რა ზიანი მოაქვს ბავშვისთვის სოკოვან ინფექციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ზიანი მოაქვს ბავშვისთვის სოკოვან ინფექციას

ადამიანისთვის პათოგენურად სოკოს მხოლოდ ზოგიერთი სახეობა მიიჩნევა. ესენი არიან მიკროსკოპული, თუმცა ბაქტერიებზე დიდი ზომის ორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებზე უკეთ არიან დაცულნი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისგან და კარგად არიან შეგუებულნი გარემოს.

როდის ხდება სოკო საშიში ორგანიზმისთვის და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მან ბავშვის ორგანიზმს, ამის თაობაზე პედიატრი მანანა ანდღულაძე გვესაუბრება.

- რა ზიანი მოაქვს სოკოს ორგანიზმისთვის?

- სოკო-პარაზიტები ცოცხალი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან. ისინი იწვევენ მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის დაავადებებს. მათ მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები გაცხელებისას არ იშლება და ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ქრონიკულ მოწამვლას - მიკოტოქსიკოზს.

სოკოს ტოქსინები გროვდება ღვიძლში და აზიანებს მას, შეუძლია აგრეთვე თირკმელებისა და გენეტიკური აპარატის დაზიანებაც. ადამიანისთვის ზიანი მოაქვს არა მარტო საკვებად გამოყენებული სოკოს ტოქსინებს, არამედ იმ სახეობათა შხამებსაც, რომლებიც სახლის კედლებსა და ხეებზე ბინადრობენ.

შემოდგომასა და გაზაფხულზე, თბილ და ნოტიო ამინდში, ისინი აქტიურად მრავლდებიან და სპორებს (თესლს) გარემოში ფანტავენ. ურიცხვი თვალით უხილავი სპორა მტვრის ნაწილაკებთან ერთად ხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში, აღწევს ცხვირის სავალ გზებსა და ღრუებში, მსხვილ, საშუალო და წვრილ ბრონქებსა და ბრონქეოლებში და ფილტვებშიც კი.

სოკოს სპორები შეიძლება იქცეს ალერგიის სხვადასხვა გამოვლინების, სურდოს, ხველის, ბრონქული ასთმის მიზეზადაც კი, ხოლო დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმში მყარად მოიკიდოს ფეხი და სოკოვანი ინფექცია - მიკოზი გამოიწვიოს. ინფექციური პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს ყურის ანთებით, ცხვირის დანამატი ღრუების ანთებით (სინუსიტი), ბრონქიტით, პნევმონიით.

სოკოთი გამოწვეულ ინფექციურ დაავადებას მიკოზი ეწოდება, ალერგიულ დაავადებას - მიკოალერგოზი, მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას - მიკოტოქსიკოზი. არსებობს სოკოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მდგომარეობა - მიკომატარებლობა ანუ სოკოს ქრონიკული მატარებლობა, რომელიც არავითარ ინფექციურ პროცესს არ იწვევს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ სოკო კანდიდას მატარებელი და არამც და არამც - ობის სოკოსი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიურ პროცესებს უდებს სათავეს.

- სად ბინადრობს სოკო კანდიდა?

- სოკო კანდიდა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, პირის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზე ბინადრობს. ვიდრე იმუნური სისტემა ძლიერია, ადამიანი და სოკო მშვიდობიანად თანაარსებობენ. სოკოს "სძინავს" და არაფერს ვნებს ადამიანს. სწორედ ამ მდგომარეობას ჰქვია მიკომატარებლობა, უფრო ზუსტად - კანდიდამატარებლობა. როდესაც იმუნიტეტი მოუმწიფებელია (მცირე ასაკის ბავშვებში) ან დასუსტებულია (მოხუცები, ხანგრძლივად მოავადენი და ა.შ.), სოკო "იღვიძებს" და იწვევს ინფექციურ პროცესს - კანდიდოზს.

- როგორ ინფიცირდება ბავშვი სოკოთი?

- სოკო კანდიდას ადამიანი დაბადებისთანავე ეცნობა. საქმე ის არის, რომ ორსულის იმუნური სისტემა დასუსტებულია, კანისა და ლორწოვანი გარსების სტრუქტურა - შეცვლილი. სწორედ ასეთ დროს ამჟღავნებს აგრესიას კანდიდა და სამშობიარო გზებში პათოლოგიურ პროცესს იწვევს. ასეთ სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი ინფიცირდება და სიცოცხლის პირველსავე კვირას გამოაჩნდება რძიანა - პირის ღრუს ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. ენაზე, სასაზე, ლოყის შიგნითა ზედაპირზე თეთრი ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. ეს პროცესი დროებითია და ერთ თვეში ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის.

