როგორ შევინარჩუნოთ სარძევე ჯირკვლის სიჯანსაღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ სარძევე ჯირკვლის სიჯანსაღე

კიბოსწინარე დაავადებების დროული გამოვლენა, რაც თავიდან აგვაცილებს მძიმე სნეულებას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს.

სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დაავადებებზე თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი, მამოლოგი ეკა ბარამაძე გვესაუბრება, ხოლო სარძევე ჯირკვლის სკრინინგულ კვლევაზე - ამავე დისპანსერის ექიმი, მამოლოგი ლელა ბაჩილავა.

- რომელ დაავადებას შეიძლება ეწოდოს სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობა?

- სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა სარძევე ჯირკვლის ყველა ის დაავადება, რომლის ფონზეც ვითარდება კიბო. ასეთია მასტოპათიის ყოველგვარი ფორმა, რომლის დროსაც ხდება ეპითელიუმის პროლიფერაცია, რადგან სწორედ პროლიფერაციის უბნები განიცდის მალიგნიზაციას, ასევე - სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ადენომა, ფიბროადენომა, ფილოიდური სიმსივნე, სადინარშიგა პაპილომა, კისტა, ლიპომა.

- რა იწვევს კიბოსწინარე მდგომარეობას?

- სარძევე ჯირკვალი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა, ამიტომ მის პათოლოგიას იწვევს ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ და ჰუმორულ ჰომეოსტაზს (წონასწორობას). ასეთი ფაქტორებია: სქესობრივი ცხოვრების ნაგვიანევი დაწყება, ხშირი აბორტი, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, უშვილობა, სასქესო ორგანოების დაავადებები, ძუძუთი მოკლე ხანს კვება, ღვიძლის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ხშირი სტრესი, რადიაციული გამოსხივება, სიმსუქნე, სარძევე ჯირკვლის ტრავმა.

- რას გვეტყვით მასტოდინიაზე, კისტებზე, ახალწარმონაქმნებსა და ჰორმონულ დარღვევებზე?

- ყველა ეს მდგომარეობა შეიძლება კიბოსწინარე მდგომარეობად იქნეს განხილული, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. მაგალითად, ძუძუს კიბო 3-5-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება მასტოპათიის ფონზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასტოპათიის ყველა ფორმა კიბოსწინარე მდგომარეობად უნდა განვიხილოთ.

მასტოპათიის დროს კიბოს განვითარებას წინ უძღვის რიგი ცვლილება სარძევე ჯირკვლის ჯირკვლოვან წილაკებში. თავდაპირველად ხდება მათი ჰიპერპლაზია, შეშუპება, წილთაშორისი შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. შემდგომ ვითარდება წვრილი კისტები. კისტის ეპითელიუმი იწყებს პროლიფერაციას, ვითარდება ატიპია, პროლიფერაციული ეპითელიუმი სტრომაში ჩაიზრდება, მიტოზების რიცხვი იზრდება და იწყება მალიგნიზაცია.

არსებობს მასტოპათიის ორი ფორმა: დიფუზური და კვანძოვანი. მასტოპათიის კვანძოვანი ფორმა ეპითელიუმის პროლიფერაციითა და დისპლაზიით საგრძნობლად ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს. რაც შეეხება ძუძუს კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ისინი ძირითადად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. მათაც პრეკანცერებს მიაკუთვნებენ, რადგან მათგან ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნის სხვადასხვა ფორმა. ადენომა, ფიბროადენომა იშვიათად, მაგრამ მაინც განიცდის მალიგნიზაციას. ფოთლისებური ფიბროადენომა სარკომად ტრანსფორმირდება, ლიპომა - ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც - ლიპოსარკომად გარდაიქმნება.

- როგორია თითოეული მათგანის კლინიკური ნიშნები, რას უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება?

- მასტოპათიის დროს შეინიშნება მტკივნეულობა სარძევე ჯირკვალში ანუ მასტოდინია, რომელიც მენსტრუაციამდელ პერიოდში ძლიერდება. ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობისაა, თანდათან ხდება ინტენსიური და მუდმივი. ხშირად გადაეცემა მხარში, ბეჭში. სარძევე ჯირკვლები შებერილია, გამკვრივებულია. მენსტრუაციის დაწყების შემდეგ ეს შეგრძნებები ქრება. შესაძლოა გაჩნდეს გამონადენი დვრილიდან - გამჭვირვალე, მოყვითალო ან მომწვანო (არა სისხლიანი). ასეთი ცვლილებები შეინიშნება დიფუზური მასტოპათიის დროს, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა ქალებში გვხვდება.

