რატომ აქვს ბავშვს წითელი ლოყები?
რა დაავადებაა დიათეზი, როგორ იკურნება და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება, ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრი დარეჯან შენგელია.
-ქალბატონო დარეჯან, რა დაავადებაა დიათეზი?
- დიათეზი ჯერ კიდევ არ არის დაავადება, არამედ წინასწარგანწყობაა ამა თუ იმ დაავადებისადმი. არსებობს დიათეზის რამდენიმე სახე. ესენია:
- ნერვულ-ართრიტული დიათეზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრისა და ართრიტებისადმი წინასწარგანწყობა. დიათეზის ეს ფორმა განპირობებულია შარდმჟავას ცვლის დარღვევით და ორგანიზმში პურინების (შარდმჟავას დაშლის პროდუქტები) დაგროვებით. დამტკიცებულია, რომ ეს ფორმა შესაძლებელია გადაეცეს მემკვიდრეობით.
- ლიმფურ-ჰიპოპლაზური დიათეზი ხასიათდება პრაქტიკულად ყველა ლიმფური კვანძისა და მკერდუკანა ჯირკვლის - თიმუსის მყარი გადიდებით, ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევით (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), ინფექციური დაავადებებისა და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით. დიათეზის ამ სახის ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დედის მიერ გადატანილ ინფექციებს და ორსულობის სხვა გართულებებს, რომლებიც იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას (ჟანგბადის უკმარისობას).
- ექსუდაციურ-კატარული დიათეზი ანუ ალერგიული დიათეზი, რომელიც დამახასიათებელია ჩვილი ასაკის ბავშვებისთვის. პატარებს აღენიშნებათ მგრძნობელობის მომატება, ადვილად უზიანდებათ კანისა და ლორწოვანი გარსი, ადვილად გადაედებათ ინფექცია, ხანგრძლივად უგრძელდებათ ანთებითი პროცესები, უვითარდებათ ალერგიული რეაქცია. დიათეზის ეს ფორმა იმდენად გავრცელებულია, რომ ხშირად ტერმინ დიათეზს მის სინონიმად თვლიან.
- რა განაპირობებს დიათეზის ამ ფორმის ფართოდ გავრცელებას მცირე ასაკის ბავშვებში?
- ალერგიული დიათეზი ამა თუ იმ ფორმით გავრცელებულია 2 წლამდე ასაკის ბავშვთა 30-60%-ში, მათ შორის 75-90%-ში იგი გამოვლინდება ცალკეული ეპიზოდის სახით და მხოლოდ დანარჩენ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული დაავადება. მისი ფართოდ გავრცელება ჩვილ ბავშვთა ასაკში აიხსნება კუჭ-ნაწლავის დამცველობითი ფუნქციის უმწიფრობით. ჯერ კიდევ არასაკმარისად გამომუშავდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, დამცველობითი ანტისხეულები, მომატებულია ნაწლავის კედლის განვლადობა. ამ ასაკობრივი თავისებურების გამო ვერ ხდება საკვების საკმარისად დაშლა-გადამუშავება. პირველ რიგში ეს ეხება ცილებს, რომლებიც ადვილად ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში. ცილის არასრული დაშლის შედეგად წარმოქმნილი მსხვილი მოლეკულები კი წარმოადგენენ ალერგიული რეაქციების გამშვებ რგოლს. ნებისმიერი ალერგიული რეაქცია იწყება განსაკუთრებული ანტისხეულების (იმუნოგლობულინ ე-ს) წარმოქმნით. ალერგენისა და ანტისხეულების კონტაქტი განაპირობებს ორგანიზმის მიერ ჰისტამინის გამომუშავებას. ჰისტამინი აფართოებს სისხლძარღვებს, იწვევს ქსოვილების შეშუპებას, ქავილს და ა.შ. ჩვილ ბავშვებში ჰისტამინის გამომუშავებას ორგანიზმი იწყებს ასევე ბევრი სხვა ნივთიერებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ. მაგალითად, ჩვილის გაცივების დროს.
- რა განსხვავებაა ალერგიულ დიათეზსა და ტიპურ ალერგიულ რეაქციას შორის?
