სპეციფიკური სუნი როგორც სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი პედიატრიულ პრაქტიკაში
ის შესაძლოა პატარას პირიდან ამოსდიოდეს, კანზე დაჰკრავდეს ან პამპერსის დათვალიერებისას გეცეთ ცხვირში. სუნზე როგორც სადიაგნოსტიკო ნიშანზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გაბისონია.
- დილით ახალგაღვიძებულ პატარებს არცთუ იშვიათად აქვთ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი. რომელ დაავადებაზე მიგვანიშნებს მისი არსებობა?
- თუ პატარას უზმოზე პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, ღამით პირღიას სძინავს, ბალიშს ნერწყვით ასველებს და კბილებს აკრაჭუნებს, ეს ჭიების ბრალია. ლამბილიები, ასკარიდები, მახვილები ყველაზე მეტად 2-დან 5 წლამდე ასაკის პატარებს ემტერებიან. ჭუჭყიანი ხელებიდან ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ისინი ნაწლავებში იდებენ ბინას. პარაზიტებით გამოწვეული დაავადება შესაძლოა მწვავედ, ერთბაშად დაიწყოს ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ. ბავშვს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, უმადობა, პირღებინება, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ძლიერდება აირების წარმოქმნის პროცესი, რის გამოც პატარას მუცელი შებერილი აქვს. ლამბლიებით ინვაზიის შემთხვევაში დამახასიათებელია ბოყინი ლაყე კვერცხის სუნით. ბავშვი დღეში რამდენიმეჯერ გადის კუჭში მოყვითალო-მომწვანო, ლორწოს შემცველი მასებით. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკურ ნიშნებს ერთვის უმადობა, წონაში ჩამორჩენა, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა... ამ მდგომარეობის მიზეზის პოვნა ყოველთვის არ არის ადვილი. ლაბორატორიული კვლევები არაფერს გვაძლევს, განავალში ჭიის კვერცხებისა და ცისტების აღმოჩენა ძნელია, ამიტომ დიაგნოზი ხშირად მხოლოდ აღნიშნული კლინიკური ნიშნების, მათ შორის - პირის ღრუში უსიამოვნო სუნის საფუძველზე დაისმის.
- როდის ამოსდის ბავშვს პირიდან აცეტონის სუნი?
- ყველა დაავადებას, რომლის დროსაც ხდება სითხის კარგვა, უპირატესად - პირღებინების გამო, პირიდან აცეტონის სუნი ახასიათებს. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად არის პირღებინება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის წამყვანი ნიშანი. სითხის კარგვა იწვევს ორგანიზმის გამოშრობას, ექსიკოზს. მისი მძიმე ფორმის მანიშნებელია აცეტონის სუნის არსებობა პირის ღრუში. ზოგჯერ სუნი ისეთი მძაფრია, რომ ჩაყნოსვაც არ არის საჭირო, შორიდანვე იგრძნობა. მისი შეგრძნების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
- როგორ გამოვიყვანოთ ბავშვი მდგომარეობიდან?
- სასწრაფოდ უნდა შევავსოთ ორგანიზმის სითხის მარაგი. სასურველია, სითხე ელექტროლიტებით იყოს გამდიდრებული. ასეთია რეჰიდრონის, ჰუმანას ელექტროლიტების ხსნარები. სითხე პატარამ 10 წუთში ერთხელ უნდა მიიღოს კოვზით. თუ დანაკლისის ასანაზღაურებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ხდება წვეთოვანი გადასხმა ვენაში, საავადმყოფოს პირობებში. პირღებინება ნაწლავური და რესპირაციული ინფექციების, ჩვილებში პილოროსპაზმისა და პილოროსტენოზის დროს აღინიშნება. ორგანიზმის სითხით შევსების შემდეგ გაუწყლოების მიზეზთან ბრძოლაა საჭირო.
- ცნობილია, რომ სპეციფიკური სუნი ასდის ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის კანს...
