახურში, ოჯახში), ზნეობრივი ნორმების დაცვის ხარჯზე. ყოველივე ამის შემთხვევაში ადამიანი საკუთარი თავის წინაშე მართალი რჩება.

გასარკვევი დაგვრჩა ერთი მარტივი რამ - რა არის აღზრდა? გასაგებია, რომ აღზრდა არის ის, რის შედეგადაც პატარა თანდათან მოწიფულ პიროვნებად იქცევა და ის, რაც ხელს უწყობს მის პიროვნულ ზრდას. აშკარაა, რომ აღზრდა სერიოზული მეცნიერებაა. მშობლებს, რომლებიც ახლაღა სწვდებიან მის არსს, უნდა ვუსურვოთ მოთმინება, ტოლერანტობა და შეუპოვრობა დასახული მიზნის მისაღწევად. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში კი გვეხმარება ჩვენი მსოფლმხედველობა, შვილის გულწრფელი სიყვარული და თბილი ოჯახური ურთიერთობა.