- ტიპური ალერგია - ეს არის იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქცია, ანტისხეულები გამომუშავდება იმ ნივთიერებათა მიმართ, რომლებიც სინამდვილეში არ არის ორგანიზმისთვის საშიში და არ უნდა იწვევდეს იმუნური პასუხის სტიმულაციას. ალერგიული დიათეზის დროს ალერგიული რეაქციის განვითარებაში ძირითად როლს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ჰისტამინისადმი მგრძნობელობის ასაკობრივი თავისებურება თამაშობს.
მიუხედავად ამ განსხვავებისა, ტიპური ალერგია და ალერგიული დიათეზი შეიძლება ერთნაირად გამოვლინდეს. დიათეზის კლინიკური გამოვლენა დაკავშირებულია მიღებული ალერგენის დოზაზე - შედარებით ზედმეტი რაოდენობით მიღებული პროდუქტი იწვევს კანის რეაქციას, მათ შორის - ყველაზე ხშირად ატოპიურ დერმატიტს.
ალერგიული რეაქციების დროს ალერგენის უმნიშვნელო დოზამაც შეიძლება განაპირობოს დაავადების უმძიმესი მიმდინარეობა. ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკი იზრდება ალერგიული რეაქციებისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობის არსებობისას, ასევე თუ მომავალი დედა იკვებებოდა დიდი რაოდენობით ალერგენების შემცველი პროდუქტებით (ციტრუსები, მარწყვი, შოკოლადი და ა.შ.), განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში. ატოპიური დერმატიტის პირველი ნიშნების გამოვლენა დაკავშირებულია ძროხის რძის მიღებასთან, ასევე კვერცხის, ციტრუსების, მანანისა და შვრიის ფაფის რაციონში დამატებასთან. თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, მაშინ ამ პროდუქტების დედის მიერ მიღება იწვევს ატოპიური დერმატიტის სიმპტომების გაჩენას.
- როგორ გამოვლინდება ატოპიური დერმატიტი?
- ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
- ლოყების გაწითლება;
- სიმშრალე;
- აქერცვლა.
- სიწითლე შეიძლება შემცირდეს ან სრულიად გაქრეს სიცივეში გასვლისას, შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. ასეთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აღენიშნებათ კანის ზოგადი სიმშრალე, კანის ნაოჭებში ხანგრძლივდება გამოყელვა (განსაკუთრებით შორისის მიდამოებში), თავის თმიან ნაწილში აქვთ გნეისი, ე.წ. "რძიანა ქერქები", რომლებიც ერთმანეთთან შეწებებულია ცხიმოვანი სეკრეტით. შეიძლება განვითარდეს სხვადასხვანაირი გამონაყარი, მაგალითად, სტროფულუსი - ქავანა კვანძები გამჭვირვალე შიგთავსით;
- დამახასიათებელია აგრეთვე ე.წ. გეოგრაფიული ენა - ენაზე აღენიშნებათ ნადების ხაზები;
- გახანგრძლივებული კონიუნქტივიტი, რინიტი;
- როგორც წესი, მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები მიმდინარეობს გართულებებით - ობსტრუქციული სინდრომით ან ცრუ კრუპით;
- დიათეზიან ბავშვებს აქვთ ანემია, კუჭ-ნაწლავის არამყარი მოქმედება. სხეულის მასა მატულობს არათანაბრად, შესაძლებელია იყოს ზედმეტი წონისაც.
- რა განაპირობებს დაავადებების გამწვავებას?
- ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა, რემისიებისა და პერიოდულ გამწვავებათა მონაცვლეობით. გამწვავება დაკავშირებულია კვების რეჟიმის დარღვევასთან, ასევე მეტეოროლოგიურ ფაქტორებთან. 2 წლის ასაკის ბავშვებში ატოპიური დერმატიტი სუსტად გამოვლინდება და თანდათანობით ქრება ასაკის მატებასთან ერთად. მაგრამ ბავშვების 10-25%-ს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია დავეხმაროთ პატარა ორგანიზმს ამ რთული პერიოდის გადატანაში.
- როგორ ვუმკურნალოთ დიათეზს?
