ოჰ, ეს ბიჭები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჰ, ეს ბიჭები!

ამ ექსპერიმენტით ფსიქოლოგები დარწმუნდნენ, რომ არსებობს გავრცელებული, თუმცა მცდარი შეხედულება ვაჟებისა და გოგონების აღზრდის განსხვავებული პრინციპის თაობაზე. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ ბიჭთან დაუშვებელია ზედმეტი სინაზე და ენის მოჩლექით საუბარი, თითქოს ასე თუ მოვექეცით, მისგან ნამდვილი მამაკაცი არ დადგება. სინამდვილეში კი პირიქით არის. დამტკიცებულია, რომ სხვადასხვა სქესის ჯანმრთელ ბავშვებს შორის ვაჟები უფრო სუსტები არიან. მათ დედის ალერსი უფრო მეტადაც კი სჭირდებათ, ვიდრე გოგონებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ გვსურს, ბიჭი ჯანმრთელი იყოს და კარგად განვითარდეს, აუცილებელია, ხშირად ჩავეხუტოთ, ვაკოცოთ, ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ციდა კაცუნას ნამდვილად არ გააფუჭებს. ტანსაცმელი. რა თქმა უნდა, ბიჭს კაბა არ უნდა ჩავაცვათ, თუმცა სიცოცხლის პირველ თვეებში ის არც გოგონას სჭირდება. თითქმის ერთ წლამდე, იშვიათი სადღესასწაულო დღეების გარდა, გოგონასა და ბიჭუნას გარდერობი ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდება. თუმცა ამ პერიოდშიც არ არის აუცილებელი, ბიჭისთვის მხოლოდ ცისფერი ტანსაცმელი შევიძინოთ. შეგვიძლია, საკუთარი და შვილის თვალის გასახარად ნებისმიერი ფერი ავირჩიოთ. მხოლოდ ვარდისფერი აღიქმება გოგონას ფერად. ნუ შეგაშინებთ მხიარული ფერები - ბავშვობა მალე გაივლის, მოზრდილ ვაჟს კი ფერთა ნაკლები არჩევანი ექნება. საზოგადოდ, ბიჭების ტანსაცმელი უფრო მოხერხებული და პრაქტიკულია, კაბის ჩაცმა კი სულაც არ არის ადვილი, რადგანაც ის ბავშვისთვისაა განკუთვნილი და არა თოჯინასთვის.

მეორეც, თუ ბიჭი ტანსაცმელს დაისვრის, საკმარისია, პერანგი ან მაისური გამოვუცვალოთ, გოგონას კი კაბა მთლიანად უნდა გავურეცხოთ. საბავშვო ბაღის ზეიმზე საკმარისია, პატარა ბიჭს თეთრი პერანგი ჩავაცვათ და ყელზე ბაფთა მივაბნიოთ, გოგონას კი სპეციალური საზეიმო კაბა სჭირდება... სათამაშოები. არ არის მიზანშეწონილი, შემოვიფარგლოთ თოფებით, მანქანებით, ტრაქტორებითა და მოტოციკლებით. ალბათ ბევრი მშობელი გაიხსენებს, როგორი სიამოვნებით ასეირნებდა მისი ბიჭი სტუმრად ყოფნისას მასპინძლის თოჯინას ეტლით. პატარა ბიჭს სულაც არ აქვს გენეტიკურად კოდირებული მხოლოდ "მამაკაცური" სათამაშოებით თამაში. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ბავშვი თამაშისას მშობლების საქმიანობის იმიტაციას ცდილობს. პედაგოგიურ ლიტერატურაში აღწერილია საინტერესო შემთხვევა: წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოაჩინეს ცივილიზაციისგან ძალიან შორს მყოფი ტომი. მკვლევარებმა, რომლებიც აბორიგენების ქცევას სწავლობდნენ, ბავშვებს სხვადასხვანაირი სათამაშო დაურიგეს. თავდაპირველად ბავშვები ყველანაირი სათამაშოთი ერთნაირად დაინტერესდნენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მკაცრი კანონზომიერება გამოვლინდა - ბიჭები თოჯინებით თამაშობდნენ, გოგონები - მანქანებითა და პისტოლეტებით. მიზეზი მალე გახდა ნათელი - კუნძულზე მატრიარქატი მეფობდა, ქალების ძირითადი საქმიანობა ნადირობა იყო, ხოლო მამაკაცებისა - ბავშვების აღზრდა.

ჩვენი ცხოვრება სხვაგვარია და ჩვენი შვილებიც მის კოპირებას ცდილობენ. მშობლის ამოცანაა, უფრო მრავალფეროვანი გახადოს ბავშვის თამაში. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, განგაშის ატეხა არც მაშინ ღირს, თუ ბიჭი თოჯინებისადმი იჩენს ინტერესს. თოჯინა საკმაოდ უნივერსალური სათამაშოა. თოჯინით თამაშისას ორივე სქესის ბავშვები სწავლობენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, თითქოს საკუთარ ქცევას გაითამაშებენ. ბიჭების მშობლები ზედაც არ უყურებენ ისეთ სათამაშოებს, როგორიც არის ავეჯი, ჭურჭელი, სამზარეულოს მოწყობილობა, პატარა თოჯინები, თუმცა ვაჟის განვითარებისთვის ისინიც საჭიროა. საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ სათამაშო იარაღებზე. ზოგიერთი მშობელი საერთოდ უარს ამბობს ბავშვისთვის მათ შეძენაზე იმის შიშით, რომ პატარა აგრესიული გახდება. ვერ უარვყოფთ, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვი ბოროტებას ხშირად ხედავს. ამასთანავე, ბიჭები ბუნებით უფრო აზარტულები არიან. სამხედრო თამაშისგან ბავშვის სრული იზოლირება შეუძლებელია და ალბათ საჭიროც არ არის, უბრალოდ, მშობლის ამოცანაა, შვილს სწორად თამაში ასწავლოს. სათამაშო იარაღის შეძენისას უნდა ეცადოთ, რომ მან ბავშვში აგრესია კი არა, სპორტული ინტერესი გააღვივოს. მაგალითად, თუ თოფი შეიძინეთ, მოაწყვეთ შეჯიბრება მიზანში სროლაში. მანქანას გულგრილად ვერც ერთი ბიჭი ვერ ჩაუვლის გვერდს. უმჯობესია, არჩევანი პლასტმასის მანქანაზე შეაჩეროთ.


