სხივური თერაპია
რენტგენის სხივები, გამა-გამოსხივება, მაღალი ენერგიის ელექტრონები, პროტონები და მძიმე ელექტრული ნაწილაკებით. სხივური თერაპია მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე უტარდება ონკოლოგიური პაციენტების თითქმის 50%-ს.
რადიოთერაპიისას სიმსივნურთან ერთად, დასხივების ზონაში, ირგვლიმდებარე ჯანმრთელი უჯრედებიც ზიანდებიან, თუმცა მათ აღდგენის უნარი აქვთ, სიმსივნური უჯრედები გაცილებით სწრაფად იყოფიან, ამიტომ დასხივება მათზე გაცილებით დამღუპველად მოქმედებს.
სხივური თერაპია გამოიყენება როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი. ქირურგიულ მკურნალობამდე მას ატარებენ სიმსივნის ზომების შესამცირებლად, ოპერაციის შემდგომ კი დარჩენილი სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. ის ასევე გამოიყენება სიმსივნის დასაშლელად ქიმიოთერაპიასთან კომპლექსში.
არაოპერაბელურ პაციენტებისთვის კი მას იყენებენ სიმსივნის ზომის შესამცირებლად, ტკივილის კუპირებისთვის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გამოსასწორებლად.
სხივური თერაპიის აპარატები
სხივური თერაპია ხორციელდება საკმაოდ რთული კონსტრუქციის მქონე მოწყობილობებით, რომლებიც სამკურნალო ენერგიით სიმსივნეზე მოქმედებენ, ისინი განსხვავდებიან როგორც მოქმედების მექანიზმით, განსხავებულია მათი გამოყენების მიზეზებიც.
ზოგიერთი – ზედაპირული (კანის სიმსივნე) ფორმების დროსაა ეფექტიანი, სხვები – სხეულის სიღრმეში მდებარე ახალწარმონაქმნებს ანადგურებენ. კონკრეტულად რომელი აპარატის გამოყენებაა ეფექტიანი, ამას მკურნალი ექიმი საზღვრავს.
თავად გამოსხივების წყაროც, ადამიანის ორგანიზმზე განსხვავებულად ურთიერთქმედებს, თუ წყარო:
- სხეულიდან მოცილებულია, ეს დისტანციური მოქმედებაა;
- თუ რომელიმე ღრუშია მოთავსებული – ღრუშიდა მოქმედებაა;
- საკუთრივ დაზიანებულ სხეულში შეიყვანება ნემსის, მავთულის, ზონდის სახით, ეს ქსოვილშიდა მოქმედებაა.
სხივური თერაპიის ეტაპები
თერაპია ტარდება 3 ეტაპად:
- პრესხივური;
- სხივური;
- პოსტსხივური.
თითოეულს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი, რომელთა განუხრელი დაცვა აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს და ამცირებს გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირეს.
პირველ ეტაპზე საჭიროა პაციენტის მომზადება და სხივური თერაპიის დოზების, სეანსებისა და მეთოდების საგულდაგულო განსაზღვრა, რაც ხორციელდება მათემატიკოსის, ფიზიკოსის, დოზიმეტრი ექიმების დახმარებით. გადაწყვეტილების მისაღებად ზოგჯერ რამდენიმე დღეა საჭირო.
დაგეგმვის პერიოდში სიმულაციისას, პაციენტს სთხოვენ მშვიდად იწვეს, ვიდრე ექიმი სპეციალური რენტგენის აპარატით არ განსაზღვრავს დასხივების არეს. ზოგჯერ ასეთი არე შესაძლოა რამდენიმე იყოს. იგი მოინიშნება სპეციალური მელნით დასმული წერტილებითა და ხაზებით. მარკირება სხეულზე მკურნალობის დასრულებამდე რჩება, ამიტომ, შხაპის მიღებისას პაციენტი ცდილობს არ ჩამორეცხოს კონტურები წყლის ნაკადმა. თუ ისინი მაინც იშლება, საჭიროა, ახლიდან მონიშნოს ექიმმა და არა პაციენტმა.
პრესხივურ ეტაპზე გასათვალისწინებელია:
- კანის იმ ადგილზე, სადაც თერაპია უნდა ჩატარდეს, არ უნდა წაისვათ იოდი, ან სხვა რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარი;
- აკრძალულია გარუჯვა;
- კანზე ნებისმიერი ტიპის გამონაყარის ან ანაქერცლის არსებობის შემთხვევაში უნდა აცნობოთ ექიმს, რათა მან შესაბამისი მალამო, აეროზოლი დაგინიშნოთ;
- თუ სხივური თერაპია ტარდება ყბა-სახის მიდამოში, აუცილებელია პირის ღრუს წინასწარი სანაცია, ეს სხივური გართულებების თავიდან ასაცილებელი მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.