- ვინაიდან დაავადების გამომწვევი ალერგენები საკვებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მკურნალობა იწყება რაციონალური კვების ორგანიზებით. ხაზგასმით აღვნიშნავ ძუძუთი კვების დადებით როლს:
- ჯერ ერთი, დედის რძის ცილები 100%-ით თავისუფალია ალერგიული თვისებებისგან, პატარას ფერმენტები ადვილად შლიან მათ;
- მეორე, დედის რძე შეიცავს სეკრეტორულ იმუნოგლობულინ A -ს, რომელიც იცავს ნაწლავის ლორწოვანს ალერგენების მსხვილი მოლეკულებისგან;
- მესამე, დედის რძე შეიცავს საკვების მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს.
- დაბოლოს, ძუძუთი კვება არის დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება.
ბავშვებს, რომლებიც შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან, მაქსიმალურად უნდა შეუმცირდეთ ძროხის რძის ცილების მიღება. აუცილებელი პირობაა, რომ ხელოვნური კვების ნარევი იყოს ადაპტირებული, დღიური რაციონის 1/3-1/2 შედგებოდეს რძემჟავა ნარევისგან. თუ მაინც აღინიშნება ალერგიული რეაქციები, უმჯობესია ბავშვი გადაიყვანოთ სოიის ნარევებზე, 4,5 თვიდან დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოთ ბოსტნეულის პიურეთი, მეორე დამატებითი საკვები კი იქნება ფაფა, რომელიც მზადდება არა ძროხის რძეზე, არამედ ბოსტნეულის ნახარშზე ან ადაპტირებულ ნარევზე. 7 თვიდან კი შეგიძლიათ მისცეთ მაწონი ან სხვა რძემჟავა პროდუქტი - იოგურტი, კეფირი. დასაბუთებულია ისიც, რომ ზედმეტად ტკბილის მიღება როგორც დედის, ასევე პატარას საკვებში იწვევს ალერგიული დიათეზის გამწვავებას. უმჯობესია, შაქრის ნაცვლად გამოიყენოთ ფრუქტოზა.
თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, პირველი დამატებითი საკვები ეძლევა ჩვეულებრივზე გვიან, დაახლოებით 6 თვიდან. ეს საკითხები უნდა შეუთანმხდეს ბავშვის პირად ექიმს და გადაწყდეს ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
- საჭიროა თუ არა მედიკამენტური მკურნალობაც?
- ზოგჯერ საჭიროა ვიტამინების დანიშვნა, ალერგიული რეაქციების გამწვავებისას ანტიჰისტამინური პრეპარატების (ფენკაროლი, ტავეგილი და ა.შ.) მოკლე კურსის დანიშვნა ხდება საჭირო. ამას ყოველივეს პირადი ექიმი გადაწყვეტს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.
- შეიძლება თუ არა ბავშვის აცრა?
- ბავშვებს ექსუდაციურ-კატარული დიათეზით აცრები უტარდებათ სპეციალური სამედიცინო მომზადების შემდეგ. ეს გულისხმობს ალერგიული რეაქციების შესაძლო გამოვლენის მაქსიმალურად დაქვეითებას. ამ მიზნით გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. აცრა ტარდება ბოლო გამწვავების ეპიზოდიდან 1 თვის შემდეგ.
- როგორ შეიძლება დაზიანებული კანის მოვლა?
- დაზიანებული კანის მოვლა მეტად მნიშვნელოვანია. არასწორად მოვლის, უსუფთაოდ დატოვების შემთხვევაში შესაძლებელია კანის სხვადასხვა დაავადების (სოკოვანი, ინფექციური) განვითარება და შემდგომი გართულებები. კანის სიმშრალისას გამოიყენება საბავშვო, სპეციალური კრემები, რძე, დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებები. გამოყელვისას გამოიყენება თუთიის შემცველი მალამოები ან ანთებსაწინააღმდეგო დრაპოლენი. თუ გამოხატულია ბუშტუკოვანი შიგთავსით კანის სისველე, კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანები, გვირილისა და ორკბილის ნახარში. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მცენარეული საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- დაბოლოს, ამ სადღესასწაულო დღეებში რას ურჩევდით მშობლებს?
- დიათეზის დროს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაავადება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა კი არის უკვე მკურნალობა. განსაკუთრებით გმართებთ თავშეკავება დედებს, რომლებიც ძუძუთი კვებავთ პატარებს. სადღესასწაულო საახალწლო სუფრა ხომ სავსეა ალერგენებით მდიდარი საკვებით. გამოიჩინეთ ნებისყოფა, ზომიერება თქვენივე შვილების ჯანმრთელობისათვის.