B და C ჰეპატიტები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

B და C ჰეპატიტები ბავშვებში

სიყვითლის კავშირი სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმასთან, რაც შემდეგ ვირუსოლოგიური გამოკვლევებითაც დამტკიცდა.

ვირუსული ჰეპატიტების ცნება გულისხმობს ეტიოლოგიურად არაერთგვაროვან -A A, B, C, D, E, F, G და შესაძლოა სხვა სახის ჰეპატოტროპული ვირუსებით გამოწვეულ - ინფექციას, რომელიც უპირატესად ღვიძლის მორფოლოგიური დაზიანებითა და სხვადასხვა ხარისხის საერთო ინტოქსიკაციით მიმდინარეობს.

რა თავისებურება ახასიათებს ბავშვებში B დაC ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობას? ამაზე მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ინფექციური კლინიკის ინფექციონისტი ბელა ელიაძე გვესაუბრება.

- რამდენად გავრცელებულია B ჰეპატიტი ბავშვებს შორის?

- ვირუსული B ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც დნმ-ს შემცველი ვირუსი იწვევს. იგი გარემოში მაღალი გამძლეობით გამოირჩევა. სწორედ მისი სიცოცხლისუნარიანობით აიხსნება ინფიცირებულთა სიმრავლე. B ვირუსული ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, რასაც ხელს უწყობს იმუნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების ერთობლივი მოქმედება.

ინფექციის წყარო ავადმყოფი ან ვირუსმატარებელია. დაავადება გვხვდება როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს შორის. ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებული 1 წელს გადაცილებული ბავშვების 96,3%-ს A ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, დაახლოებით 5,3%-ს - B ჰეპატიტისა, ხოლო - 0,7-1%-ს -C ჰეპატიტისა. სხვაგვარი ვითარებაა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სადაც A ვირუსის წილი დაახლოებით 8%-ია, B ვირუსისა - 57,8%, ხოლოC ვირუსისა - 20,6%.

- როგორ ინფიცირდებიან ბავშვები B ვირუსით?

- ადამიანიდან ადამიანს ვირუსი შემდეგი გზებით გადაეცემა:

  • ტრანსპლაცენტურად - ნაყოფის დასნებოვნება ორსულობისას. პლაცენტიდან B ვირუსი ასიდან 10-50 შემთხვევაში გადადის, ხოლო თუ დედის ორგანიზმში ვირუსის აქტიური რეპლიკაცია მიმდინარეობს - 90-95-ში. ასევე მნიშვნელოვანია, ორსულობის რომელ ტრიმესტრში დასნებოვნდა დედა. I-II ტრიმესტრებში დასნებოვნებისას ნაყოფის ინფიცირება ათიდან დაახლოებით 1 შემთხვევაში ხდება, ხოლო III ტრიმესტრში დასნებოვნებისას - 3-6 შემთხვევაში.
  • ინტრანატალურად - ნაყოფის დასნებოვნება მშობიარობისას.
  • პოსტნატალურად - ახალშობილის დასნებოვნება დედისგან მოვლის ან ძუძუთი კვების დროს.
  • ხშირად ხდება ინფიცირება სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის, ცუდად გასტერილებული ქირურგიული, სტომატოლოგიური, ტატუირებისა და პირსინგის ხელსაწყოების გამოყენების შედეგად, სქესობრივი და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით (დაზიანებულ კანსა და ლორწოვან გარსზე ვირუსის შემცველი მასალის მოხვედრით). პირსინგი და ტატუირება საკმაოდ პოპულარულია მოზარდებს შორის, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში შემთხვევათა რაოდენობას ზრდის.

საყურადღებოა მოზარდებს შორის შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების გახშირებაც, რომელთა უმრავლესობა დაუცველია. სისხლისა და მისი პრეპარატების უკონტროლო გადასხმა ამა თუ იმ სომატური დაავადების დროს მცირე ასაკის ბავშვებში ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია.

- როგორი მიმდინარეობა ახასიათებს თანდაყოლილ ვირუსულ B ჰეპატიტს?

- თუ ნაყოფი მუცლადყოფნისას დასნებოვნდა, ბავშვი შესაძლოა მწვავე ვირუსული ჰეპატიტის ნიშნებით დაიბადოს. თანდაყოლილი B ჰეპატიტი მცირესიმპტომურ ინფექციასავით მიმდინარეობს და ხშირად ქრონიკულ პროცესში გადაიზრდება.

ახალშობილებს ამ დროს სიყვითლისწინა პერიოდი არ უვითარდებათ. სიყვითლე სიცოცხლის პირველ დღეებში ვლინდება, საკმაოდ მკვეთრია და შესაძლოა, 2-3 კვირიდან 2 თვემდე გაგრძელდეს.