მასტოპათიის კვანძოვანი ფორმა ძირითადად 30 წლიდან აღირიცხება. დიფუზური მასტოპათიის ფონზე სარძევე ჯირკვალში ისინჯება გამკვრივებული უბანი, რომელსაც აქვს მკვეთრი საზღვრები. ის შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი, როგორც ერთ, ასევე ორივე ჯირკვალში. წოლისას გამკვრივებული უბნები კარგავენ საზღვრებს, თითქოს ირგვლივ მდებარე დიფუზურად შემკვრივებულ ქსოვილებში იკარგებიან.

სარძევე ჯირკვლის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ვითარდება ჯირკვლოვანი ელემენტების პროლიფერაციის შედეგად. კარგად შემოსაზღვრული, მოძრავი, რბილ-ელასტიკური კონსისტენციისაა. არ არის დაკავშირებული კანსა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. ხანდახან სიმსივნის შიგნით წარმოიქმნება კისტა. ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს "ცისტადენომა". ასეთი რამ ხშირია ახალგაზრდა ქალებში.

სადინარშიგა ინტრადუქტული პაპილომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სარძევე ჯირკვლის სადინარებისგან ვითარდება. ის ცნობილია ასევე მინცის დაავადების სახელწოდებით. სადინარშიგა პაპილომა მდებარეობს დვრილის ან არეოლის უკან და ახლოს. ის შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. ახასიათებს გაავთვისებიანება. პალპაციით მისი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია. ძირითადად ვლინდება დვრილიდან სისხლიანი ან სეროზულ-სისხლიანი გამონადენით, რომელიც დვრილზე ზეწოლის შემთხვევაში შეინიშნება.

ფიბროადენომა უმთავრესად 30 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. პალპაციით ის ისინჯება როგორც გლუვი, მკვეთრსაზღვრებიანი, მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომელიც ზეწოლისას თავისუფლად გადაადგილდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში. არ არის დაკავშირებული ირგვლივ მდებარე ქსოვილებსა და კანთან. რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის.

ცალკე უნდა გამოიყოს ფილოიდური (ფოთლისებური) ფიბროადენომა, რომელიც სწრაფად იზრდება და დიდ ზომას აღწევს. მკვრივი კონსისტენციისაა, უსწორმასწოროზედაპირიანი, არ უკავშირდება ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, აქვს მალიგნიზაციის მაღალი ხარისხი.

ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. აქვს სწორი ელასტიკური ზედაპირი და მოძრავია.

პალპატორულად კისტა და ფიბროადენომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.

სარძევე ჯირკვლის ლიპომა ძალზე იშვიათი დაავადებაა. ეს რბილი, მკვეთრსაზღვრებიანი სიმსივნეა. საჭიროა მისი დიფერენცირება ფიბროადენომისა და კისტისგან. ის ძალიან იშვიათად ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნედ - ლიპოსარკომად. კიბო ლიპომისგან არ ვითარდება. თითოეული ამ დაავადების გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს თვითგასინჯვას, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

- რაკი თვითგასინჯვა ახსენეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა და როგორია მისი ჩატარების ტექნიკა?

- ძუძუს დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვის თვითგასინჯვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად, მენსტრუაციიდან 5-7 დღის შემდეგ, როდესაც ძუძუ ნაკლებად გამაგრებულია. გაქვთ თუ არა მენსტრუაცია, ხართ თუ არა ორსულად, აწოვებთ თუ არა ძუძუს, - განურჩევლად ყველაფრისა, თვითგასინჯვა უნდა წარმოებდეს ყოველ თვე, ერთსა და იმავე რიცხვში.

თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით, წელს ზემოთ შიშველ ტანზე, ჯერ ვერტიკალურ, შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დათვალიერება ხდება სარკის წინ, ჯერ - ხელებდაშვებულ, შემდეგ დოინჯშემოყრილ და ბოლოს - ხელებაწეულ პოზაში. დათვალიერება-გასინჯვის დროს ყურადღება ექცევა ყოველგვარ შემაგრებასა თუ კვანძს, ძუძუს ზომას, სიმეტრიას (თუმცა ჯანმრთელი სარძევე ჯირკვალი ყოველთვის არ არის სიმეტრიული), კანის ცვლილებებს (დანაოჭებას, გასქელებას, გაწითლებას და სხვა), ძუძუსთავისა და არეოლის მდებარეობას (დვრილის ჩაბრუნებას, დეფორმაცია, შეჭმუხვნას, გასქელებას); დვრილიდან გამონადენს, რომელიც რჩება ღამის პერანგზე ან აზღუდზე; ძუძუს ზევით, ქვევით ან გვერდით გადანაცვლებას, მისი ფორმის ცვლილებას, ამობურცულ თუ ჩაღრმავებულ ადგილებს.

თვითგასინჯვის მომდევნო ეტაპია პალპაცია. ვერტიკალური გასინჯვა შეიძლება ჩატარდეს შხაპის ქვეშ, ოდნავ გასაპნული ხელით, რათა თითები ადვილად სრიალებდეს კანზე. ჰორიზონტალური თვითგასინჯვა ტარდება ზურგზე წოლის დროს. ბეჭქვეშ უნდა ამოვიდოთ მომცრო ბალიში ან დახვეული პირსახოცი. ცალი ხელი თავს ზემოთ გადავიტანოთ, ხოლო მეორე ხელით მოვისინჯოთ მოპირდაპირე ძუძუ. ძუძუ ისინჯება შუა სამი თითის ბალიშებით, მარცხენა ძუძუ - საათის ისრის, ხოლო მარჯვენა - საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით.

აუცილებელია ასევე, გაისინჯოს ლავიწის ზონა და იღლიის უბანი. გასინჯვა ხდება წრიული და გრძივი მოძრაობებით. პალპაციისას გამოიყენება მსუბუქი, საშუალო და ღრმა ზეწოლა. ამის შემდეგ ორი თითის მოჭერით ხდება დვრილიდან გამონადენის შემოწმება. გამონადენის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მის ფერს. ყოველგვარი ცვლილების აღმოჩენისას ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს.


- როგორია ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების როლი სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციაში?

- მასტოპათიის დიფუზური ფორმის შემთხვევაში ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა, კვანძოვანი მასტოპათიისა და ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნის დროს კი აუცილებელია ქირურგიული ჩარევა - წარმონაქმნის ამოკვეთა. ამოკვეთილი ქსოვილი იგზავნება ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე. ამ გამოკვლევის პასუხის მიხედვით გადაწყდება ორსულობისა და ძუძუთი კვების საკითხი.

- რა პერიოდულობით უნდა ჩაიტაროს ქალმა სკრინინგული გამოკვლევა?

- ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მინიმალური დოზით ხდება. მამოგრაფია შეუცვლელი მეთოდია არაპალპირებადი წარმონაქმნების აღმოსაჩენად. იგი ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის. კვლევა ტარდება მენსტრუაციის დამთავრებიდან მეორე კვირას.

სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. თუ ძუძუს კიბო საწყის სტადიაზე იქნა აღმოჩენილი, განკურნება შესაძლებელია. მამოგრაფიული გამოკვლევა 40 წელს მიღწეულმა ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს. 30-40 წლის ასაკიდან მამოგრაფიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 1-2 წელიწადში ერთხელ, 50 წლიდან - ყოველწლიურად.

- მოქმედებს თუ არა საქართველოში სკრინინგული პროგრამა?

- თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუს კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ უტარდებათ ძუძუს კიბოს სკრინინგი.

პროგრამა მიზნად ისახავს ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დაცვას ავთვისებიან სიმსივნეთა ადრეული გამოვლენის გზით. ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუს კიბოს პრევენციის საუკეთესო გზაა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაში აღმოჩენა და მკურნალობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს მიზეზით სიკვდილიანობამ 35%-ით იკლო.

- როგორი თეთრეული უნდა ვატაროთ?

- ბიუსტჰალტერი უნდა იყოს ბუნებრივი მასალისა, რბილი, არ უნდა ჰქონდეს ლითონის ჩხირები, უხეში ნაკერები, არ იწვევდეს სარძევე ჯირკვლის ტრავმირებას და გაღიზიანებას.

- რაიმე შეზღუდვა ხომ არ არსებობს ჰიგიენური საშუალებების - დეზოდორანტების, ანტიპერსპირანტებისა და სხვათა გამოყენების კუთხით?

- მშრალი თუ თხევადი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების გამოყენება არ გახლავთ რეკომენდებული - მათში შემავალმა ქიმიურმა დანამატებმა, გამორიცხული არ არის, პროცესის განვითარებაში ერთგვარი მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს.

- რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც კიბოსწინარე პათოლოგიები აქვთ?

- აუცილებლად მიმართონ სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწასებულებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ რისკის ფაქტორებიც:

იყენებენ ორალურ კონტრაცეპტივებს;

მენოპაუზის შემდეგ იტარებენ ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას, კერძოდ, თერაპიას ესტროგენ-პროგესტერონის კომბინაცით. ეს ზრდის ძუძუს კიბოს რისკს;

  • გადატანილი აქვთ რამდენიმე აბორტი;
  • პირველი ბავშვი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.

რისკის შესამცირებლად საჭიროა:

  • სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგება;
  • გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.

პროფილაქტიკისთვის სასურველია, წელიწადში ერთხელ მიმართოთ გინეკოლოგს.