თუ ბავშვი დღენაკლულია, დაბადებიდანვე ავადმყოფობს, იღებს ანტიბაქტერიულ საშუალებებს (ანტიბიოტიკებს), რძიანა ხანგრძლივდება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თუ ახალშობილს კანი დაუზიანდა, სოკოვანი დაზიანების კერები მასზეც ჩნდება. მიკოზური კერები უმეტესად ბუნებრივ ნაოჭებში - იღლიებში, კისერზე, ყურის უკან, საზარდულის მიდამოში, კიდურების მოსახრელში წარმოიშობა და გამოყელვასა და სისველეს იწვევს. ჯანმრთელ კანს შესწევს უნარი, 15 წუთში "გასუფთავდეს" სოკოსგან, დაზიანებულს კი ეს არ შეუძლია. მას უნდა დავეხმაროთ, თორემ სოკო დაზიანებულ ადგილას აგრესიულ ზემოქმედებას გააგრძელებს.


- კანდიდა ბავშვის ნაწლავებშიც სახლობს. როდის ხდება იგი მავნე?

- კანდიდა მონაწილეობს ნაწლავთა მიკროორგანიზმებით დასახლების პროცესშიც. ახალშობილის ნაწლავები სტერილურია, მიკროორგანიზმები იქ პირველი თვის განმავლობაში სახლდება. ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა დედის რძით კვებას - სწორედ დედის რძე ეხმარება ახალშობილს, "ამოირჩიოს" და დაიტოვოს ორგანიზმში მხოლოდ მისთვის აუცილებელი და სასარგებლო მიკროორგანიზმები. დროზე ადრე დაბადებული (დღენაკლული) და დაბადებიდანვე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები თავიანთ ნაწლავებში "აბინავებენ" პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს - სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, საფუარა სოკოებს. ბავშვს ეწყება ნაწლავთა გახშირებული მოქმედება ან შეკრულობა, განავალი ლორწოვანი და მწვანეა. ხშირი და თხიერი განავალი დუნდულებსა და საზარდულს წვავს, პამპერსი კი ქმნის სათბურის ეფექტს. ერთი სიტყვით, იქმნება ყველა პირობა კანდიდას გამრავლებისთვის.

- შეიძლება თუ არა, კანდიდოზი ჯანმრთელ პატარას დაემართოს?

- ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჯანმრთელ პატარას ახალშობილობის პერიოდში კანდიდოზი არ განუვითარდება. თუ რძიანამ, რომელიც პირველად 2-3 თვის ასაკში ან უფრო გვიან განვითარდა, მკურნალობის შემდეგ ისევ იჩინა თავი, ეს სიგნალად უნდა მივიღოთ და ექიმს მივმართოთ. თუ ექიმთან პატარას მიყვანა ვერ მოვახერხეთ, თავი უნდა შევიკავოთ აცრებისგან.

რძიანას რეციდივი (გამეორება) იმუნური სისტემის მოუმწიფებლობაზე ან არამდგრადობაზე მეტყველებს. წინასწარი გამოკვლევის გარეშე ჩატარებულმა აცრამ შესაძლოა სასურველი შედეგი არ გამოიღოს - ორგანიზმმა ინფექციის მიმართ იმუნიტეტი ვერ გამოიმუშაოს, კანდიდოზი კი უფრო მეტად გავრცელდეს.

წლამდე ასაკის ჩვილებს კანდიდური ინფექციის კერები უჩნდებათ ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ნუშურების რკალებზე, რბილ და მაგარ სასაზე. ნადების მოცილება იწვევს ადგილობრივ სისხლდენას. ბავშვებს პირის ღრუ სტკივათ, რაც ხელს უშლის საკვების მიღებას. ცნობილია დაავადების სუსტად, უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმებიც. სოკოვანი ინფექცია აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, ბრონქებს, ფილტვებს, ყელ-ყურ-ცხვირს, შარდის გამომყოფ სისტემებს.

თუ პატარას უყვარს თითების წოვა, პირის ღრუს რძიანა შესაძლოა ხელის ფრჩხილების დაზიანების მიზეზადაც იქცეს. ამ დროს ფრჩხილი დეფორმირდება, სქელდება, უხეშდება. მისი მოსაზღვრე კანი წითლდება, ზეწოლისას კი გამოიყოფა თეთრი ხაჭოსებრი მასა.

კანდიდას უპირატესი ზრდით გამოწვეული დისბაქტერიოზისთვის დამახასიათებელია შეკრულობა. მოსალოდნელია საშარდე გზების ინფიცირებაც - კანდიდოზური ვულვიტიც, როცა შარდგამომტანი არხის ხვრელის გარშემო სიწითლე და ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. ასეთი მდგომარეობა ზოგჯერ არ აწუხებს პატარას, ზოგჯერ კი ქავილისა და შარდვისას ტკივილს აყენებს. ამ შემთხვევაში ექიმის ჩარევა აუცილებელია.

- უფრო მოზრდილ ასაკში რას ველოდოთ კანდიდოზისგან?