სიცოცხლის პირველსავე დღეებში იმატებს ტემპერატურა, დიდდება ღვიძლი და ელენთა, მუქდება შარდი, უფერულდება განავალი. ინტოქსიკაცია გამოიხატება მივარდნით ან მოუსვენრობით, უმადობით, წამოქაფებით. ზოგჯერ ამ ყოველივეს ერთვის ჰიდროცეფალია, სიყრუე, სიბრმავე. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით სრულდება.

- რამდენად სახიფათოა ინფიცირებული დედის ძუძუთი ახალშობილის კვება?

- თუ დედა დასნებოვნებულია B ვირუსით, ახალშობილის ძუძუთი კვება ძალზე სარისკოა. დასნებოვნება ამ დროს ხდება არა რძის, არამედ ძუძუსთავის ნახეთქებიდან გამოსული თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობის სისხლის საშუალებით. თუმცა თუ ახალშობილს დაბადების პირველსავე საათებში გავუკეთებთ იმუნოგლობულინს და ვაქცინას, ძუძუთი კვება უსაფრთხო იქნება.


- რას გვეტყვით შეძენილ B ჰეპატიტზე?

- თუ ბავშვი მშობიარობისას დაინფიცირდა, დაავადების პირველი ნიშნები სიცოცხლის მე-2-3 თვეს გამოვლინდება. ერთ წლამდე B ჰეპატიტს განსაკუთრებით ავთვისებიანი მიმიდნარეობა ახასიათებს, რაც 2-3 წლის ბავშვებში შედარებით იშვიათია.

დაავადებას აქვს მოკლე (1,5-3-თვიანი) საინკუბაციო პერიოდი და მწვავე დასაწყისი. შესაძლოა, იმთავითვე აღინიშნებოდეს მაღალი ტემპერატურა, რომელიც ტერმინალურ (სიკვდილისწინა) სტადიაში მყარი ჰიპერთერმიის ხასიათს იღებს და სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება.

დაავადების პირველი ნიშნებია უმადობა, აპათია, ძილად მივარდნა, რომელიც რამდენიმე საათში, მაქსიმუმ 1-1,5 დღეში შეტევითი ხასიათის მოუსვენრობით იცვლება. ბავშვი თითქოსდა უმიზეზოდ ტირის, წამოიკივლებს; ინტენსიური სიყვითლის ფონზე წამოკივლება ძლიერ ფსიქომოტორულ აგზნებაში გადადის. იწყება გონების დაბინდვა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), ბოდვები, კრუნჩხვები. ავადმყოფს პირიდან ამოსდის დამახასიათებელი - უმი ღვიძლის - სუნი. იგი განსაკუთრებით შეიგრძნობა სუნთქვის დროს. ასეთივე სუნი აქვს შარდსაც.

B ჰეპატიტის ავთვისებიანი ფორმა ლეტალურად სრულდება. ბავშვებში ვირუსული B ჰეპატიტი უმეტესად ინფიცირებული სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმის შემდეგ აღირიცხება. თუ დაავადებამ ქრონიკული სახე მიიღო, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებები, როგორიც ციროზი და ჰეპატოცელულური კარცინომაა.ბავშვებსა და მოზარდებში ციროზი ასიდან დაახლოებით 5-15 შემთხვევაში ვითარდება.

შეძენილი B ჰეპატიტი ასიდან 85 შემთხვევაში მწვავედ მიმდინარეობს. ინტოქსიკაციის მოვლენები, სიყვითლე უმეტესად მე-3-4 კვირას ქრება, ხოლო მე-6-8 კვირას ღვიძლის საზღვრები ნორმას უბრუნდება. ცალკეულ შემთხვევებში ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა დაავადების მე-3-4 კვირას ნორმალიზდება.

გახანგრძლივებული მიმდინარეობა აღენიშნება ავადმყოფთა 10%-ს და 5-8 თვე გრძელდება. ქრონიკული B ჰეპატიტის სიხშირე 3-5%-ია. ის ხშირად უსიყვითლო და სუბკლინიკური მიმდინარეობისას ყალიბდება და 6 თვეზე მეტხანს გრძელდება.

