რაზე მიგვანიშნებს ლიმფური კვანძების გადიდება
როგორ რეაგირებს ბავშვის იმუნური სისტემა ამა თუ იმ დაავადებაზე, ამის შესახებ ინფექციონისტი, თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მაკა მაისურაძე გვესაუბრება.
-
როგორ ყალიბდება ბავშვის იმუნური სისტემა?
- გარემოსთან ადაპტაციაში, მეტადრე - ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის სპეციფიკური იმუნური რეაქციები, რომლებიც უპირველესად იმუნურ სისტემასთან არის დაკავშირებული. იმუნური სისტემა ორგანიზმს აუტოიმუნური და ავთვისებიანი დაავადებებისგანაც იცავს.
ლიმფოპოეზი, ნაყოფის ლიმფური სისტემის ჩამოყალიბება, ჩასახვის პირველსავე კვირებში იწყება. იმუნური სისტემა ვითარდება ნაწლავის მილიდან. 2,5-3 კვირის ჩანასახის ყვითრის პარკში ჩნდება არადიფერენცირებული ჰემოპოეზური უჯრედები, რომლებიც შემდეგ ღვიძლში გადაინაცვლებენ, მე-8 კვირიდან კი - მკერდის ძვალში, თიმუსში, ელენთაში. მე-10 კვირიდან ამ უჯრედებს ნახულობენ ნაყოფის ლულოვან ძვლებში, მე-14 კვირიდან კი - ნუშურა ჯირკვლებში, აპენდიქსსა და ლიმფურ ქსოვილებში. ამრიგად, პირველადი ლიმფოიდური ორგანოებია თიმუსი და ძვლის ტვინია, მეორეული კი ელენთა, ლიმფური კვანძები, ტონზილები, პეიერის ფოლაქები (მუცლის ღრუში). დაბადების შემდეგ ლიმფოიდური ორგანოები სწრაფად ვითარდება და 1 წლის ასაკში ჰისტოლოგიურ (უჯრედულ) სიმწიფეს აღწევს, 6 წლისთვის კი მოცულობით მოზრდილისას უახლოვდება. მხოლოდ ელენთა აღწევს თავის ნორმალურ მასას მოგვიანებით, გარდატეხის ასაკში.
-
მშობლები პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებას უფრო ამჩნევენ და ბავშვის ექიმთან მიყვანის მიზეზიც ეს უფრო ხშირადაა. მრავალი ინფექციური დაავადების ერთ-ერთ ნიშნად სწორედ პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება მიიჩნევა. სახელდობრ რომელი დაავადებების სადიაგნოზო ნიშანია ეს?
- უწინარესად, ადენოვირუსული ინფექციისა. ეს არის სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, კონიუნქტივიტით, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით. ადენოვირუსული ინფექციის კლინიკა მრავალფეროვანია. მისი კლასიფიკაცია სხვადასხვა სინდრომული გამოვლინებით არის შესაძლებელი.
ფარინგოკონიუნქტივური (ანთებითი პროცესი ხახასა და თვალში მიმდინარეობს) სინდრომის დროს ყურადღებას იქცევს ხახის უკანა კედლის მკვეთრი სიწითლე და შეშუპება, კისრის უკანა ლიმფური კვანძების გადიდება. ლიმფური კვანძები მწვავე პერიოდის ჩამთავრების შედეგაც რამდენიმე კვირა რჩება გადიდებული. თვალში საცემია აპკისებური ნადები კონიუნქტივაზე.
ადენოვირუსული ინფექციის ყოველგვარი ფორმის დროს მეტ-ნაკლებად შესამჩნევია ცვლილებები პირ-ხახის მხრივ, მაგრამ ტონზილოფარინგიტს განსაკუთრებით მკაფიო ანთებითი მოვლენები ახლავს თან. ბავშვები უჩივიან ყელის ტკივილს, ნუშურებზე ჩნდება ნადები, რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია.
მეზენტერიული ლიმფადენიტისთვის დამახასიათებელია შეტევითი ტკივილები მუცელში, ჭიპის მიდამოში. მოსალოდნელია მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნებიც. ქირურგიული ჩარევისას ნახულობენ გადიდებულ, გაწითლებულ (ჰიპერემიულ) და შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს.
ზედა სასუნთქი გზების კატარი ყველაზე ხშირად ვლინდება ადენოვირუსული ინფექციის დროს. ის იწყება 3-4-დღიანი ტემპერატურით, ზომიერი ინტოქსიკაციით და კატარული მოვლენებით - ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ყელის ტკივილით, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით.
-
ლიმფური კვანძების გადიდება გამონაყარით მიმდინარე ინფექციური დაავადებებისთვისაც არის დამახასიათებელი...
