ლიმფომები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმფომები და მათი მკურნალობა

ძვლის ტვინი და თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი) პირველადი ლიმფოიდური ორგანოებია, ხოლო ლიმფურ კვანძს, ელენთას, მათთან ერთად - პეიერის ფოლაქებს და სხვებს მეორეულ ლიმფოიდურ ორგანოებს უწოდებენ. ალბათ, ბევრს შეუმჩნევია ყელში ჩირქოვანი პროცესების, ფლუსის და სხვათა დროს რეგიონული (ადგილობრივი) ლიმფური კვანძების გადიდება. ეს ამ პათოლოგიებზე ორგანიზმის მიერ გაცემული იმუნური პასუხის შედეგია. ლიმფურ კვანძს თავისებური რამდენიმეშრიანი შენება აქვს. სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ტიპის ლიმფური უჯრედებია განლაგებული. ამის ცოდნა ძალიან გვეხმარება ლიმფომების დიაგნოსტიკაში. ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები ორ ჯგუფად იყოფა: ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიად და ავთვისებიან ლიმფომებად. პირველი ჯგუფი ძვლის ტვინის პათოლოგიებს, კერძოდ, ძვლის ტვინის სიმსივნეებს მიეკუთვნება, მეორე კი ძვლისტვინგარეშე სიმსივნეებს. განასხვავებენ ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის ლიმფომებს. არაჰოჯკინის ლიმფომას ძველად ლიმფოსარკომას უწოდებდნენ, ჰოჯკინისას - ლიმფოგრანულომატოზს. მოდი, ამ უმარტივესი კლასიფიკაციის შემდეგ  პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდეთ.

კლინიკური ნიშნები

ლიმფომით დაავადებულ ადამიანს შესაძლოა გადიდებული ჰქონდეს ერთი პატარა ლიმფური კვანძი, ლოკალიზებული ძირითადად - კისრის, შედარებით იშვიათად - იღლიის და ძალიან იშვიათად საზარდულის არეში. ეს ნიშანი დამახასიათებელია როგორც ჰოჯკინის, ასევე არაჰოჯკინის ლიმფომისთვის. ყელის, კბილის ტკივილი თუ სხვა სიმპტომები პაციენტს ამ დროს არ აწუხებს. სხვათა შორის, ყველა ეს და მსგავსი დაავადება საბოლოო დიაგნოზის დასმამდე უნდა გამოირიცხოს. წარმოვიდგინოთ, რომ ექიმთან მივიდა ორი ადამიანი. ერთ მათგანს აქვს მაღალი ტემპერატურა, ღამის პროფუზული (უხვი, ძლიერი) ოფლიანობა და წონას იკლებს, - ვთქვათ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წონის 10% დაკარგა, - ხოლო მეორეს აღმოაჩნდა იმავე ზომის ლიმფური კვანძი, მაგრამ არავითარი სომატური სიმპტომატიკა არ აქვს  გამოხატული. ეს ვარიანტი უფრო საშიშია, ვიდრე პირველი, რადგან პირველ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურის გამო პაციენტი უფრო ადრე მიმართავს ექიმს, დროს კი აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი. სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ შესაძლოა არც ერთი მათგანის სისხლში არავითარი ცვლილება არ აღმოჩნდეს. სწორედ ასეთ შემთხვევებშია გადამწყვეტი გამოცდილი ექიმის პროფესიონალიზმი. მან უნდა გამორიცხოს ყველა ის დაავადება, რომლებიც მსგავს სიმპტომებს იწვევს. პერიფერიულ სისხლში ცვლილებების არარსებობა პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. როცა ლიმფური კვანძია გადიდებული, - თუნდაც ძალიან პატარა, - განურჩევლად სხვა სიმპტომებისა, საქმის მიფუჩეჩება არ შეიძლება. არც ექიმმა და არც პაციენტმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ თუნდაც მცირე, უმტკივნეულო გადიდებული ლიმფური კვანძი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ბანალური ლიმფადენიტი. რამდენიმედღიანი ანტიბაქტერიული თერაპია ასეთ დროს კარგად მოქმედებს. საზოგადოდ, ლიმფომების დიაგნოსტიკას შესანიშნავად მიესადაგება ცნობილი ინგლისური გამოთქმა “იჩქარე ნელა”. უნდა გამოირიცხოს ყველა ის დაავადება, რომლებმაც შეიძლება ლიმფური კვანძის გადიდება გამოიწვიოს. თუ რომელიმე სხვა პათოლოგია არ დადასტურდა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ბიოფსია - ცოცხალი ორგანიზმიდან ამოიკვეთოს ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილი და პათოლოგიური პროცესის ხასიათის დასადგენად მოხდეს მისი მიკროსკოპული შესწავლა. დღესდღეობით ჰემატოლოგიაში (მეცნიერების დარგი, რომელიც სისხლს შეისწავლის) დიაგნოსტიკა ემყარება კვლევის ერთდროულად რამდენიმე მეთოდს. ეს აუცილებელია, რადგან წინათ ყველა ლიმფოსარკომა ავთვისებიანად მიიჩნეოდა, თუმცა ზოგიერთი ავადმყოფი ძალიან მოკლე ხანში იღუპებოდა, ხოლო ზოგიერთი გაცილებით მეტხანს ცოცხლობდა. კვლევის რამდენიმე მეთოდის კომპლექსური გამოყენება საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად დავადგინოთ საბოლოო დიაგნოზი და დაავადების სტადია. აქვე დავძენთ, რომ ამ მეთოდით დიაგნოსტიკის დროს შეცდომა ძალიან იშვიათია. ლაბორატორიულ კვლევას ზოგიერთ შემთხვევაში კომპიუტერული დიაგნოსტიკაც ემატება, რაც შემდეგ მკურნალობის ტაქტიკის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.


