ბრონქული ასთმა და ასთმური სინდრომი
რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური მსტვინავი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება).
განასხვავებენ ბრონქული ასთმის სამ ძირითად კლინიკურ სტადიას:
- ასთმური სინდრომი;
- ბრონქული ასთმის შეტევა (მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე);
- ასთმური სტატუსი.
ასთმური სინდრომი
ასთმური სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ასთმური ბრონქიტის დროს და ხასიათდება სულხუთვის შეგრძნებით (ჰაერის უკმარისობა), სუნთქვის გახშირებით და ამოსუნთქვის ერთგვარად გახანგრძლივებით. სულხუთვა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება, ადვილად განიცდის კუპირებას ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას. ხველა ამ დროს მშრალი და მტანჯველია, ნახველის გარეშე ან მცირე ნახველით. ასთმური სინდრომის გამოვლენა ხელს უწყობს ფილტვებში მიმდინარე ქრონიკული პროცესის გამწვავებას.
ბრონქული ასთმის შეტევა
ბრონქული ასთმის შეტევა მწვავედ ვითარდება (უხშირესად ღამით). ზოგჯერ აღინიშნება შეტევის ერთგვარი წინამორბედები: სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა, სურდო, კანის ქავილი. შეტევის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან (მსუბუქი ფორმების შემთხვევაში) რამდენიმე დღე-ღამემდე (მძიმე შემთხვევებში). ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანი მშრალი და მტანჯველი ხველაა. დამახასიათებელია ავადმყოფის იძულებითი მდებარეობა (პოზიცია) - დამჯდარი ან მდგარი, ხელებით დაყრდნობილი მაგიდისა თუ საწოლის კიდეს (ორთოპნოეს მდგომარეობა), ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა, ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. ეს უკანასკნელი ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ხანგრძლივი ხდება (ნორმის დროს ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე 2-4-ჯერ ხანმოკლეა); სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე 60-ს და უფრო მეტს აღწევს წუთში. სუნთქვის აქტში მონაწილეობს დამხმარე სუნთქვითი კუნთები (მუსკულატურა), კერძოდ, ნეკნთაშუა კუნთები, მუცლის, კისრისა და მხრის სარტყლის კუნთები. აუსკულტაციით ისმინება მშრალი მსტვინავი ხიხინი მკვრივი სუნთქვის ფონზე. ხიხინი ზოგჯერ შორ მანძილზეც კი ისმის. სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ბრონქული ასთმის მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმის შეტევებს. მსუბუქი ფორმის შეტევები ხასიათდება შედარებით ხანმოკლე, ადვილად კუპირებადი (შექცევადი) სულხუთვით. ბრონქული ასთმის საშუალო სიმძიმის შეტევები ხშირად აღმოცენდება. მათი კუპირება ხდება სამკურნალო საშუალებათა მხოლოდ პარენტერალურად (ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარეშე) შეყვანით. მძიმე ფორმის შეტევები ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე აღმოცენდება, ძნელად ექვემდებარება მედიკამენტურ თერაპიას.
ასთმური სტატუსი
ასთმური სტატუსი ბრონქული ასთმის მიმდინარეობის უმძიმესი სტადიაა, რომლის განვითარებაც შედეგია თანდათანობით მზარდი ტოტალური ობსტრუქციისა (ობსტრუქცია დახშობას, დაბრკოლება-გაუვალობას ნიშნავს). ამ დროს უმრავლეს შემთხვევაში ვითარდება მძიმე ხარისხის სუნთქვის უკმარისობა, მსტვინავი, ექსპირაციული ხასიათის ქოშინითა და ციანოზით (ციანოზი არის კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა). მსტვინავი სუნთქვა შორი მანძილიდან ისმის (დისტანციური ხმაური), ბავშვები იძულებით მდებარეობას იღებენ (ორთოპნოეს მდგომარეობა), ფილტვები ხშირად ემფიზემურად შებერილია, რაზეც გულმკერდის ღრუს კასრისებრი ფორმა და პერკუსიით გამოვლენილი ტიმპანური ხმიანობა მეტყველებს. შესაძლოა კანქვეშა ან მედიასტინური ემფიზემის განვითარებაც. ხანგრძლივად არსებული სუნთქვის უკმარისობისა და ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გამო შესაძლოა განვითარდეს ჰიპოქსიური კომა და ადამიანი დაიღუპოს.