- წითელას დროს, გარდა კანსა და ლორწოვან გარსებზე არსებული დამახასიათებელი გამონაყარისა, აღინიშნება ყბისქვეშა კისრის უკანა ლიმფური კვანძების გადიდება. უმნიშვნელოდ არის გადიდებული ელენთა. გამონაყარით მიმდინარე კიდევ ერთი დაავადებაა წითურა. მის ტიპურ სიმპტომად მიიჩნევა კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძების გადიდება. კვანძები დიდდება გამოყრამდე 1-3 დღით ადრე და გადიდებული რჩება გამონაყარის გაჩენის შემდეგ 10-14 დღე. გადიდებული კვანძები ზოგჯერ თვალითაც იოლი შესამჩნევია.
-
ლიმფოიდური სისტემის ვირუსული დაზიანებით მიმდინარეობს ინფექციური მონონუკლეოზი, რომელიც არცთუ იშვიათია ბავშვებში. რომელ ჯირკვლებს მოიცავს პროცესი?
- ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი ჰერპესვირუსების ოჯახს ეკუთვნის. ორგანიზმში ვირუსი იჭრება ზედა სასუნთქი გზებისა და პირის ღრუს ლორწოვანი ეპითელიუმიდან, რასაც მოსდევს B-ლიმფოციტების ინფიცირება და სასისა და ცხვირ-ხახის ნუშურების შეშუპება-ჰიპერემია. შემდეგ ვირუსი ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით პერიფერიულ ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთაში და სხვა ორგანოებსა და სისტემებში ვრცელდება.
დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 38-39 გრადუსამდე მომატებით, საერთო მდგომარეობის დარღვევით, ყლაპვის დროს ყელის ტკივილით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, რაც ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების შეშუპებით არის გამოწვეული. ეს დაავადების ადრეული გამოვლინებაა. მე-3-4 დღეს უწყვეტი მაღალი ტემპერატურის ფონზე მაქსიმალურად დიდდება კისრის, იღლიისქვეშა, იდაყვის, საზარდულის და სხვა ლიმფური კვანძები.
განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას კისრისა და კისრის უკანა ლიმფური კვანძები, რომლებიც ძეწკვისებურად არის განლაგებული მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის უკანა კიდეზე და ყბისქვეშა მიდამოში. ხშირად კისრის ლიმფური კვანძები შემოფარგლულია და მათი კონტურები თვალნათლივ ჩანს. შეხებისას მომკვრივო-ელასტიკურია, უმტკივნეულო, ერთმანეთს არ ერწყმის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი კვანძების ირგვლივ ოდნავ შეშუპებულია, ხოლო კანი ინარჩუნებს ნორმალურ ფერს.
კვანძების ზომა ცერცვის მარცვლისოდენადან კაკლის ან ქათმის კვერცხისოდენამდე მერყეობს. კვანძები არ ჩირქდება. არცთუ იშვიათად ლიმფური კვანძების გადიდება დაავადების პირველი სიმპტომია.
პირის ღრუს დაზიანება ინფექციური მონონუკლეოზის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნიშანია. ზოგჯერ ანთება იმდენად ინტესიურია, რომ ნუშურა ჯირკვლები ერთმანეთს ეხება. ცხვირ-ხახის ნუშურების დაზიანებითაა გამოწვეული ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირისმიერი ხმა (დუდღუნი) და სტრიდორი, ნახევრად გაღებული პირით მხვრინავი სუნთქვა. ცხვირიდან გამონადენი ამ დროს არ შეინიშნება. შეშუპებულ და ჰიპერემიულ ნუშურებზე ჩნდება სქელი ლორწოვანი ნადები.
ინფექციური მონონუკლეოზის ასიდან 97-98 შემთხვევაში დიდდება ღვიძლი და ელენთაც. ღვიძლი დაავადების პირველსავე დღეებში ისინჯება, ხოლო მაქსიმუმს მისი ზომა მე-6 დღეს აღწევს. ღვიძლის საზღვრები ნორმას უახლოვდება თვის ბოლოს ან მეორე თვის დასაწყისში. ხანდახან ეს პროცესი 3 თვესაც გრძელდება.
ელენთა დიდდება ღვიძლის პარალელურად. მისი ზომების ნორმალიზაცია ხდება უფრო ადრე - 3 კვირაში.
ლიმფოიდური სისტემის დაზიანებითა და რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით მიმდინარეობს ენტეროვირუსული ინფექცია, ნაწლავთა ბაქტერიული დაავადებები, ლეიშმანიოზი, მუცლის ტიფიც. მუცლის ღრუს ლიმფური კვანძების გადიდების გამო ამ დაავადებების წამყვანი კლინიკური ნიშანია მუცლის ტკივილი, ხოლო ხელით გასინჯვისას შეინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება.
ლიმფოიდური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის თავდაცვას სხვადასხვა დაავადების დროს, წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებსა და ჯანმრთელ ორგანიზმს შორის. რამდენად ხშირად და იოლად დაინფიცირდება და დაავადდება ბავშვი, სწორედ ამ ბარიერის სრულფასოვან ფუნქციობაზეა დამოკიდებული. ორგანიზმში დაავადების გამომწვევის შეჭრა დაავადებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. თუ იმუნური სისტემა მტკიცე და ძლიერია, იგი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს მიკროორგანიზმებს და იოლად გააუვნებლებს მათ.