მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად რომ არ გადაიქცეს
მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული (სულ ცნობილია ამ ვირუსის 60-ზე მეტი სახეობა). მეჭეჭი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.
არსებობს ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.
არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.
რა მეთოდები გამოიყენება მეჭეჭების სამკურნალოდ, იხილეთ სტატია "მეჭეჭები"