სხივური ეტაპი
- მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 4-7 კვირა გრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ მას მიმართავენ ოპერაციამდე, სიმსივნის ზომის შესამცირებლად, მკურნალობა 2-3 კვირას გასტანს;
- კვირაში 5 სეანსი ტარდება, ზოგჯერ ჯანსაღ უჯრედებზე დასხივების დღიური დოზის შესამცირებლად დღის დოზას 2-3 სეანსზე ანაწილებენ. 2-დღიანი შესვენებისას ჯანმრთელი უჯრედები აღდგენას ასწრებენ;
- უშუალოდ დასხივებისას პაციენტი წევს ან ზის სპეციალურ სავარძელში. დასხივებისას არ შეიძლება მოძრაობა, საჭიროა სიმშვიდე, სუნთქვა უნდა იყოს ბუნებრივი, რიტმული და ერთნაირი, პაციენტი კაბინეტში 15-30 წუთს ატარებს;
- დასხივების წყაროს ჩართვის შემდგომ, მედპერსონალი გადის სხვა ოთახში, მათთან კონტაქტი შესაძლებელია ხმის გამაძლიერებლის დახმარებით, თავად პროცესი სრულად უმტკივნეულოა, პირიქით, ტკივილების არსებობისას, ისინი მალევე მცირდება. რაიმე ტიპის დისკომფორტის შემთხვევაში, აუცილებელია, აცნობოთ მედპერსონალს;
- თერაპიის შემდგომ პაციენტებს განსხვავებული შეგრძნებები აღენიშნებათ, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს დაღლილობისა და სისუსტის გრძნობაა, რომელიც თერაპიის დასრულებიდან 4-6 კვირაში გაივლის. მიზანშეწონილია, ამ პერიოდში თავი არიდოთ ფიზიკურ აქტივობას.
პროტონული თერაპია
უკანასკნელ ხანს სხივური თერაპიის ერთ-ერთ ყველაზე ახალ და საუკეთესო მეთოდად პროტონების სხივურ თერაპიას მიიჩნევენ. პროტონული სხივები წყალბადის პროტონებისგან შემდგარი საკმაოდ მაღალი ენერგიის მქონე სხივებია, რომლებიც ისე ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს, რომ ზიანს არ აყენებენ მის მახლობელ ჯანმრთელ ქსოვილს, რამდენადაც შესაძლებელია სხივების საკმაოდ დიდი სიზუსტით დამიზნებით სამიზნე კიბოს უჯრედებისკენ.
პროტონული სხივური თერაპიისას ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება ე.წ. „ბრეგის პიკი“, რომელიც ითვალისწინებს დასხივების დოზასა და დასასხივებელ ქსოვილის სიღრმეს, სიმსივნის ზომასა და მდებარეობას.
პროტონული თერაპიის უპირატესობანი
- თუ ტრადიციული სხივური თერაპიისას რენტგენის სხივები გაივლიან რა სიმსივნეს, ასევე ასხივებენ გულს, ფილტვებსა და სხვა ორგანოებს, პროტონული თერაპიისას – დასხივების გაჩერება ხდება პათოლოგიური კერის დონეზე, „ბრეგის პიკის“ შესაბამისად, რაც ირგვლიმდებარე ორგანოებს მინიმალურად აზიანებს, შესაბამისად, საკმაოდ მინიმალურია გვერდითი ეფექტებიც;
- მინიმალურია ორგანიზმის დატვირთვა და საკმაოდ სწრაფია სოციალური რეაბილიტაციის პერიოდი, პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებით;
- იგი არ ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას და ტარდება ამბულატორიულად;
- მინიმალური დატვირთვის გამო, მისი ჩატარება შესაძლებელია საკმაოდ დასუსტებულ და ხანდაზმულ პირებთან;
- მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვნად დაქვეითებულია მეორეული კიბოს განვითარების რისკი ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის;
- მისი ჩატარება შესაძლებელია იმ არაოპერაბელური პაციენტებისთვის, ვისთვისაც თანხმლებ დაავადებათა გამო, ქირურგიული მკურნალობა იკრძალება;
- შეუცვლელია იმ შემთხვევებში, როდესაც კიბო მნიშვნელოვანი ორგანოების სიახლოვესაა ლოკალიზებული, ასეთებია – ტვინი, გული, ფილტვები, ხერხემალი;
- განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება კარგად შემოსაზღვრული მკვრივი სიმსივნეების სამკურნალოდ, როცა სიმსივნური ქსოვილი სხეულის სხვა ნაწილებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.