ჰოჯკინის ლიმფომა

არაჰოჯკინის ლიმფომა ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს. მისგან განსხვავებით, ჰოჯკინის ლიმფომას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. იგი ყველაზე ხშირად 20-დან 30 წლამდე გვხვდება. ეს ერთი პიკია, ხოლო მეორე 50 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის პაციენტების წილად მოდის. სამწუხაროდ, ამერიკელთა მონაცემებით, ლიმფომით ავადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს. დანამდვილებით თქმა, რისი ბრალია ეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჰემატოლოგიაში ლეიკემია და ლიმფომა პოლიეტილოგიური წარმოშობის დაავადებებად მიიჩნევა, ანუ მათ განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი ერთად მონაწილეობს. აქ თავ-თავის როლს ასრულებს კვება, რადიაცია, გენეტიკა და სხვა. ჰოჯკინის ლიმფომას იგივე კლინიკური ნიშნები ახასიათებს, რაც არაჰოჯკინისას, ანუ აქაც ორი ვარიანტია: ერთ პაციენტს შესაძლოა არც სიცხე ჰქონდეს, არც ოფლიანობა და ა.შ., ხოლო მეორე უჩიოდეს მაღალ სიცხეს, წონის კლებას, ძლიერ ოფლიანობას, როდესაც ოფლი ლეიბშიც კი ატანს. არის მცირედი განსხვავებაც: ჰოჯკინის ლიმფომას ასიდან 20-30 შემთხვევაში თან ახლავს კანის აუტანელი ქავილი. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში გადიდებულია ლიმფური კვანძიც. საინტერესოა, რომ ჰოჯკინის ლიმფომის დროს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა 80%-ია, ოღონდ აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას, დაავადების სტადიასა და ფორმას. ზოგჯერ საქმე გვაქვს შინაგანი ორგანოების იზოლირებულ დაზიანებასთან. ამ დროს ელენთას ამოკვეთენ და პაციენტი იკურნება. კიდევ ერთი: დაავადების ნულოვანი და კეთილთვისებიანად მიმდინარე სტადია ზოგჯერ საერთოდ არ მოითხოვს ქიმიოთერაპიას. შესაძლოა, დაავადება წლობით ისე მიმდინარეობდეს, რომ პაციენტს მხოლოდ დროდადრო დასჭირდეს ყველაზე უბრალო, ვთქვათ, ვიტამინოთერაპია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ლიმფომების  დიაგნოსტიკა საქართველოშიც და უცხოეთის სხვა ქვეყნებშიც აბსოლუტურად ერთ დონეზეა. ეს დიდი მიღწევაა. საქართველოში  ჰემატოლოგია მსოფლიოსთან უნიციფირებულია და მკურნალობაც დაავადების ნებისმიერ სტადიაზე ზუსტად ისეთივე ტარდება, როგორიც საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში. ის სავსებით იდენტურია უცხოეთის კლინიკებში ჩატარებული  მკურნალობისა. ძირითადი მეთოდებია ციკლური პოლიქიმიოთერაპია (ვიმეორებ: გააჩნია, დაავადების რომელ სტადიასთან გვაქვს საქმე) და დასხივება. ასე მკურნალობენ ჰოჯკინის ლიმფომას, ხოლო არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ძირითადი სამკურნალო საშუალება პოლიქიმიოთერაპიის კურსებია. გარდა ამისა, თუ სიმსივნური წარმონაქმნი ზეწოლას ახდენს რომელიმე ანატომიურ წარმონაქმნზე და ამით საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, საქმეში სხივური თერაპიაც ერთვება. მკურნალობის ამ ძირითად მეთოდებს ემატება ქირურგიული მკურნალობაც. უპირველესად, რა თქმა უნდა, ბიოფსია უნდა ვახსენოთ, რომელიც მცირე ქირურგიულ ჩარევებს განეკუთვნება. სხვათა შორის, არცთუ იშვიათად ხდება ისეც, რომ ბიოფსიის, დაზიანებული ლიმფური კვანძის გამოსაკვლევად ამოკვეთის შემდეგ პაციენტი გამოჯანმრთელდება. ქირურგიული მკურნალობა ძალზე ეფექტურია, მაგალითად, ელენთის იზოლირებული დაზიანების შემთხვევაშიც. ამ ორგანოს ამოკვეთა ავადმყოფის სრულ გაჯანსაღებას იწვევს. მკურნალობის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულადაც. მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევენ სპეციალისტები, დაავადების განვითარებასა და სტადიაზეა დამოკიდებული. ორივე შემთხვევაში, როგორც ჰოჯკინის, ისე არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით - ქიმიოთერაპიით და დასხივებით - შანსი იმისა, რომ პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს, ძალიან დიდია. რაც შეეხება სიახლეებს, მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, არსებობს უამრავი ახალი პრეპარატი, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ - 8-10-წლიან რემისიას (ავადმყოფობის გამოვლინებათა დროებით შემცირებას ან შეწყვეტას) იწვევს.

