ზამთრის ვირუსული დიარეა
საიდან მოდის საფრთხე
ინფექციის წყაროს რომელიმე კლინიკური ფორმით დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი წარმოადგენს. ინფექცია უმთავრესად ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება. ვირუსი გარემოში განავალთან ერთად გამოიყოფა. ვირუსის გამოყოფა 3 კვირას გრძელდება. როტავირუსული დიარეა წელიწადის ნებისმიერ დროს გვხვდება, თუმცა ყველაზე მეტად ზამთრის თვეებში ხშირდება. ამ დროს მოსალოდნელია ერთეული (სპორადული) შემთხვევებიც და კოლექტიური აფეთქებებიც. გვხვდება მოზრდილებშიც. არის შემთხვევები (უპირატესად - ბავშვთა განყოფილებებსა და სამშობიარო სახლებში), როცა როტავირუსი საავადმყოფოსშიგა ინფექციის მიზეზად იქცევა. ვირუსის გადაცემის უმნიშვნე-ლოვანესი ფაქტორებია წყალი და საკვები (რძის პროდუქტები). განსაკუთრებით საშიშია წყლის რეზერვუარის დაბინძურება - ამას წყლისმიერი ეპიდემიური აფეთქება მოჰყვება. საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით ინფექციის გავრცელება ოჯახურ აფეთქებებს განაპირობებს. ინფექცია ტოვებს იმუნიტეტს, რომელიც 7-9 თვეს გრძელდება. ამ ხნის შემდეგ ადამიანი შესაძლოა ხელმეორედ დაავადდეს.
რას აზიანებს ვირუსი?
ორგანიზმში მოხვედრილი როტავირუსი ნაწლავის მფარავ ეპითელიუმს ეკვრის, აზიანებს ნაწლავის უჯრედებს და ხაოების სრულ დესტრუქციას იწვევს. გადაგვარებული ხაო ვეღარ ასრულებს ჩვეულ ფუნქციას - ვეღარ წარმოქმნის ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტებს (მალტაზას, საქარაზას, ლაქტაზას). ხაოების ეპითელიუმის დაშლის გამო ნაწლავებში გროვდება დაუშლელი ნახშირწყლები - დისაქარიდები. წვრილი ნაწლავის ზედა სეგმენტში ირღვევა მარტივი შაქრების შეწოვის პროცესიც. დაუშლელი ნახშირწყლები მსხვილ ნაწლავში გადადის და აქ მაღალ ოსმოსურ წნევას ქმნის, რის გამოც სითხე ორგანიზმიდან დიდი ოდენობით გამოიყოფა და მსხვილ ნაწლავში გროვდება. ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის. ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკა, რაც დიარეას კიდევ უფრო ამძიმებს. ორგანიზმს აღარ რჩება საკვების მონელებისა და წყლის უკუშეწოვისთვის საჭირო დრო. ასეთ დროს საჭიროა, რაციონიდან ამოვიღოთ დისაქარიდების შემცველი პროდუქტები (მათ შორის - რძე) და ბავშვს მარილოვანი ხსნარები მივცეთ. ამის შემდეგ დიარეული სინდრომი მალევე წყდება. თუ სამედიცინო დახმარება დაგვიანდა, შესაძლოა, მძიმე ცვლილებები სხვა ორგანოებშიც განვითარდეს, მაგრამ ისინი მკაცრი სპეციფიკურობით არ გამოირჩევა.
როგორ იწყება დაავადება
როტავირუსულ დიარეას, იმავე გასტროენტერიტს, ციკლურობა ახასიათებს. განასხვავებენ საინკუბაციო, მწვავე და რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდებს. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 3-5 დღემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ბავშვს ეცვლება გუნება, ჭირვეულობს, კარგავს მადას. ამის შემდეგ იწყება დაავადების მწვავე სტადია - ტემპერატურა 37,5-38 გრადუსამდე (იშვიათად - 39 გრადუსამდე) იმატებს, ვითარდება ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი. ღებინება და დიარეა ზოგჯერ ერთდროულად იწყება, უმეტესად კი ღებინება წინ უძღვის ფაღარათს. მრავაჯერადია, პირნაღები მასა უხვია, შეიცავს საკვების ნაწილაკებს და დიდი რაოდენობით ლორწოს. დიარეა ყველა ავადმყოფს აღენიშნება. დეფეკაცია იმპერატიული ხასიათისაა, ვითარდება უეცრად, თან სდევს ძლიერი ყურყური და მუცლის ტკივილი. ყურყური და აირების ხმაურიანი გამოშვება შხეფიანი განავლის გამოყოფით მთავრდება. დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფი შვებას გრძნობს. დეფეკაციის ცრუ სურვილი (როგორც შებერილობის დროს) დამახასიათებელი არ არის. ტიპურ შემთხვევაში განავალი უხვია, წყლისმაგვარი, ღია ყვითელი, ქაფიანი და მკვეთრსუნიანი. მსუბუქი ფორმის დროს განავალი ყავისფერია, ფაფისებური, თხელი, მძიმე ფორმისას კი - მღვრიე, მოთეთრო, წააგავს ქოლერით დაავადებულის გამონაყოფს. ზემოთ აღწერილ სიმპტომებს ერთვის ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, ადინამია, თავის ტკივილი, შემცივნება, ცხელება (1-2 დღის განმავლობაში), უმადობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებასთან ერთად აღინიშნება ხახის ჰიპერემია, ენა შელესილია, მომშრალო, პირიდან ამოდის აცეტონის სუნი. მცირე ასაკის ბავშვებში სწრაფად ვითარდება და პროგრესირებს გაუწყლოების ნიშნები. ჩვილ, კვებადაქვეითებულ, იმუნოდეფიციტის მქონე პატარებში დაავადება მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ზოგჯერ ფაღარათი 10-15 დღეს და მეტხანსაც გრძელდება. დაავადების მძიმე ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. როტავირუსით ინფიცირებულ ახალშობილებში დაავადება უპირატესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ინფექციის აფეთქებისას შესაძლოა განვითარდეს ნეკროზული ენტეროკოლიტის სურათი, რასაც ახალშობილთა განყოფილებაში ახალი შტამის გაჩენას უკავშირებენ.