გვერდითი ეფექტები
ისე არ ვიფიქროთ, თითქოს მინიმალური დაზიანების პირობებში, ამ მეთოდს გვერდითი ეფექტები საერთოდ არ ახასიათებს, მკურნალობისას მოსალოდნელია კანზე, დასხივების მიდამოში, მზის დამწვრობის მსგავსი ეფექტების გაჩენა, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
ზოგადი რეკომენდაციები
- კარგად იკვებეთ, ეცადეთ რაციონში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები შემდეგი თანაფარდობით იყოს: 1:1:4. საკვებთან ერთად რეკომენდებულია დღეში 2,5 ლ-დან 3 ლ-მდე სითხის მიღება, წყალი, ხილის წვენი, მინერალური წყალი, რძიანი ჩაი და ა.შ.
- თერაპიისას თავი არიდეთ მავნე ჩვევებს: თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელები;
- ნუ ჩაიცვამთ დასხივებულ უბანზე მჭიდროდ მოტმასნილ სამოსს, აკრძალულია სინთეზური ქსოვილისა და შალიანი ტანსაცმელი, სასურველია თავისუფალი, ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ტანისამოსი;
- დიდი დრო ატარეთ სუფთა ჰაერზე;
- ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას. დასხივებული კანი ზოგჯერ ფერს იცვლის, მუქდება, სახსრების მოხრის ადგილებში კი შესაძლოა ძლიერ ტენიანდებოდეს, ყველაფერი პაციენტის ინდივიდუალურ მდგრძნობელობაზეა დამოკიდებული, ნებისმიერი ტიპის ცვლილებისას მიმართეთ ექიმს;
- ექიმთან შეთანხმების გარეშე, ნუ გამოიყენებთ დასხივებულ მიდამოზე საპონს, ლოსიონს, დეოდორანტს, მალამოს, კოსმეტიკას, პარფიუმერიასა და სხვა;
- ნუ მოიქავებთ და ნუ გადაქერცლავთ დასხივებულ კანს, ნუ დაიდებთ მასზე თბილ ან ცივ საგნებს, სათბურას ან ყინულს;
- ქუჩაში გამოსვლისას დაიცავით დასხივებული არე მზის პირდაპირი სხივებისგან;
გვერდითი ეფექტები
სხივურ თერაპიას, სხვა თერაპიათა მსგავსად, ახასიათებს ხანმოკლე და ქრონიკული გვერდითი ეფექტები. უმრავლესობა თავს იჩენს უშუალოდ მკურნალობისას, შედარებით ადრეულ ეტაპზე და 3 კვირის შემდგომ ქრება. ზოგიერთ პაციენტს გვერდითი ეფექტი საერთოდ არ ახასიათებს;
ემოციური მდგომარეობა
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც ანტისიმსივნურ თერაპიას გადის, ემოციურად დაძაბულია, ხშირად თავს იჩენს დეპრესია, შიში, მარტოობის გრძნობა, ზოგჯერ აგრესიაც.
ასეთ დროს საკმაოდ მნიშვნელოვანია ახლობელ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი, ჩაკეტილობისგან თავის არიდება, ზოგჯერ ეფექტიანია ფსიქოთერაპიული სეანსები.
დაღლილობა
დაღლილობა თავს იჩენს თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, რომელიც უკავშირდება ორგანიზმის დასხივებით გადატვირთვასა და სტრესს. როგორ აქტიურ ცხოვრების წესსაც უნდა მისდევდეს პაციენტი, საჭიროა ფიზიკური აქტივობისგან თავშეკავება, თუმცა ეს არ კრძალავს თქვენს საქმიანობას საშინაო საქმეებში, აკეთეთ საქმე, რომელსაც სიამოვნება მოაქვს, იკითხეთ, უყურეთ ტელევიზორს, უსმინეთ მუსიკას;
სისხლის ცვლილება
თერაპიის შემდგომ სისხლში მნიშვნელოვნად მცირდება მისი ფორმიანი ელემენტების: ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა. ყოველივეს უნდა აკონტროლებდეს ექიმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ან შეაჩერებს დროებით თერაპიას, ან მედიკამენტურ მკურნალობას დანიშნავს;
მადის გაუარესება
რადიოთერაპიას გულისრევის შეგრძნება და ღებინება არ ახასიათებს, თუმცა, მადის გაუარესება ხშირია. გახსოვდეთ, რომ დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად ორგანიზმს ნორმალური კვება სჭირდება, ამიტომ საჭიროა საკმარისი რაოდენობის საკვების მიღება, უმადობის პირობებშიც კი. რეკომენდებულია ცილის დიდი შემცველობის მქონე საკვები, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ გვერდით მოვლენებს და გაზარდოთ მკურნალობის შედეგი.
პირის ღრუ და ყელი
პირის ღრუს, ყელისა და კისრის დასხივებისას მოსალოდნელია პირის ღრუს, ყელის, ღრძილების ლორწოვანი გარსის შეწითლება და ანთებითი დაზიანება, მოსალოდნელია პირის ღრუს სიმშრალე და მტკივნეულობა ყლაპვისას. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირაში ჩნდება. უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებლად გაივლის მკურნალობის დასრულებიდან 3-4 კვირაში.
გასათვალისწინებელია:
- თავი არიდეთ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლს მკურნალობისას, რამდენადაც ისინი ასევე აძლიერებენ პირის ღრუს გაღიზიანებასა და სიმშრალეს;
- რეგულარულად გამოივლეთ პირის ღრუში წყალი, ყოველი საკვების მიღების შემდეგ გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ შეგრილებული ხსნარი, კონკრეტულად რომელი, ამას ექიმი შეგირჩევთ;
- დღეში ორჯერ, აკურატულად, რბილი ჯაგრისით იხეხეთ კბილები;
- კბილის პასტა უმჯობესია იყოს ნაკლებად მკვეთრი და არ აღიზიანებდეს ლორწოვანს;
- მოსახსნელი პროთეზების შემთხვევაში, ის უნდა მოიხსნათ დასხივებისას, მკურნალობის პროცესში უმჯობესია მათი რეგულარული გაკეთებისგან თავი შეიკაოთ, რათა თავიდან აიცილოთ ღრძილების დაზიანება;
- თავი შეიკავეთ მჟავე, მწარე პროდუქტების მიღებისგან;
- ეცადეთ, ჭამოთ რბილი საკვები, ბავშვთა კვებიდან – პიურე, ფაფები, პუდინგები, ჟელე და სხვა, მყარი და მშრალი საკვები დაარბილეთ წყალში და ისე მიიღეთ.
სარძევე ჯირკვალი
- სარევე ჯირკვალზე ჩატარებული დასხივების შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი კანის ცვლილებაა, ასევე უმჯობესია, თუ დროებით უარს იტყვით ბიუსტჰალტერზე, თუ მის გარეშე დისკომფორტს გრძნობთ, გაიკეთეთ ნაკლებმოტმასნილი და რბილი ქსოვილისგან შეკერილი;
- სხივური თერაპიის შემდგომ მოსალოდნელია სარძევე ჯირკვლის ზომის გადიდება, მასში სითხის დაგროვების გამო, ან მისი შემცირება, ქსოვილთა ფიბროზული ცვლილებების შედეგად. ჯირკვლის ამგვარი ცვლილება ნარჩუნდება მთელი ცხოვრების მანძილზე;
- მკურნალობა იწვევს მხრის სახსრის მოძრაობის გაუარესებასაც, ამ შემთხვევაში ეფექტიანია სპეციალური ვარჯიშები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ასევე მკურნალი ექიმისგან შეიტყობთ.
ზოგჯერ, დასხივებული ჯირკვლის მხარეს მოსალოდნელია ხელის შეშუპება, რომელიც ზოგჯერ 10 და მეტი წლის შემდგომ ვითარდება, ამიტომ მკურნალობის შემდგომ სასურველია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
- თავი არიდეთ 6-7 კგ-ზე მეტი სიმძიმის აწევას, ენერგიულ მოძრაობებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვს, მიწოლას, გამოქაჩვას, ჩანთის გადაკიდებას დასხივებული ჯირკვლის მხარეს;
- არ არის რეკომენდებული არტერიული წნევის გაზომვა დასხივებულ მხარეს ან ინტრავენური ინიექციები;
- ნუ ჩაიცვამთ ძლიერ მოტმასნილ ტანსაცმელს მკლავებზე, კანის შემთხვევითი დაზიანებისას დაიმუშავეთ ის სპირტით და არა იოდით, დაფარეთ ბაქტერიციდული პლასტირით ან შეიხვიეთ;
- დაიცავით ხელი მზის პირდაპირი სხივების მოქმედებისგან;
- იზრუნეთ წონის შენარჩუნებაზე, დაბალანსებულ კვებაზე, რაციონში მარილის შეზღუდვაზე;
- თუ პერიოდულად გიჩნდებათ შეშუპება, რომელიც ქრება ღამის ძილის შემდგომ, დროულად მიმართეთ ექიმს.
გულმკერდის ღრუ
- მოსალოდნელია ყლაპვის გაძნელება, დასხივების შემდგომ საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანების გამო. უსიამოვნო სიმპტომებს საგრძნობლად შეგიმცირებთ ხშირი, მცირე ულუფებით კვება შედარებით რბილი კონსისტენციის საკვებით. ჭამის წინ, ყლავის გასაადვილებლად, შეგიძლიათ გადაყლაპოთ მცირე ზომის ნაღების კარაქის ნაჭერი;
- შესაძლოა გაჩნდეს მშრალი ხველა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, ნახველმა შეიცვალოს ფერი, გართულდეს სუნთქვა და გაჩნდეს ქოშინი, ამ სიმპტომების აღმოჩენისას სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს.
სწორი ნაწლავი
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ან სწორი ნაწლავის კიბოს დროს ჩატარებული რადიოთერაპიის შემდგომ, შესაძლოა განვითარდეს ტკივილი და სისხლიანი გამონადენი, განსაკუთრებით გართულებული დეფეკაციისას, ამიტომ საჭიროა მკურნალობის პირველივე დღიდან შეკრულობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რაც ძირითადად ითვალისწინებს კვების რაციონის გამდიდრებას ხილით, ბოსტნეულით, უჯრედისით მდიდარი საკვებით და ა. შ. თუ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, 1-2 დღე მაინც გრძელდება მყარი შეკრულობა, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი;
შარდის ბუშტი
რადიოთერაპია ზოგჯერ აზიანებს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს და იწვევს მტკივნეულ შარდვას, სხეულის ტემპერატურის მატებას. იშვიათად შარდი მოწითალო ხდება. ამ სიმპტომებისას საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი და მედიკამენტური მკურნალობის დაწყება.
დასხივების შემდგომი პერიოდი
მკურნალობის დამთავრების შემდგომ აუცილებელია მიღწეული შედეგების პერიოდული კონტროლი და მონოტორინგი, გრაფიკს მკურნალი ექიმი ადგენს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომელიც არ ექვემდებარება გეგმიურ შემოწმებას და მათი აღმოჩენისას საჭიროა სპეციალისტთან დროული ვიზიტი:
- ტკივილი, რომელიც დამოუკიდებლად არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში;
- ღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა;
- სხეულის ტემპერატურის მატება, ხველა;
- სიმსივნის გაჩენა, შესიება, კანზე უჩვეულო გამონაყარი;
კიდურის შეშუპება დასხივებულ მხარეს.
ნათესავებთან კონტაქტი
სხივური თეერაპიის ჩატარებისას თქვენი სხეული რადიაქტიური არ ხდება, ამასთან, ონკოლოგიური დაავადებები არაგადამდებია, შესაბამისად, მკურნალობის შემდგომ, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან კონტაქტს ნუ შეზღუდავთ.
ინტიმური ურთიერთობა
სხივური თერაპია არ მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე, ინტიმური ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას უპირატესად ფიზიკური სისუსტე და სტრესი განაპირობებს, ამიტომ ნუ აარიდებთ მას თავს, რამდენადაც იგი სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია.
პროფესიული საქმიანობა
სხივური თერაპიის ამბულატორიულად ჩატარებისას, ზოგიერთი პაციენტი საერთოდ არ წყვეტს პროფესიულ საქმიანობას და მას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ხოლო დანარჩენი სამსახურში ბრუნდება მას შემდეგ, როცა ფიზიკურად ამის განხორციელების საშუალება ეძლევა.
თუ თქვენი პროფესია დაძაბულ ფიზიკურ აქტივობას ან პროფესიულ მავნებლობასთან კონტაქტს ითვალისწინებს, სასურველია დაფიქრდეთ სამსახურის ან პროფესიის შეცვლაზე.
დიდი დრო დაუთმეთ დასვენებას, დროთა განმავლობაში აღიდგენთ ძალებს და სრულად დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრების წესს, მანამდე კი მოინახულეთ გამოფენები, თეატრები, თქვენთვის საყვარელი ადგილები, რათა რეაბილიტაციის პერიოდი მეტად სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდეს.