მავნე ჩვევა თუ დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნე ჩვევა თუ დაავადება

დავიცვათ თავი და გარშემო მყოფები ამ საშინელი სენისგან? ამის შესახებ გვესაუბრება ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ვადაჭკორია.

- ბატონო დავით, ნარკომანია დაავადებაა თუ მავნე ჩვევა?

- სამედიცინო ნოზოლოგიათა მსოფლიო საერთაშორისო კლასიფიკაციით, დღეს ნარკომანია დაავადებად, მეტიც - უმძიმეს დაავადებად არის მიჩნეული. ეს არის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელსაც პერიოდული გამწვავება, რეციდივი ახასიათებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ განურჩევლად იმისა, ხმარობს თუ არა ამჟამად ადამიანი ნარკოტიკს, თუკი წარსულში ამა თუ იმ პრეპარატზე იყო დამოკიდებული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში იარსებებს რისკი, ნარკოტიკის მიღება განაახლოს. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად ყალიბდება ბიოლოგიური დამოკიდებულება, რის გამოც რადიკალურად იცვლება ბიოლოგიური შემადგენელი და ყალიბდება ქრონიკული დაავადება.

- ქრონიკული დაავადება, როგორც ვიცით, არ იკურნება. ნარკომანიაც უკურნებელია?

- მყოლია პაციენტი, რომელმაც ექვსი წლის წინ იმკურნალა და თავს დღესაც კარგად გრძნობს, მაგრამ მუდამ იარსებებს ალბათობა, რომ ნარკოტიკის მიღება განაახლოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკომანია ისეთი დაავადებაა, რომლის ჩამოყალიბებაში უმთავრეს როლს ასრულებს ბიოლოგიური ფაქტორები, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სხვა ფაქტორებსაც. საერთო ჯამში, ეს არის ბიოსოციოფსიქოლოგიური დაავადება, რომლის გამომწვევ ფაქტორებს ეთიკური, მორალური და სხვა პრობლემებიც ემატება. აქედან გამომდინარე, განუწყვეტლივ მიმდინარეობს დისკუსია, რომელი ფაქტორია წამყვანი - ბიოლოგიური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური. სადღეისოდ მეცნიერება იმ თვალსაზრისს ადგას, რომ ბიოლოგიურ ფაქტორებსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ფსიქოემოციურს.

შესაძლოა, ადამიანი ბიოლოგიურად მიდრეკილი იყოს ნარკომანიისკენ, მაგრამ ხელსაყრელი სოციალური პირობების გამო ნარკომანად არ ჩამოყალიბდეს.

მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც ბიოლოგიურად არ არის მიდრეკილი ნარკომანიისკენ, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების, მიკროსოციუმის გავლენით შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ეს დაავადება...

აღსანიშნავია გენეტიკური ფაქტორების, აგრეთვე - იმ დაავადებების როლი, რომლებიც ადამიანმა შესაძლოა ახალშობილობის ან ბავშვობის პერიოდში გადაიტანოს. დღეს გენეტიკა ძალიან შორს წავიდა. უცხოეთში არსებობს ტენდენცია, ნარკომანიის გამომწვევ გენეტიკურ ფაქტორებს ჩაუღრმავდნენ. აღმოჩენილია რამდენიმე ფერმენტი, რომელთა პათოლოგიამ, არასრულფასოვნებამ, შეიძლება ეს დაავადება გამოიწვიოს.

- ყველამ იცის, რომ ნარკომანია დამღუპველი დაავადებაა. მაშ, რატომ დგამს ადამიანი პირველ ნაბიჯს?

- გამოყოფენ ადამიანის რამდენიმე ტიპს, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი აქვთ ალბათობა, ნარკოტიკების მომხმარებლად იქცნენ: დიონისურ ტიპს, რომელიც სიამოვნებას, ახალ ემოციებს, უცხო შეგრძნებებს ეძებს; მკვლევარს, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია; ექსპერიმენტატორს, ვინც საკუთარ თავზე გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებს... თუ ადამიანს ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ აქვს ფსიქოლოგიური კომფორტის განცდის საშუალება, რასაკვირველია, ის ეძებს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც თავს კარგად იგრძნობს. სიმორცხვემ, იმპულსურობამ, გაუწონასწორებელმა ხასიათმა, მიდრეკილებამ ასოციალური ქცევის მიმართ, სკოლაში ჩამორჩენამ, კომპლექსებმა შესაძლოა მოზარდს ნარკოტიკის მიღებისკენ უბიძგოს, მაგრამ ყველა, ვინც წამალს გემოს გაუსინჯავს, ნარკომანი არ ხდება. საქმე ის არის, რომ ადამიანს აქვს სიამოვნების ზღურბლი. ნარკოტიკის მიღება სიამოვნების ზღურბლს მაღლა სწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიამოვნებამ, რომელიც ადრე საკმარისი იყო, ამიერიდან შეიძლება აღარ დააკმაყოფილოს ადამიანი და მანაც უფრო მძლავრი ემოციების, ძლიერი გამღიზიანებლის ძებნა დაიწყოს, რათა სიამოვნების მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ძალზე რთული პრობლემა თავისი ბიოლოგიური, სოციალური, ეთიკური, მორალური ფაქტორებით, სადაც ერთი ფაქტორის წინ წამოწევა მართებული არ იქნება. ხშირად ამბობენ, რომ სოციალური ფაქტორია განმსაზღვრელი და საქართველოში ნარკომანიის ასეთი გავრცელება 90-იანი წლების გაჭირვებამ განაპირობა. მდიდარი ქვეყნებია ჰოლანდია, ბელგია, შვედეთი, ფინეთი, მაგრამ ამ თვალსაზრისით ჩვენზე მძიმე პრობლემა აქვთ.

- რაკი მოზარდებზე ჩამოვარდა საუბარი, ისიც ვთქვათ, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ გარდამტეხი მომენტი არ გამოეპაროთ და დაგვიანებით არ აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე.

-

პრობლემებისგან გაქცევის სურვილი ყველა ადამიანს ახასიათებს. ხშირად მინახავს 24-25 წლის ახალგაზრდა, რომელიც 7-8 წლის განმავლობაში იღებდა ნარკოტიკს, მშობლებმა კი 2 კვირის წინ აღმოაჩინეს. ბევრს ჰგონია, რომ მის შვილს ეს არ დაემართება და საგანგაშო ცვლილებებს, უბრალოდ, ვერ ამჩნევს. ეს ადამიანის თავდაცვითი მექანიზმია. მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ:

  • ქცევის ცვლილებები;
  • ფულის მოთხოვნილების გაჩენა;
  • სწავლაში ჩამორჩენა;
  • ხშირი გაცდენა;
  • ახალი მეგობრების გაჩენა, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან მისგან და იმათგან, ვისთანაც ადრე მეგობრობდა;
  • გონებაგაფანტულობა, გულმავიწყობა;
  • გულგრილობა, განმარტოების სურვილი, გულჩათხრობილობა;
  • დაწითლებული თვალები;
  • მოთენთილობა;
  • ძილის დარღვევა (მოზარდი გვიანობამდე არ იძინებს, თუ დაიძინა, შუადღემდე სძინავს).

ეს ნიშნები ძალზე ინდივიდუალურია, მაგრამ თუ მშობელი დაკვირვებული და ყურადღებიანია, ისინი არ გამოეპარება და არც იმ მომენტს გაუშვებს ხელიდან, როდესაც ბავშვის შველა შესაძლებელია. დაავადების განსაზღვრული ეტაპის შემდეგ პრობლემის მოგვარება რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი. მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები მილიარდებს ხარჯავენ, რომ მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელმა მაღალ ნიშნულს მიაღწიოს, თუმცა შედეგი ისეთი არ არის, როგორიც გვინდა იყოს.


- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების სწრაფი დიაგნოსტიკა, მაგალითად, სახლის პირობებში?

