ვირუსული დიარეული ინფექციები

ფაღარათის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია (სალმონელოზი, ეშერიხიოზი და ა.შ.). ვირუსული დიარეული ინფექციები პატარებში ყველაზე ხშირად იწვევს ლეტალურ შედეგს. მსოფლიოში ყოველწლიურად სიკვდილის 5-10 მლნ შემთხვევა აღინიშნება. ვირუსული დიარეული ინფექციების შესახებ გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგე ვიტალი ხარაშვილი:
- ვირუსულ დიარეას იწვევენ როტავირუსები და სხვა დიარეგენული ინფექციები: ასტროვირუსები, კალცივირუსები, სხვა წვრილი, მრგვალი ვირუსები. ასტროვირუსებით გამოწვეული გასტროენტერიტი, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სიხშირით მეორე ადგილზე დგას როტავირუსების შემდეგ, მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში კი გასტროენტერიტების მიზეზი უფრო ხშირად დანარჩენი ვირუსებია. გარდა აღნიშნული ვირუსებისა, დიარეა შეიძლება გამოიწვიონ კორონავირუსებმა, ენტეროვირუსებმა, ადენოვირუსებმა (ყველაზე ხშირი მიზეზია ძუძუმწოვარ ბავშვებში) და სხვა. მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ხანმოკლე და მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა. ასეთი ეტიოლოგიის დიარეაზე ეჭვის მიტანა შეიძლება ნაწლავთა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების (შიგელოზი, ეშერიხიოზი, კამპილობაქტერიოზი) გამორიცხვის შემდეგ.
- ბრძანეთ, რომ როტავირუსული ინფექცია ვირუსულ დიარეულ ინფექციებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. რამდენად საშიშია იგი?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- როტავირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მრავალ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში ორ წლამდე ასაკის ბავშვებში იგი შეადგენს ნაწლავთა აშლილობის შემთხვევათა თითქმის ნახევარს. აშშ-ში როტავირუსული ინფექციით ყოველწლიურად ავადდება 1 მილიონი ბავშვი. აქედან ლეტალური შემთხვევები აღწევს 150-ს. ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს სუსტად გამოხატული ნიშნებით. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალშობილები და 6-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვები. ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება გაავრცელოს დაავადება და გადასდოს იგი გარშემომყოფებს. ვირუსის გარემოში გამოყოფა ხდება განავლით. დაავადების პირველ 8-9 დღეს განავალი შეიცავს ვირუსების საკმაოდ დიდ რაოდენობას. ვირუსის გამოყოფა 3 კვირამდე გრძელდება.
- იქნებ ინფექციის გადაცემის გზებზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...
- ინფექციის გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით - დაავადებული ადამიანის განავალი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვირუსებს, ხვდება ჯანმრთელის პირის ღრუში ჭუჭყიანი ხელების, საყოფაცხოვრებო საგნების, წყლის, საკვები პროდუქტების საშუალებით. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს წყლის რეზერვუარების ინფიცირება, რაც იწვევს წყლისმიერ აფეთქებებს ეპიდემიების სახით. საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით ინფექციის გავრცელება განაპირობებს აფეთქებას ოჯახის პირობებში.
- შესაძლებელია თუ არა, ბავშვი ვირუსული დიარეისგან განკურნების შემდეგ განმეორებით დაავადდეს?
- ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმში ვითარდება იმუნიტეტი, რომელიც მხოლოდ 7-9 თვეს გრძელდება, ამიტომ, თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაირღვა, განმეორებითი დაავადება შესაძლებელია.
- ვირუსული დიარეებისთვის, ბაქტერიულისგან განსხვავებით, დამახასიათებელია წყლისებრი ფაღარათი. რატომ?
- ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ იწყება მისი შეჭრა წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილის უჯრედებში - ენტეროციტებში, და 24-72 საათის განმავლობაში ხდება მათი მაქსიმალური დაზიანება. როგორც ცნობილია, მომწიფებულ ენტეროციტებს საჭმლის მონელებისა და შეწოვის ფუნქცია აკისრიათ (გლუკოზისა და დამხმარე ამინომჟავების მეშვეობით ხდება წყლისა და ელექტროლიტების ტრანსპორტი). დაზიანებული უჯრედები ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, რის გამოც ნაწლავის სანათურში დიდი ოდენობით გროვდება შეუწოველი ნახშირწყლები. ნაწლავებში არსებული ბაქტერიების ზემოქმედებით ხდება მათი დაშლა და ორგანული მარილების წარმოქმნა, რაც უფრო მეტად აძლიერებს ნაწლავთა შიგთავსის ჰიპეროსმოლარობას - ქსოვილებიდან, უჯრედშუა სივრციდან, ნაწლავებიდან დიდი ოდენობით სითხე მოედინება, ნაწლავთა შიგთავსი კი ხდება წყლიანი. მოსალოდნელია მძიმე ცვლილებები სხვადასხვა ორგანოს მხრივაც. ვითარდება სხვადასხვა ხარისხის გაუწყლოება.
- კლინიკურად როგორ ვლინდება დაავადება?
- როტავირუსული ინფექცია იწყება 1-5-დღიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, მწვავედ ან მძაფრად, ტემპერატურის 37,5-38 (იშვიათად 39) გრადუსამდე მომატებით. შემდეგ ამ სიმპტომებს ერთვის პირღებინება და ფაღარათი წყლისებრი მასებით. თავდაპირველად ღებინება პროდუქტიულია და შეიცავს საჭმლის მინარევებს. შემდეგ ხდება წყლისებური და შეიცავს ლორწოს მცურავი ფიფქების სახით. ღებინება უმეტესად დაავადების პირველსავე დღეებში წყდება, თუმცა ბავშვს კიდევ დიდხანს აქვს გულისრევის შეგრძნება და უქვეითდება მადა. ტემპერატურა მეორე დღესვე უბრუნდება ნორმას. თუ ტემპერატურა გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდა ორგანიზმში არსებული ქრონიკული ანთებითი კერა. ღებინების გამო სასის რკალები შეწითლებულია და ხშირად პირიდან ამოდის აცეტონის სუნი. ფაღარათი გრძელდება 5-7 დღე. განავალი, ბაქტერიული დიარეისგან განსხვავებით, არ შეიცავს ერითროციტებს და ლეიკოციტებს. იგი უხვია, წყლისებური, მოყვითალო ან მომწვანო, ქაფიანი, აქვს მკვეთრი (ხშირად მომჟავო) სუნი. ზოგჯერ განავალი მღვრიე თეთრი ფერისაა და მოგვაგონებს ქოლერის განავალს. მოზარდები, რომლებსაც შეუძლიათ გადმოგვცენ თავიანთი ჩივილები, ზოგჯერ კუჭისა (ეპიგასტრიუმის) და ჭიპის მიდამოში ტკივილს უჩივიან. მოსალოდნელია მუცლის ძლიერი მოვლითი ხასიათის ტკივილი. დამახასიათებელია დეფეკაციის იმპერატიული სურვილი, რომელიც უეცრად წარმოიშობა და თან სდევს ხმაურიანი ყურყური და აირების ხმაურიანი გამოშვება შხეფიანი განავლით. დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფი შვებას გრძნობს. დეფეკაციის ცრუ სურვილი, რომელიც შიგელოზის დროს გვხვდება, ვირუსული დიარეისთვის დამახასიათებელი არ არის.