- ფენილკეტონურია ცილების ფერმენტული სისტემის (ფენილალანინის ცვლის) თანდაყოლილი მოშლაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს. დაავადება ვლინდება სხვადასხვა ასაკში, დაწყებული 6 კვირიდან, უმეტესად მაშინ, როდესაც მშობლები სისხლით ნათესავები არიან. პირველ თვეებში დამახასიათებელი კლინიკური სურათი არ შეიმჩნევა. ყველაზე ადრეული ნიშნებია აგზნებადობა, ღებინება, ეგზემა. თანდათან აშკარა ხდება ჩამორჩენა ფსიქომოტორული სფეროს მხრივ. ბავშვები გვიან სხდებიან, გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, უგვიანდებათ კბილების ამოსვლა, ჩამორჩებიან სიმაღლეში. ფენილკეტონურიით დაავადებული ბა-ვშვები ქერათმიანები და ლურჯთვალები არიან. მათი კანი პიგმენტს თითქმის არ შეიცავს და დაჰკრავს თავისებური, თაგვის სუნი. ფსიქიკური მოშლილობა გამოხატულია მსუბუქი ან ღრმა იმბეცილობითა და იდიოტიით.
მკურნალობის მთავარი კომპონენტია ფენილალანინით ღარიბი დიეტა. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს კანის ფერს, ლაბორატორიულ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ხორცი, ფქვილის პროდუქტები, რძე, კვერცხი, ნიგოზი, ყველი, თევზი, შოკოლადი, ლობიო, კარტოფილი. ნებადართულია სიმინდი, უცილო პური, შაქარი, მცენარეული ზეთი. საკვების საერთო კალორიულობა ნორმაზე 10-12%-ით მეტი უნდა იყოს. საკვების ხასიათი იცვლება ასაკის მიხედვით, ფენილალანინის რაოდენობის კონტროლის საფუძველზე. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესია ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები.
- რამდენად მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ნიშანია განავლის სუნი?
- ნაწლავთა მოქმედება მძაფრსუნიანი, უხვი განავლოვანი მასებით ცელიაკიის მთავარი კლინიკური ნიშანია. ცელიაკია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას აზიანებს. ცელიაკიის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია გლიადინის აუტანლობა. გლიადინი, რომელსაც ხორბალი შეიცავს, განაპირობებს პათოლოგიური მექანიზმების ჩართვას, რაც საბოლოოდ წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მალაბსორბციის სინდრომის განვითარებას იწვევს.
დაავადება ვლინდება ადრეულ ასაკში, როცა ბავშვის რაციონში რთავენ ხორბლეულს (მანანის ან პურის ფქვილის ფაფას). იწყება თანდათანობით, მადის დაქვეითებით, საერთო სისუსტით, ადინამიით, კუნთთა ატონიით, ნაწლავის ფუნქციის დარღვევით, რასაც ერთვის ანემია და მკვეთრი სიგამხდრე. ბავშვი გაღიზიანებული ან დათრგუნულია, კონტაქტში უხალისოდ შედის. როგორც აღვნიშნეთ, წამყვანი კლინიკური ნიშანია მძაფრსუნიანი, უხვი განავალი. განავალი მოთეთრო ფერის, ქაფიანი და მბრწყინავია. მეორე კლასიკური ნიშანია მკვეთრი სიგამხდრის ფონზე ძალიან დიდი მუცელი, რომლის ზედაპირზე კარგად ჩანს ნაწლავთა მარყუჟები. ვითარდება ფსევდოასციტი. დიაგნოზს სვამენ დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათის, ანამნეზური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. დიეტოთერაპია არც ერთი დაავადების მკურნალობისას არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორსაც ცელიაკიის დროს. გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, კვების რაციონიდან მთლიანად გამოირიცხოს მარცვლეული - ხორბალი, ჭვავი, ქერი. დიეტა დიდხანს, ზოგჯერ სქესობრივ მომწიფებამდეც კი გრძელდება. ცელიაკიით დაავადებული ბავშვები კარგად იტანენ სიმინდის ფქვილის ნაწარმს (მჭადს, ღომს, ფაფას), კარტოფილს, სოიის ფქვილს, ბრინჯს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხილს, თაფლს, კომბოსტოს. დაავადების გამძაფრების პერიოდში განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ მაწონსა და კეფირს. სასურველია, ბავშვს დროდადრო მოვუწყოთ ხილის დღე - მთელი დღის განმავლობაში ხილით ვკვებოთ. განსაკუთრებით კარგია ვაშლი, ბანანი. ხილი შეიცავს ცელულოზას, რომელიც კარგად შეიწოვება, მოქმედებს აციდოზის წინააღმდეგ, აწესრიგებს ნაწლავთა პერისტალტიკას. რაციონს თანდათან ამდიდრებენ მოხდილი ხაჭოთი, რძით, ქათმისა და საქონლის ხორცით, კარტოფილის პიურეთი და ბოსტნეულით (სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო). მცენარეული ცხიმი უფრო უკეთ შეიწოვება, ვიდრე ცხოველური. დიეტოთერაპიის ფონზე პირველი კვირის დასასრულსვე აღინიშნება ემოციური მდგომარეობის, მადის გაუმჯობესება, მეტეორიზმი და დისპეფსიური მოვლენები ქრება, ავადმყოფი იმატებს წონას.
- საყოველთაო პრობლემაა ახალშობილთა და ჩვილთა კოლიკა, აირების დაგროვება, ნაწლავთა შეკრულობა ან აშლილობა. ეს ყოველივე ხშირად ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის დარღვევას - დისბაქტერიოზს უკავშირდება. როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი, რათა დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა?
- მიკრობები ახალშობილის ორგანიზმში დაბადებისთანავე იწყებენ დასახლებას. სასარგებლო მიკროორგანიზმები მსხვილ ნაწლავში ბინადრობენ. მათი უმრავლესობა (95-98%) გახლავთ ბიფიდუმბაქტერიები და მათი დამხმარე ლაქტობაცილები, ნორმალური ნაწლავური ჩხირები, ანაერობული ბაქტერიები და ენტეროკოკები (ფეკალური სტრეპტოკოკები). სწორედ ეს მიკროორგანიზმები გვეხმარებიან ცხოველქმედებისა და იმუნური პროცესების ჯანსაღად წარმართვაში.
როდესაც მიზეზთა გამო ამ მიკროორგანიზმების თანაფარდობა ირღვევა, ვითარდება დისბაქტერიოზი, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვილების ხვედრი. დისბაქტერიოზს აქვს დამახასიათებელი კლინიკური სურათი - ბავშვი აგზნებულია, ერღვევა ძილი, ხშირად ტირის, ჭამამდე და ჭამის შემდეგაც აღენიშნება ხშირი და უხვი ამოქაფება, მუცელი შებერილი აქვს, უჭირს აირებისგან გათავისუფლება. აირებს აქვს დამახასიათებელი მძაფრი სუნი. გახშირებულია ნაწლავთა მოქმედება. განავალი ბაცი ფერისაა, აქვს მძაფრი, მომჟავო სუნი, შეიცავს მოუნელებელ საკვებს, ლორწოს. არსებობს შეკრულობით მიმდინარე დისბაქტერიოზიც. ამ დროს პატარას დამოუკიდებლად დეფეკაცია უჭირს. მძიმე შემთხვევებში ბავშვი წონას ვერ იმატებს, ზოგჯერ იკლებს კიდეც. ნუ დაელოდებით გართულებებს, დისბაქტერიოზის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე საჭიროა მკურნალობის დაწყება. გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, კვების ხასიათი და სხვა. რაციონის კორექციასთან ერთად საჭიროა ბიოლოგიური პრეპარატების - პრობიოტიკების გამოყენება. მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივია და ითვალისწინებს იმ მიზეზების დადგენასა და აღმოფხვრას, რომლებმაც ნორმალური მიკროფლორის დარღვევა გამოიწვია.