დაბოლოს

სამწუხაროდ, ლიმფომა ისეთი დაავადებაა, რომ პროფილაქტიკის მეთოდებზე ვერაფერს ვიტყვით. ერთადერთი, რაც შეიძლება ყველა ადამიანმა, მათ შორის - ექიმებმაც, დაიმახსოვრონ, ის არის, რომ რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი, მაშასადამე, თუ ადამიანი აღმოაჩენს თუნდაც მცირედ გადიდებულ ლიმფურ კვანძს, - თუნდაც კლინიკური ნიშნები (მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, კანის ქავილი და სხვა) არ ჰქონდეს, - მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს. კლინიკური ნიშნების არარსებობა დაავადების არარსებობას არ ნიშნავს. გახსოვდეთ, დიდხანს ლოდინი თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. დროული დიაგნოსტიკა გაჯანსაღებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს. კიდევ ერთი რჩევაც, ამჯერად - იმ ექიმებს, რომლებიც მედიცინის სხვა დარგებში მუშაობენ: თუ დაავადების დიაგნოზი დაზუსტებული არ არის, გადიდებული ლიმფური კვანძის სამკურნალოდ ჰორმონული (პრედნიზოლონისა და სხვა, მისი მსგავსი მოქმედების) პრეპარატების დანიშვნა არ შეიძლება. ლიმფური კვანძი ასეთი მკურნალობით უკვალოდ გაქრება, მაგრამ დაავადება დარჩება და სულ მცირე ხანში მის გენერალიზაციას (ავადმყოფობის ან მისი გამომწვევის ერთი კერიდან მთელ ორგანიზმში ან ორგანოში გავრცელება) მივიღებთ. საკმარისია ანტიბოტიკებით მკურნალობის დაწყება - თუ ამგვარი თერაპიის ფონზე ჯირკვლის ზომა არ შემცირდა, პაციენტი აუცილებლად ჰემატოლოგმა უნდა გამოიკვლიოს.