პანკრეატიტი გრძელი გზა გამოჯანმრთელებამდე
დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს ექსტრაქტული ნივთიერებებისა და ძნელად გადასამუშავებელი საკვების (კონცენტრირებული ბულიონი, შოკოლადი, შაშხი, ცხიმიანი საკვები), ხილისა და უმი ბოსტნეულის ჭარბმა მიღებამ, ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობამ, გადატანილმა ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ყბაყურა, ვირუსული ჰეპატიტი, ენტეროვირუსული ინფექცია), ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციის კერების მუდმივმა ტოქსიკურ-ინფექციურმა ზემოქმედებამ, მუცლის ღრუს ყრუ ტრავმამ, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის, პირველ რიგში - ნაღველგამომტანი გზებისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებმა, პანკრეასის კისტოფიბროზმა (მუკოვისციდოზი), ენდოკრინული სისტემის დაავადებებმა, მათ შორის - შაქრიანმა დიაბეტმა.
დაავადების განვითარებას, ჩვეულებრივ, რამდენიმე მიზეზის შერწყმა განაპირობებს. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ პანკრეატიტის ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს.
მწვავე პანკრეატიტის მთავარი კლინიკური ნიშანია ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ბავშვი წრიალებს, ტკივილის შესამსუბუქებლად წევს მუცელზე ან მარცხენა გვერდზე. ტკივილები შეტევითია, ზოგჯერ - მჩხვლეტი ან შემომსარტყვლელი. გადაეცემა წელის არეში, მარცხენა ხელში. დამახასიათებელია განმეორებითი ღებინება, რომელსაც შვება არ მოაქვს. პირნაღებ მასებში შეიმჩნევა ნაღვლის მინარევები.
ბავშვს აწუხებს აირების დაგროვება, შეკრულობა, იშვიათად - ფაღარათი. ამ ნიშნებთან ერთად თავს იჩენს სხვადასხვა ხარისხის ინტოქსიკაციის ნიშნები: კანის სიფითრე და მორუხო შეფერილობა, ტუჩებისა და პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ნადები ენაზე, სუბფებრილური ტემპერატურა, ზოგჯერ - 38,5 გრადუსამდე. მუცელი დაჭიმულია, ისინჯება დამახასიათებელი მტკივნეული წერტილები.
მწვავე პანკრეატიტს ხშირად სდევს თან სხვა დაზიანების ნიშნებიც - გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, აგრესიულობა, მაჯისცემის მომატება ან შენელება, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ღვიძლის მცირედი გადიდება და მტკივნეულობა, გარდამავალი ნეფროპათია.
დაავადების მწვავე პერიოდი 3-7 დღე გრძელდება. პროცესის ჩაცხრობას 2-3 კვირა სჭირდება. აღდგენითი პერიოდი 5-6 თვემდე გასტანს. ჯირკვლის დაზიანებული ქსოვილის აღდგენა ნელა მიმდინარეობს. ამ დროს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებამ შესაძლოა პროცესის გაქრონიკულება გამოიწვიოს.
ქრონიკული პანკრეატიტის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც მწვავესი. მისი მთავარი ნიშანია ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში პერიოდული შეტევების, ყრუ, მღრღნელი შეგრძნების სახით. ტკივილის ლოკალიზაცია არცთუ იშვიათად პანკრეასში პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას ემთხვევა: პანკრეასის თავის დაზიანება მარჯვენა ფერდქვეშა არის ტკივილით ვლინდება, სხეულისა - ეპიგასტრიუმის ტკივილით, ხოლო კუდის დაზიანებისას ტკივილის შეგრძნება მარცხენა ფერდქვეშ იჩენს თავს.
8 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად მუცლის ზედა ნახევარში გაშლილი ტკივილები აღენიშნებათ. ტკივილის სინდრომი დღის მეორე ნახევარში (სადილის შემდეგ) აღმოცენდება და საღამო ხანს ძლიერდება. ხშირად ის ჭარბ კვებას (განსაკუთრებით - ცხიმიანი და ტკბილი საკვების მიღებას), ფიზიკურ ან ემოციურ გადაძაბვას უკავშირდება. ტკივილი ხშირად გადაეცემა ზურგში, მარცხენა ბეჭში, მხარში. ზოგჯერ იგი შემომსარტყლელი ხასიათისაა. ისინჯება დამახასიათებელი მტკივნეული წერტილები და ზონები.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს დისპეფსიური სინდრომი მუდმივია, თუმცა დაავადების გამწვავებისას ძლიერდება. აღინიშნება გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი.
პანკრეატიტის მკურნალობა რამდენიმე ეტაპად ტარდება. თავდაპირველად სტაციონარულ პირობებში მკურნალობენ: ინიშნება გადასხმები, ანტიბიოტიკოთერაპია (ქრონიკული ანთებითი კერების აქტივობის დასათრგუნავად), ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმების მომხსნელი საშუალებები, ვიტამინები, ანტიფერმენტული თერაპია - პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორები, რომლებიც გავლენას ახდენს პანკრეასის უჯრედებში სეკრეტის სინთეზზე.
აუცილებელია ფიზიკური და ემოციური დასვენება. ამისთვის ბავშვს უნიშნავენ წოლით რეჟიმს, რომელიც მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ფართოვდება. ემოციური ლაბილურობისას ნაჩვენებია დამამშვიდებელი პრეპარატები.
ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის განტვირთვა. თავდაპირველად ინიშნება მხოლოდ სითხეები - ბორჯომი ან ამავე ტიპის ტუტე მინერალური წყლები, მეორე დღეს - სუსტი ჩაი ორცხობილათი, ასკილის ნახარში, წყალზე მომზადებული ფაფა უცხიმოდ. შემდეგ დიეტა თანდათან ფართოვდება, რაციონს ემატება რძე, პური, ხაჭო და ცოტაოდენი ნაღების კარაქი, მეხუთე დღიდან - გახეხილი მოხარშული ბოსტნეული, მერვე-მეცხრე დღიდან - მოხარშული, გახეხილი ან გატარებული ხორცი ან თევზი.
დიეტა 5-6 თვე გრძელდება დღის განმავლობაში მცირე ულუფებით 5-6-ჯერადი კვებით. რაციონიდან ამოღებულია ან შეზღუდულია უმი ხილი, ბოსტნეული და მათი წვენები (განსაკუთრებით - უზმოზე), მჟავე, ცხარე და შემწვარი საკვები. ფართოდ გამოიყენება პროდუქტები, რომლებიც პანკრეასის ფერმენტების აქტივობას თრგუნავს: კვერცხის ცილა, შვრია, სოიის ნაწარმი, კარტოფილი. საკვები აუცილებლად მოხარშული უნდა იყოს, მომზადდეს უშუალოდ მიღების წინ.
საკვებისმიერი განტვირთვის მეშვიდე-მეათე დღიდან იწყება ჩანაცვლებითი თერაპია პანკრეასის ფერმენტებით (პანკრეატინი, პანზინორმი).
განკურნების შემდეგ საჭიროა ხანგრძლივი მეთვალყურეობა (წლობით), პირველ წელიწადს - გამოკვლევა ყოველ 3 თვეში, შემდეგ - ყოველ 6 თვეში ერთხელ. მთელი ამ ხნის მანძილზე აუცილებელია გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია, ნებისმიერი დაავადების (განსაკუთრებით - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა) დროული გამოვლენა და მკურნალობა.