ცვლილებები სისხლში
დაავადების დასაწყისში პერიფერიულ სისხლში უმნიშვნელოდ იმატებს ლეიკოციტები ნეიტროფილების ხარჯზე (ლეიკოციტოზი ნეიტროფილოზით). შემდგომ ნეიტროფილების ოდენობა მცირდება (ნეიტროპენია), იმატებს ლიმფოციტები (ლიმფოციტოზი). ედსი უცვლელია. სისხლის ამგვარი ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეუწონელია. ანტიბიოტიკოთერაპია ვირუსული დაავადების მიმდინარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, ორგანიზმს ასუსტებს და პროცესს ახანგრძლივებს. ანტიბიოტიკოთერაპია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც სისხლში ბაქტერიული ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღინიშნება.
როგორ ვუშველოთ პატარას?
მკურნალობის მთავარი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ძლიერი გაუწყლოება, რომელიც აუცილებლად მოჰყვება პირღებინებას, დიარეას, მაღალ ტემპერატურას. დაკარგული სითხის აღსადგენად საჭიროა, პატარას ყოველ 5-10 წუთში ჩაის კოვზით მივცეთ მარილოვანი ხსნარი - ელექტროლიტები, რეჰიდრონი და სხვა. თუ ბავშვი პირღებინების გამო სითხეს ვერ იღებს, ის საავადმყოფოში უნდა მოვათავსოთ, რათა დანაკარგი გადასხმის საშუალებით შეუვსონ. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი ხარბად სვამს სითხეს, მაგრამ დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ეს საკმარისი არ არის. ამას ადვილად მიხვდებით, თუ ბავშვი, მიუხედავად სითხის მიღებისა, მივარდნილია, კონტაქტში ძნელად შემოდის ან პირიქით, აგზნებულია, ჭირვეულობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმს სითხე აკლია. გარდა ამისა, თვალშისაცემია მეტისმეტად წითელი გამომშრალი ტუჩები, ჩავარდნილი და მოლურჯო უპეები, გაცივებული და აჭრელებული კიდურები. ასეთ დროს დაყოვნება დაუშვებელია, სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ!
გზაში პატარას ყლუპობით ასვით რეჰიდრონი. გახსოვდეთ: პირღებინებისას გაცილებით მეტი სითხე იკარგება და მდგომარეობაც უფრო სწრაფად მძიმდება, ვიდრე დიარეისას, ხოლო თუ ბავშვს პირღებინებაც აქვს და ფაღარათიც, მდგომარეობა საგანგაშოა. ერთი პირღებინების შემდეგ ორგანიზმს დაახლოებით 150-250 მლ სითხის მიწოდება სჭირდება. როდესაც პირღებინება ხშირად მეორდება, ორგანიზმი დაკარგული მარაგის შევსებას ვერ ასწრებს. საჭიროა ვენაში ელექტროლიტების წვეთოვანი გადასხმა. მკურნალობის მეორე, მთავარი რგოლია სწორი კვება. თუ ბავშვი ძუძუზეა, დაკარგული სითხის შესავსებად დედის რძეც ეყოფა, ოღონდ ჩვეულებრივზე ხშირად აწოვეთ. თუ ხელოვნურ კვებაზეა, პირველი 3-5 დღის განმავლობაში გირჩევთ სპეციალური ანტიდიარეული ნარევები გამოიყენოთ, შემდეგ კი ჩვეულებრივ კვებას დაუბრუნდეთ, ოღონდ უფრო ხშირად - სამსაათიანი ინტერვალით აჭამეთ. უფრო მოზრდილებს ეკრძალებათ რძე, რძის პროდუქტები კი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მისცეთ. საკვების უკეთ მონელების, ნაწლავთა ფერმენტული აქტივობის გაუმჯობესების მიზნით პირღებინების შეწყვეტის შემდეგ მკურნალობაში ერთვება ფერმენტები, პრობიოტიკები, რაც ნაწლავის ნორმალური ფლორის აღდგენასაც უწყობს ხელს. მკურნალობის ხანგრძლივობას ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების, დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის გათვალისწინებით ექიმი ინფექციონისტი შეარჩევს.
როგორ დავიცვათ პატარები
რაკი ინფექცია უმთავრესად ფეკალურ-ორალური და კონტაქტური გზით, ესე იგი განავლისა და დაბინძურებული საგნების მეშვეობით გადაეცემა, პროფილაქტიკა პირადი ჰიგიენის დაცვას, საკვებისა და მოხმარებული ჭურჭლის, ნივთების სისუფთავეს, სუფთა წყლის სმას გულისხმობს. და კიდევ: მოარიდეთ პატარა დაავადებულ ოჯახის წევრებს.