სწორი ნაწლავის პოლიპი

სწორი ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება. იგი ამოზიდულია ლორწოვანი გარსის დონეზე ბურთისებრი, სოკოსებრი ან დატოტვილი წანაზარდის სახით და ფეხზე ან ფართო ფუძეზე დგას. ფერი მორუხო-მოწითალო აქვს, ზოგჯერ - მუქი წითელი ან მოყვითალო; მისი ზედაპირი ყოველთვის დაფარულია ლორწოთი, ხოლო კონსისტენცია რბილია.
თუ სწორ ნაწლავში რამდენიმე პოლიპია, სწორი ნაწლავის პოლიპოზზე საუბრობენ.
ნებისმიერი პოლიპი უნდა განვიხილოთ როგორც კიბოსწინარე დაავადება, თუმცა ხანგრძლივად არსებულ პოლიპს უფრო დიდი შანსი აქვს, ტრანსფორმირდეს ავთვისებიან სიმსივნედ - კოლორექტალურ კიბოდ.
ამ სიმსივნის მატარებელი შეიძლება იყოს როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი.
რა აჩენს
ნაწლავის პოლიპისა და პოლიპოზის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მათი გამომწვევი უშუალო ფაქტორი უცნობია. პოლიპი პრაქტიკულად არასოდეს ვითარდება ჯანმრთელ ქსოვილში, თუმცა დადგენილია, რომ ქრონიკული ანთებითი დაავადებები ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერებას და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის გაზრდას. ამის ხელშემწყობ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი.
ხშირად პოლიპის განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყაბზობა და ნაწლავის დისკინეზია, თუმცა ბავშვებში რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა - პოლიპები შესაძლოა წარმოიშვას სავსებით ჯანსაღი ნაწლავის ფონზე, ამიტომ არსებობს სხვა თეორიაც - პოლიპების წარმოქმნა იმ უბნებიდან, რომლებიც გენეტიკურად არანორმალურადაა დაპროგრამებული. ამას გენეტიკურ წინაგანწყობას ვუწოდებთ.
კლინიკური ნიშნები
სწორი ნაწლავის პოლიპი კლინიკურად უმეტესად არაფრით მჟღავნდება. მას აღმოაჩენენ შემთხვევით, სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული ენდოსკოპიური გამოკვლევისას ან სკრინინგული კვლევისას. ასიდან 78-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტი 50 წელს გადაცილებულია. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპი შესაძლოა დიდხანს უჩინარი დარჩეს. თანდართული ანთება, ასევე - პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ჭარბი ლორწოსა და სისხლის გამოყოფას, რაზეც მეტყველებს ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევით.
გავრცობილი პოლიპოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ლორწოს გამოყოფა, კუჭის მოქმედების გახშირება, თანდათანობით ვითარდება სისხლნაკლებობა, გამოფიტვა. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპი, განსაკუთრებით - ფეხიანი, დეფეკაციის დროს შესაძლოა გარეთ გამოვიდეს, გამოიწვიოს სისხლდენა ან სფინქტერში ჩაიჭედოს.
გართულებები
პოლიპი რთულდება ავთვისებიანი გადაგვარებით, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, სწორი ნაწლავის ნახეთქით, პარაპროქტიტით, ამიტომ არ შეიძლება მკურნალობის დახანება - დროულად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.