წლამდე B ჰეპატიტი მწვავედ, ტემპერატურის 38-40 გრადუსამდე მომატებით იწყება. პროდრომული პერიოდი ხანმოკლე, 3-5-დღიანია. ბავშვი უძლურდება, ძილად მივარდება, არაფერს ჭამს, ხშირია ღებინება, წამოქაფება, ფაღარათი, შარდის გამუქება (ეს უკანასკნელი ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება). შეიმჩნევა დაავადების სიმძიმისა და სიყვითლის შეუსაბამობა. ბილირუბინის დონე მოზრდილებთან შედარებით ნაკლებია, ჰეპატოსპლენომეგალია კი მეტად არის გამოხატული. ხშირია (განსაკუთრებით - დღენაკლულებში) ჰემორაგიული სინდრომი.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- ბავშვთა ასაკში B ჰეპატიტის მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში, ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. პათოგენეზურ და სიმპტომურ თერაპიასთან ერთად მოწოდებულია ანტივირუსული (ინტერფერონის) პრეპარატებით მკურნალობა, თუმცა ბავშვთა ასაკში ის ფართოდ არ გამოიყენება - საამისოდ პაციენტი რიგ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

- როგორ ვებრძოლოთ B ვირუსულ ჰეპატიტს?

- დაავადებასთან ბრძოლა ითვალისწინებს ინფექციის წყაროს გამოვლენას, გადაცემის გზების კონტროლს, ორსულთა მონიტორინგს, ვაქცინაციას. ავადმყოფისა და B-ვირუსმატარებლის ოჯახის წევრები უნდა სარგებლობდნენ პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით (კბილის ჯაგრისი, სამართებელი, მაკრატელი, ქლიბი, სავარცხელი, პირსახოცი, თეთრეული და სხვა).

დღესდღეობით არსებული ვაქცინები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი შვილები ამ საშიში დაავადებისგან დავიცვათ. არსებობს ვაქცინაციის რამდენიმე სქემა, რომლებსაც ექიმი ინდივიდუალურად, ვითარებისამებრ იყენებს, თუმცა საქართველოში ვაქცინაცია უმეტესად სამშობიარო სახლშივე იწყება. თუ დედა B ვირუსით არის დასნებოვნებული, ვაქცინა ახალშობილის სიცოცხლის პირველ 24 საათში კეთდება იმუნოგლობულინთან (HBIg) ერთად.

აცრა პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეთ რისკჯგუფში შემავალ პირებს: მედპერსონალს, ინტრავენურ ნარკომანებს, ჰომოსექსუალებს, ინფიცირებული მშობლების შვილებს. B ჰეპატიტის ვირუსით შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში რეკომენდებულია ჩატარდეს იმუნოპროფილაქტიკა სპეციალური იმუნოგლობულინით (HBIg) და ვაქცინით.

- რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ?

- C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1-3 მილიონი კაცი ინფიცირდება. ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვთა გამოკვლევისას C ვირუსის ხვედრითი წილი A და B ვირუსებისაზე დაბალია - 0,7-1%.

არსებობს C ვირუსის მინიმუმ 6 და მრავალი სუბტინი, რომელთაც ინტერფერონთერაპიისადმი სხვადასხვა მგრძნობელობა აქვთ. ქრონიკული C ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება. ამასთანავე, მოზრდილებს შორის ასიდან 8-24 შემთხვევაში საქმე ციროზამდე მიდის, ხოლო 0,7-1,3 შემთხვევაში - ჰეპატოცელულურ კარცინომამდე.

ბავშვებში ციროზის განვითარების ალბათობა ქრონიკული ც ჰეპატიტის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1-დან 8%-მდე მერყეობს. B-სგან განსხვავებით, C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1-6 შემთხვევაში გადაედება. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის დროსაც.

C ვირუსი ისევე გადაედება, როგორც B ვირუსი, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით იოლად ვრცელდება. ერთ-ერთია გადაცემის ვერტიკალური გზა. ინფიცირებული ახალშობილი უმეტესად - ათიდან 8-9 შემთხვევაში - ვირუსის ქრონიკული მატარებელი ხდება, რასაც ასაკთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების მთელი წყება მოჰყვება.

- შესაძლებელია თუ არა დედის რძის მეშვეობით ბავშვის ინფიცირება?

- შესაძლებელია. გააჩნია ვირუსის რაოდენობას, ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ძუძუსთავზე და ბავშვის პირის ღრუში ტრავმებისა და მიკროტრავმების არსებობას...

- ბავშვებსაც იმავე ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, რომლითაც მოზრდილებს?

- სამწუხაროდ, პედიატრებს ანტივირუსული პრეპარატების მწირი არჩევანი აქვთ - ბავშვთა ასაკში მრავალი მათგანის გამოყენება გართულებებს იწვევს, ამიტომ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ანტივირუსული მკურნალობის საკითხი.

C ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, რაც ვირუსის ხშირი ანტიგენური ცვალებადობის ბრალია, ამიტომ პროფილაქტიკა ზოგადი ღონისძიებებით შემოიფარგლება. ეს ის ღონისძიებებია, რომლებსაც სხვა პარენტერული (B ჰეპატიტი) ჰეპატიტების დროსაც მიმართავენ.