საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოსწინარე დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოსწინარე დაავადებები

მკურნალობა თანამედროვე გასტროენტეროლოგების მთავარი ამოცანაა. იმ დაავადებებზე, რომლებმაც შესაძლოა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სათავე დაუდოს სიმსივნურ პროცესებს, ექიმი ნუცა ლეჟავა გვესაუბრება.

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნისწინა დაავადებების უმრავლესობა არასწორი კვებით, ცხოვრების წესითა და ადამიანის ინდივიდუალური ქცევით არის განპირობებული. დიდი როლი ენიჭება კლიმატურ ფაქტორსაც. სიმსივნისწინა მდგომარეობები გაცილებით ხშირია იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა, ტრადიციისამებრ, მიირთმევს ცხარე საკვებს, მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს და ცხელ კერძებს. კვების ასეთი ტიპი არღვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ და სხვა ფუნქციებს და იწვევს მასში მრავალ მორფოლოგიურ ცვლილებას, რომელთა დიდ ნაწილსაც უჯრედების გადაგვარება ანუ დისპლაზია სდევს თან.

- რომელი დაავადებები შეიძლება იქცეს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სიმსივნის განვითარების მიზეზად?

- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კიბოს განვითარების მიზეზად შესაძლოა იქცეს საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლისა და პანკრეასის კიბოსწინარე დაავადებები.

საყლაპავის კიბოს უმთავრესად იწვევს ბარეტის დაავადება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, საყლაპავის ანთებითი დაზიანება. ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა გაცხიმოვნებაც. 4-5 ათეული წლის წინათ ამ ორგანოს კიბოს შემთხვევებს შორის ადენოკარცინომის წილად 2-3% მოდიოდა. დღეისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა, გამოკვლევებით დასტურდება, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ბარეტის დაავადების ფონზე ვითარდება. ეს არის ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგია, რომლის დროსაც საყლაპავის ლორწოვანი გარსი მარილმჟავათი ზიანდება და ვითარდება ანთება, რომლის შედეგადაც დაზიანებული უჯრედები გარკვეული ხნის შემდეგ გადაგვარებას იწყებენ. ამ შემთხვევაში სიმსივნური პროცესი ლოკალიზებულია საყლაპავის გრძელი და მოკლე სეგმენტების, კუჭის კარდიულ ნაწილში - იქ, სადაც საყლაპავი კუჭში გადადის.

საყლაპავის გრძელი სეგმენტის დაზიანება შედარებით იშვიათია, გვხვდება უმეტესად 55-დან 65 წლამდე, მამაკაცებში - 10-ჯერ უფრო ხშირად. უმეტესად ზიანდება მოკლე სეგმენტი, თუმცა კუჭის კარდიულ არესა და მოკლე სეგმეტში არსებული მეტაპლაზიის გაავთვისებიანება უფრო იშვიათია, ვიდრე გრძელი სეგმენტის მიდამოში არსებულისა.

ბარეტის დაავადების გაავთვისებიანებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა. ამ პათოლოგიით დაავადებული ნებისმიერი პაციენტისთვის აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ორ წელიწადში ერთხელ ენდოსკოპიური გამოკვლევა. აღებულ უნდა იქნეს ბიოპტატი და მოხდეს მისი ჰისტოლოგიური გამოკვლევა დიაგნოზის ვერიფიკაციისა და დისპლაზიის ხარისხის დასადგენად, რათა დროულად მოხერხდეს უჯრედების სახეცვლილების დადგენა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დროულად გადაწყდეს ოპერაციული მკურნალობის საკითხი.

- კუჭის სიმსივნისწინარე დაავადებებზე რას გვეტყვით?

- კუჭის სიმსივნისწინარე დაავადებებია: ატროფიული გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, ძნელად შეხორცებადი მრავლობითი პოლიპი. ამათგან აღსანიშნავია გასტრიტის - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების - ატროფიული და ქრონიკული ფორმები.

არსებობს გასტრიტის რამდენიმე ფორმა. ზოგი კუჭის შიგთავსის მომატებული მჟავიანობით მიმდინარეობს, ზოგი - მისი მკვეთრი დაქვეითებით, ზოგი კი მჟავიანობის სრული გაქრობით - აქილიით.

აქილიის მქონე ადამიანებს კუჭის ლორწოვანი გარსი თხელი აქვთ, ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან საკვების მიმართ. ჩვეულ რაციონში ყოველგვარი ცვლილება მათ ტკივილს აყენებს. ანაციდური გასტრიტი სიმსივნედ ასიდან 13 შემთხვევაში გადაგვარდება. არსებობს სიმსივნის მასტიმულირებელი გასტრიტი, ე.წ. მენეტრიეს დაავადება. 8-40%-ში კუჭის კიბო სწორედ მის ფონზე ვითარდება.

სიმსივნისწინარე დაავადებებს მიეკუთვნება კუჭის პოლიპები, განსაკუთრებით - 2 სმ-ზე დიდი ზომის ადენომური წარმონაქმნები, რომელთა გადაგვარების ალბათობაც საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 75%. წინათ მიაჩნდათ, რომ კუჭის პოლიპოზი იშვიათი დაავადება იყო, კვლევის თანამედროვე მეთოდების ფართოდ დანერგვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. კუჭის წყლულოვანი დაავადების სიმსივნედ გადაგვარება დღემდე სადისკუსიო თემად რჩება. დადგენილია, რომ კუჭის წყლულის მალიგნიზაცია წყლულის მდებარეობასა და ზომებზეა დამოკიდებული. დიდ სიმრუდეზე მდებარე წყლულის (საკმაოდ იშვიათი ფორმაა) გადაგვარების ალბათობა ძალიან დიდია, ამასთანავე, თუ წყლულის ზომა 2 სმ-ს აღემატება, უფრო მაღალია გადაგვარების რისკიც.

- რა კავშირია კუჭის ჰელიკობაქტერიით ინფიცირებასა და კიბოს განვითარებას შორის?

- არსებობს ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები განსაზღვრული მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა ჰელიკობაქტერიით ინფიცირებასა და კუჭის კიბოს განვითარებას შორის. მაგალითად, ამ ბაქტერიით ინფიცირებულებს კუჭის კიბო 8-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ. ბაქტერია იწვევს იმ პათოლოგიური ცვლილებების ჯაჭვს, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსში დისპლაზიის აღმოცენებით სრულდება.


- რის გათვალისწინებაა საჭირო კუჭის ანთებითი და წყლულოვანი დაზიანების დროს, რათა დაავადებების გაავთვისებიანებისგან თავი დავიცვათ?

- აუცილებელია კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების მქონე პაციენტების დინამიკური მეთვალყურეობა. პირებს, რომელთაც ატროფიული გასტრიტი აქვთ, 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა უტარდებოდეთ ენდოსკოპიური გამოკვლევა. თუ დაუდგინდათ I-II ხარისხის დისპლაზია, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ გასტროსკოპია, III ხარისხის დისპლაზიის გამოვლენისას კი აუცილებელია განმეორებითი ენდოსკოპიური გამოკვლევა ყოველ სამ თვეში ერთხელ და ბიოფსიური კვლევა.

პროფილაქტიკის კუთხით ზოგადი რეკომენდაციები ითვალისწინებს ცხოვრების წესის შეცვლას, თამბაქოზე უარის თქმას, მარილისა და ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას, რაციონის ბოსტნეულით გამდიდრებას. კუჭის კიბოს პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ანტიჰელიკობაქტერიული თერაპია, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსში საგრძნობლად ამცირებს ანთების ხარისხს და შესაბამისად, კუჭის კიბოს განვითარების ალბათობასაც.

- მალიგნიზაციის თვალსაზრისით ნაწლავთა რომელი დაავადებებია საშიში?

- ნაწლავების სიმსივნისწინარე, ფონური დაავადებებია წვრილი და მსხვილი ნაწლავების პოლიპები, განსაკუთრებით - მრავლობითი, ასევე - არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ფონზე განვითარებული წყლულები და ფსევდოპოლიპები ხანგრძლივი ანთებითი პროცესები სწორ ნაწლავში - პროქტიტი, ანალური ნაპრალის ნახეთქები.

ნაწლავთა ავთვისებიანი სიმსივნეები ორ ჯგუფად იყოფა: მემკვიდრეობით (ოჯახურ) და შეძენილ (სპორადულ) ფორმებად. პირველ შემთხვევაში (ნაწლავის სიმსივნეების 15%) ადამიანი ანომალიური გენის მატარებელია და რომელიმე გარეგანი ფაქტორი უბრალოდ აპროვოცირებს მის მოქმედებას, იწვევს დამატებით გენეტიკურ ცვლილებებს. სპორადული სიმსივნის (85%) მიზეზები გარეგანი ფაქტორები და ნაწლავების ანთებითი, ფონური დაავადებებია.

ადენომური პოლიპები უმთავრესად მსხვილ და სწორ ნაწლავებში გვხვდება. ისინი იქ ანთებითი პროცესის შედეგად ჩნდება და კეთილთვისებიან წარმონაქმნებად მიიჩნევა. ხშირია მათი ლოკალიზება სწორ ნაწლავში. ზომა 3-4 სმ-მდე და მეტად ვარირებს. პოლიპების ზომის მატება მათი სიმსივნედ გადაგვარების ალბათობასაც ზრდის.

განასხვავებენ ერთეულ, მრავლობით პოლიპებს და დიფუზურ პოლიპოზს. ობლიგატურ სიმსივნისწინა დაავადებად მიჩნეულია დიფუზური პოლიპოზი, რომელიც თითქმის ყოველთვის იწვევს კიბოს. დაავადება მემკვიდრეობითია და მალიგნიზაცია ახალგაზრდა ასაკშივე ხდება.

პოლიპოზის მკურნალობა ოპერაციულია - ნაწლავის დაზიანებულ ნაწილს ამოკვეთენ. ერთეული პოლიპის მოცილება ენდოსკოპიურადაც შესაძლებელია. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ნაწლავის დათვალიერება ყოველ 6 თვეში ერთხელ და ახალგაჩენილი პოლიპების ელექტროკოაგულაცია.

მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება იმ პაციენტებს, რომლებსაც გენეტიკური მიდრეკილება აქვთ პოლიპოზური დაავადებებისადმი. აუცილებელია ყველა ახალგაჩენილი წარმონაქმნის დაუყოვნებლივ მოცილება, გამონაკლისებად მიიჩნევა მცირე, 0,5 სმ-ზე პატარა ერთეული პოლიპოზური წარმონაქმნები, რომლებზეც უნდა მიმდინარეობდეს კოლონოსკოპიური კონტროლი.

ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების მქონე ავადმყოფები. წყლულოვანი კოლიტის დროს დისპლაზიის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე კრონის დაავადების შემთხვევაში. სიმსივნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარეობის ხანგრძლივობა და ლორწოვანი გარსის დაზიანების ხარისხი. 30 წლამდე დაავადებულ მამაკაცებში კრონის დაავადების კიბოდ გადაგვარების რისკი იზრდება.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ფაკულტატიური სიმსივნისწინა მდგომარეობებია, თუმცა კარგად ექვედებარება კონსერვატიულ მკურნალობას.

- რომელი დაავადებები შეიძლება იქცეს ღვიძლისა და პანკრეასის კიბოს მიზეზად?

- ღვიძლის სიმსივნისწინარე მდგომარეობაა მისი ანთებითი დაზიანება - ჰეპატიტი. ჰეპატოცელულარული კარცინომა ღვიძლის პირველადი სიმსივნეა, რომელიც განპირობებულია ღვიძლის C და B ვირუსული ინფიცირებით.

C ჰეპატიტის რბილი და უსიმპტომო მიმდინარეობა ართულებს მის დროულ დიაგნოსტიკას. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქრონიკული ვირუსული B ჰეპატიტი. იგი კიბოს განვითარების ალბათობას 200-ჯერ ზრდის, თანაც ინფიცირებულ მამაკაცებში - ქალებზე მეტად.

კარცინომის ადრეულ სტადიაში განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით - C და B ვირუსებით ინფიცირების ფონზე. გადაგვარებას ხელს უწყობს ორგანიზმში რკინის ჭარბი შემცველობა, პარაზიტული დაავადებები (ოპისტორქოზი, შისტოსომოზი და სხვა), კანცეროგენული სამრეწველო პროდუქტები - პოლიქრომული დიფენილები, ქლორირებული გამხსნელები, პესტიციდები.

ღვიძლის კიბოს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსული ჰეპატიტების დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, რაც საგრძნობლად აიშვიათებს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას.

კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნისწინარე დაავადებებია პანკრეასის ადენომა, კისტები და ქრონიკული პანკრეატიტი. ამ დაავადებების არსებობისას გაავთვისებიანება სხვადასხვა სიხშირითა და სიჩქარით ხდება. ეს დამოკიდებულია უპირატესად ჯირკვლის დაზიანების მოცულობაზე, ენდოკრინულ ფონსა და იმ ცხოვრების წესზე, რომელსაც ქრონიკულად მოავადე ადამიანი ეწევა.