სპაზმებით გამოწვეული დისკომფორტი

როგორ ამოვიცნოთ პატარას უგუნებობისა და უმადობის მიზეზი?
- ბავშვთა ასაკში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა შეკრულობა. ამ პრობლემამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, მაგრამ ზოგიერთი მშობელი სათანადო ყურადღებას არ აქცევს ბავშვის ცხოვრების ამ მხარეს, ზოგს კი არასწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს კუჭის მოქმედების სიხშირე. მშობელმა უნდა იცოდეს, რა არის შეკრულობა, რა იწვევს მას და როდის უნდა მიმართოს ექიმს.
ამის კვალობაზე, გასაგები გახდება, როგორ დავიცვათ შვილები ამ პრობლემისგან. თუ შეკრულობის მიზეზი არ არის ნაწლავის ამა თუ იმ ნაწილის თანდაყოლილი ანომალია (ორგანული შეკრულობა), შეკრულობას ფუნქციურს უწოდებენ. ფუნქციური შეკრულობისას სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებამ შესაძლოა ნაწლავის ამა თუ იმ ნაწილის ტონუსის მომატება გამოიწვიოს. განავლოვანი მასები შევიწროებულ ადგილას სწრაფად ვეღარ გადაადგილდება და ყალიბდება ეგრეთ წოდებული სპასტიკური შეკრულობა. ის ვლინდება მყარი, ფრაგმენტირებული (ცხვრის კურკლის მსგავსი) მასების გამოყოფით.
- რა იწვევს ფუნქციურ შეკრულობას?
- ჩვილ ასაკში ფუნქციური შეკრულობა შესაძლოა გამოიწვიოს:
- დედის არასწორმა კვების რეჟიმმა, თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა;
- სითხის ნაკლებობამ დამატებით კვებაზე გადასვლის შემდეგ (მაგალითად, პატარას მისცეს სქელი ფაფა, მაგრამ არ მისცეს საჭირო რაოდენობის წყალი);
- სითხის ნაკლებობამ ხელოვნური კვების დროს;
- ხელოვნურ კვებაზე ნაადრევმა გადაყვანამ;
- სწრაფმა (7 დღეზე ნაკლები შუალედით) გადაყვანამ ერთი ხელოვნური ნარევიდან მეორეზე;
- არარაციონალურმა კვებამ (ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმს და უჭირს მათი მონელება);
- რაქიტმა, რომლის დროსაც დაქვეითებულია ნაწლავის კუნთების - საზოგადოდ კუნთების - ტონუსი (დ ვიტამინის დანიშვნიდან 2-3 კვირის შემდეგ შეკრულობა გაივლის);
- მძიმე ორსულობისა და მშობიარობის შედეგად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნარჩენმა მოვლენებმა;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ (ჰიპოთირეოზი) - შეკრულობა მისი ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა;
- რკინადეფიციტურმა ანემიამ - რკინის დეფიციტის გამო ნაწლავის მუსკულატურა ჟანგბადით სათანადოდ ვერ მარაგდება, რაც კუნთოვან სისუსტეს იწვევს;
- დისბაქტერიოზმა - ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევამ, რაც ლპობის პროცესებს აძლიერებს და ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას აქვეითებს;
- კვებითმა ალერგიამ (ძროხის რძის ცილის, კვერცხის, თევზის და სხვათა მიმართ), რომელიც იწვევს ნაწლავის კედლის ალერგიულ ანთებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შედარებით მოზრდილ ბავშვებში ფუნქციური შეკრულობის მიზეზებია:
- არარაციონალური კვება;
- ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
- ნაწლავური პარაზიტები;
- ერთსა და იმავე დროს - ჩვეულებრივ, დილის საათებში - დეფეკაციის ჩვევის უქონლობა.
- რას უჩივიან ბავშვები?
- ქრონიკულ სისუსტეს, მოდუნებას, თავის ტკივილს, ადვილად დაღლას, ძილის დარღვევას, იოლად ღიზიანდებიან, ხდებიან უმართავნი - უმიზეზოდ ტირიან, კარგავენ მადას. ყოველივე ეს შედეგია ორგანიზმის ინტოქსიკაციისა - ნაწლავებში შეყოვნებული განავლოვანი მასებიდან მავნე ნივთიერებები სისხლში გადადის და ორგანიზმს წამლავს.
- რა გართულებაა მოსალოდნელი, თუ მშობლებმა დროულად არ მიაქციეს ყურადღება აღნიშნულ ჩივილებს?
- ყველაზე ხშირი გართულებაა ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის გამო მონელებისა და შეწოვის პროცესების მოშლა, ნაწლავის ანთებითი პროცესები, ჭინთვების გამო სწორი ნაწლავის ნახეთქის გაჩენა (რაზეც მეტყველებს ალისფერი სისხლი განავალზე), სწორი ნაწლავის გამოვარდნა, ინვაგინაცია. უნდა ითქვას, რომ სწორი ნაწლავის გამოვარდნა და ინვაგინაცია ვითარდება ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროსაც, რომელიც ნაწლავური ინფექციებით (შიგელოზი) არის გამოწვეული. ინვაგინაცია უეცრად ვითარდება, ახასიათებს მუცლის შეტევითი ტკივილი, განავლოვანი მასის შემცირება ან სრული არარსებობა. განავალი შედგება მხოლოდ ლორწოსა და სისხლისგან. ნაწლავთა პალპაციისას ან სწორი ნაწლავის თითით რევიზიისას ისინჯება ინვაგინატი - შემკვრივებული ადგილი, თითზე კი ლორწო და სისხლი რჩება.
შეტევისა და შედარებითი სიმშვიდის პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება. ამ ჩივილებს ერთვის პირღებინება და ბავშვი საკვებზე უარს ამბობს. დაავადების ეს პერიოდი მკურნალობისთვის გადამწყვეტია. ზოგჯერ ავადმყოფი განავალს სისხლს არ აყოლებს, მაგრამ დაავადების სწრაფი დასაწყისი, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, პროგრესირებადი პირღებინება, აირებისა და განავლოვანი მასების გამოყოფის შეწყვეტა ეჭვს ფაქტობრივად აღარ ტოვებს. ინვაგინაციის დროს აუცილებელია ოპერაციული ჩარევა, თანაც რაც შეიძლება მალე - დაავადების ნიშნების გაჩენიდან არა უგვიანეს 10-14 საათის შემდეგ.