სიჯიუტე არ უნდა აგვერიოს ბავშვის დაჟინებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელკანიანთა ბელადი

სამი წლის კრიზისს წმინდა ფიზიოლოგიური ახსნა აქვს: სწორედ ამ პერიოდში იწყება თავის ტვინის ნახევარსფეროების მუშაობის გარდაქმნა - მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები, მოზრდილი ადამიანის ტვინივით, განსხვავებულად იწყებენ მუშაობას. ამავე დროს ეს პერიოდი ბავშვის ცხოვრების ის ეტაპია, როცა პატარა უფროსებს "სცილდება". სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამი წლისთვის იწყება ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ გუშინ პატარა ისეთი უსუსური და უმწეო იყო, რომ დედ-მამის გარეშე ერთ საათსაც ვერ ძლებდა, ახლა კი საკუთარ თავზე ისე ლაპარაკობს, როგორც დამოუკიდებელ ადამიანზე, ის აცნობიერებს საკუთარ "მეს", გრძნობს, რომ აქვს საკუთარი სურვილები, მისწრაფებები. ახალი ცოდნა, რომელსაც იძენს, პატარას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გაცნობიერებული და არ იცის, როგორ გამოიყენოს. სამაგიეროდ მისთვის ერთი რამ არის ნათელი - ცოდნას რაღაც უნდა მოუხერხოს. ის ადამიანია, პიროვნებაა, დიდია, ბევრი რამ შეუძლია და ბევრი რამის უფლებაც აქვს.

თუ ბავშვს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყოველივეს თქვენ ვერ აცნობიერებთ, ის მიზნად დაისახავს, ნებისმიერი გზით დაგიმტკიცოთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს და შეეცდება თავის დამკვიდრებას ახალ, მოზრდილი ადამიანის როლში. ყოველივე ეს კი პატარა ბავშვს ჯერ მხოლოდ ყვირილის მეშვეობით შეუძლია. სამი წლის კრიზისს ახასიათებს აშკარა, გამოკვეთილი სიმპტომები, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის აუცილებელია.

ნეგატივიზმი

ეს არის ნებისმიერი მოზრდილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების რეაქცია. ბავშვს არ სურს რაიმე გააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოზრდილმა შესთავაზა. ხშირად ბავშვი უარს ამბობს ძალიან სასურველ და სასიამოვნო წინადადებაზეც კი. ამით განსხვავდება ნეგატივიზმი გაუგონრობისგან. უკანასკნელი დამოკიდებულია სიტუაციაზე - ბავშვს რაღაც უნდა, რაღაც კი არა. ნეგატივიზმის დროს პატარა ყველაფერს უარყოფს და ეს უარყოფა მოზრდილისკენ არის მიმართული.

სიჯიუტე

პატარა ზოგჯერ რამეს დაჟინებით ითხოვს არა იმიტომ, რომ ძალიან უნდა (ხშირად სულაც არ აქვს ამის სურვილი!), არამედ იმიტომ, რომ ერთხელ თქვა და აღარ უნდა, თავისი სიტყვები უკან წაიღოს. ბავშვი მედგრად დგას და მაქსიმალურად ცდილობს აიძულოს უფროსები, მის მოთხოვნას ანგარიში გაუწიონ. სიჯიუტე არ უნდა აგვერიოს ბავშვის დაჟინებაში. დაჟინებით ბავშვი მხოლოდ იმას მოითხოვს, რაც მართლა ძალიან უნდა, ხოლო სიჯიუტის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანი გახდეს.

ჭირვეულობა

ბავშვს უჩნდება პროტესტი არსებული წესებისა და ტრადიციების, აღზრდის ნორმების, ოჯახური კანონების წინააღმდეგ. პატარამ ამის პასუხად შესაძლოა უარი თქვას ყოველდღიურ საქმიანობაზე. "არ მინდა კბილების გახეხვა! არ მინდა ჭამა! არ მინდა ძილი! ღორივით შევჭამ, სულ მოვითხუპნები!" პატარა ბავშვი ცდილობს, ყველაფერი თავისებურად აკეთოს, მისი ამ გადაწყვეტილების შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

თვითნებობა

თვითნებობა ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შედეგია. "მე! მე თვითონ!" - ასეთია პასუხი ნებისმიერ წინადადებაზე. პაწიას გაუჩნდა მოთხოვნილება, ყველაფერი აკეთოს და ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ხშირად ეს მშობლების ბრალიც არის, ვინაიდან ისინი პატარას ინიციატივას ახშობენ და ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებენ. საპასუხოდ შვილს თვითნებობის სურვილი უჩნდება.

ჩხუბი და უხეშობა

უეცრად ბავშვის თვალში უფასურდება ყველაფერი, რაც მისთვის ადრე ძვირფასი და საყვარელი იყო: საყვარელი მულტფილმები, წიგნები, სათამაშოები და ზოგჯერ საყვარელი ადამიანებიც კი. ბავშვი იწყებს თავისი ძვირფასი მანქანების ან თოჯინების მსხვრევას, წიგნების ფხრეწას და ჩხუბს საყვარელ მეგობართან. არის შემთხვევები, როცა პატარა დედას ან მამასაც აწყენინებს ხოლმე. სინამდვილეში მშობლები მისთვის ძველებურად ძვირფასები არიან, რის გამოც ბავშვი თავადვე იტანჯება საკუთარი საქციელის (უფრო სწორად, უსაქციელობის) გამო, მაგრამ ის ამგვარად საკუთარ პოზიციას "იცავს".

დესპოტიზმი

ეს თვისება იმ ოჯახებში იჩენს თავს, სადაც მარტო ერთი ბავშვია ან სადაც პატარებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. პატარა ცდილობს, დაამყაროს თავისი ძალაუფლება ყველა ირგვლივ მყოფ ადამიანზე და ყველას საკუთარ წესებს კარნახობს - რაღაცას კრძალავს, რაღაცას ითხოვს... თუ ოჯახში სხვა ბავშვებიც არიან, შესაძლოა აღმოცენდეს ან ძალიან გამწვავდეს ეჭვიანობა.

ჯანყი

თუ მოზრდილებს არ სურთ გაიგონ შვილის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ და არ აპირებენ პატარას ამ ინიციატივის მხარდაჭერას, შესაძლოა, პატარამ ნამდვილი რევოლუცია მოაწყოს. ამ დროს ბავშვის ქცევა პროტესტის ხასიათს იღებს. ის თითქოს მუდმივად ესხმის თავს ირგვლივ მყოფთ, მათთან მუდმივი კონფლიქტი აქვს.

მიღწეულით სიამაყე

ბავშვი მგრძნობიარე ხდება თავისი საქმიანობისა და საქციელის მიმართ, მწვავედ განიცდის წარმატებასა და წარუმატებლობას. პატარას მიერ საკუთარი თავის შეფასებაც პრაქტიკული საქმიანობის შედეგად მიღებული მიღწევებით ხდება.


როგორ ვძლიოთ კრიზისს?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გეცნოთ, ნუ შეშინდებით, ყველა ბავშვს აქვს მსგავსი პერიოდი. როცა მშობლები ხვდებიან, რომ კრიზისი დაიწყო, ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: "როგორ მოვიქცეთ ახლა?"

მოქმედების გეგმა

წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა. პატარა დიქტატორს კედელზე ხატვა სურს? კი ბატონო! კარზე ან მაცივარზე ქაღალდი მიამაგრეთ და ბავშვს ფანქრები მიეცით. ბავშვმა რეცხვა მოინდომა? ჩაუსხით სათლში თბილი წყალი და სუფთა ცხვირსახოცი მიეცით. ერთი სიტყვით, თქვენ შვილის საქციელი და საქმიანობა კი არ უნდა აკონტოლოთ, არამედ უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნათ, რათა არ დაიმდუღროს ან არ დასველდეს.

ხშირად ბავშვები თავიანთი შესაძლებლობებისთვის შეუფერებლად რთულ საქმიანობას ეჭიდებიან. ამის შემყურე უფროსები ბრაზობენ, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ საჭიროა მსგავსი ემოციების დათრგუნვა და მოთმინება. არ არის საჭირო ყვირილი ან დაცინვა, არც მუდმივი შესწორებებია მისაღები.

თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, თქვენ ჩანასახშივე ჩაკლავთ დამოუკიდებლობისაკენ ბავშვის სწრაფვას. მოგვიანებით, როცა თქვენი არასწორი ქცევის გამო პატარა ზარმაცი და უინიციატივო გახდება, უკვე გვიანი იქნება.

პატარას სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ შეიძლება აღზრდის სტრატეგიად ვაქციოთ. მაგალითად, ტანსაცმლის გახდისას შვილს შეიძლება ვკითხოთ, თავად გაიხდის თუ დავეხმაროთ. ბავშვი, რომელსაც მოქმედების თავისუფლებას მივცემთ, უეჭველად დაისვრება საღებავით, დაღვრის წვენს, ძირს დააგდებს კოვზს, მაგრამ ეს უნდა იქცეს არა სასჯელის, არამედ ერთობლივი საქმიანობის საფუძვლად. ნაცვლად საყვედურისა, პატარას უნდა ვუთხრათ: "მოდი, ეს დასვრილი შარვალი გავრეცხოთ". რა თქმა უნდა, უბრალო ჩვევების გამომუშავებასაც კი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მოზრდილი ადამიანისთვის გაცილებით ადვილია, ყველაფერი თავად აკეთოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერია იმაზე სასიამოვნო საცქერი, ვიდრე პატარა, რომელიც ანთებული თვალებით ჰყვება: "მე გავაკეთე..."

ცუდად ყველა შეიძლება მოიქცეს, ეს კი ნიშნავს, რომ არ შეიძლება პატარას თავისი საქციელის გამო ვუწოდოთ მავნე, ძუნწი, თხუპნია ან სულელი. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვმა მართლაც შეიძლება დაიჯეროს, რომ ასეთია - თქვენ ხომ შვილისთვის ავტორიტეტი ხართ, მას თქვენი სჯერა. საყვედური უნდა ეხებოდეს პატარას საქციელს და არა მის პიროვნებას.

მოთმინება, მოთმინება!

არადა მოთმინების შენარჩუნება მართლაც ძნელია, მაგრამ ყვირილი და ცემა ნამდვილად დაუშვებელია. თუ გრძნობთ, რომ მოთმინების ფიალა აგევსოთ, გადით მეორე ოთახში, ცოტა ხნით მუსიკა ჩართეთ. თუ პატარამ სცენა ქუჩაში მოგიწყოთ, ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილს მოაცილოთ და წყნარად აუხსნათ, რომ მისმა საქციელმა გული ძალიან გატკინათ. სეირნობა კი მას შემდეგ განაგრძეთ, როცა ბავშვი დამშვიდდება.

მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება. ნუ ესაუბრებით მბრძანებლური ტონით. დაინტერესდით მისი სურვილებით. მიეცით არაპრინციპული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, დაე, მან აირჩიოს, რომელი მაისური ჩაიცვას, რომელ მულტფილმს უყუროს, რომელი ჭიქიდან დალიოს წვენი და სად მიუჯდეს მაგიდას. თუ იმ საკითხის განხილვა იწყება, რომლის პასუხიც ცალსახად ერთგვაროვანია (მაგალითად, დავლიოთ თუ არა წამალი), აუცილებელია ბავშვს ავუხსნათ, რატომ არის საჭირო ასე და არა სხვანაირად. დაუშვებელია ფრაზა - "ასეა საჭირო და მორჩა!" ჯობს ბავშვს ვუთხრათ, რომ აუცილებელია დავლიოთ წამალი, რათა მალე მოვრჩეთ. მრისხანებას მშვიდობიანი მიმართულება მიეცით.

როცა პატარას რაიმე არ გამოსდის ან თავისუფლებას არ აძლევენ, ბრაზდება. როგორ ვლინდება ეს? - ის ყვირის, ჩხუბობს, პატარებს ჩაგრავს. ამისთვის კი ვუბრაზდებით. ეს არ არის სწორი. ჯობს შვილს მივცეთ საშუალება, გასაქანი მისცეს საკუთარ ემოციებს - მუშტი დაარტყას სავარძელს, დახიოს ფურცელი, კენჭი ჩააგდოს მდინარეში...

პატარას საკუთარი ემოციებისა არ უნდა რცხვენოდეს. თანდათან ბავშვი ისწავლის ემოციების გაკონტროლებას და ასეთი მკვეთრი რეაქციებიც აღარ ექნება.

"საქმის გარჩევა"

ყოველთვის, როცა პატარა კონცერტს მოგიწყობთ, უნდა დაელაპარაკოთ, მაგრამ საუბარი უნდა შედგეს არა მაშინ, როცა ბავშვი ღრიალებს, ტირის და შფოთავს, არამედ მაშინ, როცა მორიგი "კონტაქტის" შემდეგ დედასთან მივა ალერსისთვის.

აუხსენით შვილს, რომ მისმა უსაქციელობამ გული გატკინათ, რომ ასეთი ქცევა არ არის საჭირო. აგრძნობინეთ შვილს, რომ მას პიროვნებად აღიქვამთ. მიუხედავად მრავალი "გამოხტომისა", ბავშვი ოჯახის ყველა წევრისთვის უძვირფასესია. მუდმივად აგრძნობინეთ ეს, შეაქეთ, განიხილეთ განვლილი დღე ისე, რომ აქცენტი მიღწევებსა და კარგ საქციელზე გააკეთოთ. ასეთი დამოკიდებულებით პატარა ისწავლის საკუთარი თავის პატივისცემას, იგრძნობს საკუთარი პერსონის მნიშვნელობას.

არასოდეს წამოეგოთ პატარა ონავარის პროვოკაციას, თუ ის მრისხანედ დაიყვირებს: "არ მიყვარხარ!" მსგავს განცხადებას უნდა ვუპასუხოთ: "მე კი ძალიან მიყვარხარ, შენზე ძვირფასი არავინ მყავს!" ეს სიტყვები ხშირად გაიმეორეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ, როგორც მშობელი, უნდა დაეხმაროთ შვილს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზა ნერვიულობისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაიწყოს.

პატარა უნდა გრძნობდეს, რომ ახლობლებს ის უპირობოდ უყვართ. კრიზისის პერიოდი რთულია შვილისთვისაც და მშობლისთვისაც, მაგრამ ის აუცილებელია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ეცადეთ დადებითი კუთხით შეხედოთ სამი წლის კრიზისს. ეს პერიოდი საინტერესოა, ჯიუტობის გამოვლენისას პატარა იძენს შეუპოვრობას, სიმტკიცეს, მუდმივობას - თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად. ამ თვისებების გამომუშავება კი ჩვენს სიყვარულზე, გაგებასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული.