ონკოქირურგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ონკოქირურგია

ეს მეთოდები ხშირად კომბინირებულად (მაგალითად, ქირურგიულს პლუს ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია) გამოიყენება, თუმცა ზოგ შემთხვევაში მკურნალობის თითოეული ზემოხსენებული მეთოდი შეიძლება დამოუკიდებლადაც იქნეს გამოყენებული. ამჯერად სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მხოლოდ ერთ, კერძოდ, ქირურგიულ მეთოდს გაგაცნობთ.

ქირურგიული ოპერაციების შესახებ ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვით. როგორც იცით, სიმსივნური დაავადებების, ისევე როგორც სხვა ქირურგიული პათოლოგიების, დროს ჩვეულებრივი, ანუ "სისხლიანი" ოპერაციები ტარდება (სიმსივნის არსებობისას ოპერაციის წარმოებას თავისი წესები და კანონები აქვს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს).

სიმსივნეებისა და მათი წინამორბედი პათოლოგიების სამკურნალოდ, გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიყენება ეგრეთ წოდებული "უსისხლო" ოპერაციებიც, რომლებიც ენდოსკოპიური იარაღებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით ტარდება. ის კი არა, უცხოეთში სამედიცინო ტექნიკა იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთ ოპერაციას უკვე რობოტების საშუალებით აკეთებენ. ამ დროს ოპერაციის წარმოების სიზუსტე ძალზე მაღალია, თუმცა მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ადამიანს ანუ ქირურგ-ოპერატორს ჯერჯერობით მაინც ვერავინ შეცვლის, რადგან ოპერაციის დროს არცთუ ისე იშვიათია გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებიც მყისიერ გადაწყვეტილებას და სწრაფ მოქმედებას მოითხოვს, რობოტს და, შესაბამისად, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს კი მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი პროგრამებით მოქმედება ძალუძთ.

ამჯერად სიმსივნეების სამკურნალო კიდევ ერთ ოპერაციულ ტექნიკას გაგაცნობთ, რომელსაც კრიოქირურგია (ბერძ. "კრიოს" - ყინული) ეწოდება. ეს გახლავთ ქირურგიული მკურნალობის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ქსოვილების ლოკალურად გაყინვაზეა დაფუძნებული. სიცივის გამოყენებას მედიცინაში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხოლო თავად მეცნიერულად დასაბუთებული კრიოქირურგია 100 წელზე მეტია, რაც სამკურნალოდ გამოიყენება. იგი ეფექტური, უსაფრთხო, გამოცდილი და საკმაოდ პერსპექტიული მეთოდია. უცხოეთის განვითარებული ქვეყნების სამედიცინო პრაქტიკაში თანამედროვე კრიოქირურგია გასული საუკუნის სამოციან წლებში დამკვიდრდა და დღემდე წარმატებით იყენებენ სხვადასხვა პროფესიის ექიმები.

კრიოქირურგია - ეს გახლავთ დაავადების კერაზე დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება. პროცედურა კონტროლირებადი მოყინვის სახით შეიძლება წარმოიდგინოს მკითხველმა. კრიოქირურგიულ ოპერაციას ასრულებს ექიმი თანამედროვე მძლავრი კრიოდანადგარების საშუალებით. გამყინავ აგენტად, საშუალებად, გამოიყენება თხევადი აზოტი, რომლის დუღილის ტემპერატურა -1960 ცელსიუსია. ოპერაციული ჩარევა ტარდება -5-დან -1900 ცელსიუსამდე ტემპერატურის ფარგლებში, ხანგრძლივობა რამდენიმე წამიდან რამდენიმე ათეულ წამამდეა. ოპერაციისთვის ზოგჯერ აზოტის ოქსიდსაც იყენებენ. სხვადასხვა ოპერაციისთვის სხვადასხვაგვარი აპარატი არსებობს. ზოგი მათგანი გაყინვისა და გალღობის მართვადი რეჟიმით მუშაობს და წინასწარ დადგენილი პროგრამით მოქმედებს. ზედაბალი ტემპერატურის ზემოქმედება კანზე თუ სხვაგან განვითარებულ ახალწარმონაქმნებზე იწვევს მათ ნეკროზს (სიკვდილს) და ზემოქმედების ადგილას ნაზი ნაწიბურის ჩამოყალიბებას.

მკურნალობისთვის მომზადება, სამკურნალო მეთოდის არჩევა

პაციენტი გადის დერმატოლოგის, ქირურგის და აუცილებლობის შემთხვევაში ონკოლოგის კონსულტაციებს. ავთვისებიან პროცესზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმები ატარებენ დამატებით გამოკვლევას (ბიოფსია, ეპილუმინესცენტური დერმატოსკოპია). აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სხვადასხვა სპეციალობის ექიმების კონსილიუმი, რომლის შემდეგაც შეირჩევა კონკრეტული დაავადების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

კრიოქირურგიულ მეთოდს მაშინ იყენებენ, თუ კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში სწორედ ის იქნება სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და მეტად ეფექტური კოსმეტიკური კუთხით.

სიცივით ზემოქმედების მექანიზმი

კანის ახალწარმონაქმნებისა და სხვა ქსოვილების გაყინვის შედეგად უჯრედგარე და უჯრედშიგა სივრცეებში ყინულის კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც უჯრედების კედლებს აზიანებს. იცვლება აგრეთვე უჯრედშიგა წნევა, ამ დროს უჯრედში არსებული მარილები გარეთ გამოდის (ოსმოსური ცვლილება), შესაბამისად, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა.

დაბალი ტემპერატურა ავიწროებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც გაყინულ ქსოვილში სისხლის მიმოქცევა წყდება და კანის ან სხვა ქსოვილის ახალწარმონაქმნი ან სიმსივნე კვდება. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა ოპერაციის უსისხლოდ ჩატარების საშუალებასაც იძლევა, ანუ ოპერაცია სისხლის დანაკარგის გარეშე მიმდინარეობს. და კიდევ ერთი: ვინაიდან მოყინული ქსოვილის მოცილება მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, ვითარდება სიმსივნის უჯრედების საწინააღმდეგო ორგანიზმის გახანგრძლივებული იმუნური რეაქცია, რომელიც გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს და დაავადების განმეორებით განვითარების შესაძლებლობას ამცირებს.

კრიოქირურგია წყვეტს ზოგიერთ ძირითად სამედიცინო ამოცანას:

1. მისი საშუალებით შეიძლება კანის როგორც ზედაპირული, ასევე ღრმად მდებარე ახალწარმონაქმნების მოცილება;

2. მიიღწევა საუკეთესო კოსმეტიკური ეფექტი;

3. არ საჭიროებს გაუტკივარებას;

4. აქვს მინიმალური უკუჩვენება;

5. ალერგიული რეაქციის რისკი მეტად დაბალია;

6. ოპერაციული ჩარევა უსისხლოდ მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაკვეთა ჩატარდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც უხვი სისხლმომარაგება აქვს;

7. არ ვითარდება ოპერაციაზე ორგანიზმის ზოგადი რეაქცია, ირგვლივ მდებარე ქსოვილები მინიმალურად ზიანდება;

8. პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია;

9. მანიპულაცია სწრაფად ტარდება;

10. ოპერაცია უსაფრთხოა.


კრიოქირურგიის გამოყენების ჩვენებები

  • კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები: ჰემანგიომები, სებორეული კერატოზები, მეჭეჭები, სენილური ანგიომები, პაპილომები, ცხიმოვანი ჰიპერპლაზია, კონტაგიოზური მოლუსკი, მახვილწვერა კონდილომები, კელოიდები, ჰიპერტროფიული ნაწიბურები და სხვა
  • კანის წინასიმსივნური ახალწარმონაქმნები: აქტინიური ჰეილიტები და კერატოზები, ლეიკოპლაკია, აკროჰორდონი, კერატოაკანთომები
  • კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები: ბაზალურუჯრედოვანი კარცინომები, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები, ბოუენის დაავადება, ავთვისებიანი ლენტიგო

კრიოქირურგიის გამოყენების უკუჩვენებები

ეს საკითხი კონსილიუმზე უნდა გადაწყდეს. შედარებით დროებით უკუჩვენებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანის გამოხატული პიგმენტაცია, ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტური ნაწიბურების ჩამოყალიბებისადმი მომატებული მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი, რეინოს დაავადება ან სხვა თანამდევი დეკომპენსირებული დაავადებები. კატეგორიულად აკრძალულია კანის ახალწარმონაქმნების თვითმკურნალობა სახლის პირობებში ან არასპეციალიზებულ დაწესებულებებში.

მოსალოდნელია თუ არა რეციდივი?

პათოლოგია შეიძლება ხელახლა განვითარდეს, თუ კანის ახალწარმონაქმნი ნაწილობრივ იქნა გაყინული. ამ შემთხვევაში კრიოპროცედურას იმეორებენ, ვიდრე არ მიიღწევა მაქსიმალური სამკურნალო და კოსმეტიკური ეფექტი.

დერმატოლოგიისა და ონკოლოგიის გარდა კრიოქირურგია გამოიყენება: ნეიროქირურგიაში, ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, მუცლის ღრუს ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, პედიატრიაში და სხვა.

ნეიროქირურგიაში კრიოქირურგია გამოიყენება ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურებისა და გამტარი გზების დესტრუქციისათვის (დაშლისათვის), ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების სამკურნალოდ, ასევე - ეპილეფსიის დროს თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ზონების გასაცივებლად.

ლოკალური გაყინვა სტერეოტაქსიულ ნეიროქირურგიაში დესტრუქციის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ონკოლოგიაში კრიოქირურგია სხვადასხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნის დასაშლელად გამოიყენება. სიმსივნეების, განსაკუთრებით ავთვისებიანის, კრიოდესტრუქციას მრავალი უპირატესობა აქვს.

ზედაპირული და ადვილად მისადგომი (მაგალითად, პირის ღრუს, საშოს, საშვილოსნოს ყელის) სიმსივნეების დაშლა ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე ჩვეულებრივი ამოკვეთა. ავთვისებიანი სიმსივნის არსებობისას შესაძლებელია სიმსივნური უჯრედების მოთესვის (ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გავრცელების) თავიდან აცილება.

კრიოქირურგია პალიატიურ მეთოდადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული დაავადების ინკურაბელურ (როცა ოპერაციას აზრი აღარ აქვს) სტადიაში ტკივილის შემცირების ან რაიმე სხვა ინფექციის კერის ლიკვიდაციის მიზნით.

კრიოქირურგია სიმსივნის დესტრუქციის რადიკალური მკურნალობის მეთოდად მაშინაც შეიძლება იქნეს გამოყენებული, როცა შეუძლებელია ჩვეულებრივი ოპერაციული ჩარევა. მისი საშუალებით შეიძლება განხორციელდეს განმეორებითი სეანსები სიმსივნური ქსოვილის მთლიანად დასაშლელად.

ოფთალმოლოგიაში კრიოქირურგია გამოიყენება რქოვანასა და კონიუნქტივის დაავადებების (ვირუსული და ჩირქოვანი წყლულები, კონიუნქტივის ანგიომები და მელანომები, საგაზაფხულო კატარი და სხვა) სამკურნალოდ. კრიოქირურგია კატარაქტის ოპერაციისა და გლაუკომის დროსაც კი შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ზედაბალი ტემპერატურით ზემოქმედებას ხშირად მიმართავენ პერიფერიული კისტებისა და სისხლძარღვოვანი ტრაქტის სიმსივნეების სამკურნალოდ.

ოტორინოლარინგოლოგიაში კრიოქირურგია ნაჩვენებია ცხვირიდან სისხლდენების დროს, არასიმსივნური დაავადებების (მაგალითად, ტონზილექტომიის, რინიტის) დროს და, რა თქმა უნდა, ცხვირის პოლიპებისა და კისტების, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიის შემთხვევაშიც.

კრიოქირურგია გამოიყენება ხორხის მორეციდივე გრანულომების, ტრაქეის, ბრონქების, ხახის, ცხვირ-ხახის კეთილთვისებიანი სიმსივნეების, მაგალითად, პაპილომებისა და ანგიომების, აგრეთვე - ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.

მუცლის ღრუს ქირურგიაში კრიოქირურგია გამოიყენება კისტების, ღვიძლის ალვეოკოკოზისა და ჰემანგიომების სამკურნალოდ, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის რეზექციისთვის. არსებობს მონაცემები კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზის დროს კრიოქირურგიის გამოყენების შესახებაც.

უროლოგიაში ზედაბალი ტემპერატურით ზემოქმედება გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლისა (პროსტატის) და შარდის ბუშტის არაოპერაბელური კიბოს დროს, რომელიც სისხლდენითაა გართულებული, წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის სიმსივნის შემთხვევაში, როდესაც მაღალი საოპერაციო რისკის გამო რადიკალური ოპერაციის ჩატარება უკუნაჩვენებია.

კრიოდესტრუქციის შემდეგ შესაძლოა მოხდეს სიმსივნის ზრდისა და მეტასტაზირების შეწყვეტა, მეტასტაზირების უკუგანვითარებაც კი.

პედიატრიაში კრიოქირურგიის ჩვენებად ითვლება სხვადასხვა ლოკალიზაციის ინტენსიურად მზარდი ბრტყელი ან მცირე ზომის კავერნოზული ჰემანგიომები 6-7 თვის ბავშვებში, ასევე - ადრე გადატანილი ჰემანგიომების, პაპილომებისა და მეჭეჭების კრიოდესტრუქციის გამო არსებული კოსმეტიკური დეფექტები უფროსი ასაკის ბავშვებში.

გინეკოლოგიაში კრიოქირურგია გამოიყენება იმ ეროზიების, დისპლაზიური პროცესების, პოლიპების, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზისა და მახვილწვერა კონდილომების სამკურნალოდ, რომლებიც კონსერვატიულ მკურნალობას არ ემორჩილება.

კრიოზემოქმედებას, წესისამებრ, წინ უძღვის ბიოფსია, რათა დადგენილ იქნეს დაზიანების ხასიათი. ზოგჯერ საჭიროა წინასწარი სადიაგნოსტიკო გამოფხეკის ჩატარებაც, რაც ენდომეტრიუმის დიდი ნაწილის მოშორებას და საშვილოსნოს კედელზე უფრო ღრმად ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა. გინეკოლოგიაში კრიოქირურგიის გამოყენების უპირატესობად ითვლება უმტკივნეულობა და მინიმალური ტრავმულობა. ზედაბალი ტემპერატურით ზემოქმედების დროს უფრო ნაზი ნაწიბური ყალიბდება, ვიდრე დიათერმოკოაგულაციის (მოწვის) შემთხვევაში, რაც შემდგომ მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის გახსნას ნაკლებად უშლის ხელს.

კრიოქირურგია სხვა პათოლოგიების წინააღმდეგაც წარმატებით გამოიყენება, მაგრამ ეს უკვე სხვა სტატიის მასალაა, რომელსაც "ოჯახის მკურნალი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.