ბებიები და შვილიშვილები
ცხოვრება გვკარნახობს
დღეს იშვიათია დედა, რომელიც სამი წლის განმავლობაში შინ ზის და ბავშვის აღზრდით არის დაკავებული. დედების უმრავლესობა პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვის, უკიდურეს შემთხვევაში ერთი წლის შემდეგ მაინც ცხადდება სამსახურში. და აი, ამ დროს დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის დავუტოვოთ პატარა? არჩევანი ფართოა - ძიძა, კერძო საბავშვო ბაღი... მაგრამ მსგავსი კომფორტი მრავალი ახალგაზრდა ოჯახისთვის ფინანსურად არახელსაყრელია და ახალგაზრდებიც არჩევანს ბებიებისა და პაპების დახმარებაზე შეაჩერებენ ხოლმე. როგორც ყოველივეს ამქვეყნად, ბებიისა და ბაბუის მიერ ბავშვის აღზრდასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. დიდი ხნის წინათ, როდესაც თავად მოევლინეთ ქვეყნიერებას, თქვენი მშობლებიც უამრავი პრობლემის წინაშე იდგნენ. მათ თქვენსავით არ ჰყოფნიდათ დრო შვილების აღსაზრდელად, ისინიც სამსახურისკენ მიიჩქაროდნენ. ახლა თქვენ გაიზარდეთ, თქვენს მშობლებს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ, თუმცა გამოცდილებასთან ერთად მათ დაუხარჯავი ემოციის ძალიან დიდი მარაგიც აქვთ, რომელსაც ერთვის ერთგვარი უხერხულობა შვილის აღზრდისას დაშვებული შეცდომების გამო. და ისინიც ცდილობენ, ეს შეცდომები შვილიშვილის აღზრდისას გამოასწორონ. თუ პატარას ბებიასა და პაპასთან ტოვებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - უეჭველია, რომ ის ყოველთვის მოვლილი, მაძღარი იქნება და დიდ სულიერ სითბოსაც მიიღებს. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მოხუცების სიყვარულს საზღვარი არ გააჩნია და ხშირად ბავშვი მათ პატარა დიქტატორად იქცევა ხოლმე. ხანშიშესული ადამიანები ხშირად გაცილებით გულდასმით და მკაცრად აკონტროლებენ ბავშვის ფიზიკურ აქტიურობას მარტივი მიზეზის გამო - ეშინიათ, პატარამ რამე არ დაიზიანოს. აქედან იღებს სათავეს სურვილი, ყველაფერი აკეთონ ბავშვის ნაცვლად, პატარას კი ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა თავიდან ააცილონ. არადა, ფიზიკური აქტიურობა პატარა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფროსების პატივისცემა, რომელიც ბავშვობიდან გვაქვს ჩანერგილი, შესაძლოა პატარების აღზრდის პროცესში დამამუხრუჭებელ ფაქტორად იქცეს. ხანშიშესულთათვის შესაძლოა უცხო და მიუღებელიც კი აღმოჩნდეს პატარების აღზრდისა და განათლების მრავალი სიახლე. მოხუცებს შესაძლოა არც ბავშვის დღის რეჟიმი მოსწონდეთ და არც თანამედროვე თამაშები.
როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა მშობლების პოზიცია? რა მიუღებელიც არ უნდა ჩანდეს უფროსების შეხედულებები, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: მშობლებმა ბევრი რამ თავად გამოსცადეს, მრავალ კითხვაზე ის პასუხი აქვთ, რომელიც პირადი გამოცდილების შედეგად იპოვეს. ამიტომ ურიგო არ იქნება, მათ აზრსაც - თუნდაც ერთი შეხედვით მიუღებელს - მივუგდოთ ყური. სხვათა შორის, უფროსების შეხედულება უმეტესად სწორი აღმოჩნდება ხოლმე. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: პატარას ერთობლივ აღზრდას ყოველთვის მოსდევს მჭიდრო კავშირი მშობლებთან, რაც შესაძლოა თქვენს პირად ცხოვრებაზეც აისახოს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ოჯახის წევრთა ხასიათსა და მათი ურთიერთობის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ისეც ხდება (რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში), რომ უფროსი თაობა იწყებს ახალგაზრდების პირადი ცხოვრების კონტროლს. მიზეზი მარტივია: მშობლები გრძნობენ მათი დახმარების აუცილებლობას, აშკარა უპირატესობას პატარას აღზრდის გამოცდილების თვალსაზრისით და თავს უფლებამოსილად თვლიან, იზრუნონ არა მარტო ბავშვზე, არამედ მათ მშობლებზეც. ასე იჭრებიან ისინი შვილების პირად ცხოვრებაში. ასეთ სიტუაციაში ახალგაზრდა მშობლები ნელ-ნელა კარგავენ არა მარტო შვილის აღზრდის, არამედ ოჯახური მეურნეობის გაძღოლის სადავეებსაც. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება კიდევ ერთ მომენტზე: ბებიებსა და პაპებს ყოველთვის როდი შეუძლიათ, შვილიშვილს ის აღზრდა მისცენ, რომელიც ბავშვის მშობლებს დააკმაყოფილებთ. უფროსი თაობა ხომ სულ სხვა დროში ცხოვრობდა, სხვანაირად ზრდიდა შვილებს. ამიტომ ხანშიშესულთა შეხედულებებმა არ უნდა გაგვაღიზიანოს, ჯობს, წყნარად გამოვთქვათ ჩვენი განსხვავებული აზრი. ახალგაზრდების მოვალეობაა, ისწავლონ ამ არასასიამოვნო მომენტების თავიდან აცილება. თუ ამას მოახერხებთ, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ დახმარებისა და მხარდაჭერის, ბავშვზე ზრუნვის, სითბოს, სიმყუდროვისა და სიკეთის იმედი. მაგრამ ამ ყველაფრის მისაღებად აუცილებელია ააწყოთ ნორმალური ურთიერთობა, რაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.
უარყავით ნეგატიური განწყობა და აგრესია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანშიშესული ადამიანები ხშირად ეჭვიანები არიან, მათი წყენინება ძალიან ადვილია. თუ მათთან საუბრისას ხმას ოდნავ აუწევთ, შეიძლება თქვენი მოსაზრება არ მიიღონ.
შეიმუშავეთ წესები. ჯობს, უფროსებს წინასწარ უთხრათ, რა გსურთ და რას ეწინააღმდეგებით კატეგორიულად. ეს შეიძლება ეხებოდეს ბავშვის კვებას, სეირნობას, ჩაცმას... აუცილებელია, კეთილგანწყობილი კილოთი ილაპარაკოთ, ახსნათ, რატომ ფიქრობთ ასე და არა სხვანაირად. კატეგორიული განცხადებები მხოლოდ პროტესტსა და უარყოფით განწყობას წარმოშობს.
მიაწოდეთ ბებიას ინფორმაცია. როცა ბებია თქვენთან ერთად ცხოვრობს ან კვირაში რამდენიმე დღე მოდის თქვენთან, რა თქმა უნდა, მას ყველაფერი ეცოდინება შვილიშვილის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი აუცილებელია, ვუთხრათ, რა უყვარს შვილიშვილს, სად თამაშობს დიდი სიამოვნებით, სად შეიძლება რამე დაიზიანოს, რით ერთობა შინ თუ გარეთ, რა უნდა ჩავაცვათ სეირნობისას, რომელ საათზე უნდა მივართვათ ფაფა... ამ წვრილმანების ცოდნა აუცილებელია, რათა ბავშვისთვის თვალში საცემი არ იყოს, რომ ის იმ ადამიანთან დატოვეს, რომელმაც არაფერი იცის.
ბავშვი ვერ უნდა გრძნობდეს თქვენს დამოკიდებულებას უფროსი თაობის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ბავშვი ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა გრძნობდეს, რომ უფროსებს შორის კონფლიქტია და მით უმეტეს არ უნდა იქცეს ამ კონფლიქტის ობიექტად. ბოლოს და ბოლოს, დაგეხმარებათ თუ არა ბებია ბავშვის აღზრდაში, ხომ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული! იყავით მშობლების მიმართ მგრძნობიარე, მზრუნველი, ყურადღებიანი და ბებიისა და ბაბუის აქტიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში ყველასთვის სასიამოვნო იქნება.