მართალია ბავშვებს ლითონისა უფრო მოსწონთ, მაგრამ ლითონის მანქანა მძიმეა და ამის გამო პატარასთვის არცთუ უსაფრთხო. უფრო დიდი ასაკის ბიჭებს კი უჩნდებათ ბუნებრივი სურვილი, დაშალონ მანქანა და მისი შიგთავსი "კარგად შეისწავლონ". ასეთი საქციელისთვის ბავშვის დასჯა არ შეიძლება. უმჯობესია, პატარა ავტომექანიკოსის მამამ ყოველგვარი საქმე გადადოს და მანქანა შვილთან ერთად დაშალოს და ააწყოს. სისუფთავე და წესრიგი. ამ ჩვევების გამომუშავება ორივე სქესის ბავშვებისთვის ერთნაირად რთულია. მთავარია მოთმინება და ქმედებათა მუდმივი გამეორება. აუცილებლად უნდა დავიცვათ ერთი პრინციპი: არასოდეს ვცადოთ სათამაშოების დალაგება, როცა პატარები ჯერ კიდევ თამაშობენ. ბიჭებმა ამას შესაძლოა აგრესიითაც კი უპასუხონ, ვინაიდან ისინი უფრო იმპულსურები და აზარტულები არიან. საცხოვრებელი სივრცე. უმჯობესია, ბავშვების ოთახში ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი დომინირებდეს. მათი ენერგეტიკა ბავშვის აქტიურობასა და იმპულსურობას აწონასწორებს. თუ ბიჭი ნატურით ფლეგმატური ან მელანქოლიური პიროვნებაა, ინტერიერს შეიძლება ყვითელი ან ნარინჯისფერი დავამატოთ. თუ ბავშვებს ცალკე ოთახი აქვთ, ეცადეთ, ის კომფორტულად და უსაფრთხოდ მოაწყოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბიჭებისთვის ყველაზე ბუნებრივი ხმაურიანი თამაშია. ოთახს მოაცილეთ ყველაფერი (სარკეები, ტუმბები, პუფები), რამაც შეიძლება ბავშვი შეზღუდოს, გამოუყავით კუთხე სპორტული თამაშებისთვის. ასე სწორ მიმართულებას მისცემთ ბავშვის ენერგიას.  სპორტი. ძალიან დამჯერე ბიჭი მშობლების სიამაყეა, ოღონდ მხოლოდ სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში. ძნელად დასაჯერებელია, რომ ასეთი ბიჭი თანატოლთა თამაშების სრულუფლებიანი წევრი გახდება, შებოჭილობა კი ან აპათიის, ან აგრესიის მიზეზი ხდება. ესე იგი, სულაც არ არის საჭირო ბიჭების შეზღუდვა, მათ ზომიერი ცელქობის უფლება უნდა მივცეთ.  რა უნდა ვიღონოთ, თუ პატარა უმართავი და მოჩხუბარია? მის აგრესიას სასარგებლო ენერგიად გარდაქმნის საშუალება უნდა მივცეთ. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სპორტული სექციაა. სპორტი მარტო ფიზიკური განვითარებისთვის როდია აუცილებელი. ის ხასიათის სრულყოფასაც ემსახურება. თუ ბიჭი რეგულარულად დადის სპორტულ სექციაში, მშობელს შეუძლია მშვიდად იყოს მაშინაც, როცა ბავშვი წამოიზრდება, რადგანაც მას ნაკლებად შეეხება გარდატეხის ასაკის სირთულეები. შემოქმედება. არის შემთხვევები, როცა ბიჭს ხატვა ან პოეზია იტაცებს. ზოგიერთ მამას შესაძლოა გაუჩნდეს აზრი, რომ ეს არ არის "კაცური საქმე". გახსოვდეთ: არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის შემოქმედებითი აქტიურობის დათრგუნვა. გაიხსენეთ: მხატვრები და პოეტები, რომელთაც არაერთი სასიამოვნო წუთი უჩუქებიათ ჩვენთვის, უმთავრესად მამაკაცები არიან. იუმორის გრძნობა. მხიარული ადამიანი ბედნიერია. იუმორის გრძნობა კი თანდაყოლილი ნიჭია, თუმცა მისი განვითარებაც შესაძლებელია. ამისთვის წაუკითხეთ ბავშვებს მხიარული ლექსები და მოთხრობები, ხუმრობად აქციეთ უბრალო წყენა და ჭირვეულობა, იუმორით შეხედეთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას. ასე თუ მოიქცევით, შვილები აუცილებლად მოგბაძავენ. სიცილი ბავშვის გრძნობების გამოხატვის ბუნებრივი საშუალებაა. ბიჭები, რომელთაც იუმორის გრძნობა აქვთ, ყოველთვის პოპულარულები არიან თანატოლებს შორის.

მამები და შვილები

არცთუ იშვიათად ქალები ჩივიან, რომ მათი ქმრები შვილების აღზრდაში არ მონაწილეობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალმა ხელიდან გაუშვა დრო, როცა კაცს თავი მამად უნდა ეგრძნო. მამებად არ იბადებიან, მამები ხდებიან, რაშიც მათ ჭკვიანი მეუღლეები უნდა დაეხმარონ. ქალის ამოცანაა, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდიდან შეაჩვიოს ქმარი აზრს, რომ ბიჭის ნამდვილ მამაკაცად აღზრდა სწორედ მამას შეუძლია. მთავარია, მამა-შვილის ურთიერთობა ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან დაიწყოს და არა 3-4 წლისთვის, როგორც, სამწუხაროდ, მიაჩნია ახალბედა მამების ნაწილს. დედას უნდა სჯეროდეს თავისი მეორე ნახევრის პედაგოგიური შესაძლებლობებისა, - სხვათა  შორის, დადგენილია, რომ მამები შესანიშნავი აღმზრდელები არიან, - და თავი შეიკავოს უსასრულო მითითებებისა და აკრძალვებისგან. ვიდრე ბავშვი ჯერ კიდევ ახალშობილია, მამის მხრივ რაიმე ინიციატივას არ უნდა ველოდეთ. უმჯობესია, მას ფრთხილად, შეუმჩნევლად დავაკისროთ რაიმე მოვალეობა პაწაწინას მოვლის პროცესში. მაგალითად, ბავშვის დაბანაში მონაწილეობა. ქალები ხშირად უშვებენ შეცდომას, რომელმაც შესაძლოა მამას სამუდამოდ დაუკარგოს ბავშვის მოვლის სურვილი. ეს არის მუდმივი შფოთვა, რომ ქმარს რაღაც შეეშლება. ჯობს, დედამ შიში უკუაგდოს და მამა-შვილი მარტო დატოვოს. სწორედ ასეთ სიტუაციაში გრძნობს მამა პასუხისმგებლობას. წაახალისეთ მამის ინიციატივა, როცა შვილთან ერთად თავისუფალი დროის გატარებას მოინდომებს, ნურასოდეს უსაყვედურებთ არეული სახლის გამო. კუბებისგან სასახლის აშენება, ველოსიპედის ტარება თუ ნებისმიერი სხვა ერთობლივი საქმიანობა მამა-შვილს საოცრად აახლოებს. უფრო მოზრდილი ასაკის ბიჭს დააინტერესებს ავტომობილის შეკეთება, ფეხბურთის თამაში, მამასთან ერთად აუზზე სიარული. დედამ პატივისცემა უნდა გამოხატოს მამაკაცური საქმიანობის მიმართ. შედეგად მამა-შვილის იმ ერთიანობას მივიღებთ, რომელზეც ყველა დედა ოცნებობს.

როგორი დედა ხართ?

თუ ბავშვობაში გოგონების იმ კატეგორიას ეკუთვნოდით, რომელსაც თოჯინებით თამაში ეჯავრება, ალბათ ვაჟის შეძენას ბედის უდიდეს საჩუქრად მიიჩნევთ. მაგრამ არსებობს საფრთხე, ვაჟის აღზრდით გართულს დაგავიწყდეთ, რომ ქალი ხართ. გაითვალისწინეთ: ბიჭს ძალიან სურს, დედას ყოველთვის ლამაზს და მომხიბლავს ხედავდეს. ქალის იდეალზე მისი წარმოდგენაც დედის ხატს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიჭის დედას არ დაავიწყდეს სილამაზის სალონის გზა და ხანდახან მაღაზიებსაც ეწვიოს. ზოგიერთი ქალი თავს იდეალურ დედად მიიჩნევს, ვინაიდან მისი შვილი ყოველთვის ჩაცმულ-დახურულ-დანაყრებულია. მათ ბავშვთან თამაში ძალიან დამღლელად მიაჩნიათ და მასში მონაწილეობას თავს არიდებენ, მამებს გადაულოცავენ ხოლმე. ასეთი დედა ყოველთვის ფორმაშია, ყოველთვის ლამაზია, მაგრამ ბავშვს მასთან ურთიერთობის დიდი დეფიციტი აქვს!  ზოგიერთ დედას ყოველთვის აქვს დრო, რომ შვილებს ესაუბროს, ეთამაშოს, წიგნები წაუკითხოს... ეს იმიტომ, რომ დედამ იცის - ოჯახის საქმეები მხოლოდ მისი საზრუნავი არ არის - მას დამხმარეები ჰყავს. ყველა ქალი უნდა ეცადოს, საოჯახო საქმიანობაში ოჯახის სხვა წევრებიც ჩართოს და ამის წყალობით თავად ყველა ბავშვისთვის საოცნებო მეგობრად იქცეს.