- არსებობს ტესტირების მარტივი მექანიზმი - ტესტის შარდში ჩაყოფით შეიძლება დავადგინოთ, მოიხმარს თუ არა ადამიანი ნარკოტიკს. მაგრამ მე მაინც ვურჩევდი მშობლებს, სპეციალისტთან გაიარონ კონსულტაცია იმის თაობაზე, როგორ მიუდგნენ ბავშვს, როგორ ჩაატარონ თავად ტესტი ან საერთოდ ჩაატარონ თუ არა. არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი როლი შეასრულოს მშობლის და შვილის ურთიერთობაში. მშობლისა და შვილის, პაციენტისა და მისი ახლობლების ურთიერთობა ცალკე განხილვის საგანია. ამას თანადამოკიდებულების პრობლემას ვუწოდებთ, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია. ისეთი შემთხვევებიც არის, რომ თანადამოკიდებულის ან მისი ახლობლის ქცევა უარყოფითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე - შემსუბუქების მაგივრად აუარესებს მას. ამიტომ საეჭვო შემთხვევაში, ვიდრე რადიკალურ ნაბიჯს გადავდგამდეთ, ვკითხოთ რჩევა სპეციალისტს - ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანთან გასაუბრება და ოპტიმალური გზის პოვნა დღესდღეობით ძნელი არ არის.

- რამდენად არის ჩვენში გავრცელებული ნარკოტიკების მოხმარება და რა უწყობს ამას ხელს?

- მთელ მსოფლიოში ამ პრობლემას განაპირობებს ორი ფაქტორი - მოწოდება და მოთხოვნა, ანუ რამდენი ნარკოტიკი შემოდის ქვეყანაში და რამდენი ადამიანია მისი მომხმარებელი. დღეს საქართველოში ნარკოტიკი შესაძლოა უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს, ვიდრე მთელ ევროპაში. ამ თვალსაზრისით სამართალდამცველებმა მართლაც ბევრი რამ გააკეთეს. მაგრამ აქ მეორე მომენტი წამოიწევს წინა პლანზე: ნარკოტიკების პოტენციური მომხმარებელი არსებობს, თანაც საკამოდ მრავალრიცხოვანი. იმ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, რომლებიც ნარკოტიკებით არიან დაინტერესებულნი, სიმწიფის ასაკს 90-იანი წლების ბოლოს მიაღწიეს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა უფრო მაღალი იყო. 4-5 წლის წინ ალბათ არ იყო სადარბაზო, სადაც სუბოტექსი არ იყიდებოდა.

სად წავიდა მისი მომხმარებელი? ნაწილი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია, ნაწილი, ჩვენი კანონმდებლობის საფუძველზე - პენიტენციალურ სისტემაში (სხვა საქმეა, რამდენად მართებულია ეს), ნაწილი, საუბედუროდ, გადადის სააფთიაქო ნარკომანიაზე - სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომ პრეპარატებზე, კოდეინის, ეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველ აბებზე, საძილე საშუალებებზე, რომლებსაც ადამიანი თავისთვის საზიანო ფორმით იღებს, ნაწილი კი ალკოჰოლიზმს ეწევა.

მკვეთრად გაახალგაზრდავდა ალკოჰოლიზმი. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 18-30 წლის ახალგაზრდები ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკები არიან. ანამნეზის შეკრებისას აშკარა ხდება, რომ მათი 90% ნარკოტიკებს მოიხმარდა. დღეს ნარკოტიკი ადვილად ხელმისაწვდომი აღარ არის, ალკოჰოლზე კი ყველას მიუწვდება ხელი. ჩამოყალიბების მექანიზმით ეს ორი დაავადება - ნარკომანია და ალკოჰოლიზმი - ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თავის ტვინის ერთსა და იმავე უბანზე მოქმედებს, ამიტომ ძალიან ადვილია, ადამიანი არალეგალური ნარკოტიკიდან გადავიდეს ალკოჰოლის მოხმარებაზე, რომელიც, გარკვეულწილად, ასევე ნარკოტიკია, ანუ ხდება ერთი პათოლოგიის მეორით ჩანაცვლება.