* * *
აღსანიშნავია, რომ ასთმური სინდრომის პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრონქული გამავლობის დარღვევას. ამ უკანასკნელის მიზეზი, თავის მხრივ, არის ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპება და შესივება, რომელსაც განაპირობებს სისხლძარღვთა გამავლობის მომატება, ჰიპერსეკრეცია და ასევე ბრონქოსპაზმი. ბრონქოსპაზმს იწვევს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ტერორეცეპტორების გაღიზიანება პათოლოგიური პროცესით, ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსით ბრონქების გლუვი კუნთების უშუალო აგზნება და ასევე კატექოლამინების დიდი რაოდენობით გამოყოფა. ასთმური სინდრომი შესაძლოა პნევმონიის საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს. ბავშვების გარკვეულ ნაწილს ის დაავადების მე-3-5 დღეს უვითარდება, ზოგიერთს კი - მე-2-3 კვირაზე.
ასთმური სინდრომის ხანგრძლივობა ერთიდან ათ დღეს შეადგენს. საშუალო ხანგრძლივობად 7-9 დღეა მიჩნეული. ასთმური სინდრომი დაავადების მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა რამდენჯერმე განმეორდეს. ასთმური სინდრომის მქონე ბავშვებს უვლინდებათ მნიშვნელოვანი ქოშინი (60 და მეტი ჩასუნთქვა წუთში), გახანგრძლივებული და გაძნელებულია ამოსუნთქვა, ხშირად აღინიშნება მშრალი და შემაწუხებელი ხველა. ფილტვებში მოისმინება მშრალი მსტვინავი ხიხინი; შესაძლოა დაფიქსირდეს სველი და კრეპიტაციული ხიხინიც. აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ მდგრადია. პერკუსიით კოლოფისებრი და ფილტვის ხმიანობაა ტიმპანური ელფერით. რენტგენოლოგიურად ფილტვის სურათი იკვეთება და გამჭვირვალობა რამდენადმე ქვეითდება. აღინიშნება წვრილკეროვანი დაჩრდილვები იშვიათად ინფილტრაციული ცვლილებებით. გულის მხრივ ვლინდება ზომიერი ტაქიკარდია (პულსი - 150 დარტყმა წუთში), ბავშვთა 40%-ს უვლინდება ტონების მოყრუება.
მწვავე პნევმონიის დროს ასთმური სინდრომი უპირატესად აღენიშნება იმ ბავშვებს, რომელთაც კონსტიტუციის გარკვეული ანომალია აქვთ (ექსუდაციურ-კატარული და ლიმფო-ჰიპოპლასტიკური დიათეზი), აგრეთვე იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებს და/ან უახლოეს ნათესავებსაც აღენიშნებათ მემკვიდრული ალერგიული პათოლოგიები. სხვა ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა სინდრომის განვითარებაში (ადრეული ხელოვნური ან შერეული კვება, რაქიტი, თანდაყოლილი ჰიპოტროფია, დღენაკლულობა და სხვა).
ასთმური სინდრომი შესაძლოა განვითარდეს კეროვანი და სეგმენტური პნევმონიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ყველაზე ხშირად დაავადების პირველ დღეებში იჩენს თავს. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასთმური სინდრომი დაავადებას მოგვიანებით ეტაპზე უერთდება (მაგალითად, მკურნალობის პროცესში), რაც ერთ-ერთი მიზეზია ხოლმე დაავადების გახანგრძლივებისა. ასთმური სინდრომის გამოხატულება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: დაწყებული შედარებით მსუბუქი, ერთჯერადი და ხანმოკლე სუნთქვის გაძნელების შეტევებით, დამთავრებული ხანგრძლივი შეტევებით, რომლებიც ხშირად მეორდება და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება. გამოხატული ასთმური სინდრომის დროს ბავშვი მოუსვენარია, მკვეთრად უძლიერდება ქოშინი, რომელსაც უპირატესად ექსპირაციული ხასიათი აქვს, აღინიშნება ტუჩებისა და ლორწოვანი გარსების ციანოზი, ტაქიკარდია, ფილტვების ემფიზემის ნიშნები (ნეკნთაშუა არეების გაფართოება, პერკუსიით ტიმპანური ხმიანობა, გულის მოყრუების საზღვრების შევიწროება). აუსკულტაციით სუნთქვა შესუსტებულია, წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი - ჩასუნთქვისას და მშრალი მსტვინავი ხიხინი - ამოსუნთქვისას.