- უფრო მოზრდილ ასაკში სოკო კანდიდა იშვიათად იწვევს ინფექციურ პათოლოგიას, მაგრამ შესაძლოა, ალერგიული დაავადების მიზეზად იქცეს. ნაწლავებში ჩასახლებული სოკო, რომელსაც მოზრდილი და ძლიერი ბავშვის ორგანიზმი იოლად უმკლავდება, ენდოგენური (შინაგანი) სენსიბილიზაციის მიზეზად იქცევა. კანდიდა წარმოადგენს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ალერგენების კომპლექსს და შესაძლოა, კანის, სასუნთქი გზების და ნაწლავების ლორწოვანი გარსების ალერგიული დაზიანება გამოიწვიოს. ასე რომ, ალერგიული დაავადების მქონე ბავშვები კანდიდოალერგენებზეც უნდა შემოწმდნენ. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ინტენსიური კონტაქტი აქვს ალერგიულ ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებთან.

ობის სოკოებთან კონტაქტმა შესაძლოა ეგზოგენურ (გარეგან) სენსიბილიზაციას დაუდოს სათავე და საყოფაცხოვრებო, კვებით თუ მტვრის ალერგენებთან ერთად ალერგიული დაავადებები გამოიწვიოს. თუ ავადმყოფი ცხოვრობს ნესტიან შენობაში, რომლის კედლებზეც მოდებულია ობის სოკო, ხოლო დაავადების გამწვავება ემთხვევა გაზაფხულსა და შემოდგომას, აუცილებელია გამოკვლევა მიკოალერგოზებზე. კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც უნდა მივაქციოთ მშობლების ყურადღება: ობის სოკოს რეზერვუარებად მაწანწალა ცხოველები მიიჩნევა. მათგან ადამიანს შეიძლება გადაედოს:

  • მიკროსპორია - თავის თმიანი ნაწილისა და კანის სოკოვანი დაავადება;
  • ტრიქოფიტია - ზიანდება უპირატესად ფრჩხილები, ასევე თმა და კანი;
  • ეპიდერმოფიტია - ფრჩხილებისა და კანის დაზიანებით მიმდინარე სოკოვანი დაავადება.

- შესაძლებელია თუ არა სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება?

- მიკოზური პათოლოგიების პროფილაქტიკა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული დაავადებებისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა და ბავშვს ჩვეულებრივი გამღიზიანებლების მიმართ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება დაჰყვება. ასევე ძნელად შესასრულებელია რეკომენდაცია, რომ ოჯახი ნესტიანი, ძველი სახლიდან მშრალ, ახალ ბინაში გადასახლდეს. რაც შეეხება კანის სოკოვანი დაავადების თავიდან აცილებას, ამისთვის ჰიგიენის დაცვაც საკმარისია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარა ბავშვს.

  • სწორად მოუარეთ კანს, ეცადეთ მეტისმეტად არ გაოფლიანდეს და არ გამოიყელოს.
  • ფრთხილად დააჭერით ფრჩხილები, რათა კანი არ დაუზიანდეს.
  • დიდხანს ნუ დატოვებთ პატარას სველ პამპერსში.
  • თუ პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ხშირად უჩნდება რძიანა, მიმართეთ პედიატრს.
  • ნაწლავთა მოქმედების დარღვევისას - დიარეის ან შეკრულობის შემთხვევაში ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.
  • მოზრდილ ბავშვებს აუხსენით, რომ მაწანწალა ძაღლებისა და კატებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.
  • შინაური ცხოველები პერიოდულად ატარეთ ვეტერინართან.

- საშიშია თუ არა ბავშვებისთვის ტერფის სოკოთი დაავადებულ ოჯახის წევრთან ურთიერთობა?

-დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ტერფის სოკოვანი დაავადება აქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სოკო დაავადებას მხოლოდ კანის პირველადი დაზიანების, მაგალითად: ნახეთქების, კოჟრების არსებობის შემთხვევაში იწვევს. ბავშვებს ასეთი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ტერფის მიკოზი აქვს, ნაკლებმოსალოდნელია, ის ბავშვსაც გადაედოს, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება პირადი ჰიგიენის მარტივ წესებს: ბავშვს ნებას ნუ დართავთ, ჩაიცვას უფროსის ფეხსაცმელი, განსკუთრებით - შიშველ ფეხზე. ფეხები ყოველდღე დაბანეთ და კარგად გაუმშრალეთ, ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში კი ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის კონტრასტული აბაზანები.

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, მიკოზი შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა და არასწორმა მიღებამ, სხივურმა თერაპიამ, ხშირმა კათეტერიზაციამ, ინსტრუმენტების დამუშავებისას სანიტარული ნორმების დარღვევამ და სხვა.

დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სოკოები, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ბუნების ნაწილია. მათ გამუდმებით აქვთ ჩვენთან კონტაქტი, მაგრამ დაავადებას ყოველთვის არ იწვევენ. მშვიდობიან თანაარსებობას მხოლოდ არახელსაყრელი პირობები არღვევს. თუ დაავადება განვითარდა, პროცესის შესაჩერებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმ სპეციალისტს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზეც, რათა თქვენი შვილი ყოველგვარი ინფექციისგან იყოს დაზღვეული.