ნარკოტიკის მიწოდების შემცირება, რასაკვირველია, გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ ნარკოსიტუაციაზე, მაგრამ დაავადებულებსაც უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში ადაპტირების შესაძლებლობა, რათა ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ ჯანმრთელი და ფხიზელი ცხოვრებისთვის. საოცარი ფაქტია - უცხოელებს არც კი სჯერათ, რომ დღეს პენიტენციალურ სისტემაში ნარკოტიკი არ შედის. მაგრამ ნარკოტიკების მომხმარებლებს 2-3 წლით რომ ჩავსვამთ ციხეში, იქიდან გამოსულები 1-2 თვეში გადადიან ალკოჰოლზე, სააფთიაქო "ნარკოტიკებზე", რადგან შესაბამისი მკურნალობის, მეთვალყურეობის გარეშე ციხის გარეთ არსებულ ცხოვრებასთან ადაპტაცია უჭირთ, სოციალურად, ფსიქოლოგიურად მზად არ არიან საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

- რამდენი ხანია საჭირო, რომ ნარკომანია განვითარდეს?

- გააჩნია ნარკოტიკს. მაგალითად, კოკაინის 2-3 მოხმარების შედეგად ადამიანს შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს, რომ მისი ერთადერთი საზრუნავი ამ ნარკოტიკის მოძიება გახდეს.

- რომელ ნარკოტიკებს მოიხმარენ დღეს ყველაზე მეტად?

-საქართველოში შემცირებულია ჰეროინის, ოპიუმის, სუბუტექსის ბრუნვა, ამ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვმაც, შესაბამისად, იკლო. ბოლო ხანს სააფთიაქო სფეროში გარკვეული ზომები მიიღეს და შეინიშნება სააფთიაქო ნარკომანიით გატაცებულთა რიცხვის შემცირების ტენდენციაც. კატასტროფულად იზრდებოდა ე.წ. ვინტისა და ჯეფის მოხმარება - მოგეხსენებათ, ასე უწოდებენ ეფედრინისა და ფსევდოეფედრინისგან დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეგულარული მიღება უმძიმეს შედეგებს იწვევს. სამაგიეროდ ბოლო ხანს საქართველოში შემოვიდა ე.წ. ნიანგი, რომელიც კოდეინის შემცველი აბების, ბენზინისა და სხვა ინგრედიენტებისგან მზადდება. არის ინფორმაცია, რომ იმატებს მის მომხმარებელთა რიცხვი. ნიანგის მოხმარება იმდენად მძიმე ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს, ავადმყოფი ვეღარც კი აცნობიერებს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმის დახმარება სჭირდება. მოკლე ხანში შეიძლება პიროვნების სრული დეგრადაცია მოხდეს.

- ზოგს ჰგონია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოწევის შემთხვევაში ნარკოდამოკიდებულების განვითარების ალბათობა ნაკლებია. მართებულია ეს შეხედულება? მართლა აქვს მნიშვნელობა ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ნარკოტიკის მიღების გზებს?

- მნიშვნელობა აქვს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წესსაც და სიხშირესაც. ამის კვალობაზე, ყოველ ნარკოტიკს აქვს თავისი მიჩვევის პოტენციალი, რასაც ჩვენ ადიქტიურობას ვუწოდებთ. მაგალითად, ცნობილია, რომ შუა აზიაში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებს ეწევიან, ლათინური ამერიკის ქვეყნებში კოკაინის ფოთლებს ღეჭავენ. რასაკვირველია, ასეთი ფორმით მოხმარება ნარკოტიკისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების პერიოდს ახანგრძლივებს, მაგრამ საბოლოოდ დამოკიდებულება მაინც ყალიბდება.

კოკაინის ფოთლის ღეჭვისას დამოკიდებულება 3-5 წლის განმავლობაში ყალიბდება, მაგრამ კოკაინის მოწევის ან ინტრავენური მოხმარების შემთხვევაში შეიძლება 2-3 მიღებაც საკმარისი აღმოჩნდეს. რაც შეეხება მარიხუანას, ცნობილია ჰოლანდიის გამოცდილება, სადაც განსაზღვრულ ადგილებში მისი მოხმარება ლეგალიზებულია, მაგრამ ჰოლანდიელებმა უკვე დაიწყეს ასეთი ადგილების შემცირება, რადგან ნარკოტიკის ლეგალიზების გამო ჰოლანდიაში ურიცხვი რაოდენობით ჩავიდნენ მარიხუანის მომხმარებლები.

მე მარიხუანას ლეგალიზება პერსპექტიულ გზად არ მიმაჩნია, რადგან, ჯერ ერთი, თავად მისმა მოხმარებამაც შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს, მეორე - მარიხუანა შეიძლება იქცეს კარიბჭედ უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალებებისთვის. 12-14 წლის ბავშვი მარიხუანას რომ მოსწევს, სიამოვნების ზღურბლი უფრო მაღალი ექნება და ჩვეულებრივი ემოციები ნაკლებად დააკმაყოფილებს.


- როგორია ნარკოტიკების მოხმარების შედეგები?

- შედეგებზე საუბრისას გამოვყოფთ რამდენიმე კომპონენტს: სამედიცინოს, სოციალურს, ფსიქოლოგიურს. ყველა ასპექტში დაღმასვლასთან გვაქვს საქმე. იმისდა მიხედვით, რომელი ჯგუფისაა ნარკოტიკი, ამა თუ იმ კომპონენტის დაღმასვლა მეტ-ნაკლები სისწრაფით ვლინდება, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც გარდაუვალია.

სამედიცინო შედეგები ძალიან მძიმეა: შიდსი, ჰეპატიტები, მწვავე ენცეფალოპათიები, კარდიოლოგიური, რეპროდუქციული, სქესობრივი სფეროს დარღვევები... სამედიცინო საზოგადოება იქამდე მივიდა, რომ ცდილობენ, მოხმარების ზიანი მაინც დაიყვანონ მინიმუმამდე. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, განსაკუთრებით - შიდსთან დაკავშირებით, რომ ზიანის შემცირების პროგრამებიც კი შემოიღეს, რომლებიც მოიცავს ჩანაცვლებით თერაპიას, შპრიცების დარიგებას, ჰიგიენის წესების სწავლებას.

კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება ლეტალური შედეგები გამოიწვიოს. ჯეფისა და ვინტის მოხმარების შედეგად 25-30 წლის ვაჟებს ისეთი ნევროლოგიური პათოლოგიები აქვთ ჩამოყალიბებული, რომ I ჯგუფის ინვალიდები არიან. ვერ დადიან, ვერ მეტყველებენ. ნარკოტიკების მიღებიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ მათი ჯანმრთელობა შესამჩნევად არ გაუმჯობესებულა.

- რა არის ნარკოტიკული შიმშილი, რომლის ატანაც ძალიან ძნელია?

- ნარკოტიკულ შიმშილს მედიცინაში ნარკოტიკული აღკვეთის მდგომარეობას ვუწოდებთ. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ნარკოტიკის მიღების შეწყვეტას მოჰყვება. სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკს სხვადასხვანაირი აღკვეთის სინდრომი ახასიათებს: სტიმულატორებს - სხვაგვარი, სედაციურ საშუალებებს - კიდევ სხვაგვარი... პაციენტი, რასაკვირველია, ნებისმიერ შემთხვევაში უმძიმეს მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, განსახილველია ორი ვარიანტი: ერთი, როდესაც პაციენტი უარს ამბობს ნარკოტიკზე, მკურნალობს, იტარებს დეტოქსიკაციურ კურსს მისი ყველა კომპონენტით და მეორე, როდესაც ის, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ემოციური თუ სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინებით, მზად არ არის ნარკოტიკისთვის თავის დასანებებლად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვაძლევს საშუალებას, ჩავრთოთ პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის კურსში, რაც პიროვნებას სოციალიზაციის საშუალებას აძლევს. ადამიანი სწყდება კრიმინალურ გარემოს, მისი ცხოვრება ლეგალური ხდება. ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ექიმთან, ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკთან. რასაკვირველია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ პაციენტი ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართვიდან 3 თვეში დაანებებს თავს ნარკოტიკების მოხმარებას. შეიძლება პიროვნება წლობით იყოს ჩართული ამ პროგრამაში, მაგრამ მისი სოციალიზაცია არ მოხდეს. თუმცა ბევრს ერთი წელიწადიც ჰყოფნის, რომ ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანებოს.

გარდა ფიზიკურისა, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევაც. მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია პაციენტთან ფსიქოთერაპიული მუშაობა. ამ ეტაპს ზოგიერთი დაუსაბუთებელი ოპტიმიზმით ეკიდება, ზოგიერთი კი გადაჭარბებული პესიმიზმით. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი, რომლის გარეშეც დადებით შედეგებზე ლაპარაკი წარმოუდგენელია, მაგრამ მარტო ფსიქოთერაპიული მუშაობით ამ პრობლემას ვერ დავძლევთ. პაციენტთან ბრიგადული მეთოდით უნდა წარმოებდეს მუშაობა, პროცესში ჩართული უნდა იყოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ექიმი. რასაკვირველია, მკურნალობა ექიმის კოორდინაციით უნდა მიმდინარეობდეს, რათა ღონისძიებები ქმედითი აღმოჩნდეს, ხოლო შედეგი - ხელშესახები.

- მატერიალური თვალსაზრისით რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა?

- ეს პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მხარეა. მართალია, სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიისთვის მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს, მაგრამ მხოლოდ თანადაფინანსების სახით. უკეთესი იქნება, თუ პროგრამა სრულ დაფინანსებაზე გადავა, რადგან ბევრს ნაწილის გადახდის საშუალებაც არ აქვს და ამის გამო ნაადრევად წყვეტს მკურნალობას, ამან კი, თავადაც მიხვდებით, შეიძლება ისევ მანკიერ წრეს დაუბრუნოს ადამიანი.

ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე მკურნალობა კიდევ უფრო დიდ ხარჯს მოითხოვს: ეს არის მრავალწახნაგოვანი მკურნალობის შემცველი პროცესი, რომელშიც ჩართულია სპეციალისტთა ბრიგადა - თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს?

- ის, რომ იცვლება დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ: თუ რამდენიმე წლის წინ ნარკომანია მოდური იყო, დღეს ის პრესტიჟულად აღარ მიიჩნევა, პირიქით, სამარცხვინო ხდება, რაც, რასაკვირველია, მისასალმებელია.

- რა შემთხვევაშია მკურნალობა ეფექტური?

- რაც უფრო ადრე ჩავერევით და დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მეტი იქნება წარმატების შანსი. თუ დავაგვიანეთ, შეიძლება შეუქცევადი პროცესები განვითარდეს და მკურნალობა ძალიან გაძნელდეს.

- ადამიანი, რომელიც თავად არის ნარკომომხმარებელი და გაცნობიერებული აქვს მდგომარეობის მთელი საშინელება, რატომ სთავაზობს სხვას ნარკოტიკს?

-ნარკომანებს ურჩევნიათ, გვერდით ჰყავდეთ რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკების მომხმარებელი, თუნდაც იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოაგვარონ ფულის, წამლის შოვნის პრობლემა, ან, უბრალოდ, გამუდმებით არ ეჩხუბებოდნენ.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც ნარკომანიასთან უშუალო შეხება აქვთ?

- ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც მკურნალობის კურსი წარმატებით დაამთავრა და თავს კარგად გრძნობდა, მითხრა: სიფხიზლით ვკაიფობ - აუზზე დავდივარ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევ, ოჯახს ვუკეთებ იმას, რასაც ადრე ვაკლებდი და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებო. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.